შინაარსზე გადასვლა

სოჭის კონფლიქტი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოჭის კონფლიქტი

ფოტო გადაღებულის საქართველოს სახალხო გვარდიის სოჭიდან სოხუმში გამგზავრების წინ, უკან ზის ვალიკო ჯუღელი. 1918 წ. [1]
თარიღი მარტი, 1918
მაისი, 1919
მდებარეობა ყოფილი შავი ზღვის გუბერნია (სოჭის ოკრუგი, ტუაფსეს ოკრუგი), სოხუმის ოკრუგი
შედეგი განუსაზღვრელი
ტერიტორიული
ცვლილებები
მხარეები
საქართველოს დროშა საქართველო

სამხედრო მხარდაჭერა:

რსფსრ-ის დროშა რსფსრ

რუსეთის დროშა თეთრი მოძრაობა (სამხრეთ რუსეთი)


ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია

მეთაურები
საქართველოს დროშა გიორგი მაზნიაშვილი
საქართველოს დროშა იოსებ გედევანიშვილი
საქართველოს დროშა ვალიკო ჯუღელი
საქართველოს დროშა ალექსანდრე კონიაშვილი
გერმანიის იმპერიის დროშა ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი
რსფსრ-ის დროშა ეპიფან კოვტიუხი
ეფრემ ეშბა

რუსეთის დროშა ანტონ დენიკინი


ოსმალეთის დროშა იუსუფ იზეტ ფაშა

დანაკარგები
უცნობი უცნობი

სოჭის კონფლიქტი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ბოლშევიკურ რუსეთს და თეთრ რუსეთს შორის 1918—1919 წლებში. ომის მონაწილე მხარეების მიზანი იყო შავიზღვისპირა ტერიტორიების, კერძოდ, აფხაზეთის დაკავება და მასზე კონტროლის მოპოვება. ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულს ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგსა და შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგს შორის.[2][3] საზღვარს წარმოადგენდა მიდნარე ბზიფი.[4] ომს წინ უძღოდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის მცდელობა. ომი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. 1918 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე საქართველო აფხაზეთზე კონტროლისთვის ებრძოდა ბოლშევიკებს, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“. საქართველომ სამხედრო წარმატებას მიაღწია ბოლშევიკების წინააღმდეგ და გაერთიანებული სამეფოს ჩარევით დაუზავდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის.

საომარი მოქმედებების ტერიტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბრძოლო ოპერაციების რაიონი მოიცავდა აფხაზეთის ტერიტორიას მდინარე კოდორიდან ქალაქ ტუაფსემდე. რელიეფი ზღვის სანაპირო ზოლში კოდორიდან სოხუმამდე ვაკე და შემდეგ კი ვაკე-ბორცვიანია, სოხუმიდან ტუაფსემდე კი მაღალმთიანი. ჩრდილოეთ მხარეს საომარი მოქმედებების რეგიონი შემოფარგლულია კავკასიონის ქედით. რეგიონი მდიდარია მცენარეული საფარით. ჰავა რბილი და ნოტიო-სუბტროპიკულია, ნალექების რაოდენობა დიდია. რეგიონი მდიდარია მდინარეებით, რომლებიც სათავეს კავასიონის ქედზე იღებენ და შავ ზღვაში ჩაედინებიან. განსაკუთრებით წყალუხვი მდინარეებია კოდორი და ბზიფი. წყალუხვი მდინარეები ართულებს ჯარების, განსაკუთრებით არტილერიისა და კავალერიის მანევრირებას. როგორც მდინარეები, ასევე მთელი რეგიონის რელიეფი და ლანდშაფტი ზღუდავს ჯარების დიდი მასების გადაადგილებას, დანაყოფების მოქმედების სივრცეს, მაგრამ ხელს უწყობს მცირე რაზმების და ჯგუფების ფარულ გადაადგილებას, პარტიზანული ომის წარმოებას.

რეგიონი ცუდადაა უზრუნველყოფილი მაგისტრალური გზებით. ერთადერთი გამტარი მაგისტრალი მიუყვება შავი ზღვის სანაპიროს. მისი ბლოკირებით ადვილად შესაძლებელია საკომუნიკაციო და ლოჯისტიკური ხაზების შეზღუდვა. ზღვის სანაპიროს თითქმის მთელ ზოლში შესაძლებელია საზღვაო დესანტის გადასხმა.

ბოლშევიკური გადატრიალების ცდა აფხაზეთში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 15-21 თებერვალს განხორციელდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის პირველი ცდა. 15 თებერვალს სოხუმის ნავსადგურში გაჩერდა შავი ზღვის ფლოტის კრეისერი „დაკია“, რომელზეც კავკასიის ფრონტიდან დეზერტირი რევოლუციონერები იმყოფებოდნენ. ინციდენტი მოხდა გემის მატროსებსა და თავად ნიკოლოზ ემხვარს შორის. ემხვარსა და მატროსებს შორის კონფლიქტს შედეგად ემხვარმა მოკლა ერთი და დაჭრა ერთი ჯარისკაცი. გემის კაპიტანმა ქალაქის ხელისუფლებას მოსთხოვა ემხვარის გადაცემა. ამით ისარგებლეს ადგილობრივმა ბოლშევიკებმა და მოითხოვეს მათთვის ხელისუფლების გადაცემა. ქალაქის თავი ბენიამინ ჩხიკვიშვილი იძულებული გახდა, მიეღო ულტიმატუმი.[5] 16 თებერვლიდან ხელისუფლება ხელთ იგდო „აფხაზეთის სამხედრო რევოლუციურმა კომიტეტმა“ ეფრემ ეშბას ხელმძღვანელობით. ემხვარი დრანდაში შეიპყრეს და გემის მატროსებს გადასცეს, რომლებმაც თავადი ორთქლში დააღრჩვეს.[6] 17 თებერვალს გემი დაკია გავიდა და სოხუმს შავი ზღვის ფლოტის სხვა გემები, საესკადრო ნაღმოსანი „დერსკი“ და ჯავშნოსანი „კაროლ კარლი“ მიადგნენ, ისინი შიშსა და ტერორს ნერგავდნენ მოსახლეობაში.[7]

17-20 თებერვალს გაჩაღდა საბრძოლო მოქმედებები ერთი მხრივ აფხაზეთის სახალხო საბჭოსა და მეორე მხრივ რევოლუციურ კომიტეტს შორის სოხუმსა და ეშერაში.[8] 20 თებერვალს კანონიერმა ხელისუფლებამ ქალაქი აიღო, შავი ზღვის ფლოტის გემებმა სოხუმი დატოვეს.[9]

1918 წლის 4-9 მარტს სოხუმში ჩატარდა სოხუმის ოკრუგის გლეხთა დეპუტატების II ყრილობა, რომელსაც სხვადასხვა ეროვნების 300 წარმომადგენელი ესწრებოდა. ეფრემ ეშბა შურისძიების შიშის გამო ყრილობაზე არ გამოცხადდა და მის ნაცვლად გაგზავნა ნესტორ ლაკობა.[10] ბოლშევიკები ყრილობაზე უმცირესობაში აღმოჩნდნენ და დამარცხდნენ. ყრილობამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ სცნო ამიერკავკასიის სეიმი და ნდობა გამოუცხადა ამიერკავკასიის მთავრობას.[11]

კონფლიქტი ამიერკავკასის რესპუბლიკის არსებობის პერიოდში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყრილობაზე განცდილი მარცხის შემდეგ ბოლშევიკებმა დაგეგმეს შეიარაღებული აჯანყების მოწყობა. აჯანყება დაიგეგმა ბათუმში. შავი ზღვის ფლოტის გამოყენებით ბათუმიდან გუდაუთაში არალეგალურად 2000 შაშხანა იქნა შეტანილი. აჯანყებას ხელმძღვანელობდა აფხაზეთის საოლქო რევკომი, რომლის ლიდერი იყო ეფრემ ეშბა, მოადგილეები ნესტორ ლაკობა და გეორგ ათარბეგოვი. მათ აჯაყნების საბაბად გამოიყენეს მიწის რეფორმა.

