ტავრი
ტავრი | |
---|---|
ტავრი | |
კოორდინატები: 37° ჩ. გ. 33° ა. გ. / 37° ჩ. გ. 33° ა. გ. | |
ქვეყანა | თურქეთი |
ტერიტორიული ერთეული | კილიკია |
უმაღლესი წერტილი | დემირქაზიქი |
სიმაღლე | 3756 მ |
სიგრძე | 1500 კმ |
ტავრი, ტოროსი (თურქ. Toros Dağları) — მთათა სისტემა თურქეთის სამხრეთ ნაწილში. გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაახლოებით 1500 კმ-ზე. ტავრი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ იყოფა სამ ნაწილად: დასავლეთი ტავრი, ცენტრალური ტავრი და აღმოსავლეთი ტავრი. ტავრის ჩრდილო-აღმოსავლეთ გაგრძელებაა ანტიტავრი. კილიკიის აღმოსავლეთ ნაწილში ტავრის მწვერვალების სიმაღლეა 3000–3500 მ, ხოლო დასავლეთ ნაწილში სიმაღლე მერყეობს 2000–3000 მ ფარგლებში. ცენტრალური ტავრის სიმაღლე 3756 მ აღწევს (მთა დემირქაზიქი).[1]
ტავრის ცენტრალურ ნაწილში დამახასიათებელია ალპური რელიეფი ძველი გამყინვარების ნიშნებით; დასავლეთ ნაწილში კარსტული ლანდშაფტია წარმოდგენილი. ტავრი ჩამოყალიბდა ალპური დანაოჭების შედეგად. აგებულია უმეტესწილად კირქვებითა და კრისტალური ფიქლებით. სამხრეთი ციცაბო კალთები ძლიერ ნოტიოა. ტავრის სამხრეთ კალთებზე ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა აღწევს 1000–3000 მმ-ს, ხოლო ჩრდილოეთ კალთებზე 300—400 მმ-ს.[2]
800–1000 მ სიმაღლემდე შემოსილია მაკვისით, ზევით მუხისა და კვიპაროზის ტყეებია, უფრო ზევით, 2200–2400 მ-მდე — ფიჭვის, ნაძვისა და სოჭის ტყეები. ჩრდილოეთ კალთებზე გავრცელებულია სტეპი. ტავრის აღმოსავლეთ ნაწილში — მთის სტეპი და ნახევარუდაბნოებია.[3] ტავრს ჭრის კილიკიის კარი (1050 მ).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტავრი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Тавр | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-01. ციტირების თარიღი: 2020-06-06.
- ↑ Тавр | География. Современная иллюстрированная энциклопедия, М.: 2006
- ↑ Atalay I., Efe R., and Soykan A. Mediterranean Ecosystems of Turkey: Ecology of Taurus Mountains