შინაარსზე გადასვლა

ნეგერი-სემბილანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ნეგერი-სემბილანი
დროშა გერბი

ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
ადმ. ცენტრი სერემბანი
კოორდინატები 2°41′53″ ჩ. გ. 102°09′24″ ა. გ. / 2.69806° ჩ. გ. 102.15667° ა. გ. / 2.69806; 102.15667
მმართველი Muhriz of Negeri Sembilan და Aminuddin Harun
ფართობი 6686.0 კმ²
მოსახლეობა 997 071 (2010)
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 06
საფოსტო ინდექსი 70000–73999
საავტომობილო კოდი N
ოფიციალური საიტი http://www.ns.gov.my
ნეგერი-სემბილანი — მალაიზია
ნეგერი-სემბილანი

ნეგერი-სემბილანი (ისტორიულად წარმოითქმის როგორც ნეგრი-სემბილანი) ― შტატი მალაიზიაში. მდებარეობს ნახევარკუნძულის მალაიზიის დასავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთიდან სელანგორი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ― პაჰანგი, ხოლო სამხრეთიდან ― ჯოჰორი და მალაკა.

ნეგერი-სემბილანი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული და მრავალფეროვანი ტროპიკული წვიმის ტყეებით გამოირჩევა. შტატის ქედები ტიტივანგსის მთებს მიეკუთვნება, რომელიც ტენასერიმის ბორცვების სამხრეთი გაგრძელებაა და სამხრეთ მიანმარიდან, სამხრეთ ტაილანდსა და ნახევარკუნძულის მალაიზიამდე გრძელდება. უმაღლესი მწვერვალია ბესარ-ჰანტუ.

ნეგერი-სემბილანის დედაქალაქია სერემბანი. სამეფო დედაქალაქი, სერი-მენანტი, კუალა-პილაჰის რაიონში მდებარეობს. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: პორტ-დიქსონი, ბაჰაუ და ნილაი.

მალაიზიის სხვა სამეფო შტატებისგან განსხვავებით, ნეგერი-სემბილანის მმართველს მოსახლეობა ირჩევს და სულთნის მაგივრად იანგ დი-პერტუან ბესარი ეწოდება. მმართველის არჩევნები უნიკალურია. შტატის მეთაურს ირჩევს უნდანგების საბჭო, რომლებიც სუნგაი-უჯონგის, ჯელებუს, ჯოჰოლისა და რემბაუს ტერიტორიებს ხელმძღვანელობენ. მეთაური აირჩევა პაგარუიუნგის დინასტიის ლეგიტიმურ მამაკაც წევრებს შორის. უნდანგები ვალდებული არ არიან, რომ წინა იამატუანის პირველი ვაჟი მემკვიდრე აირჩიონ ხელმძღვანელად, რაც უფრო დემოკრატიული მონარქიული სისტემის დამყარებას უწყობს ხელს.

ტიტივანგსის მთების ხედი პორტ-დიქსონის რაიონიდან

ნეგერი-სემბილანი მალაკის სრუტის გასწვრივ, ნახევარკუნძულის მალაიზიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. მალაკასთან და ჯოჰორთან ერთად სამხრეთ რეგიონს მიეკუთვნება,[1][2][3] მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წყარო ნეგერი-სემბილანს კუალა-ლუმმპურთან, პუტრაჯაიასთან და სელანგორთან ერთად ცენტრალური რეგიონის შტატებს მიაკუთვნებს.[4] ნეგერი-სემბილანის ფართობი 6 686 კმ²-ა და თითქმის სელანგორის ტოლია. ფართობის მიხედვით, იგი მეოთხე ყველაზე პატარა შტატია მალაიზიაში.

ადმინისტრაციულად, ნეგერი-სემბილანი 7 რაიონს მოიცავს: პორტ-დიქსონს, სერემბანს, რემბაუს, კუალა-პილაჰს, ჯელებუს, ჯემპოლსა და ტამპინს, რომლებიც თავის მხრივ 14 ლუაკად იყოფა. ლუაკებია: სუნგაი-უჯონგი, რემბაუ, ჯელებუ, ჯოჰოლი, ტამპინი, ულუ-მუარი, ტერაჩი, ინასი, ჯემპოლი, გუნუნგ-პასირი, გემენჩეჰი, პასირ-ბესარი, აირ-კუნინგი და ლინგი. სუნგაი-უჯონგს, რემბაუს, ჯოჰოლსა და ჯელებუს უნდანგები მართავენ. ამ ტერიტორიებს ლუაკ-ბერუნდანგები ეწოდება. ასევე, 4 ლუაკი ლუაკ-ბერუნდანგების დაცვის ქვეშაა: გემენჩეჰი, აირ-კუნინგი და პასირ-ბესარი ჯოჰოლის პროტექტორატებს წარმმოადგენს, ხოლო ლინგი სუნგაი-უჯონგის პროტექტორატია. ლუაკები, რომლებიც სერი-მენანტს აკრავს ირგვლივ, ანუ ტერაჩი, ულუ-მუარი, ჯემპოლი, გუნუნგ-პასირი და ინასი კოლექტიურად ცნობილია როგორც ლუაკ-ტანაჰ-მენგანდუნგი. ტამპინის ლუაკი ავტონომიით სარგებლობს და ტუნკუ ბესარის მიერ იმართება.[5][6]

