შინაარსზე გადასვლა

რუსტამ კასიმჯანოვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსტამ კასიმჯანოვი

რუსტამ კასიმჯანოვი. 2007 წელი
ქვეყანა (სპორტი) უზბეკეთის დროშა უზბეკეთი,
ეროვნება უზბეკი
დაბადების თარიღი 5 დეკემბერი, 1979 (1979-12-05) (45 წლის)
დაბადების ადგილი ტაშკენტი, უზბეკეთის სსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (1997)
ფიდე რეიტინგი 2559 (ნოემბერი 2021) [1]
მაქსიმალური რეიტინგი 2715 (მაისი 2015)
ჯილდოები და პრემიები world chess champion, Order of Amir Temur და The Pride of Uzbekistan

რუსტამ კასიმჯანოვი - ((უზბეკ. Rustam Qosimjonov) დ. 5 დეკემბერი, 1979, ტაშკენტი, უზბეკეთის სსრ, სსრკ) - უზბეკი მოჭადრაკე, დიდოსტატი, ფიდეს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი 2004-2005 წლებში.

რუსტამ კასინჯანოვი 1979 წლის 5 დეკემბერს ტაშკენტში დაიბადა. ჭადრაკის თამაში 5 წლისამ ისწავლა. 1994 წელს ახალგაზრდებს შორის აზიის ჩემპიონი გახდა, 1997 წელს კი დიდოსტატის ნორმა შეასრულა. მომდევნო წელს უკვე დიდებში მოიგო აზიის ჩემპიონატი[2], ხოლო 1999-ში ერევანში ახალგაზრდულ მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლს დაეუფლა. წარუმატებლად გამოვიდა ვეიკ-ან-ზეეს ორ ტურნირზე, 1999 წელს 13-დან 5 ქულით მე-11 ადგილს დასჯერდა, 2002-ში კი 13-დან 3,5 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა მე-13 ადგილზე გავიდა. 2000 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზე უზბეკეთის ნაკრების შემადგენლობაში პირველ დაფაზე გამოვიდა და ინდივიდუალურ ჩათვლაში ბრინჯაოს მედალი აიღო, 12 პარტიიდან 9,5 ქულა დააგროვა. ნაკრები კი მე-11 ადგილზე გავიდა. იმარჯვა ორ ტურნირში 2001-ში ესენში და 2002-ში პამპლონაში. 2001 წელს მიიღო მონაწილეობა ბათუმში აზია-ევროპის მატჩში. 12 პარტიიდან 5 მოიგო, 5 ყაიმით დაასრულა და მხოლოდ 2 წააგო, ისიც გარი კასპაროვთან. 2002 წლის მსოფლიოს თასზე რომელსაც ინდოეთში, ჰაიდარაბადემ უმასპინძლა მეორე ადგილს დასჯერდა, ფინალში მასპინძელ ვიშვანათან ანანდთან წააგო 0,5:1,5. 2003 წელს ვლისინგერის ტურნირზე იმარჯვა, სადაც 9 პარტიიდან 8 ქულა მოაგროვა.

ფიდეს მსოფლიოს ჩემპიონი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის ფიდეს მსოფლიოს ჩემპიონატს ლიბიის დედაქალაქმა ტრიპოლმა უმასპინძლა, რის გამოც ჩემპიონატზე ებრაელმა და კიდევ რამდენიმე ძლიერმა დიდოსტატმა ვერ ითამაშა. შეჯიბრზე 128 დიდოსტატი ოლიმპიური სისტემით გამოვიდა. კასიმჯანოვი ფიდეს რეიტინგსიაში 54-ე ადგილს იკავებდა, ჩემპიონატზე კი 28-ე იყო. პირველ ტურში აშშ-ს სახელით მოთამაშე ალეხანდრო რამირესი დაამარცხა 2,5:1,5. მეორეში ირანელი ეხსან გაენ მაგამი 1,5:0,5, მესამეში უკრაინელი ვასილ ივანჩუკი (2,5:1,5 +0-0=2), მეხუთეში უნგრელი ზოთან ალმაში (2:0) და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რუსი ალექსანდრ გრიშჩუკი (3:1 +1-1=0) დაამარცხა. მძიმე გამოდგა ბულგარელ ვესელინ ტოპალოვთან დაპირისპირება, თუმც უზბეკმა დამატებით დროში შეძლო მისი გატეხვა (4:2 +0-0=4) და ფინალში ინგლისელ მაიკლ ადამსს შეხვდა, რომელიც რეიტინგით მესამე იყო გათამაშებაზე. დაძაბული გამოდგა საფინალო 6 პარტიანი დაპირისპირება. მეორე ტურში კასიმჯანოვი თეთრებით დაწინაურა, შემდეგ წააგო, ისევ მოიგო, კვლავ წააგო, ბოლო კი ყაიმით დაასრულა და დამატებით ორი სწრაფი პარტია დაინიშნა. სწრაფი პარტიებში რუსტამმა პირველივე მოიგო შავებით, მომდევნოში კი თეთრებით 48-ე სვლაზე ყაიმს გამორჩა, ტიტულს დაეუფლა და საპრიზო 100 ათასი დოლარიც მიიღო. კასიმჯანოვი ფიდეს ვერსიით მე-5 ჩემპიონი გახდა. [3]

