შინაარსზე გადასვლა

სერბთა რესპუბლიკის არმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერბთა რესპუბლიკის არმია
Војска Републике Српске (ВРС)
Vojska Republike Srpske (VRS)

ბოსნიის ომის დროს გამოყენებადი სამკლაური

არმიის სამკლაური ომის შემდეგ
შეიქმნა აპრილი 1992
დაიშალა 1995
საპოლიციო ფუნქციებით
2006 წლამდე
ნაწილები

1-ლი კრაინის კორპუსი
2-ე კრაინის კორპუსი
აღმოსავლეთ ბოსნიის კორპუსი
სარაევო-რომანიის კორპუსი
დრინის კორპუსი

ჰერცეგოვინის კორპუსი
შტაბი ბანია-ლუკა
ხელმძღვანელობა
პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი (1992–1995)
თავდაცვის მინისტრი ბოგდან სუბოტიჩი
შტაბის უფროსი რადკო მლადიჩი (1992–1995)
ინდუსტრია
უცხოელი მომწოდებლები იუგოსლავია
ისტორია ხორვატიის ომი
ბოსნიის ომი

სერბთა რესპუბლიკის არმია (სერბ. Војска Републике Српске / Vojska Republike Srpske; შემოკლებით ВРС/VRS) — სერბთა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალა ბოსნიის ომის დროს. ომის დასრულების შემდეგ შენარჩუნდა საპოლიციო ფუნქციებით ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ქვემდებარე სერბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2006 წლამდე. 2006 წელს საბოლოოდ შეერწყა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის შეიარაღებულ ძალებს.[1]

იუგოსლავიაში მრავალპარტიული სისტემის დაშვების შემდეგ გააქტიურდნენ ნაციონალისტური ძალები. სლოვენიისა და ხორვატიის კვალდაკვალ იუგოსლავიისგან გამოყოფის მსურველები გააქტიურდნენ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკაშიც, რომელიც ეთნორელიგიურად ყველაზე ჭრელი იყო. 1991 წლის 31 მარტის აღწერით, მისი მოსახლეობის (4,4 მლნ) სამ ძირითად ჯგუფს შეადგენდნენ ბოსნიელები (მუსლიმები, 1,9 მლნ, 44%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 45 რაიონში (13 მათგანში ფარდობითი, ხოლო 31–ში აბსოლუტური) სერბები (1,4 მლნ, 31%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 34 რაიონში (5 ფარდობითი და 29 აბსოლუტური) და ხორვატები (752 ათ., 17%), რომლებიც უმრავლესობა იყვნენ 20 რაიონში (6 ფარდობითი და 14 აბსოლუტური). მოსახლეობის დანარჩენ 8% შეადგენდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები და ასევე იუგოსლავები (ძირითადად შერეული ქორწინების შთამომავლები).[2]

ბოსნიაში გამოიკვეთა სამი ძირითადი ძალა, რომელიც ძირითადად თავიანთი ეთნიკური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავდნენ – დემოკრატიული მოქმედების პარტია (ბოსნ. Stranka demokratske akcije; SDA), რომელსაც ბოსნიელი ალია იზეთბეგოვიჩი ედგა სათავეში, სერბთა დემოკრატიული პარტია (სერბ. Српска демократска Странка; СДС) რომლის ლიდერი იყო რადოვან კარაჯიჩი და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება (ხორ. Hrvatska demokratska zajednica Bosne i Hercegovine; HDZ BiH), სტეპან კლუიჩით სათავეში. სამივე ლიდერი წარსულში ანტიკომუნისტი იყო და იდევნებოდა დისიდენტობისთვის იუგოსლავიის პერიოდში, თუმცა კარაჯიჩს, ისევე როგორც ბოსნიელ სერბთა დიდ ნაწილს, სურდა იუგოსლავიის შენარჩუნება, სადაც დომინანტი სერბეთი იყო. იზეთბეგოვიჩი კი პირიქით, კატეგორიული წინააღმდეგი იყო დარჩენილიყო იუგოსლავიის ნაწილად, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ხორვატია და სლოვენია, რომლებიც მეტ–ნაკლებად აბალანსებდნენ სერბეთის გავლენას, გამოეყვნენ ფედერაციას. კლუიჩი მხარს უჭერდა იზეთბეგოვიჩის მთავრობას, თუმცა ბოსნიის ხორვატთა უმეტესობას ხორვატიასთან შეერთება სურდა, ბოსნიის ხორვატთა ამ სურვილს ასევე მხარს უჭერდა ხორვატიის ახალარჩეული პრეზიდენტი ფრანიო ტუჯმანიც.

ნაციონალისტების გააქტიურების პარალელურად სერბები იწყებენ ზრუნვას იმისთვის, რომ უმცირესობაში არ დარჩნენ. ისინი აცხადებენ რამდენიმე ავტონომიურ რეგიონს ხორვატიისა და ბოსნიის ტერიტორიაზე, რომელთა საბოლოო მიზანი სერბეთთან გაერთიანება და დიდი სერბეთის შექმნა იყო. ფედერალური არმიისგან მიღებული ტექნიკის, იარაღისა და საჭურვლის დახმარებით კი სერბული ანკლავები სერიოზული სამხედრო ძალის მფლობელები ხდებიან.[3] 1991 წლის მარტში ბოსნიელ სერბთა პოლიტიკურ ორგანიზაციას, სერბთა დემოკრატიულ პარტიას ფედერალურმა არმიამ გადასცა 23 ათასამდე ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო სერბულ გასამხედროებულ დაჯგუფებებს 51 ათასი.[4]

იუგოსლავიის სახალხო არმიის რეორგანიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელგრადის მთავრობა თანაუგრძნობდა ბოსნიელ სერბებს. იუგოსლავიის სერბმა ლიდერებმა – სლობოდან მილოშევიჩმა და ბორისავ იოვიჩმა გადაწყვიტეს, მოეხდინათ ბოსნიაში არსებული ფედერალური არმიის ნაწილების რეორგანიზაცია. კერძოდ, მათ გადაწყვიტეს, ბოსნიაში მყოფი სამხედრო ნაწილები შეევსოთ ექსკლუზიურად ბოსნიელი სერბებით. 1991 წლის 25 დეკემბერს იუგოსლავიის თავდაცვის მინისტრმა, ველკო კადიევიჩმა მოაწერა ხელი საიდუმლო ბრძანებას, რომლის თანახმადაც დაიწყო ამ პროექტის განხორციელება. 1992 წლის 3 იანვარს ბოსნიის ტერიტორიაზე შეიქმნა სახალხო არმიის მეორე სამხედრო ოლქი, შტაბით სარაევოში, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გენერალ-პოლკოვნიკი მილუტინ კუკანაცი. ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე შეიქმნა მეოთხე სამხედრო ოლქი, რომელსაც პავლე სტრუგარი მეთაურობდა. სამხედრო სასწავლებლების კურსანტების ჩათვლით, ამ დროისთვის ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე განლაგებული იყო იუგოსლავიის სახალხო არმიის ნაწილები 110 000 პირადი შემადგენლობით, 500 ტანკით, ჯავშანტრანსპორტიორითა და ჯავშანმანქანით, 550 მსხვილკალიბრიანი ქვემეხით, 48 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემითა და 350 მსხვილკალიბრიანი ნაღმსატყორცნით. ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში განლაგებული იყო 120 გამანადგურებელი და მოიერიშე თვითმფრინავი, 40 საბრძოლო და 30 სატრანსპორტო ვერტმფრენი. ეს ნაწილები მალევე შეივსო ბოსნიელი სერბებით და 1992 წლის თებერვლის ბოლოს მოსამსახურეთა თითქმის 85 % ბოსნიელი სერბი იყო.[5][6][7]