ჯერ კიდევ 1 მარტს ბოლშევიკებმა მოაწყვეს მუშათა და ჯარისკაცთა მიტინგი გაგრაში, 2 მარტს გაგრაში შევიდნენ ბოლშევიკთა რაზმები სოჭიდან ნიკიფორ პოიარკოს მეთაურობით და გუდაუთიდან. გაგრის დასახმარებლიდან სოხუმიდან წასულმა „აფხაზურმა ასეულმა“ შეტაკების შემდეგ უკან დაიხია. გაგრაში შეიქმნა ბოლშევიკური სახალხო კომისართა საბჭო და აღმასკომი.[12] ნესტორ ლაკობას ხელმძღვანელობით ბოლშევიკური ხელისუფლება ჩამოყალიბდა გუდაუთაშიც.[13] 26 მარტს აჯანყებულების 1500-იანი რაზმი გუდაუთიდან დაიძრა სოხუმისკენ. ქალაქის თავ ჩხიკვიშვილის განკარგულებაში 70-80 ადამიანი იყო, რის გამოც მან სოხუმის დაცვა ვერ შეძლო.[14]

რევკომმა დაიკავა აფხაზეთის ტერიტორია კოდორის უბნამდე, დაითხოვა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები და დაამყარა ბოლშევიკური რევოლუციური ხელისუფლება. ყუბანი-შავიზღვისპირეთის თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით სოხუმის რევკომის დასახმარებლად გაიგზავნა ბელორეჩენსკის პოლკი. სამხედრო ძალები მობილიზებულ იქნა კოდორისა და სამურზაყანოს უბნებზე შეტევისთვის. 11 აპრილს მათ სცადეს სამურზაყანოში ხელისუფლების დამყარება, რის გამოც ჩაატარეს გლეხთა კრება და გამოაცხადეს რევკომის მმართველობა.[15] 8 მაისს სოხუმის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭომ მიიღო დადგენილება საბჭოთა რუსეთთან შეერთების თაობაზე.

ამიერკავკასიის სეიმმა აფხაზთა სახალხო საბჭოს თხოვნით მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთში წესრიგის აღდგენის შესახებ.[16] ოპერაციის ხელმძღვანელად დაინიშნა სახალხო გვარდიის შტაბის უფროსი, ვალიკო ჯუღელი, ხოლო გენერალ გიორგი მაზნიაშვილს, რომელიც ამ დროს იბრძოდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ჩოლოქი-ნატანების ფრონტზე, დაევალა, გამოეყო ერთი რაზმი აფხაზეთში ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად.[17]

9 მაისს სახალხო გვარდიის ნაწილები ვალიკო ჯუღელის სარდლობით ფოთიდან საზღვაო დესანტით ოჩამჩირეში გადასხდნენ.[12] 11 მაისს გვარდია სოფელ აძუბჟაში განლაგდა. ვალიკო ჯუღელთან ერთად აფხაზეთში გაემგზავრნენ პოლკოვნიკი ალექსანდრე კონიაშვილი და ალექსანდრე დგებუაძე. სახალხო გვარდიას დახმარება შესთავაზეს აფხაზმა თავადებმა, ტატაშ მარშანიამ და ალექსანდრე შერვაშიძემ 300 ცხენოსნით, თუმცა ვალიკო ჯუღელმა უარი უთხრა, რადგანაც სახალხო გვარდიისთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა პრო-ოსმალური ადგილობრივი თავად-აზნაურობის მოკავშირეობა.[18] ბოლშევიკების ძალას შეადგენდა 10 ქვემეხი, მრავალი ტყვიამფრქვევი და 2 000 ადამიანი. ვალიკო ჯუღელმა და ალექსანდრე კონიაშვილმა ბოლშევიკებს ულტიმატუმი წაუყენეს, რათა 24 საათში დაეყარათ იარაღი.[19] ბოლშევიკებმა ულტიმატუმი არ მიიღეს და საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ეფრემ ეშბა სამხედრო დახმარებას სთხოვდა ლენინს და სერგო ორჯონიკიძეს.

ერთკვირიანი პოზიციური ბრძოლების შემდეგ ვალიკო შარაშიძემ მოწინააღმდეგის ექვსი ქვემეხი გაანეიტრალა, ოთხი დრანდის მონასტერთან და ორი კოდორის ხიდთან. 16 მაისს ქართულმა კატარღებმა ცეცხლი გახსნენს ზღვის სანაპიროზე მდინარე კოდორის შესართავიდან სოხუმამდე, რითაც არეულობა შეიტანეს მოწინააღმდეგის რიგებში და გამოავლინეს მათ პოზიციებში სუსტი რგოლები. 17 მაისს დილით 4 საათზე სახალხო გვარდია შეტევაზე გადავიდა. ავანგარდს გიორგი ლომთათიძე და პორუჩიკი ლევ ნოვიკოვი ხელმძღვანელობდნენ. გვარდიელებმა მძაფრი ბრძოლის შემდეგ კოდორის ხიდი დაიკავეს და დღის 3 საათზე აიღეს სოხუმი, მათი დანაკარგი იყო მხოლოდ 7 დაშავებული, ხოლო ალაფი მოიცავდა 18 ქვემეხს, 30 ტყვიამფრქვევს და მრავალ ტყვეს.

ბოლშევიკები გაგრაში გამაგრდნენ და ახალი შეტევისთვის მოემზადნენ. სამხედრო მეთაურად დარჩა სევა კუხალეიშვილი. ეფრემ ეშბა გაემგზავრა სოჭში და იქ ცდილობდა ახალი რაზმების შედგენას. სწრაფად განვითარებული შეტევის წყალობით გვარდიამ გაგრა, გუდაუთა და ახალი ათონიც გაათავისუფლა, ხელში ჩაიგდო ერთი ხომალდი, 21 ტყვიამფრქვევი, 11 ქვემეხი, მაათ შორის ორი საალყო, და დიდძალი ტყვია-წამალი.[20]

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 11 ივნისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის, რომელმაც დაადასტურა აფხაზეთის არსებობა საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიის უფლებით.[21] [22]

ხელშეკრულებამ გამოიწვია საბჭოთა რუსეთის გაღიზიანება და ამ უკანასკნელმა დაიწყო სამხედრო კამპანია აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთვის. ბოლშევიკებმა პლაცდარმად აირჩიეს სოჭის ოლქი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა. სოჭში ჩამოყალიბდა შავიზღვისპირეთის შტაბი ნიკოლაი პოიარკოს ხელმძღვანელობით. ეფრემ ეშბამ და ნესტორ ლაკობამ დაიწყეს საბრძოლო რაზმების შედგენა მაიკოპში, სადაც ერთი პოლკი შეადგინეს. დაახლოებით 2000 კაციანი შევსება მიიღეს სოჭისა და ადლერიდან სოჭის აღმასკომის თავმჯდომარის, გ. კრიშტოფის ხელმძღვანელობით. ამ დროისთვის სახალხო გვარდიის ნაწილები გახმობილი იყო დუშეთის მაზრაში ბოლშევიკური აჯანყების ჩასაქრობად და გუდაუთას იცავდა მხოლოდ 150 კაციანი გარნიზონი პორუჩიკ ლევ ნოვიკოვის მეთაურობით.[23]

17 ივნისს რუსებმა ალყა შემოარტყეს გუდაუთას. გარნიზონმა სამდღიანი ბრძოლის შემდეგ გაარღვია ალყა და უკან დაიხია. 70 კაცი ტყვედ ჩავარდა, 24 გადარჩა და სოხუმში ჩავიდა.[24]20 ივნისს ბოლშევიკებმა აიღეს ახალი ათონი. მათ დაატყვევეს 100 ადამიანი, აქედან 11 აწამეს.[25]

აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიმართა საქართველოს მთავრობას დახმარებისთვის.[26] 18 ივნისს აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს შავიზღვისპირეთის ჯარების სარდლად დაინიშნა გიორგი მაზნიაშვილი. სამხედრო მინისტრის, გრიგოლ გიორგაძის ბრძანებით, აფხაზეთში გაგზავნილ იქნა რეგულარული არმიიის ნაწილები. მაზნიაშვილი მისი შტაბის უფროს, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი თუხარელთან ერთად იმავე დღეს ფოთიდან გემით გაემგზავრა სოხუმში.[27] მის განკარგულებაში იყო 500 ქვეითი, 300 ცხენოსანი აფხაზი, ერთი საარტილერიო ბატარეა, ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი სამი კატარღა და ორი ქვემეხით აღჭურვილი ხომალდი „წმინდა მიხეილი“. ამ დროისთვის რუსები ახალ ათონში იყვნენ გამაგრებული და სოხუმზე შეტევას აყოვნებდნენ, რამაც მაზნიაშვლს მომზადების დრო მისცა.[28]

19 ივნისს ინტენსიური შეტაკებები იყო ახალი ათონის ფრონტზე. 22 ივნისს მაზნიაშვილი გადავიდა შეტევაზე, აიღო ახალი ათონი და შემდეგ დღეს — გუდაუთა. წითელმა რაზმებმა დაიხიეს მდინარე ბზიფზე.