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8
1 რუსტამ კასიმჯანოვი დროშა: უზბეკეთი უზბეკეთი = 1 0 1 0 = 1 = 4,5
2 მაიკლ ადამსი დროშა: ინგლისი ინგლისი = 0 1 0 1 = 0 = 3,5

2005 წელს ლინარესის სუპერტურნირზეც მიიწვიეს, თუმც იქ 12 ქულიდან მხოლოდ 4-ის მოპოვება შეძლო და მეექვსე-მეშვიდე ადგილებს დასჯერდა. მომდევნო წელს კორსიკის მასტერსზე იმარჯვა. 2005 წელს ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამაერთიანებელ მატჩში რუსტამს გარი კასპაროვთან უნდა ეთამაშა, თუმც შეხვედრა ვერ შედგა. 2005 წლის შემოდგომაზე არგენტინულ სან-ლუისში გამართულ ფიდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა, თუმც ღირსეული თამაში ვერ აჩვენა და ტიტულიც დაკარგა. შეჯიბრზე 8 უძლიერესმა დიდოსტატმა ორ წრედ ითამაშა, უზბეკმა 2 პარტიის მოგება შეძლო, 5 წააგო, 7 კი ყაიმით დაასრულა და 5,5 ქულით VI ადგილზე გავიდა. ჩემპიონი კი 10 ქულით ტოპალოვი გახდა, რომელსაც მანამდე ტრიპოლში მოუგო.

2001 წელი. რუსტამ კასიმჯანოვი უზბეკეთის საფოსტო მარკაზე
2005 წელი. რუსტამ კასიმჯანოვი უზბეკეთის საფოსტო მარკაზე

2005 წლის 23 ივნისს ABC Times Square სტუდიაში კომპანია Accoona-მა კასიმჯანოვი Fritz 9-თან შეაჯიბრა, შეხვედრა ყაიმით დასრულდა. [4] 2004 წლის ფიდეს მსოფლიოს ჩემპიონობის წყალობით იგი 2007 წლის ჩემპიონატის საკანდიდატო ტურნირზე დაუშვეს, მაგრამ პირველივე შეხვედრაში ბორის გელფანდთან დამარცხდა. თავიდან მათი ექვსივე შეხვედრა ყაიმით დასრულდა, მაგრამ ტაი-ბრეიკებში სწრაფ პარტიებში მეტოქემ იყოჩაღა და ექს-ჩემპიონი გამოთიშა. 2010 წელს აზიის ჩემპიონატში სწრაფ ჭადრაკში ოქრო მოიგო. 2008-2009 ფიდეს გრან-პრის ტურნირზე იასპარეზა. ფიდეს რეგლამენტით ორი წლის მანძილზე 6 გრან-პრი იმართებოდა და აქედან თითო მოჭადრაკე ოთხზე გამოდიოდა, საბოლოოდ კი ქულებით ორი საუკეთესო პრეტენდენტთა რვაკაციან ტურნირზე გადაინაცვლებდა. მოჭადრაკემ მხოლოდ სამში იასპარეზა, ელისტაში მეხუთე-მეცხრე იყო 6,5 ქულით, ნალჩიკში მეთორმეტე-მეთოთხმეტე 5,5 ქულით, ჯერმუკში მეოთხე-მეექვსე 7,5 ქულით. საბოლოოდ კი მე-17 ადგილი ერგო და ასპარეზობაც დაასრულა. კასიმჯანოვი გერმანულ ბუნდესლიგაში ბად-გოდესბერგის საჭადრაკო გუნდში თამაშობს. ტურნირებზე არასტაბილურად გამოდის, უმაღლესი რეიტინგი კი 2001 წლის ოქტომბერში ჰქონდა, როცა 2706 პუნქტი ეწერა და ათეულშიც შედიოდა. 2012 წელს ამერიკელმა მეწარმე ენდრიუ პოლსონმა კომპანია AGON დააფუძნა, რომელმაც ფიდესთან გააფორმა ხელშეკრულება. მათ ორგანიზაციას მსოფლიოს ჩემპიონატის მომზადებაში დახმარება, კომერციზაცია და გავითარება ევალებათ. კომპანიამ მომდევნო ფიდეს-გრან-პრისთვის 24 მოჭადრაკეს შორის, 6 კაცის არჩევის უფლება მიიღო და ერთი კასიმჯანოვი გახდა. პირველ გრან-პრიზე რომელმაც 2013 წლის სექტემბერში ლონდონმა უმასპინძლა, უზბეკი 12 დიდოსტატში 4,5 ქულით მე-9 იყო. მეექვსე იყო ტაშკენტში 6 ქულით, მეთერთმეტე ცუგში 4,5 ქულით და მეექვსე თესალონიკში 5,5 ქულით, საბოლოოდ კი მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა და ასპარეზობაც დაასრულა. 2014-15 წლისთვის ფიდეს გრან-პრის ტურნირები 6-დან 4-მდე შემცირდა და მოჭადრაკე მხოლოდ სამზე თამაშობდა. რადგანაც ერთი ეტაპი ტაშკენტში ტარდებოდა, მოჭადრაკე როგორც მასპინძელი ისე დაუშვეს. პირველზე ბაქოში 5 ქულით მე-10 იყო, მშობლიურ ტაშკენტში 3,5 ქულით მე-11, თბილისში 5,5-ით მეოთხე. საბოლოოდ კი ბოლო ადგილზე გავიდა. 2015-ში ბაქოში ფიდეს მსოფლიოს თასზე იაპარეზა, რეიტინგით 35-ე იყო, თუმც თავისზე სუსტ კანადის სახელით მოასპარეზე ანტონ კოვალიოვთან 3,5:4,5 დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.