1992 წლის 9 იანვარს ბოსნიის პრეზიდიუმის სერბი დეპუტატები გამოეყვნენ პრეზიდიუმს და გამოაცხადეს სერბთა რესპუბლიკის შექმნა. მათვე დაიკავეს ტერიტორიული თავდაცვის საწყობები იმ რეგიონებში, სადაც სერბები უმრავლესობას შეადგენდნენ და შექმნეს კრიზისული შტაბები. ამგვარად 1992 წლის აპრილისთვის სერბებს გარდა იუგოსლავიის არმიაში მომსახურე პერსონალისა, ჰყავდათ 60 ათასიანი მოხალისეთა ფორმირებები, რომელთა რიცხვი სხვადასხვა რეგიონში 300-დან (ბოსანსკა კრუპაში) 4 200-მდე (სოკოლაცსა და ოლოვოში) მერყეობდა.[7] ეს რაზმები ადგილობრივი კრიზისული შტაბების დაქვემდებარებაში იყო და მათ სერბთა დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი უჯრედის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა.[6]

ბოსნიის დამოუკიდებლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის 3 მარტს, ცხადდება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.[8] ამ დროს სარაევო დაყოფილია ეთნიკური ნიშნით და მიმდინარეობს სისხლიანი დაპირისპირება – 1992 წლის 1 მარტს სერბული ქორწილის დროს მექორწილეებმა სერბული დროშით გაიარეს ბაშჩარშიას ბაზართან. შეიარაღებულმა პირებმა ისინი გააჩერეს და მოსთხოვეს დროშის ჩამოხსნა. შელაპარაკება სროლაში გადაიზარდა, რასაც ნეფის მამა, ნიკოლა გარდოვიჩი (რომელსაც დროშა ეკავა) ემსხვერპლა.[9] სერბული ცნობებით, მკვლელობა ჩაიდინეს მწვანე ბერეტების ოთხმა მებრძოლმა – მუჰამმად შვრაკიჩმა (მწვანე ბერეტების ფორმირების მეთაურის, ემინ შვრაკიჩის ვაჟი), სუად შაბანოვიჩმა, ტაიბ ტორლაკიჩმა და რამიზ დელალიჩმა.[10] მეორე დღეს სერბული ფორმირებები იკავებენ სერბულ უბნებს და აწყობენ ბლოკპოსტებს, ხოლო მათი ნაწილი ცდილობს ბოსნიის პარლამენტის შენობის ბლოკირებას, თუმცა სარაევოს ათასობით მცხოვრები ახერხებს მათ განეიტრალებას. შეტაკებებში ოთხი ადამიანი დაიღუპა.[8]

ბოსნიას დაუწესდა იარაღის ემბარგო[11], რომელიც რეალურად სწორედ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიას აზარალებდა, რადგან სერბები და ხორვატები ახერხებდნენ იარაღის შემოტანას თავისი მხარდამჭერი ქვეყნებიდან – იუგოსლავიიდან და ხორვატიიდან.
ბრძოლები და შეტაკებები მთელი ბოსნიის ტერიტორიაზე ხდებოდა. 1992 წლის 25–26 მარტს სიეკოვაცში, ხორვატიის საზღვართან მოკლეს 12 სერბი სამოქალაქო პირი, თუმცა მათი მიზანმიმართული დახოცვა არ დადასტურდა, თვითმხილველების (მათ შორის სერბების) განცხადებით, ისინი სროლაში მოყვნენ, ან იარაღს ატარებდნენ. [12]

სერბულ ფორმირებებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკებები მოხდა ჩაპლინასთან 7 მარტს, ბოსანსკი ბროდში 15–24 მარტს და გორაჟდესთან 15 მარტს, არმიის არტილერიამ დაბომბა ნეუმი 19 მარტს.

1992 წლის 1 აპრილს სერბ მოხალისეთა გვარდიამ იუგოსლავიის არმიის დახმარებით დაიკავა ქალაქი ბიელინა სერბეთის საზღვართან, რომლის მცხოვრებთა 59% სერბები იყვნენ, 31% ბოსნიელები, ხოლო 10% სხვა ეროვნების. მოხალისეთა გვარდიის წევრებმა დაიწყეს არასერბებისა და იმ სერბების ხოცვა, რომლებსაც ისინი არასანდოდ მიიჩნევდნენ ან ცდილობდნენ არასერბების შეფარებას[13]. მკვლელობები ორი დღე გრძელდებოდა, მოკლულთა ზუსტი რიცხვი უცნობია[14], თუმცა ჰააგის ტრიბუნალის მონაცემებით, უტყუარად დადგენილი იქნა 48 სამოქალაქო პირის მკვლელობა, მათ შორის 45 არასერბისა.[15] ქალაქის მეჩეთებზე სერბული დროშები აღმართეს. 3 აპრილს ბოსნიის სამთავრობო დელეგაცია ეწვია ბიელინას. მათ დასახვედრად ქალაქის ქუჩები გვამებისგან გაიწმინდა, თუმცა სერბ მოხალისეთა გვარდიის ლიდერმა, ჟელკო რაჟნატოვიჩმა ბოსნიის საპრეზიდენტო საბჭოს სერბ წევრს, ბილანა პლავშიჩს უარი უთხრა გაეყვანა თავისი მებრძოლები ბიელინიდან. რაჟნატოვიჩის თქმით, მისი მებრძოლები სერბ ერს ახალი იასენოვაცისგან იცავდნენ. პლავშიჩმა მას "ნამდვილი სერბი, რომლისნაირებიც ბევრი გვჭირდება ... სერბი ერის გმირი." უწოდა, სახალხოდ გადაეხვია და აკოცა[16] სამთავრობო დელეგაციამ ქალაქი სრულად ვერ დაათვალიერა, ისინი წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით ატარეს ქალაქში, ხოლო მათი წასვლის შემდეგ ძალადობა გაგრძელდა – არასერბებს აიძულებდნენ ხელი მოეწერათ ქონების ნებაყოფლობით დათმობაზე. ვინც თანხმდებოდა, საშუალებას აძლევდნენ ქალაქიდან გასულიყო. ქალაქის შვიდივე მეჩეთი დანაღმეს და ააფეთქეს.[14]

3 აპრილიდან 11 აპრილამდე ბოსნიის ხორვატულ ქალაქ კუპრესთან მიმდინარეობდა ბრძოლა ბოსნიელ ხორვატ მებრძოლებსა და იუგოსლავიის არმიას (ბოსნიელ სერბთა მხარდაჭერით) შორის. ბოსნიელ ხორვატებს სურდათ დახმარებოდნენ თავის თანამემამულეებს, რომლებიც კნინის კრაინაში სერბ სეპარატისტებს ებრძოდნენ და მოეხდინათ მათი ბლოკირება. ბრძოლა იუგოსლავიის არმიის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ბრძოლას ორივე მხრიდან 200–ზე მეტი ადამიანი შეეწირა.[4]