საქართველოს მიერ სოჭის და ტუაფსეს დაკავება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბზიფთან მაზნიაშვილი შეჩრედა და საქართველოს მთავრობას და აფხაზთა სახალხო საბჭოს მიმართა კითხვით, გაეგრძელებინა თუ არა სამხედრო ოპერაცია ძველი ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა. 24 ივნისს აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიიღო დადგენილება სოჭისა და ტუაფსეს დაკავების შესახებ.[29] ეს გამოწვეული იყო ერთი მხრივ სასურსათო კრიზისით — საქართველოში იყო ხორბლის და ნავთობის მწვავე უკმარისობა, რომლის გადაჭრა შეეძლო ტუაფსეს ნავსადგურს — და მეორე მხრივ იმით, რომ ტუაფსეს ოლქი წარმოადგენდა აფხაზეთში რუსეთის ჯარების შეჭრის პლაცდარმს. ქალაქ სოჭიდან მაზნიაშვილს ატყობინებდნენ, რომ მოსახლეობა ელოდა ქართულ ჯარს და ქალაქი მზად იყო, გამოეყვანა 2000 კაცი. 27 ივნისს მაზნიაშვილი გადავიდა შეტევაზე და აიღო გაგრა.[30] ქართული ჯარის შეტევას ზღვიდან საარტილერიო ცეცხლით მხარს უჭერდა ფლოტი. რუსეთის ჯარმა უკან დაიხია, გაიარეს ბელორეჩენსკი, მაიკოპი, ნევინომისსკი და შეუერთდნენ ყუბან-შავიზღვისპირეთის რესპუბლიკის რაზმებს. ტყვედ იქნა აყვანილი ნესტორ ლაკობა, ხოლო ეფრემ ეშბა და გეორგ ათარბეგოვი ჩამოშორდნენ აფხაზეთს და საქმიანობა გააგრძელეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში.

ამ დროს მაზნიაშვილის ჯარებს ვითარება დაეძაბათ ზურგში. 28 ივნისის ღამეს სოხუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე კოდორთან ახლოს გადმოსხმულ იქნა ოსმალეთის 800-კაციანი დესანტი. ოსმალეთის დესანტის გადმოსხმა ბათუმში მყოფ ვეჰიბ-ფაშას სთხოვეს ალექსანდრე შარვაშიძემ და ტატაშ მარშანიამ.[26] ვეჰიბ-ფაშამ ოსმალეთის იმპერსიის მმართველობასთან შეუთანხმებლად გაგზავნა აფხაზეთში დესანტი.[31] ოსმალების დესანტი აღმოაჩინა ქართველების ხომალდმა „წმ. მიხეილმა“ სანაპიროს პატრულირების დროს. დესანტს მიეცა წინადადება 24 საათში დაეყარა იარაღი და დაეტოვებინა აფხაზეთი. ქართულმა მხარემ ხელთ იგდო 180 შაშხანა და 1 250 000 ვაზნა.[32]

29 ივნისს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა გადალახეს მზიმთა და დაიკავეს ადლერი. ქართველებმა მოწინააღმდეგეს მოუკლეს 200, დაატყვევეს 100, ხელთ იგდეს თოფები და ტყვია-წამალი. 2 ივლისს ქართულმა ჯარმა რუსეთის ჯარის არიერგარდს გაუმართა ბრძოლა სოჭის მისადგომებთან. რუსებმა უკან დაიხიეს ქალაქში. ქართული ჯარი დაბანაკდა სოჭიდან 10 კმ.-ზე. 5 ივლისს საქართველოს ჯარებმა დაიკავეს ხოსტა. ხოსტასთან ბრძოლის შემდეგ ქართველებმა ხელთ იგდეს 6 ზარბაზანი, 8 ტყვიამფრქვევი, 200-მდე ტყვე. დაკარგეს 9 კაცი, მათ შორის ბატალიონის მეთაური პორუჩიკი ფირცხალავა და პოდპურჩიკი იასონ ფილიპია.[33] ხოსტის გათავისუფლებას დიდი სიხარულით შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა.[34] მიუხედავად იმისა, რომ ხოსტასთან რუსებმა მოახდინეს ძალების გადაჯგუფება და მობილიზება, მაზნიაშვილმა გადაწყვიტა დაეწყო შეტევა 6000-იანი შენაერთით. ოპერაციის პირველ ეტაპზე შეტევა დაიწყო საქართველოს მცურავმა საშუალებებმა. „წმ. მიხეილმა“ ცეცხლი გაუხსნა მოწინააღმდეგის საარტილერიო ბატარეას, რომელიც შედგებოდა 5 შორსმსროლელი ქვემეხისგან და მწყობრიდან გამოიყვანა რამდენიმე. ამის შემდეგ შეტევაში ჩაერთო ვალოდია გოგუაძის ჯავშნიანი მატარებელი. რუსეთის ჯარი არაორგანიზებულად იხევდა უკან ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორემდე. ხანმოკლე იერიშის შემდეგ ქართული არმიის მეწინავე რაზმმა აიღო სოჭი. მაზნიაშვილმა ქალაქში მხოლოდ საპოლიციო ფუნქციებით აღჭურვილი მცირე გარნიზონი შეიყვანა. ძირითადი ძალებით კი ქალაქგარეთ დაბანაკდა. სოჭის მოსახლეობა სიხარულით შეხვდა ქართული ჯარის შესვლას.

15-26 ივლისს გამართულ ბრძოლებში საქართველოს ჯარმა უკან, ტუაფსესკენ დაახევინა მოწინააღმდეგეს. 23 ივლისს, დილის 9 საათზე ბრძოლა გამართა სოფლებს ლოოსა და გოლოვინკას შორის რუსეთის მთავარ ძალებთან. ბრძოლის დროს, მაზნიაშვილის ცნობით, რუსეთის ჯარი საარტილერიო ჭურვებით ისროდა მომწამლავ ქიმიურ საშუალებებს. მაზნიაშვილის ჯარმა დაამარცხა მოწინააღმდეგე, რომელიც უწესრიგოდ გაიქცა ტუაფსეში. ბრძოლის შედეგად ქართველებმა ხელთ იგდეს ერთი ზარბაზანი, ორი ტყვიამფრქვევი, ერთი ავტომობილი და ტყვიები. მაზნიაშვილის ბრძანებით ჯერ განხორციელდა ტუაფსეს კომუნიკაციების ბლოკირება, ხოლო შემდეგ არხიპო-ოსიპოვკასთან ქართული დესანტის გადასხმის იმიტაცია, რითაც განიზიდა ტუაფსესთან გამაგრებული რაზმების ნაწილი იქნა მიზიდული. ღამით „წმ. მიხეილმა“ დაბომბა მოწინააღმდეგის ქვემეხები და ნოვოროსიისკის შუქურასთან მოწყობილი საარტილერიო ბატარეა, რითაც გზა გაუხსნა ქართული ქვედანაყოფების წინსვლას. მოწინააღმდეგე ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა მაზნიაშვილის ჯარს, რომელსაც ყველა სიმაღლის აღება ბრძოლით უხდებოდა. 26 ივლისს, საღამოს 20 საათზე, 12-საათიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ საქართველოს ჯარი ტუაფსეში შევიდა.[35] რუსეთის 1200 კაციანი ჯარი გადავიდა ჩრდილოეთით, არმავირში. ნაალაფარი შეადგენდა 4 ქვემეხს, 12 ტყვიამფრქვევს, 5 ორთქლმავალს, ავტომობილებს, სხვადასხვა საბრძოლო მასალებს და დიდძალ ქონებას.[36] ქართულმა მხარემ დაკარგა ერთი და დაეჭრა 10 ჯარისკაცი.[36] ქალაქის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა გაგრის ფრონტის სარდალი ტარას ვაშაკიძე. ტუაფსეს ნავსადგურში მდგარი 28 ხომალდი გადანაწილდა ფოთის სავაჭრო ნავსადგურსა და სამხედრო ფლოტში.