ნეგერი-სემბილანის ტოპოგრაფიაში გამოირჩევა ორი ვაკე, რომლებიც ერთმანეთისგან ქედითაა გამოყოფილი და მდინარეებით. ტიტივანგსის მთები ტენასერიმის ბორცვებისა და უფრთო ფართო ინდო-მალაიური ქედის სამხრეთი გაგრძელებაა, რომელიც შტატის შუა ტერიტორიაზე თითქმის 92 კმ-ზეა გადაჭიმული. სწორედ ამის გამო შტატი ორ რეგიონადაა გაყოფილი, რომლებსაც დასავლეთი ნეგერი-სემბილანი და აღმოსავლეთი ნეგერი-სემბილანი ეწოდება. დასავლეთი რეგიონი პორტ-დიქსონის, სერემბანისა და რემბაუს რაიონს მოიცავს. აღმოსავლეთ რეგიონში ჯელებუს, კუალა-პილაჰის, ჯემპოლისა და ტამპინის რაიონები შდის. დასავლეთი ნახევარი შედარებით უკეთაა განვითარებული და გზების ქსელიც უფრო განვითარებულია, ვიდრე აღმოსავლეთ ნაწილში. შტატის ტერიტორიაზე გაშლილი ტიტივანგსის მთები ტიტივანგსის ტყეების კომპლექსის ნაწილია. შტატის უმაღლესი მწვერვალი, ბესარ-ჰანტუ, ჯელებუს რაიონში, ზღვის დონიდან 1 462 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

შტატის მოსახლეობის უმრავლესობისთვის წყლის მიწოდების მთავარი წყარო ორი მდინარეა: ლინგი და მუარი. მდინარე ლინგის აუზი ძირითადად დასავლეთ ნეგერი-სემბილანის ტერიტორიას მოიცავს, ხოლო მდინარე მუარის აუზი შტატის აღმოსავლეთ ნაწილს ფარავს. მუარის აუზი მდინარე პაჰანგის აუზთან ერთად ჯელებუსა და ჯემპოლის რაიონებსაც ფარავს.

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით, ნეგერი-სემბილანი მთელი წლის მანძილზე ცხელი და ტენიანი კლიმატით გამოირჩევა. მუსონების მონაცვლეობის პერიოდში, რომელიც წელიწადში ორჯერ ხდება, შტატის ტერიტორიაზე ხშირია ჭექა-ქუხილი. მშრალი სეზონი ჩვეულებრივ პირველი მუსონური ტრანზიციის შემდეგ იწყება და აგვისტო-სექტემბრამდე გრძელდება. სამხრეთ-დასავლეთის ინდო-ავსტრალიურ მუსონთან ერთად მოტანილ ტენს სუმატრაზე მდებარე ბარისანის მთები ეღობება, რის გამოც კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილსა და მალაის ნახევარკუნძულზე წვიმის ჩრდილის ეფექტი იქმნება. ბორნეო-ავსტრალიური მუსონი, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ქრის, მოქმედებს ნეგერი-სემბილანზე, მალაკის, ჯოჰორის შტატზე, ასევე, აღმოსავლეთ სანაპიროს შტატებზე: კელანტანზე, ტერენგანუსა და პაჰანგზე.

ჰავის მონაცემები — Seremban
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 30.9 31.7 32.5 32.2 31.7 31.3 31.1 30.9 31.2 31.2 31.0 31.0 31.4
საშუალო დღიური °C 26.6 27.2 27.7 27.8 27.5 27.1 26.9 26.8 26.9 27.0 26.9 26.8 27.1
საშუალო დაბალი °C 22.3 22.7 22.9 23.4 23.4 23.0 22.7 22.8 22.7 22.8 22.9 22.6 22.9
საშუალო ნალექი (მმ) 114 110 178 232 180 119 127 143 158 237 252 193 2 043
წყარო: Climate-Data.org[7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]