ომის დასაწყისი და ფედერალური არმიის გასვლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთნიკურმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია აპრილის დასაწყისში. სარაევოში უკვე მოაღწია ხმებმა ბიელინაში ბოსნიელების ეთნიკური წმენდის შესახებ. ამას დაერთო 5 აპრილს ეროვნებით სერბი პოლიციელების მიერ თავდასხმა სარაევოს პოლიციის განყოფილებებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლებელზე. შეტაკებაში 2 პოლიციელი და 1 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ბოსნიის საპრეზიდენტო საბჭომ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა.[12] საღამოს სერბულმა ფორმირებებმა კვლავ აღმართეს ბლოკპოსტები და ეცადნენ მოეხდინათ ბოსნიის ხელისუფლების ბლოკირება აღმასრულებელი საბჭოს შენობაში. სარაევოს მოქალაქეები ამჯერადაც ქუჩებში გამოვიდნენ მათ შესაჩერებლად. სერბული ფორმირებები 100 ათასამდე ყველა ეროვნების სარაევოელი დემონსტრანტის პირისპირ აღმოჩნდნენ. გაიხსნა ცეცხლი, რომელმაც იმსხვერპლა ორი დემონსტრანტი სუადა დილბეროვიჩი და ოლგა სუჩიჩი, რომლებიც ემსხვერპლნენ სერბთა დემოკრატიული პარტიის შტაბბინის (რომელიც დღევანდელ სასტუმრო Hotel Holiday Sarajevo–ის შენობაში მდებარეობდა) წინ, ვრბანას ხიდზე ნასროლ ტყვიებს.[9]

იუგოსლავიური ჩაფხუტები – ძველი და ახალი ემბლემებით. 1992

დემონსტრანტებმა სასტუმრო დაიკავეს, სერბული დემოკრატიული პარტიის ოფისი დაარბიეს, დაატყვევეს ექვსი ადამიანი, რომლებიც სერბ სნაიპერებად მიიჩნიეს.[6] მოწინააღმდეგე მხარეების დასაშოშმინებლად მოქმედება დაიწყო იუგოსლავიის სახალხო არმიის 49-ე მექანიზებული ბრიგადის ნაწილებმა (იუგოსლავიის სახალხო არმიის ნაწილები ბოსნიის ტერიტორიაზე მთლიანად ბოსნიელი სერბებით იყო დაკომპლექტებული 1991 წლის ბოლოდან). მათ დაიკავეს სარაევოს აეროპორტი, ტრამვაების დეპო და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლებელი. დაბომბეს სარაევოს აღმასრულებელი საბჭოს შენობა.[17]

მეორე დღეს, 6 აპრილს, 12–მა ევროპულმა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ ისინი აპირებდნენ ეცნოთ ბოსნიის დამოუკიდებლობა. 7 აპრილს ბოსნიის დამოუკიდებლობა ცნო აშშ–მ.[8] ამის შემდეგ ომმა მთელი ბოსნიის ტერიტორიაზე იფეთქა – სერბები ფედერალური არმიის ნაწილების დახმარებით ზედიზედ იკავებდნენ იმ ქალაქებს, სადაც სერბები არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ მნიშვნელოვან უმცირესობას შეადგენდნენ. მათ დაიკავეს თითქმის მთელი აღმოსავლეთ ბოსნია სარაევოს, ჟეპისა და გორაჟდეს ანკლავების გამოკლებით (სადაც თავი მოიყარეს მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოდევნილმა ბოსნიელებმა), ხოლო დასავლეთ ბოსნია ბიჰაჩისა და ველიკა კლადუშას რაიონების გარდა.

13 აპრილს ყველა ბოსნიურმა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის სერბთა დემოკრატიულმა პარტიამაც, მოაწერეს ხელი ერთიანი სარაევოს შეთანხმებას ლისაბონში, მაგრამ ეს შეთანხმება არ შესრულდა და ყველა მხარე ერთმანეთს სდებდა ბრალს მის დარღვევაში. აპრილის განმავლობაში სარაევოში დისლოცირებული იუგოსლავიის სახალხო არმიის მეორე სამხედრო ოლქის მეოთხე კორპუსის არტილერია და მძიმე ტექნიკა იკავებს სარაევოს გარშემო მაღლობებს, ალია იზეთბეგოვიჩის მოთხოვნაზე იუგოსლავიის მაშინდელი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მიმართ, გაიყვანოს თავისი არმია სარაევოს ტერიტორიიდან, მილოშევიჩი თანხმდება გაიყვანოს მხოლოდ ის მებრძოლები, რომლებიც ბოსნიური წარმოშობის არ არიან, რომლებიც მათ შორის თითქმის არ იყვნენ. მილოშევიჩის მტკიცებით, მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედროები ბოსნიაში აღარ დარჩნენ, ხოლო ბოსნიელი სერბები დამოუკიდებლები არიან.[18]

2 მაისს სარაევოს ბლოკირება დასრულდა – სერბების კონტროლქვეშ აღმოჩნდა როგორც სარაევოში მიმავალი ყველა გზა, ასევე სარაევოს აეროპორტი. სარაევოს აეროპორტში სერბებმა დააპატიმრეს ალია იზეთბეგოვიჩი, რომელიც გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრიდან ბრუნდებოდა. პატრიოტთა ლიგამ ალყა შემოარტყა მეორე სამხედრო ოლქის შტაბს, რომელსაც ხელმძღვანელობდა მილუტინ კუკანაცი. ისინი დაიმუქრნენ შტაბის აღებით, თუ იზეთბეგოვიჩს არ გაათავისუფლებდნენ. მოლაპარაკება დაიწყო აიუბ ღანიჩსა და მილუტინ კუკანაცს შორის (სარაევოს ცენტრალური სატელეფონო სადგური განადგურებული იყო და შესაბამისად კავშირი თითქმის შეუძლებელი). შეთანხმების თანახმად, სახალხო არმიის ნაწილები დატოვებდნენ ქალაქს, სამაგიეროდ იზეთბეგოვიჩი დაბრუნდებოდა ქალაქში. იუგოსლავიის სახალხო არმია გაცვლას არ ჩქარობდა, ვიდრე 3 მაისს ქალაქში დარჩენილ სახალხო არმიის კოლონას თავს არ დაესხნენ დობროვოლაჩკას ქუჩაზე.[19] თავდასხმის შემდეგ გაცვლა შედგა. იუგოსლავიის არმია ომს გამოეთიშა, ომს მისი სერბი მებრძოლები აგრძელებდნენ. ჩამოყალიბდა ხუთი კორპუსი და მთავარი შტაბი. შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა რადკო მლადიჩი, ხოლო მის მოადგილედ – მანოილო მილოვანოვიჩი. შტაბში, რომელიც მეორე სამხედრო ოლქის შტაბის ბაზაზე შეიქმნა ძირითადად ხორვატიის ომში გამოცდილი, პროფესიონალი ოფიცრები მსახურობდნენ.[6]