1918 წლის აგვისტოში საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრის რუსეთის (როგორც „თეთრი მოძრაობის“, ასევე „წითელი არმიისგან“) დასაცავად სოხუმში, ოჩამჩირესა და ადლერში განთავსდა გერმანული გარნიზონები. გარნიზონები საქართველოს სუვერენიტეტზე მუდმივი მუქარის გამო ინარჩუნებდნენ საბრძოლო მზადყოფნას, თუმცა თავს არიდებდნენ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას.[37] თბილისიდან მაზნიაშვილმა მიიღო მორიგი ბრძანება, რომ უკან დასდევნებოდა მტერს და ყუბანში გადასულიყო. რუსეთის ძირითადი ჯარი გამაგრებული იყო სადგურ ბელორეჩენსკში. 4 აგვისტოს მაზნიაშვილმა შეუტია რუსეთის მოწინავე რაზმს, რომელიც ტუაფსედან 6 კმ-ზე იდგა. შეტევისას საქართველოს ჯარი შეხვდა მოწინააღმდეგის ძირითად ძალას, მიხეილისა და მაიკოპის პოლკებს, სამი ზარბაზნით და ჯავშანმატარებლით, საერთო რიცხვით 4 ათასი კაცი, რომლებსაც ხელმძღვანელობდა ანტონოვი. ბრძოლა დაიწყო სოფელ გრეჩესკიდან 4 კმ-ზე. ექვსსაათიანი ბრძოლის შემდეგ ანტონოვის ჯარი დამარცხდა და დაიფანტა, მათ დაკარგეს ორთქლმავალი და ჯავშანმატარებელი. ქართველებმა დააკავეს მატარებლის მთელი პირადი შემადგენლობა, ხელში ჩაიგდეს 20 ზარბაზანი, 30 ტყვიამფრქვევი, ტყვია-წამლის დიდი რაოდენობა, მატარებლების ოთხი შემადგენლობა, საველე სამზარეულო, სურსათი, ცხვრის ფარა. მოწინააღმდეგის საბოლოო განადგურების მიზნით დადევნებულებმა საღამოს 4 საათზე აიღეს სადგური კრივენკოვსკოე და 5 კილომეტრით წაიწიეს წინ.[38]

9 აგვისტოს აფხაზეთში გადასხდა კიდევ ერთი ოსმალური დესანტი 100-მდე კაცის შემადგენლობით. 15 და 16 აგვისტოს ოსმალეთის დესანტი დაამარცხა სახალხო გვარდიის მცირე, 60-კაციანმა, რაზმმა გიორგი თუხარელის მეთაურობით.[39]

სოჭის ოლქის საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ დაკავების შემდეგ უნდა გადაწვეტილიყო ამ ოლქის ბედი. ამის შესახებ სწერდა სოხუმის ოლქში საქართველოს მთავრობის რწმუნებული ისიდორე რამიშვილი ნოე ჟორდანიას. სოჭის ოლქთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად მთავრობის რწმუნებულად ამ ოლქში დაინიშნა გიორგი ანჯაფარიძე, აგვისტოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.[40] დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურების შექმნა, ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად თბილისიდან ჩაიტანეს რამდენიმე მილიონი მანეთი ბონებით და სხვადასხვა ვალუტა. ქართული ბონების კურსი, სოჭში არსებულ სხვა ფულთან შედარებით საკმაოდ მტკიცე იყო და მოსახლეობაში დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. განათლების სამინისტროს დამატებით გამოეყო ასი ათასი მანეთი სოჭის ოლქის სკოლების შესანახავად. აგრარული რეფორმის გატარების მოსამზადებლად ქალაქში ჩავიდა საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრი. ქართული ადმინისტრაცია და სამხედრო შტაბი დროებით სოჭის სასტუმრო „კავკასიის რივიერაში“ განთავსდა.

შეტაკება ტამანის არმიასთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყუბანის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელი ლაპინი მიესალმა მაზნიაშვილის მიერ სოჭის ოლქის გაწმენდას წითელი რაზმებისგან. ის მაზნიაშვილს და ანჯაფარიძეს სთავაზობდა, ქართული არმია დახმარებოდა ყუბანის რესპუბლიკას ბოლშევიკური საფრთხის მოგერიებაში, სანაცვლოდ მათ ჰპირდებოდა ტუაფსე-მაიკოპის ხაზზე კონტროლის დათმობას და ამით მაიკოპის მარცვლეულისა და პურის მარაგზე ხელმისაწვდომობას. მაიკოპის რკინიგზის სადგურში მართლაც იდგა ნავთობით დატვირთული ეშელონები, ყუბანის რესპუბლიკის მთავრობა კი მზად იყო, საქართველოსთვის ხელსაყრელ ფასში მიეყიდა მისთვის პური.[41] მაზნიაშვილს ზედმეტად მიაჩნდა ჩრდილოეთ კავკასიაში გალაშქრება. ის ფიქრობდა, რომ საკმარისი იქნებოდა მდინარე შახეზე ძლიერი თავდაცვითი ზოლის მოწყობა, რითაც დაცული იქნებოდა სოჭის ოლქი.[42] თანაც შემცირებული იყო მისი ჯარის რაოდენობა. ბევრი ადგილობრივი დაბრუნდა სახლებში, ცენტრიდან კი ახალ შევსებას მაზნიაშვილი არ ელოდა.[41]მაიკოპის დაკავებას საქართველოს საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებლად მიიჩნევდა სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე.[41]მაზნიაშვილმა მიიღო თბილისიდან ბრძანება, დაეკავებინა ტუაფსე მაიკოპის რკინიგზის ხაზი და ემოქმედა ყუბანის რესპუბლიკასთან შეთანხმებით.[43] ამ ოპერაციაში მონაწილეობა უნდა მიეღო მაზნიაშვილის განკარგულებაში მყოფ კაზაკებს, რუსი ოფიცრების რაზმს და მცირერიცხოვან (150 კაცი) ქართულ შენაერთს. ქართულმა ქვედანაყოფებმა გადალახეს გოითხის უღელტეხილი, ისარგებლეს რკინიგზითა და გზატკეცილით, მოახდინეს ძალთა გადაჯგუფება და უბრძოლველად დაიკავეს ჯერ დაბა ხადიჟენსკი, შემდეგ კი მსხვილი ქალაქი ბელორეჩენსკი. ბელორეჩენსკში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა დაიწყეს მზადება მაიკოპის დასაკავებლად. დაგეგმილი იყო მოლაპარაკებები ტუაფსეში საქართველოსა და ყუბანის რესპუბლიკას შორის. საქართველოს მხარე უნდა წარმოედგინათ ანჯაფარიძესა და მაზნიაშვილს. 28 აგვისტოს ანჯაფარიძემ მიიღო მოლაპარაკებებთან დაკავშირებული დირექტივები ნოე ჟორდანიასგან.

