შინაარსზე გადასვლა

სტომატოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქირურგიული სტომატოლოგია

სტომატოლოგია (ძვ. ბერძნ. στόμα – პირი + λογος – სიტყვა) — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის კბილების აგებულებას, კბილების, ენის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ყბების, სახისა და კისრის რბილი ქსოვილოების დაავადებათა გამომწვევ მიზეზებს, მკურნალობასა და პროფილაქტიკას; სტომატოლოგიის ამოცანებში შედის აგრეთვე კბილის დასაბჟენი ახალი მასალის შემუშავება და კბილების პროთეზირება. კბილის მკურნალობა, რომლის ისტორია შორეული წარსულიდან იწყება, მედიცინისაგან დამოუკიდებლად, ხელოსნური წესით ვითარდებოდა. სტომატოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ჩამოყალიბებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ფრანგ ექიმს პიერ ფოშარს; მისი ორტომეული ნაშრომი — „კბილების ქირურგიისა და მკურნალობის სახელმძღვანელო“, რომელშიც პირველად იყო მოცემული კბილებისა და კბილის ირგვლივ ქსოვილების დაავადებათა კლასიფიკაცია, მკურნალობის მეთოდები, კბილის დაბჟენის ტექნიკა და სხვა საფუძვლად დაედო კბილის მკურნალობის მეცნიერულ განვითარებას როგორც საფრანგეთში, ისე ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში.

საქართველოში კბილებისა და ღრძილების დაავადებანი და მათი მკურნალობის წესები ჯერ კიდევ XI, XIII, XV საუკუნეების ქართულ სამედიცინო წერილობით ძეგლებშია აღწერილი. XIX საუკუნის ბოლოს საქართველოში მუშაობა დაიწყეს პირველმა ქართველმა დანტისტებმა. XX საუკუნის დასაწყისში მათი რაოდენობა 40-მდე კაცით განისაზღვრებოდა. 1900 წელს შეიქმნა საქართველოს დანტისტთა საზოგადოება.

  • ბაძოშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 574.
  • ედიბერიძე ა. ქირურგიული სტომატოლოგია. თბ., 1966.