სერბთა რესპუბლიკის არმიის მებრძოლის ეკიპირება

ომის დაწყებისთანავე იწყება სარაევოს ალყაც. სერბებმა კვლავ სცადეს სარაევოს დაკავება, მაგრამ მიუხედავად უპირატესობისა ჯავშანტექნიკასა და შეიარაღებაში, ისინი ქუჩის ბრძოლებში დამარცხდნენ, რაშიც დიდი წვლილი ითამაშა სარაევოელების საერთო მობილიზაციამ, მათ შორის კრიმინალური ბანდებისა. სერბები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ, ისინი მხოლოდ აღმოსავლეთ სარაევოს სერბულ უბნებს აკონტროლებდნენ, დანარჩენი უბნები ბოსნიელების კონტროლქვეშ დარჩა. როდესაც აშკარა გახდა, რომ იერიშით სარაევოს დაკავება ვერ მოხერხდებოდა, სერბებმა სარაევოს გარშემო სიმაღლეებზე განალაგეს ქვემეხები და ნაღმსატყორცნები. ამის შემდეგ საარტილერიო დაბომბვები და სნაიპერების მიერ მოქალაქეებზე ნადირობა სარაევოს ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილი გახდა. სერბთა ხელმძღვანელობის აზრით, ამ ქმედებებს ალყაში მოქცეულებს (არა მხოლოდ სარაევოში, არამედ სხვა ალყაში მოქცეულ ანკლავებშიც) შორის უნდა შეექმნათ შიშისა და დაუცველობის აუტანელი განცდა, რასაც თან ერთვოდა ბლოკადით გამოწვეული საკვების, მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების საგნების მუდმივი დეფიციტი, უიმედობა და უპერსპექტივობა, რაც საბოლოოდ მათი ქალაქიდან წასვლის ან უბრძოლველად დანებების მიზეზი უნდა გამხდარიყო.[20][21] სერბთა რესპუბლიკის არმია სარაევოს ალყას ომის დასასრულამდე აგრძელებდა, ომის დასრულების შემდეგ, 1996 წლის 9 იანვარს სერბების მიერ კონტროლირებადი გრბავიცას უბნიდან ტრამვაის რეაქტიული ჭურვი ესროლეს, რამაც ერთი მგზავრის, 55 წლის მირსადა დურიჩის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 19 დაიჭრა.[22]
გაეროს სამშვიდობო ძალებს გასროლის ადგილზე აღარავინ დახვდათ.

1996 წლის 29 თებერვალს, როდესაც სერბთა რესპუბლიკის არმიამ დატოვა პოზიციები სარაევოს გარშემო, ბოსნიის მთავრობამ გამოაცხადა ალყის დასრულების შესახებ. 70 ათასზე მეტმა სერბმა დატოვა სარაევო და სერბთა რესპუბლიკაში გადავიდა საცხოვრებლად.[23]

ომის პირველი ეტაპები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ერთ–ერთი სახლი ფოჩაში, სადაც სერბული ფორმირებები ტყვე ქალებს აუპატიურებდნენ

სერბებმა გამოიყენეს სამხედრო უპირატესობა – მათ დაიწყეს თანდათანობითი დაკავება იმ რეგიონების, სადაც სერბები არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ მნიშვნელოვან უმცირესობას შეადგენდნენ. დაიწყო სამხედრო დანაშაულები და ეთნიკური წმენდა: სერბული არმია, პოლიცია, მოხალისეთა ფორმირებები და ადგილობრივი სერბებიც კი ძარცვავდნენ არასერბებს, აიძულებდნენ უარი ეთქვათ ქონებაზე და დაეტოვებინათ ის მხარე, უარის შემთხვევაში კლავდნენ ან გადაჰყავდათ საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც ქალებსა და კაცებს აცალკევებდნენ, ქალები და გოგონები დატყვევებული იყვნენ საშინელ პირობებში ყოფილ სტადიონებზე, სამრეწველო შენობებში ან არმიის ბარაკებში, სადაც მათ ყველანაირად ამცირებდნენ, მათ შორის მრავალჯერ აუპატიურებდნენ. არსებობდა დატყვევების ადგილები, სადაც მსურველი სერბი ჯარისკაცი ან პოლიციელი მიდიოდა, არჩევდა გოგონებს და შემდეგ "თამაშობდა" მათთან.[24][25] აღმოსავლეთ ბოსნია, სადაც ბოსნიელების დასახლებები ხელს უშლიდა ჰომოგენური დიდი სერბეთის ჩამოყალიბებას, ეთნიკური წმენდების პირველი მიზანი გახდა. ბოსნიელთა წმენდის კამპანია დაიწყო ვიშეგრადის, ზვორნიკის, ფოჩას რაიონებში. დაშინების მიზნით კლავდნენ რამდენიმე ბოსნიელს, შემდეგ კი დანარჩენებს აიძულებდნენ ქონება დაეთმოთ, შემდეგ კი საპატიმრო და საკონცენტრაციო ბანაკებში გადაჰყავდათ, სადაც მამაკაცების მკვლელობა და ქალებზე ძალადობა გრძელდებოდა. მოკლულთა რიცხვი ათასებს აღწევდა.[26][27] იგივე ხდებოდა დასავლეთ ბოსნიაში, პრიედორის რაიონში,[28] სადაც ფუნქციონირებდა საკონცენტრაციო ბანაკები, მათ შორის ომარსკასთან,[29] ტერნოპოლესთან[30] და სხვა.

სერბების აბსოლუტური სამხედრო უპირატესობის წინაშე უძლურმა ბოსნიის ხორვატებმა გადაწყვიტეს ემოქმედათ კარაჯორჯევოს შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ხორვატიის პრეზიდენტ ტუჯმანსა და მილოშევიჩს შორის მოხდა ჯერ კიდევ 1991 წლის შემოდგომაზე. ბოსნიის ხორვატ სეპარატისტთა ლიდერი მათე ბობანი და რადოვან კარაჯიჩი ხვდებიან გრაცში, სადაც თანხმდებიან ბოსნიის გაყოფაზე. ხორვატულ და სერბულ ნაწილებს შორის რჩებოდა მცირე ბუფერი, რომელსაც "ალიას საფაშო" უწოდეს. შეთანხმების მიხედვით, ბოსნიელების კონცენტრაცია აქ უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც სერბები და ხორვატები თავის ტერიტორიებს გაწმენდდნენ მათგან.[31]

იაიცეს შვერილის ლიკვიდაცია

ბოსნიელმა სერბებმა დაგეგმეს დაეკავებინათ ქალაქი იაიცე, რომლის 45 ათასი მცხოვრებიდან მხოლოდ 8 ათასი იყო სერბი. მისგან კონტროლდებოდა ორი ჰიდროელექტროსადგური მდინარე ვრბასზე, რომლებიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ შენაძენს წარმოადგენდა სერბთა რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილისთვის. იაიცეს დასაკავებლად სერბებმა თავი მოუყარეს 8 ათას მებრძოლს, 25 ტანკსა და 100–მდე ქვემეხს. იაიცეს იცავდა ბოსნიელებისა და ხორვატების დაჯგუფება, რომელიც როგორც რიცხობრივად, ასევე ტექნიკით ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგეს, რასაც ემატებოდა შიდა დაპირისპირება. სერბებმა იაიცეს შვერილის დაკავების ოპერაცია დაიწყეს 3 ივლისს, ხოლო 18 ნოემბრისთვის მათ მოახერხეს იაიცეს შვერილის სრულად დაკავება. 40 ათასამდე ბოსნიელმა და ხორვატმა ლტოლვილმა დატოვა მხარე.[6]

