შინაარსზე გადასვლა

ნეძვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეძვი
ნეძვი — საქართველო
ნეძვი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°52′03″ ჩ. გ. 43°32′13″ ა. გ. / 41.8676056° ჩ. გ. 43.5370556° ა. გ. / 41.8676056; 43.5370556
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა Borjomi Municipality
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი სამეკლესიიანი ბაზილიკა
თარიღდება IX საუკუნე
დეტალები

ნეძვიIX საუკუნის 50-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აგებულია წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, წმ. თეოდორე ნეძველის მიერ. მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარის ახლანდელ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის ერთ-ერთი შენაკადის მდინარე ნეძვისწყლის ხეობაში.

ძეგლის გაწმენდის შემდეგ (1948, 1962) გამოვლინდა ეკლესიის თავდაპირველი გეგმა და ცხადი გახდა, რომ საქართველოს დღემდე ცნობილ სამეკლესიან ბაზილიკათა შორის ნეძვი ყველაზე დიდი ყოფილა. აფსიდიანი შუა ეკლესიის გრძივი კედლები დანაწევრებული იყო საფეხურიანი სვეტებითა და თაღებით. აღმოსავლეთი აფსიდის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიში აქვს, ხოლო დასავლეთით ნახევრად წრიული ექსედრები. ეკლესიას სამმხრივი გარსშემოსავლელი ჰქონდა. გვერდით სწორკუთხოვანი ეკლესიები ერთმანეთთან დასავლეთი გასასვლელით იყო დაკავშირებული.

ბაგრატ IV-მ (1027–1072 წწ.) საქართველოში ჩამოსულ წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელს სამოღვაწეოდ და საცხოვრებლად სხვა მონასტრებთან ერთად გადასცა ნეძვის მონასტერი. 1772 წელს საქართველოში მყოფი გერმანელი მოგზაური იოჰან გულდენშტედტი მას სხვა სოფლებთან ერთად განადგურებულ პუნქტად მოიხსენიებს, რომელიც სხვა სოფლებთან ერთად ოსმალეთთან საზღვარს ქმნიდა.

ნეძვის ეკლესიის ტერიტორიაზე მიმობნეულია XIX-XX საუკუნის საფლავის ქვები მხედრული წარწერებით. ნეძვის შესწავლის მიზნით აღნიშნულ ტაძარს აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის დავალებით 1940 წელს ეწვია რ. მეფისაშვილი, რომლის დროსაც მეცნიერმა აზომა ტაძრის ზოგადი გეგმა და გადაიღო რამდენიმე ფოტოსურათი. მეცნიერი 1948 წელს ხელმეორედ ეწვია ტაძარს, რომელის ფარგლებში გაიწმინდა ტაძარი, მოიხაზა ტაძრის პირვანდელი გეგმა, თუმცა ბევრი რამ მაინც დასაზუსტებელი დარჩა. მესამედ მკვლევარმა 1962 წელს მოინახულა ნეძვის ეკლესია, გაწმინდა ტაძრის კედლები და რამაც საშუალება მისცა ევარაუდა, რომ ტაძარი თავდაპირველად სიგრძეში 30 მეტრი,ხოლო სიგანეში 20 მეტრი იყო. ყოველივე ამის საფუძველზე დაასკვნა, რომ ქართულ სამეკლესიან ბაზილიკათა შორის ნეძვი ყველაზე დიდი ტაძარი ყოფილა. 1962 წლის მონახულების დროს რ. მეფისაშვილმა მიწიდან ამოიღო კრამიტის ნამტვრევები, რომელთაგან ერთ-ერთს ჰქონია ასომთავრული წარწერა, რომელსაც ავტორი პალეოგრაფიული მონაცემების საფუძველზე ზოგადი ქრონოლოგიური მონაკვეთით — IX-X საუკუნეებით ათარიღებს.

ტაძარი ნაგებია რუხი ფერის ქვით. შერჩენილი ეკლესიის კედლების სიმაღლე ზოგან 5 მეტრია. აფსიდიანი შუა ეკლესიის გრძივი კედლები დანაწევრებული იყო საფეხურიანი სვეტებითა და თაღებით. აღმოსავლელთ აფსიდის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიში აქვს, ხოლო დასავლეთით ნახევრად წრიული ექსედრები. ეკლესიას სამმხრივი გარშემოსავლელი ჰქონდა. გვერდითი სწორკუთხოვანი ეკლესიები ერთმანეთთან დასავლეთის გასასვლელით იყო დაკავშირებული. ნეძვის ეკლესიის ერთ-ერთ ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ღრმა აბსიდი, რომელიც სწორედ ადრეული ძეგლებისათვის არის დამახასიათებელი. ნეძვის გარშემოსავლელის მთავარ თავისებურებას შეადგენს ის, რომ იგი წარმოადგენს ერთიან გალერეას, სადაც ცალკეული მონაკვეთები ფართო თაღოვანი მალებით უკავშირდებიან ერთმანეთს. დღეისათვის ეკლესიამ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია და შესაბამისად მოქმედიც არ არის.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

  • ბალახაშვილი ვ., ღირსი გიორგი მთაწმინდელი (ათონელი) 1000, 1009-2009, თბ., ბორჯომი 2009
  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985
  • გაფრინდაშვილი ქ., ქართული სულიერების სათავეებთან, თბ., 2005
  • გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 2013
  • ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე. ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა, თბ., 1954
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1957
  • მელიქიძე ს., ახალდაბის ონომასტიკონი, წგნ. ონომასტიკური ძიებანი, კრ. II, თბ., 2009
  • მეფისაშვილი რ., გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა სააღმშენებლო მოღვაწეობა ქართლში, საქ. სსრ მეცნ. აკად. სახზ. განყ. მოამბე, 1963, # 4
  • რჩეულიშვილი ლ., ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, გამომცემლობა `მეცნიერება~, თბ., 1994
  • ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები, ტექსტი დაადგინა, თარგმნა და შენიშვნები დაურთო ფუთურიძე ვ., თბ., `საქართველოს მეცნიერებათა აკადემია~, 1955
  • შუბითიძე ვ., ქართული ციხე-სიმაგრები და ეკლესია-მონასტრები, თბ., 2012
  • ხოშტარია დ., IX-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლები ბორჯომის ხეობაში, საკანდიდატო დისერტაცია და ავტორეფერატი, თბ., 1987
  • ხოშტარია დ., ჩითახევის სამონასტრო ეკლესია, `მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის..., 1983 წელი, # 4
  • ხოშტარია დ., კვირიკეწმინდის ადგილმდებარეობის საკითხისათვის, `მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის..., 1985 , # 1.
  • ხოშტარია დ., X საუკუნის სამონასტრო ეკლესიები ტაძრის – საკირის მიდამოებში, `მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის..., 1986, # 3.