სამწვრთნელო საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლიდან ანანდის სამწვრთნელო შტაბში იყო და სამ მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩში დაეხმარა, 2008 წელს ვლადიმირ კრამნიკთან 2010-ში ვესელინ ტოპალოვთან[5] და 2012 წელს ბორის გელფანდთან[6]. 2011 წელს გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ავარჯიშებდა. [7] 2014 წელს 8 კაციან კანდიდატთა ტურნირზე სერგეი კარიაკინის სამწვრთნელო გუნდში ირიცხებოდა და მოგებაშიც დაეხმარა. 2016-ში კასიმჯანოვმა ფაბიანუ კარუსნას გუნდში გააგრძელა მოღვაწეობა, მას ჯერ ანდიდატთა ტურნირი მოაგებინა, ხოლო შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩში კარლსენის წინააღმდეგ ეხმარებოდა. [8] ამჟამად ახალგაზრდა ინდოელ დიდოსტატ არჯუნ ერიგაისს ავარჯიშებს.

მიუხედავად იმისა რომ დიდი ტურნირები არ მოუგია, მის თამაშს ძლიერს და სტაბილურს უწოდებენ, უფრო იმის გამო რომ ბევრ პარტიას ყაიმით ასრულებს. დებიუტში ახალს არაფერს არ ფიქრობს, მიუხედავად იმისა მიყოლებით რამდენიმე რომც წააგოს. იშვიათად ცდება და თამაშს კარგად კითხულობს, მაგრამ პარტიის მოსაგებად მხოლოდ ეს არ კმარა. მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს კარლსენის აზრით კასიმჯანოვი ის მოთამაშეა რომელთანაც პაექრობა საკმაოდ რთულია.

ყავს და-ძმა, იმიდა და ხურდიში. მეუღლე ფირუზა (ტანმოვარჯიშე) და ორი ვაჟი.

  • ამირა თემურის ორდენი (14 ივლისი, 2004) - 2004 წლის 14 ივლისს უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა კასიმჯანოვი თემურლენგის, იგივე ამირა თემურის ორდენით დააჯილდოვა.

"გამოჩენილი მიღწევა – 2004 წელს ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება, სადაც გამოვლინდა ჩვენი ერის დიდი ინტელექტუალური პოტენციალი, თვითდაჯერებულობა, თავდადებისა და ნების, დიდი ავტორიტეტის და სამშობლოს პრესტიჟისა, გაზარდა ქვეყნის დიდება საერთაშორისო არენაზე". [9]

  • "უზბეკისტონ იფტიხორი" - 2000 წელს მიენიჭა საპატიო წოდება "უზბეკისტონ იფტიხორი"(უზბეკ. O’zbekiston iftixori), რომელიც ითარგმნება როგორც „უზბეკეთის სიამაყე“. [10]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


  1. [1]. FRL november 2021.
  2. [2]. Asian Men's Individual Championships..
  3. [3]. "Rustam Kasimdzhanov wins FIDE title ChessBase News..
  4. [4]. Kasim vs the Accoona Toolbar – draw in New York..
  5. [5]. Anand in Playchess – the helpers in Sofia..
  6. [6]. Anand in Playchess – the helpers in Sofia..
  7. [7]. Naiditsch: “I’m not afraid of anybody”..
  8. [8]. FIDE. 2012-05-31. Archived from the original on 2013-09-28. Retrieved 2012-06-03..
  9. [9]. УКАЗ ПРЕЗИДЕНТА РЕСПУБЛИКИ УЗБЕКИСТАН О НАГРАЖДЕНИИ КАСЫМДЖАНОВА Р. ОРДЕНОМ АМИРА ТЕМУРА..
  10. [10]. УКАЗ ПРЕЗИДЕНТА РЕСПУБЛИКИ УЗБЕКИСТАНО НАГРАЖДЕНИИ В СВЯЗИ С ДЕВЯТОЙ ГОДОВЩИНОЙ НЕЗАВИСИМОСТИ РЕСПУБЛИКИ УЗБЕКИСТАН ГРУППЫ РАБОТНИКОВ НАУКИ, ЗДРАВООХРАНЕНИЯ, КУЛЬТУРЫ, ПРОСВЕЩЕНИЯ, СРЕДСТВ МАССОВОЙ ИНФОРМАЦИИ И ОБЩЕСТВЕННЫХ СФЕР..