ჰაკია ტურაილიჩის მკვლელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლის 8 იანვარს სერბთა რესპუბლიკის არმიის ჯარისკაცებმა სარაევოს აეროპორტთან მოკლეს ჰაკია ტურაილიჩი, ბოსნიის პრემიერ–მინისტრის მოადგილე. ტურაილიჩი აეროპორტში თურქულ ჰუმანიტარულ ტვირთს უნდა დახვედროდა, ხოლო აეროპორტამდე გადაადგილების უსაფრთხოებას გაეროს სამშვიდობოები უზრუნველყოფდნენ. გაეროს კოლონა სერბებმა შეაჩერეს, საათნახევრიანი საუბრის შემდეგ ფრანგმა მშვიდობისმყოფელებმა სერბებს გაუღეს ჯავშანმანქანის კარები. ერთ–ერთმა სერბმა მაშინვე ავტომატით მოკლა ტურაილიჩი, რომელსაც 7 ტყვია მოხვდა. ფრანგებმა თავდამსხმელებს ცეცხლი არ გაუხსნეს, არც რაიმე ზომები მიუღიათ მკვლელის დასაკავებლად. ხოლო სროლის ადგილას მისულ ბრიტანელებს სთხოვეს უკან დაბრუნებულიყვნენ. [32]

გაეროს უსაფრთხო ზონები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლის 6 მაისს გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც განისაზღვრა უსაფრთხო ზონები ბოსნიაში. ასეთ ზონებად განისაზღვრა ტერიტორია ქალაქების – სარაევოს, სრებრენიცას, გორაჟდეს, ჟეპას, ტუზლასა და ბიჰაჩის გარშემო. აქ შეფარებულ ლტოლვილთა დასაცავად გაეროს სამშვიდობო ძალებს შეიარაღებული მეთოდების გამოყენების ნება დაერთოთ 1993 წლის 4 ივნისს.[33] აღმოსავლეთ ბოსნიაში სწორედ ამ ტერიტორიების შენარჩუნება მოახერხა ბოსნიის არმიამ, სადაც თავი მოიყარეს ათასობით ლტოლვილმა მიმდებარე მხარეებიდან.

1993 წლის ზაფხულზე არმიის მთავარმა შტაბმა შეიმუშავა შეტევითი ოპერაციების გეგმა საერთო სახელწოდებით დრინა 93, რომელიც ოზრენის, ტუზლისა და ბიჰაჩის მიმართულებებზე უნდა განხორციელებულიყო. ოპერაციები დაიწყო 1993 წლის ნოემბერში და დასრულდა 1994 წლის თებერვალში, როდესაც სერბთა რესპუბლიკის არმიამ 120 მმ ნაღმმტყორცნით დაბომბა მარკალეს ბაზარი, რომელიც სარაევოს ცენტრში მდებარეობდა. 68 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 144 დაიჭრა.[17][34]. სერბთა რესპუბლიკის არმიის ხელმძღვანელობა გაეროს ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და შეტევითი ოპერაციები დროებით შეაჩერა.

1994 წლის მარტში მათ გორაჟდეს ანკლავის ლიკვიდაცია სცადეს, მაგრამ ხელი მოეცარათ. ხორვატთა ხელმძღვანელობამ გააცნობიერა, რომ სერბებთან შეთანხმებით და ეთნიკური წმენდის კამპანიის გაგრძელებით მას შესაძლოა დაეკარგა დასავლეთის მხარდაჭერა, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ იგი დათანხმდა ბოსნიელებთან მოლაპარაკებებს. 1994 წლის 18 მარტს ვაშინგტონსა და ვენაში ხელმოწერილი იქნა შეთანხმება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკასა და ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკას შორის.[35] ამან სერბების მდგომარეობა გაართულა, რადგან ბოსნიის არმიას გაეხსნა მომარაგების ზურგი. 1994 წლის ზაფხულში ბიჰაჩის ალყაში მოქცეულმა ბოსნიელთა მეხუთე კორპუსმა ჩაატარა ოპერაცია ვეფხვი 94, რომლის შედეგადაც სერბთა არმიის კონტრდაზვერვის ოფიცრები ტყვედ ჩავარდნენ, ხოლო სერბების მოკავშირე აბდიჩის ავტონომისტების არმიამ მძიმე მარცხი განიცადა. ბიჰაჩის ალყაზე დაწოლის შესასუსტებლად ხორვატებმა და ბოსნიელებმა წამოიწყეს შეტევა სამხრეთიდან კუპრესის მიმართულებით 1994 წლის 20 ოქტომბერს. ვაშინგტონის შეთანხმების შემდეგ ეს პირველი ერთობლივი ოპერაცია იყო. შეტევის მიმდინარეობისას მოკავშირეებმა გაათავისუფლეს კუპრესი 3 ნოემბერს, რომელიც 1992 წლის აპრილიდან სერბების კონტროლქვეშ იყო. მოკავშირეთა კონტროლქვეშ აღმოჩნდა სპლიტ–ლივნო–კუპრეს–ბუგოინოს გზატკეცილი, რაც მებრძოლი მხარეების მომარაგების პრობლემებს ხსნიდა. მეხუთე კორპუსი ბიჰაჩის ალყიდან ასევე ცდილობდა ალყის გარღვევას მოკავშირეთა მიმართულებით.

10 ნოემბერს დაიწყო სერბებისა და აბდიჩის მომხრეების კონტრშეტევა მეხუთე კორპუსზე. 16 ნოემბერს ბრძოლები უკვე ველიკა კლადუშას მისადგომებთან მიმდინარეობდა, ხოლო 27 ნოემბერს სერბთა რესპუბლიკის არმია ბიჰაჩის უსაფრთხო ზონის მესამედს აკონტროლებდა. მათ შესთავაზეს ბოსნიელებს დანებება იმ პირობით, რომ ისინი აბდიჩის მომხრეებს ჩაბარდებოდნენ, მაგრამ ჰამდია კაბილაგიჩმა, ბიჰაჩის მერმა უარი განაცხადა – ეს მასობრივი ჟლეტის დასაწყისი იქნებაო. ბიჰაჩის მცხოვრებლებმა ქალაქის ქუჩები მანქანებითა და ხეებით ჩახერგეს.[36]
სერბების შეტევა შეჩერდა ჯიმი კარტერის მიერ შეთავაზებული საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით 1995 წლის 1 იანვარს. ცეცხლი გაზაფხულზე განახლდა და ბიჰაჩის დასახმარებლად ხორვატებმა და ბოსნიელებმა ჩაატარეს ოპერაციები ნახტომი 1 და ნახტომი 2. მათი მიზანი იყო სერბების იძულება რეზერვები ბიჰაჩიდან კუპრესისა და ლივნოსკენ გადმოესროლათ, თუმცა სერბთა რესპუბლიკის არმიის მთავარი შტაბის უფროსმა, რადკო მლადიჩმა, გადაწყვიტა, რომ ბიჰაჩი უფრო მნიშვნელოვანი იყო და ბიჰაჩზე შეტევა არ შეუჩერებია. ამის მიუხედავად სერბებმა ბიჰაჩის აღება ვერ მოახერხეს.[37] სერბები უკუაგდეს ასევე ორაშედანაც.[38]