1 სექტემბერს ტუაფსეს შეუტია ტამანის არმიის პირველმა კოლონამ 10000 კაცითა და 12 ქვემეხით ეპიფან კოვტიუხის ხელმძღვანელობით. ბრძოლა გაიმართა ქალაქიდან 6 კმ-ზე, უღელტეხილზე. ტამანის არმიამ დიდი ზარალი მიაყენა ტუაფსეს ქართულ გარნიზონს და უკან, ქალაქის სამხრეთით 6 კმ.-ზე დაახევინა მას.[44] კოვტიუხის ნაწილები 2 სექტემბერს დილით ტუაფსეში შევიდნენ, ხელთ იგდეს 16 ქვემეხი, 10 ტყვიამფრქვევი, 6 ათასი ჭურვი და 800 ათასი ვაზნა. ორ დღეში ბოლშევიკებმა ქალაქი დატოვეს და ხადიჟენსკის გავლით დაიძრნენ არმავირისკენ, სადაც 17 სექტემბერს შეუერთდნენ ივან სოროკინის არმიას.

ომი მოხალისეთა არმიასთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუაფსე დროებით ისევ ქართული გარნიზონის ხელში გადავიდა.[45] 8 სექტემბერს ტუაფსეს მიადგა ტამანის არმიის მდევნელი „მოხალისეთა არმია“ გენერალ მიხეილ ალექსეევის ხელმძღვანელობით. მაზნიაშვილმა მათ უბრძოლველად დაუთმო ქალაქი და გამაგრდა მდინარე შახეზე. საქართველოს მხარეს მებრძოლმა კაზაკებმა დატოვეს ჯარი და მოახლისეთა არმიას შეუერთდნენ. ანტონ დენიკინი შავიზღვისპირეთის გუბერნიას ტუაფსესა და სოჭის ჩთვლით ყუბანის ნაწილად მიიჩნევდა და მაზნიაშვილს სთხოვდა გასვლას არამხოლოდ სოჭის ოლქიდან, არამედ, მთლიანად, აფაზეთიდან.[46] ალექსეევმა ასევე მოითხოვა მოლაპარაკებების გამართვა ტუაფსეს ნაცვლად ეკატერინოდარში.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ეკატერინოდარში მოლაპარაკებები ეწარმოებინათ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ევგენი გეგეჭკორსა და მაზნიაშვილს. გეგეჭკორი 12 სექტემბერს გაემგზავრა სოჭში. სოჭში დამატებით გაიგზავნა სამეგრელოში მდგარი სახალხო გვარდიის ნაწილები და თბილისის გვარდიელთა რაზმი 300-400 გვარდიელის შემადგენლობით.

რამდენიმე აფხაზმა თავადმა და მსხვილმა მიწათმფლობელმა აფხაზი ხალხის სახელით მიმართა დენიკინს და ითხოვა აფხაზეთის გათავისუფლება საქართველოსგან და შეერთება რუსეთთან.[47] 1918 წლის 20 სექტემბერს სოჭის ქალაქის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დროებით მიერთების შესახებ. 1919 წლის დასაწყისისთვის დაიგეგმა სოჭის ოლქში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება. ამ გადაწყვეტილებებს მოჰყვა გენერალ ალექსეევის მწვავე პროტესტი. 1918 წლის 23 სექტემბერს მოხალისეთა არმიამ დაიკავა ლაზარევსკაია. მის წინ დადგნენ ლომთათიძისა და წიტაიშვილის ქვედანაყოფები. გამყოფი ხაზი გადიოდა მდინარე ჩუხუტკიზე. ამავე დღეს დიდი შტორმის გამო საქართველომ დაკარგა მცურავი საშუალებების დიდი ნაწილი, „წმ. მიხეილი“ ნაპირზე გამოირიყა.

ეკატერინოდარის მოლაპარაკება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 22 სექტემბერს დილის 9 საათზე გეგეჭკორი და მაზნიაშვილი სოჭიდან ნოვოროსიისკის გავლით ეკატერინოდარისკენ გავიდნენ. მოლაპარაკებები შედგა 25-26 სექტემბერს. ყუბანის მთავრობას წარმოადგენდნენ ნ. ვორობიოვი და ლ. ბიჩი, ხოლო მოხალისეთა არმიას — ალექსეევი, დენიკინი, შულგინი, სტეპანოვი, რომანოვსკი, დრაგომიროვი, ლუკომსკი.[48] მხარეები ვერ შეთანხმდნენ სოჭის ოლქის კუთვნილების საკითხზე.[49] ამის შემდეგ გეგეჭკორმა ეჭვქვეშ დააყენა თავად მომლაპარაკებელი მხარეების ლეგიტიმურობა. მან აღნიშნა, აღნიშნა, რომ სოჭის ოლქი ტერიტორია საქართველომ დაიკავა დროებით, სანამ ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობიანობა არ დამყარდებოდა. ოლქის ბედს კი საქართველო გადაწყვეტდა უფრო კომპეტენტურ კრებაზე, რადგან მოხალისეთა არმია არ წარმოადგენდა სათანადოდ უფლებამოსილ სუბიექტს. ამან რუსი გენერლების გაღიზიანება გამოიწვია. შეთანხმება არ შედგა და მოლაპარაკებები 26 სექტემბერს შეწყდა.[35]შესაბამისად, ჩავარდა საქართველოს მიერ ყუბანისგან ნავთობისა და მარცვლეულის შეძენის საკითხი. დენიკინმა ყუბანის მთავრობას კატეგორიულად აუკრძალა საქართველოსთან ვაჭრობა, ნავთობისა და სურსათის ექსპორტი მანამდე, სანამ სოჭის ოლქი სრულად არ იქნებოდა დაცლილი ქართული ჯარისაგან და სანამ ქართული ჯარი მდინარე ბზიფამდე უკან არ დაიხევდა. მოლაპარაკებების ჩაშლის დროისთვის მოხალისეთა არმიას ეკავა სოფელი ლაზარევსკოე, ხოლო სადგურ ლოოში იდგა მცირერიცხოვანი გარნიზონი საქართველოს სახალხო გვარდიისა. მოხალისეთა არმიის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გამომავალი გაზეთები აფხაზეთის მოსახლეობას საქართველოს წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ, ვრცელდებოდა ანტიქართული პროკლამაციები.

9 ოქტომბერს ივანე მარღანიამ, სიმონ აშხაცავამ და რაფაელ ჩხოტუამ სცადეს გადატრიალების მოწყობა აფხაზეთის სახალხო საბჭოში. ვარლამ შერვაშიძის და გიორგი თუხარელის თაოსნობით გადატრიალება ჩავარდა. 10 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ სახალხაო საბჭო დაშლილად გამოაცხადა და ახალი არჩევნები დანიშნა. გადატრიალების მცდელობის 16 მონაწილე დააპატიმრეს და მოგვიანებით, დენიკინის მოთხოვნით, გაათავლისუფლეს.[50]

სახალხო გვარდიის არტილერია და შტაბი სოჭის რაიონში 1919 წ.

1918 წლის ნოემბერში გერმანულმა სამხედრო ძალებმა დატოვეს საქართველო. დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დაწყების გამო მაზნიაშვილი შულავერის ფრონტზე იქნა გადაყვანილი.[51] სოჭის ფრონტზე ის შეცვალა გენერალმა ალექსანდრე კონიაშვილმა. 1918 წლის 2 დეკემბერს სოჭის მოსახლეობის ყრილობამ დაადასტურა სოჭის ოლქის დროებით შეერთება საქართველოსთან. 1918 წლის შემოდგომიდან 1919 წლის აპრილამდე სოხუმის ოლქში მთავრობის კომისარი იყო ბენიამინ ჩხიკვიშვილი.[52]

