პარაცელსუსი
პარაცელსუსი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
11 ნოემბერი ან 17 დეკემბერი 1493 ეგი, შვიცის კანტონი, შვეიცარია |
გარდაცვალების თარიღი |
24 სექტემბერი 1541 ზალცბურგი |
ალმა-მატერი |
ბაზელის უნივერსიტეტი ფერარის უნივერსიტეტი |
პროფესია |
მედიცინა ბოტანიკა ალქიმია ასტროლოგია ოკულტიზმი |
პარაცელსუსი (ნამდვილი სახელი და გვარი ფილიპუს ავრეოლუს თეოფრასტუს ბომბასტუს ფონ ჰოენჰაიმი; დ. 1493 ან 1494 — გ. 24 სექტემბერი, 1541, ზალცბურგი) — აღორძინების ეპოქის ექიმი, ბოტანიკოსი, ალქიმიკოსი, ასტროლოგი და ოკულტისტი. განათლება მიიღო იტალიის ქალაქ ფერარაში. დაახლოებით 1515 წელს მიენიჭა ექიმის წოდება; იყო ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორი (1526) და ქალაქის ექიმი. ბევრს მოგზაურობდა ევროპაში. გამოდიოდა სქოლასტიკური მედიცინისა და გალენოსის ავტორიტეტის ბრმა აღიარების წინააღმდეგ, მათ უპირისპირებდა დაკვირვებისა და ცდის მეთოდს. უარყოფდა მოძღვრებას ადამიანის სხეულის 4 წვენის შესახებ და მიაჩნდა, რომ ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესი ქიმიური პროცესია. პარაცელსუსი შეისწავლიდა ქიმიური ელემენტებისა და შენაერთების სამკურნალო მოქმედებას, ქიმია დაუახლოვა მედიცინას და ამრიგად გახდა იატროქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გამოყოფდა მცენარეებიდან წამლებს და ტინქტურის, ექსტრაქტისა და ელექსირის სახით იყენებდა სამკურნალოდ. პარაცელსუსმა განავითარა იმ დროისათვის ახალი წარმოდგენა დოზირების შესახებ; სამკურნალოდ იყენებდა მინერალური წყაროების წყალს, მიუთითა ცალკეული დაავადებების სამკურნალოდ სპეციფიკური საშუალებების (მაგალითად, ვერცხლისწყალი ათაშანგის სამკურნალოდ) ძიებისა და გამოყენების აუცილებლობაზე. პარაცელსუსმა შექმნა მოძღვრება „არქეზე“ — უმაღლეს სულიერ პრინციპზე, რომელიც თითქოს არეგულირებს ორგანიზმის ცხოველმოქმედებას. პარაცელსუსმა აგრეთვე საფუძველი ჩაუყარა ტოქსიკოლოგიას.
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sämmtliche Werke, Abt. 1, Bd 1—14, Münch. — Jena, 1922—36;
- Abt. 2, Bd 4, 5, Wiesbaden, 1955—56.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პარაცელსუსი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)