სრებრენიცა იყო ერთ–ერთი ბოსნიური ანკლავი აღმოსავლეთ ბოსნიაში. მასში იყვნენ შეფარებული მახლობელი სოფლების ბოსნიელი მცხოვრებლებიც. გაეროს მანდატის გამო სერბებს არ შეეძლოთ აქტიურად შეეტიათ სრებრენიცისთვის, თუმცა თავად სრებრენიცაში საშინელი მდგომარეობა იყო – არ იყო საკვები, მედიკამენტები. სერბების მიზანი იყო ალყით უბრძოლველად აეღოთ სრებრენიცა. ბოსნიელთა დაჯგუფება ნასერ ორიჩის სარდლობით ხშირად აწყობდა თავდასხმებს სრებრენიცის გარშემო სერბულ სოფლებზე ნადავლის, ძირითადად საკვების მოტაცების მიზნით. ამგვარი ანკლავების არსებობა სერბთა რესპუბლიკის შიგნით რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი იყო, ამიტომ პრეზიდენტმა კარაჯიჩმა უბრძანა სერბთა რესპუბლიკის არმიას რომ ჟეპის, გორაჟდესა და სრებრენიცის ანკლავების სრული იზოლაცია მოეხდინათ, თვით ანკლავებში შეექმნათ შიშისა და დაუცველობის აუტანელი განცდა, უიმედობა, რაც საბოლოოდ მათი წასვლის მიზეზი უნდა გამხდარიყო.[20][21]

9 ივლისს, საერთაშორისო ყურადღების ნაკლებობითა და ანკლავში მყოფ ბოსნიის არმიის ნაწილებში იარაღის მწვავე დეფიციტით შეგულიანებულმა კარაჯიჩმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეკავებინათ სრებრენიცა. მეორე დღეს ქალაქ სრებრენიციდან დაიწყო ლტოლვილების მასობრივი გადინება, ისინი ძირითადად ანკლავის გაეროს მშვიდობისმყოფელთა ბაზის (პოტოჩარიში სრებრენიცის ახლოს) მიმართულებით წავიდნენ. გაეროს სამშვიდობო ძალების ბატალიონის მეთაურმა ტომ კარემანსმა მოითხოვა საჰაერო დარტყმები სერბთა შესაჩერებლად, ნატოს ორმა თვითმფრინავმა მართლაც მიიტანა იერიში სერბებზე, მაგრამ სერბები დაიმუქრნენ ნატოს მშვიდობისმყოფელებისა და ფრანგი მძევლების დახოცვით. საჰაერო დარტყმები შეჩერდა, სერბებმა სრებრენიცა დაიკავეს.[39]

სერბებმა დაიწყეს დატყვევებული ბოსნიელების გადარჩევა – 13–14 წლის ზემოთ მამაკაცებს ცალკე ატყვევებდნენ პოტოჩარის "თეთრ სახლში".[40][41][42] კლადანში (სრებრენიცასთან ყველაზე ახლოს მდებარე ბოსნიის არმიის პოზიცია) დისლოცირებული გაეროს სამშვიდობო ძალების ოფიცერი, მაიორი ფრანკენი შენიშნავს, რომ სრებრენიციდან მოსულ ლტოლვილთა კოლონებს ძირითადად ქალები და ბავშვები შეადგენდნენ.[43]
კლადანისკენ მიმავალ გზაზე ლტოლვილებს მიჰყვებოდნენ სერბთა რესპუბლიკის არმიისა და არარეგულარული ფორმირებების მებრძოლები. ისინი უმისამართოდ ესროდნენ კოლონას, იტაცებდნენ გოგონებსა და ქალებს, რომლებსაც შემდეგ აუპატიურებდნენ და კლავდნენ, ძარცვავდნენ ლტოლვილებს და ა.შ.[44] მამაკაცების ნაწილი, მათ შორის ანკლავის დამცველები და ადმინისტრაცია ტყიანი მასივებით გაემართა კლადანისა და ჟეპას ანკლავისკენ. გზად მათ სერბთა პატრულები ეძებდნენ და ხოცავდნენ. ასე მოხდა კამენიცას გორაკთან, სანდიჩისთან. 15 ივლისს მათ ბალკოვიცასთან გაარღვიეს სერბების ხაზი და შეუერთდნენ ტუზლასთან არსებულ ბოსნიის არმიის პოზიციებს. ბალკოვიცას კორიდორი დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იყო ღია, შემდეგ კი სერბებმა მოახერხეს პოზიციების დაბრუნება.[45] დატყვევებულ მამაკაცებს სერბები სასტიკად გაუსწორდნენ. მათ მიტოვებულ შენობებში აგროვებდნენ, სადაც ხელყუმბარებით ხოცავდნენ. დახოცილები გამოჰქონდათ და თხრილებში, ან მდინარე იადარში ყრიდნენ. 13–18 ივლისს 8 373 ბოსნიელი იქნა მოკლული სრებრენიცის გარშემო.[46]

1995 წლის ზაფხულში ხორვატებმა გადაწყვიტეს გადამჭრელი ზომები მიეღოთ ხორვატიის ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული კრაინის რესპუბლიკის წინააღმდეგ. დაიგეგმა ოპერაცია ქარიშხალი, რომლის მიხედვითაც ხორვატულ არმიას მთელი კრაინის ტერიტორია უნდა დაეკავებინა, ხოლო ბოსნიური არმიის მეხუთე კორპუსს აბდიჩის სეპარატისტები უნდა გაენადგურებინა. ოპერაცია დაიწყო 1995 წლის 4 აგვისტოს და 5 დღის შემდეგ ხორვატებისა და ბოსნიელების გამარჯვებით დასრულდა. კრაინის რესპუბლიკა ლიკვიდირებული იქნა, ისევე როგორც სერბთა რესპუბლიკის არმიის მოკავშირე აბდიჩის ფორმირებები. ბიჰაჩის ალყა გაირღვა.[47]