დეკემბერში აფხაზთა მორიგმა დელეგაციამ მიმართა ანტონ დენიკინს მფარველობის და სოხუმის ოლქიდან ქართველი მენშევიკების განდევნის თხოვნით.[53] გერმანული სამხედრო ძალების გასვლამ რეგიონიდან დენიკინს გააბედინა აქტიური სამხედრო მოქმედებების დაწყება საქართველოს წინააღმდეგ.[54] დენიკინმა დაიწყო ჯარების თავმოყრა ლაზარევსკაიასა და ლოოს შორის, ქართული სამხედრო ნაწილების პოზიციებთან. მოხალისეთა არმიის მე-2 ქვეითი დივიზია ალექსანდრ ჩერეპოვის მეთაურობით გადავიდა შეტევაზე, წინ წაიწია 45 კილომეტრით და 16 დეკემბრისთვის დაიკავა პოზიციები ლოოსთან.[55] 26 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორმა ამის გამო საპროტესტო ნოტით მიმართა გაერთიანებული სამეფოს სამხედრო მისიის ხელმძღვანელობას, კერძოდ პოლკოვნიკ ჯორდანს, რომელსაც დაკავებული ჰქონდა კავკასია და იყო ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიის მოკავშირე. 28 დეკემბერს გეგეჭკორი და ჯორდანი შეთანხმდნენ სოჭის ოლქის დემილიტარიზაციაზე ოლქში საქართველოს ადმინისტრაციის შენარჩუნების პირობით. 29 დეკემბერს, შეთანხმების თანახმად, საქართველომ მოახდინა სოჭის ოლქიდან ქვედანაყოფების ევაკუაცია, მაგრამ, ანტონ დენიკინმა, ამის საპირისპიროდ, დაიწყო ამ ოლქში სამხედრო ძალების თავმოყრა. იმავე დღეს გეგეჭკორმა კიდევ ერთი საპოტესტო ნოტით მიმართა ბრიტანელებს. მოხალისეთა არმიის მიერ ტუაფსეს დაკავებას მოჰყვა მმართველობის სამხედრო ფორმის დამყარება, თვითმმართველობისა და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების გაუქმება. ამან გამოიწვია მოსახლეობის მწვავე პროტესტი. 1919 წლის 5 იანვარს სოჭში გაიმართა სოჭის საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კრება, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სოჭის ოლქის საქართველოს შემადგენლობაში არსებობის მიზანშეწონილობა და ითხოვა მოხალისეთა არმიის გაყვანა.[56]

18-21 იანვრისთვის დენიკინს გოლოვინკასთან მობილიზებული ჰყავდა 3000-მდე ჯარისკაცი, უკვე დანიშნული ჰყავდა სოჭის კომენდანტად პოლკოვნიკი ეფრემოვი. მათ შეუერთდა სოჭის ოლქის სომხური მოსახლეობა. საქართველოს ჯარის პოზიციები კი დემილიტარიზაციის გამო შესუსტებული იყო, მათ ეკავათ ცუდი პოზიციები და მოშიშვლებული ჰქონდათ მარჯვენა ფლანგი. გენერალ კონიაშვილის განკარგულებაში იყო 1500-მდე ჯარისკაცი.[57]

გენერალმა ბურნევიჩმა ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს და მოითხოვა მათგან სოჭის დაცლა და იარაღის დაყრა 24 საათის განმავლობაში.[58] 6 თებერვალს მოხალისეთა არმიამ განახორციელა ფლანგური შეტევის მანევრი, გავიდა ქართული ნაწილების ზურგში და ერთმანეთს მოწყვიტა სოჭისა და ადლერის ქართული გარნიზონები. მათ ასევე სოჭის აკვატორიაში შეიყვანეს ნაღმოსანი, რომელმაც გაანეიტრალა ქართული არტილერია და ხელი შეუშალა სახალხო გვარდიის ნაწილების ზღვიდან დესანტირებას. სოჭის გარნიზონმა ვერ მოახერხა დაკავშირებოდა ადლერის გარნიზონს, სადაც იმყოფებოდა ასეული ფაღავას მეთაურობით. ფაღავამ დაიხია უკან, მთებისკენ. მოხალისეთა არმიამ სოჭში ტყვედ აიყვანა გენერალი კონიაშვილი, პოლკოვნიკი წერეთელი, მთავრობის წარმომადგენელი სოჭის ოლქში მუხრან ხოჭოლავა, სულ 748 ტყვე.[59] ტყვეების დიდი ნაწილი მათ ადგილზევე დახვრიტეს.[57] ბრძოლა სოჭისთვის გრძელდებოდა 4 დღის განმავლობაში. წარმატებული სამხედრო ოპერაციების შედეგად მოხალსეთა არმიამ დაიკავა ადლერი, ვესიოლოე, პილენკოვო, გაგრა და 10 თებერვალს გაჩერდა მდინარე ბზიფთან.[35] დენიკინის არმიას შეეძლო არამხოლოდ სოჭის ოკრუგის, არამედ მთლიანად აფხაზეთის დაკავებაც და წინსვლა საქართველოს სიღმრეში.[60] მაგრამ გენერალმა ჩერპოვმა ქართული მხარის სარდლობას ტელეგრამა გაუგზავნა საბრძოლო მოქმდებათა შეწყვეტის შესახებ, რამდენადაც მის წინაშე მდგარი ამოცანა შესრულებული იყო.

პარიზის სამშვიდობო კონფერენცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წლის 13 თებერვალს ჩატარდა აფხაზეთის ისტორიაში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები აფხაზეთის სახალხო საბჭოსი და საქართველოს დამფუძნებელი კრებისა.[61] დამფუძნებელი კრების წევრებად არჩეულ იქნა 3 აფხაზი დეპუტატი ვარლამ შერვაშიძე, არზაყან ემუხვარი, ვასილ გურჯუა.[62] საქართველოს შავიზღვისპირეთის ფროტის სარდლად დაინიშნა გენერალი იოსებ გედევანიშვილი. 15 თებერვალს ჟორდანიამ ბათუმში დისლოცირებულ ბრიტანელთა 27-ე დივიზიის მეთაურს, ფორესტიე-უოკერს გაუგზავნა მოთხოვნა მოხალისეთა არმიის მიერ გაგრის უბნის დაცლის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საომარი მოქმედებების განახლებით იმუქრებოდა. 19 თებერვალს საპასუხო ტელეგრამაში ფორესტიე-უოკერმა აცნობა გეგეჭკორს, რომ მათ უკვე მოთხოვეს დენიკინს არა მხოლოდ გაგრის უბნის, არამედ სოჭის ოლქის დაცლაც, ამასთანავე საქართველოს აფრთხილებდნენ, არ დაეწყო სამხედრო მოქმედებები. გაგრაში შეყვანილ იქნა ბრიტანელთა გაძლიერებული ასეული პოლკოვნიკ ფაინსის მეთაურობით, რომელიც მდინარე ბზიფის ორივე მხარეს განლაგდა. ბზიფთან გამაგრებული ქართული ნაწილები აპირედბენ შეტევაზე გადასვლას, თუმცა ისინი შეაჩერა ბრიტანელთა სამხედრო წარმომადგენელმა უაითმა იმ პირობით, რომ მოხალისეთა არმია დაცლიდა სოჭის ოლქს.[63]

1919 წლის 19 მარტს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველომ წარადგინა მემორანდუმი, რომლითაც ის ტერიტორიული მოთხოვნებს აცხადებდა სოჭის ოკრუგის დიდ ნაწილზე მდინარე მაკოფსემდე.[64] ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ, რომ ამ საზღვრის მიღმაც რჩებოდა ქართული მიწები. ისინი, ამავდროულად, მზად იყვნენ, დათანხმებოდნენ საზღვარს მდინარე მზიმთაზე, ან ყველაზე უარეს შემთხვევაში — მეხადირზე.[65]