სერბების მდგომარეობა საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან დამძიმდა, მათი არმიის მიერ ჩადენილი ქმედებების – გაეროს უსაფრთხო ზონების სტატუსის დარღვევა, სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა, ბოსნიის არასაფრენი სტატუსის დარღვევა, მარკალეს ბაზრის განმეორებითი დაბომბვა – გამო. 30 აგვისტოს, სერბთა რესპუბლიკის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო გაერომ და ნატომ დაიწყეს საჰაერო დარტყმები სერბთა რესპუბლიკის წინააღმდეგ. დარტყმებში 400–მდე თვითმფრინავი მონაწილეობდა. გადასატანი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსით სერბებმა ჩამოაგდეს ფრანგული Mirage 2000D, ორივე პილოტმა მოასწრო კატაპულტირება და ისინი სერბებმა დაატყვევეს. [48] 1 სექტემბერს საჰაერო დარტყმები შეწყდა. გაერომ და ნატომ სერბებს წაუყენეს ულტიმატუმი, 4 სექტემბრამდე დაეწყო მძიმე შეიარაღების სრული გაყვანა სარაევოს გარშემო მაღლობებიდან, მოეხსნათ სარაევოს ბლოკადა და შეეწყვიტათ თავდასხმები გაეროს უსაფრთხო ზონებზე. სერბებმა ულტიმატუმი არ მიიღეს და დარტყმები 5 სექტემბერს განახლდა. დაბომბვები 14 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. სერბები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და დათანხმდნენ გაეროს პირობებს, რითაც ოპერაციის აქტიური ფაზა დასრულდა. 20 სექტემბერს ნატოსა და გაეროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სერბების მხრიდან გაეროს პირობების შესრულების გამო აქტიური ჩარევის საჭიროება აღარ არსებობდა და ოპერაცია შეწყვიტა.[49] სერბთა რესპუბლიკის არმიამ კატასტროფული დანაკარგი განიცადა. ამას დაერთო ხორვატებისა და ბოსნიელების საერთო ოპერაცია დასავლეთ ბოსნიასა და ოზრენის შვერილზე. მათი ფორმირებები სერბთა რესპუბლიკის დედაქალაქ ბანია-ლუკადან 12 კმ-ში შეაჩერეს. ოქტომბერში გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, დაიწყო მოლაპარაკებები, რაც დეკემბერში დეიტონის შეთანხმებით დასრულდა.

ომის დასრულების შემდეგ სერბთა რესპუბლიკის არმია შენარჩუნდა, როგორც საპოლიციო ძალა სერბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რადგან ხორვატული და ბოსნიური არმიის შესვლას სერბულ ტერიტორიაზე შესაძლოა ძალადობის ახალი ტალღა მოჰყოლოდა. პირადი შემადგენლობა 180 ათასიდან 20 ათასამდე შეამცირეს, ხოლო ექვსი საკორპუსო მიმართულებიდან დატოვეს ჯერ ოთხი, შემდეგ სამი. მთავარი შტაბი დაშალეს, შექმნეს გენერალური შტაბი, რომელიც ბიელინაში განლაგდა. 2000 წელს სერბთა რესპუბლიკის არმიის რიცხოვნობა უკვე 10 ათასი იყო, სავალდებულო-სამხედრო გაწვევის გაუქმების შემდეგ – 7 ათასი. 2006 წელს, როდესაც არმია შეუერთდა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის შეიარაღებულ ძალებს, მისი რიცხოვნობა 3981 იყო.[50]

ომის შემდეგაც სერბთა რესპუბლიკის არმია საკმაოდ დიდ არსენალს ფლობდა. იგი კვლავ აღემატებოდა ხორვატთა და ბოსნიელთა ფორმირებებს ერთად აღებულს. 1999 წელს მას ჰყავდა 73 М-84 და 204 Т-55 ტიპის ტანკები, 118 ჯავშანმანქანა М-80, 84 ჯავშანტრანსპორტიორი М-60, 5 მსუბუქი ტანკი ПТ-76, 19 ჯავშანტრანსპორტიორი БТР-50, 23 საპოლიციო ჯავშანმანქანა БОВ-ВП, 95 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 720 თვითმავალი და ბუქსირებადი ქვემეხი, 561 არაუკუმგორავი ქვემეხი, 146 ნაღმსატყორცნი, 22 თვითმფრინავი და 7 ვერტმფრენი.[1]

ორგანიზაცია და სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1-ლი კრაინის კორპუსი — ჩამოყალიბდა იუგოსლავიის სახალხო არმიის მეხუთე კორპუსის საფუძველზე. შტაბი – ბანია ლუკა. საარმიო კორპუსებს შორის ყველაზე ძლიერი და კარგად შეიარაღებული იყო. მოქმედებდა ჩრდილო-დასავლეთ ბოსნიაში.[51][52]
  • 2-ე კრაინის კორპუსი — იუგოსლავიის სახალხო არმიის მეცხრე და მეათე კორპუსების საფუძველზე შეიქმნა, რომლებიც ხორვატიიდან გამოიყვანეს. შტაბი – დრვარი. მოქმედებდა დასავლეთ ბოსნიაში. 1995 შემოდგომაზე ძალიან მძიმე დანაკარგები განიცადა, მისი სამოქმედო ზონა თითქმის მთლიანად დაიკავეს მოწინააღმდეგეებმა.[51]
  • აღმოსავლეთ ბოსნიის კორპუსი — იუგოსლავიის სახალხო არმიის მეჩვიდმეტე კორპუსის საფუძველზე შეიქმნა. შტაბი – ბიელინა. მოქმედებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბოსნიაში.[53]
  • სარაევო-რომანიის კორპუსი — იუგოსლავიის სახალხო არმიის მეოთხე კორპუსის საფუძველზე შეიქმნა.[52] შტაბი – ლუკავიცა.[53] მოქმედებდა აღმოსავლეთ ბოსნიაში და სარაევოს გარშემო.
  • დრინის კორპუსი — მოქმედებდა დრინის დაბლობზე. შტაბი – ვლასენიცა.[53]
  • ჰერცეგოვინის კორპუსი — იუგოსლავიის სახალხო არმიის მეცამეტე კორპუსის საფუძველზე შეიქმნა,[52] რომელიც ხორვატიიდან გამოიყვანეს. შტაბი – ბილეჩა. მოქმედებდა აღმოსავლეთ ჰერცეგოვინაში.[53]

მოხალისეთა და უცხოური ფორმირებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნიის ომში დიდი როლი ითამაშეს სერბულმა არარეგულარულმა, მოხალისეთა ფორმირებებმა, განსაკუთრებით ომის დასაწყისში. სერბთა რესპუბლიკის არმიის მხარდამხარ იბრძოდნენ სერბი რადიკალი ნაციონალისტები სერბ მოხალისეთა გვარდიიდან, თეთრი არწივებიდან, მორიელებიდან და სხვა.

რუს მონარქისტთა დროშა, რასაც იყენებდნენ რუსი მოხალისეები ბოსნიაში

სერბები ასევე იღებდნენ დახმარებას სლავური და მართლმადიდებლური სამყაროდან. ბერძენ მოხალისეთა შენაერთმა – ბერძნულმა მოხალისეთა გვარდიამ ასევე მიიღო მონაწილეობა სერბთა რესპუბლიკის არმიის მხარეს, მათ შორის სრებრენიცის ოპერაციაშიც. სრებრენიცაში მათ ბერძნული დროშა აღმართეს ხოცვა-ჟლეტის მიმდინარეობის დროს.[54]. საერთო ჯამში სერბების მხარეს 4დან 6 ათასამდე მოხალისე იბრძოდა რუსეთიდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და სხვა.[51]

2013 წელს სერბთა რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან 29 მოხალისის მილოშ ობილიჩის ორდენით დაჯილდოების შესახებ, სიკვდილის შემდგომ.[55].