მიუხედავად სტამბოლში განლაგებული ბრიტანული სამხედრო მისიის გადაწყვეტილებისა, რომ სოჭის ოკრუგი საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე საქართველოს მმართველობაში დარჩენილიყო, ადგილზე მყოფი ბრიტანელი სამხედრო ლიდერები თვალს ხუჭავდნენ „თეთრი არმიის“ მოქმედებებზე სოჭის ოკრუგში.[66] დენიკინის მიერ დაკავებულ სოჭის ოლქში დაიწყო მოსახლეობის ძარცვა და მოროდიორობა. მოსახლეობამ არ მიიღო მონარქიის აღდგენის იდეა, არ ცხადდებოდა დენიკინის მირ გამოცხადებულ სამხედრო გაწვევაში. სომხეთ-საქართველოს ომის დასრულბამ საქართველოს საშუალება მისცა, დამატებითი ძალები გაეგზავნა აფხაზეთში და გაემაგრებინა დაკავებული პოზიციები. დენიკინმა კი შეასუსტა სოჭის ფრონტი, რადგან ამ დროს წითელმა არმიამ ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. 20 მარტს აფხაზეთის სახალხო საბჭომ დადგენილებით დაადასტურა ავტონომიური სტატუსით საქართველოს რეპსუბლიკაში არსებობა საზღვრით მდინარე მზიმთაზე.[67] აფხაზებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს იქ ჩასულ გედევანიშვილს და რესპუბლიკის არმიას. ბზიფის პოზიციებზე კონცენტრირებულმა სახალხო გვარდიის პირადმა შემადგენლობამ 3000 ჯარისკაცს გადააჭარბა. მათ ჰქონდათ 14 ქვემეხი და 100-ზე მეტი ტყვიამფრქვევი. 22 მარტს ბზიფის ფრონტზე დამატებით გაიგზავნა გვარდიის ნაწილები არტაანის ფრონტიდან. მარტის ბოლოსთვის ბზიფზე სახალხო გვარდიის შემადგენლობამ 5 ათასს მიაღწია, მდინარის ზემო წელში აგებული იქნა ახალი ხიდი. ქართული მხარე მზად იყო შეტევის საწარმოებლად, მაგრამ თავს იკავებდა ბრიტანეთის საოკუპაციო ჯარების სარდლობის ზეწოლის გამო. ამასთან, სომხეთ-საქართველოს ომის გამო აპრილის შუა რიცხვებამდე საქართველოს არ ჰქონდა საშუალება აფხაზეთის ფრონტზე შეტევის წარმოებისა.[68]

ვალიკო ჯუღელი გვარდიელებთან ერთად გაგრაში

მარტის ბოლოს ბრიტანული სამხედრო მისიის ჩარევის შედეგად, გაათავისუფლეს დენიკინის არმიის ქართველი ტყვეები. 26-31 მარტს სოჭის ოლქის მოსახლეობამ დაიწყო პარტიზანული „მწვანე მოძრაობა“. საიდუმლო შეკრება ჩატარდა სოფელ კალინოვოე ოზეროსთან. პარტიზანული ბრძოლები დაიწყო ძირითადად ქართველებით დასახლებულ სოფელ პლასტუნკაში და მოიცვა პლასტუნკა-კრასნაია პოლიანა-ადლერის სამკუთხედი: პილენკოვო, ლოო, დაგომისი და ხოსტასა. მოხალსეთა არმიამ დაიწყო საპასუხო რეპრესიები. აჯანყებამ მოხალისეთა არმიის 1500-მდე ჯარისკაცი მოაცდინა ძირითად ფრონტს. სოჭის ოლქის 21 თემის საბჭომ დელეგაცია გაგზავნა გაგრაში მდგარ ბრიტანულ სარდლობასთან, მაგრამ პოლკოვნიკ ფაინსს რეაგირება არ მოუხდენია. 2 აპრილს პილენკოვოში გაიმართა მოლაპარაკებები მოხალისეთა არმიასა და მწვანე მოძრაობას შორის, სადაც ყველა აჯანყებული სოფლის თითო ლიდერი იყო წარმოდგენილი. 12 აპრილს მოხალისეთა არმიამ წამოიწყო ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ოპერაცია. ფრონტის დამცველად დარჩა მხოლოდ ერთი პოლკი ერთი საარტილერიო ქვემეხით პოლკოვნიკ უშაკოვის ხელმძღვანმელობით.[69]

1919 წლის აპრილისთვის დასრულდა ბზიფზე ქართული ძალების თავმოყრა. საერთო ჯამში მობილიზებული იყო რეგულარული არმიის და სახალხო გვარდიის 8 ბატალიონი, პოლკოვნიკ გიორგი ხიმშიაშვილის ცხენოსანი დივიზიონი და პოლკოვნიკ კარგარეთელის 4 საარტილერიო ბატარეა, სულ 6000 ქვეითი და ოცი ქვემეხი.[69] საქართველომ ანგარიში აღარ გაუწია ბრიტანეთის სამხედრო მისიას და მიიღო გადაწყვეტილება გაგრაზე შეტევის შესახებ. ამის შესახებ გეგეჭკორმა 12 აპრილს აცნობა ბრიტანეთის საოკუპაციო ჯარების ახალ სარდალს — გენერალ ტომსონს. 13 აპრილს ტომსონმა გაუგზავნა შეტყობინება საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე გედევანიშვილს, და აცნობა, რომ დენიკინის არმია 48 საათში გაათავისუფლებდა სოჭის ოლქს და საქართველოს დაეწყო სამხედრო მოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დენიკინი არ შეასრულებდა ულტიმატუმს. ულტიმატუმი დენიკინს გაეგზავნა გენერალ მილნის საშუალებით. 15 აპრილს ალექსანდრე გედევანიშვილმა ბოლოჯერ წაუყენა ულტიმატუმი დენიკინს და მოითხოვა საზღვრის გავლება მდინარე მეხადირზე.

16 აპრილს, ულტიმატუმის ამოწურვისთანავე, სახალხო გვარდიამ დაიწყო შეტევა. გვარდია უტევდა სამი კოლონით. მარცხენა კოლონას ხელმძღვანელობდა ხიმშიაშვილი, მარჯვენას კარგარეთელი, უკიდურეს მარჯვენა ფლანგზე კი შემოვლას ახორციელებდა სპეცდანიშნულების ბატალიონი ხუხუნაიშვილის მეთაურობით. კარგარეთელის ცხენოსანმა დივიზიონმა შეუტია მოწინააღმდეგის არტილერიას და დაიკავა მამული „ოტრადნოე“, მარცხენა ფრთამ დაიკავა აგარაკი „კოლხიდა“. 17 აპრილს, 2 საათზე გიორგი ლომთათიძის მეთაურობით მე-3 ბატალიონმა აიღო გაგრა. 19 აპრილს ქართულმა ჯარმა დაიკავა პოზიცია მდინარე მზიმთაზე, მაგრამ თბილისიდან მიღებული ბრძანების შესაბამისად დაიხია უკან მეხადირამდე. მოხალისეთა არმიამ დაიხია მდინარე მზიმთას უკან, სოფელ ვესიოლოესთან. მოხალისეთა არმიამ ბრძოლაში დაღუპულების სახით დაკარგა 87 ადამიანი, ტყვედ ჩავარდა 88 ოფიცერი და 150 ჯარისკაცი.[70], სხვა ცნობით კი 500-მდე ჯარისკაცი.[71].

საქართველოს ჰქონდა შეტევის გაგრძელების და სოჭის აღების შესაძლებლობა. მაგრამ ბრიტანული სამხედრო წარმომადგენლობის ზეწოლამ უარი ათმევინა შემდგომ შეტევაზე[72] ისინი თბილისისგან მოითხოვდნენ თებერვლის Status quo-ს შენარჩუნებას.[73] 18 აპრილს ტომსონმა მიუთითა ჟორდანიას, რომ მისი მთავრობის ქმედება გაერთიანებული სამეფოს მიმართ იყო მტრული. მეხადირამდე უკან დახევით საქართველომ დათმო ბრძოლით მოპოვებული ტერიტორიის ნახევარზე მეტი. დენიკინს არ ჰქონდა კონტრშეტევის შესაძლებლობა. მან აპრილის ბოლოსთვის მოახერხა მხოლოდ 2800 ადამიანის და 13 ქვემეხის თავმოყრა სოჭში, მისი ძირითადი ძალები იბრზოდნენ ჩრდილოეთის ფრონტზე, რომლის შესუსტება არ შეიძლებოდა, ხოლო მისი ფლოტი დაკავებული იყო ყირიმში ბრძოლით. დენიკინის ძალებმა მცირედ წაიწიეს წინ და დადგნენ მდინარე ფსოუსთან. მეხადრისა და ფსოუს შორის მდებარე ტერიტორია, სადაც ხუთი მცირე სოფელი მეხადირი, მოლდავანსკოე სალმე, სულევო და ტროიცკოე მდებარეობდნენ, დე-ფაქტო ნეიტრალური ზონა გახდა, სადაც უნდა ჩამდგარიყო იქნა ბრიტანული გარნიზონი. რეალურად ამ ზონაში ბრიტანული გარნიზონი არ ჩამდგარა და ამ სოფლების მოსახლეობა დამოუკიდებლად აგრძელებდა ცხოვრებას, რაც დროდადრო ირღვეოდა დენიკინის ძალების რეიდებით.[74]