სამხედრო დანაშაულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერბთა რესპუბლიკის არმიის მიერ ჩადენილი იქნა ბოსნიის ომის სამხედრო დანაშაულთა დიდი ნაწილი, მათ შორის ისეთი მძიმე დანაშაულები, როგორებიცაა სარაევოს ალყა, სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა, საკონცენტრაციო და გაუპატიურების ბანაკები და ა. შ. ჰააგის ტრიბუნალმა მრავალ სერბ სამხედრო მაღალჩინოსანს დასდო ბრალი სამხედრო დანაშაულებში. მათ შორის მთავარი შტაბის უფროსს რადკო მლადიჩს, სარაევო-რომანიის კორპუსის სარდლებს, გენერლებს სტანისლავ გალიჩს და დრაგომირ მილოშევიჩს,[56] ასევე გენერლებს ზდრავკო ტოლიმირს,[57], რადისლავ კრსტიჩს[43] და სხვებს. საერთო ჯამში ჰააგის ტრიბუნალმა სერბთა რესპუბლიკის არმიის 53 სამხედრო მაღალჩინოსანს წაუყენა ბრალი.[1].

  1. 1.0 1.1 1.2 Vojska Republike Srpske - Istorijat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-26. ციტირების თარიღი: 2015-05-04.
  2. Становништво према националној припадности и површина насеља
  3. Lukic, Reneo; Lynch, Allen (1996) Europe from the Balkans to the Urals: The Disintegration of Yugoslavia and the Soviet Union. Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-829200-5. 
  4. 4.0 4.1 Ramet, Sabrina P. (2006). The Three Yugoslavias: State-Building and Legitimation, 1918–2005. Bloomington: Indiana University Press. ISBN 978-0-253-34656-8. 
  5. R. Craig Nation., War in the Balkans 1991-2002, U.S. Army War College, 2003, ISBN 1-58487-134-2.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Очерки военной истории конфликта в Югославии (1991-1995) Ионов Александр Алексеевич
  7. 7.0 7.1 David C. Isby, Balkan Battlegrounds: A Military History of the Yugoslav Conflict, 1990-1995, Washington: Diane Publishing Company, 2003, ISBN 978-0-7567-2930-1.
  8. 8.0 8.1 8.2 Malcolm, Noel (1996). Bosnia: A Short History. New York University Press. ISBN 0-8147-5561-5. 
  9. 9.0 9.1 Robert J. Donia, Sarajevo: A Biography, University of Michigan Press, 2006, ISBN 9780472115570.
  10. KRVAVA SVADBA: Zločin kojim je pre 21 godinu počeo građanski rat u BiH!
  11. UN Security Council, Resolution 713 (1991) Adopted by the Security Council at its 3009th meeting, on 25 September 1991, 25 September 1991, S/RES/713 (1991)
  12. 12.0 12.1 Nizich, Ivana (1993). War crimes in Bosnia-Hercegovina. ISBN 1-56432-083-9. 
  13. Weitz, Eric D. (2003). A Century of Genocide: Utopias of Race and Nation. Princeton: Princeton University Press. ISBN 978-0-691-00913-1. 
  14. 14.0 14.1 BOSNIA AND HERCEGOVINA UNFINISHED BUSINESS: THE RETURN OF REFUGEES AND DISPLACED PERSONS TO BIJELJINA
  15. MOMČILO KRAJIŠNIK; JUDGEMENT.
  16. Biljana Plavsic: Serbian iron lady
  17. 17.0 17.1 STANISLAV GALIĆ JUDGEMENT
  18. final report of the Commission of Experts - ICTY
  19. Sarajevo's Center Erupts in War, Weakening Yugoslav Truce Effort
  20. 20.0 20.1 Bosnian Serb Officer Unaware of "Make Life Unbearable" Order
  21. 21.0 21.1 Life in the Valley of Death
  22. Sarajevo Grenade Leaves One Dead And 19 Wounded
  23. Dubinsky, Alex; Djukić, Slavoljub (2001) Milosevic and Markovic: A Lust for Power. McGill-Queen's Press, გვ. 83–84. ISBN 978-0-7735-6939-3. 
  24. PROSECUTOR V DRAGOLJUB KUNARAC, RADOMIR KOVAC AND ZORAN VUKOVIC
  25. The Prosecutor v. Gojko Janković & Radovan Stanković
  26. From One Serbian Militia Chief, A Trail of Plunder and Slaughter
  27. Bodies found on lake's shore may be missing Bosnian Muslims
  28. Exhibit details Bosnia ethnic cleansing. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-05-04.
  29. Five Serbs guilty of Omarska camp atrocities
  30. Bosnian Serb's life term quashed
  31. Warring Factions Agree on Plan to Divide up Former Yugoslavia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-10. ციტირების თარიღი: 2015-05-04.
  32. LeBor, A. (2006). "Complicity with Evil": The United Nations in the Age of Modern Genocide. Yale University Press. ISBN 9780300111712. 
  33. Resolution 836 (1993) Adopted by the Security Council at its 3228th meeting, on 4 June 1993
  34. DRAGOMIR MILOŠEVIĆ JUDGEMENT
  35. Washington Agreement
  36. Bihac fears massacre
  37. The army which completed the most sacred of all tasks - defending and freeing the Homeland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-08. ციტირების თარიღი: 2015-05-04.
  38. Operacija "Osveta" i pobjeda HVO-a
  39. Bosnian Serbs overrun U.N. safe haven. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-10. ციტირების თარიღი: 2015-05-04.
  40. ICTY trial: Radislav Krstić, witness account
  41. ICTY trial: Radislav Krstić, witness account
  42. ICTY trial: Vujadin Popović, witness account
  43. 43.0 43.1 PROSECUTOR v. RADISLAV KRSTI]
  44. DISTRICT COURT, THE HAGUE; Plaintiffs v. State of Netherlands & UN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-25. ციტირების თარიღი: 2015-05-04.
  45. THE EVENTS IN AND AROUND SREBRENICA 10-19 JULY 1995. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 4 მაისი 2015.
  46. MEMORIJALNI CENTAR POTOČARI SREBRENICA; Liste Žrtava genocida. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-18. ციტირების თარიღი: 2015-05-04.
  47. Падение Республики Сербская Краина
  48. Shot-down French pilots 'held captive' The Independent, 19 September 1995
  49. The Balkans; Chronology; UNPROFOR
  50. Vojska Republike Srpske i priključenija. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-26. ციტირების თარიღი: 2015-05-04.
  51. 51.0 51.1 51.2 Dr N Thomas & K Mikulan, The Yugoslav Wars (2). Bosnia, Kosovo and Macedonia 1992—2001, Osprey publishing, 2006, ISBN 1-84176-964-9.
  52. 52.0 52.1 52.2 Dimitrijević B., Modernizacija i intervencija: jugoslovenske oklopne jedinice, Beograd: Institut za savremenu istoriju, 2010, ISBN 978-86-7403-138-4.
  53. 53.0 53.1 53.2 53.3 Булатович Лиляна., Сербский генерал Младич. Судьба защитника Отечества, Москва: ИППК «ИХТИОС», 2013, ISBN 978-5-8402-0348-3 Invalid ISBN.
  54. Helena Smith, Greece faces shame of role in Serb massacre, The Observer, 5 January 2003
  55. Республика Сербская посмертно наградит русских добровольцев. Српска.ру.
  56. Боснийского генерала посадили на 33 года за преступления против человечности. Лента.РУ.
  57. Соратника Ратко Младича приговорили к пожизненному заключению. Лента.Ру.