1919 წლის მაისში შეიცვალა ბრიტანული სამხედრო მისიის სარდალი ფორესტიე-უოკერი. ის შეცვალა გენერალმა ჯორჯ კორიმ. 21-24 მაისს თბილისში გაიმართა მოლაპარაკებები, რომელიც თავდაპირველად გაგრაში, შემდეგ კი ბათუმი იყო დაგეგმილი. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ბრიტანული სამხედრო მისიის წარმომადგენლები, გენერლები ბრიგსი და ბიჩი, რომლებიც ახმოვანებდნენ „სამხრეთ რუსეთის“ პოზიციებს.[75] ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ გეგეჭკორი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გენერალი ა. გედევანიშვილი, სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი და დამფუძნებელი კრების წევრი დიომიდე თოფურიძე. 24 მაისს მოლაპარაკებებში ჩაერთვნენ ჟორდანია და პოლკოვნიკი სანდერსი. მოლაპარაკებებზე გენერალი ბრიგსი ითხოვდა საქართველოს მიერ აფხაზეთის დაცლას და ჯარების გაყვანას ენგურს იქეთ. საქართველომ არ დათმო მიღწეული შედეგები.[76] მოლაპარაკებები ჩავარდა. საქართველოს პოზიციები დაადასტურა 6 ივნისს აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ მიღებულმა რეზოლუციამ. გენერალმა კორმა 11 ივნისს მხარეებს შესთავაზა პროექტი, რომლის მიხედვითაც სადემარკაციო ხაზი უნდა გავლებულიყო მდინარე ბზიფზე. ეს პროექტი საქართველომ არ მიიღო.

დე-ფაქტო მდგომარეობა შენარჩუნდა, რამდენადაც საქართველოს არ შეეძლო სოჭის, ხოლო დენიკინს დანარჩენი აფხაზეთის სამხედრო მოქმედებების ძალით დაკავება.[76] 1919 წლის მაისში განხორციელდა ცვლილებები აფხაზეთის ავტონომიის მმართველობის სისტემაში. შეიქმნა აფხაზეთის მთავრობა — კომისარიატი. მთავრობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა არზაყან ემუხვარი. აფხაზეთის სახალხო საბჭოს სათავეში ჩაუდგა ვარლამ შარვაშიძე. შეიცვალა სახელწოდებები, სოხუმის ოლქს ეწოდა აფხაზეთი, ხოლო ოლქის უბნებს — მაზრები.

იურიდიულად საზღვარი მდინარე ფსოუზე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უკვე ბოლშევიკურ რუსეთს შორის დადგინდა მოკოსვის ხელშეკრულებით, რომელიც 1920 წლის მაისში დაიდო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. კობახიძე ბ., სილაქაძე დ, ვაჭარაძე ა., საქართველოს პირველი რესპუბლიკა, თბილისი: საქართველოს ეროვნული არქივი, 2015. — გვ. 82.
  2. ბლუაშვილი, 2020, გვ. 19
  3. ანდერსენი, 2020, გვ. 150
  4. SOVLAB, 2023, გვ. 44
  5. SOVLAB, 2023, გვ. 20
  6. ჩაჩხიანი, 2014, გვ. 83
  7. ჩაჩხიანი, 2014, გვ. 85
  8. ჩაჩხიანი, 2014, გვ. 84
  9. SOVLAB, 2023, გვ. 24
  10. SOVLAB, 2023, გვ. 25
  11. SOVLAB, 2023, გვ. 26
  12. 12.0 12.1 SOVLAB, 2023, გვ. 28
  13. SOVLAB, 2023, გვ. 29
  14. В.Чхиквишвили о большевистской авантюре Абхазии
  15. SOVLAB, 2023, გვ. 32
  16. პაპასქირი, 2007, გვ. 13
  17. მაზნიაშვილი, 1927, გვ. 57
  18. SOVLAB, 2023, გვ. 35
  19. ჩაჩხიანი, 2014, გვ. 104
  20. ჩაჩხიანი, 2014, გვ. 110
  21. პაპასქირი, 2007, გვ. 16-17
  22. Rayfield, Donald „Edge of Empires: A History of Georgia“ London: Reaktion Books. გვ. 326. ISBN 978-1-78023-030-6.
  23. SOVLAB, 2023, გვ. 43
  24. ჩაჩხიანი, 2014, გვ. 118
  25. ჩაჩხიანი, 2014, გვ. 119
  26. 26.0 26.1 პაპასქირი, 2007, გვ. 18
  27. მაზნიაშვილი, 1927, გვ. 60
  28. მაზნიაშვილი, 1927, გვ. 62
  29. პაპასქირი, 2007, გვ. 19
  30. მაზნიაშვილი, 1927, გვ. 63
  31. ჩაჩხიანი, 2014, გვ. 129
  32. SOVLAB, 2023, გვ. 48
  33. სამშობლოს მსხვერპლნი : პოდპ. იასონ ნიკოლოზის ძე ფილიპია (1891-1918) // „თეატრი და ცხოვრება“. - 1918. - N12. - გვ.15.
  34. ჩაჩხიანი, 2014, გვ. 144
  35. 35.0 35.1 35.2 Революция и Гражданская война в России: 1917—1923 гг.: Энциклопедия. В 4 томах/ Большая энциклопедия. — მოსკოვი.: ТЕРРА, 2008. ტ.4. ISBN 978-5-273-00564-8, გვ. 145
  36. 36.0 36.1 ჩაჩხიანი, 2014, გვ. 152
  37. ანდერსენი, 2020, გვ. 153-154
  38. ჩაჩხიანი, 2014, გვ. 153
  39. ჩაჩხიანი, 2014, გვ. 138
  40. პაპასქირი, 2007, გვ. 20
  41. 41.0 41.1 41.2 ჩაჩხიანი, 2014, გვ. 198
  42. მაზნიაშვილი, 1927, გვ. 68
  43. მაზნიაშვილი, 1927, გვ. 73
  44. მაზნიაშვილი, 1927, გვ. 78
  45. მაზნიაშვილი, 1927, გვ. 79
  46. პაპასქირი, 2007, გვ. 27
  47. ჩაჩხიანი, 2014, გვ. 216
  48. ბლუაშვილი, 2020, გვ. 23
  49. SOVLAB, 2023, გვ. 67
  50. SOVLAB, 2023, გვ. 70
  51. მაზნიაშვილი, 1927, გვ. 114
  52. მახარაძე ი., ვაჭარაძე ა., „ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი (1880-1924)“, თბილისი: IDFI, 2020. — გვ. 27, ISBN 978-9941-8-2176-9.
  53. SOVLAB, 2023, გვ. 71
  54. ანდერსენი, 2020, გვ. 154
  55. ანდერსენი, 2020, გვ. 254
  56. „საქართველოს რესპუბლიკა“, N6, 10 იანვარი, 1919 წ.
  57. 57.0 57.1 ანდერსენი, 2020, გვ. 258
  58. ჩაჩხიანი, 2014, გვ. 258
  59. ზუსტად 95 წლის წინ, ქართულმა ჯარმა სოჭი დატოვა (2014-02-07).
  60. ანდერსენი, 2020, გვ. 255
  61. პაპასქირი, 2007, გვ. 32
  62. SOVLAB, 2023, გვ. 76
  63. ანდერსენი, 2020, გვ. 260
  64. კეკელია ჯ., საქართველოს ტერიტორია და საზღვრები, 2006. — გვ. 29.
  65. ანდერსენი, 2020, გვ. 217
  66. ანდერსენი, 2020, გვ. 220
  67. ანდერსენი, 2020, გვ. 262
  68. ანდერსენი, 2020, გვ. 264
  69. 69.0 69.1 ანდერსენი, 2020, გვ. 265
  70. ჩაჩხიანი, 2014, გვ. 310
  71. ანდერსენი, 2020, გვ. 266
  72. ანდერსენი, 2020, გვ. 230
  73. ჩაჩხიანი, 2014, გვ. 312
  74. ანდერსენი, 2020, გვ. 267
  75. პაპასქირი, 2007, გვ. 42
  76. 76.0 76.1 ანდერსენი, 2020, გვ. 269