მერი ბრიტანელი (1897-1965)
მერი ბრიტანელი | |
---|---|
სრული სახელი
ვიქტორია ალექსანდრა ალისა მერი | |
წოდებები
სამეფო პრინცესა ჰერვუდის გრაფინია | |
დაიბადა |
25 აპრილი, 1897 ნორფოლკი, დიდი ბრიტანეთი |
გარდაიცვალა |
28 მარტი, 1965, (67 წლის) ჰერვუდი, დიდი ბრიტანეთი |
საგვარეულო |
ჯერ საქსენ-კობურგ-გოთელები შემდეგ უინძორები |
მეუღლე(ები) |
ჰენრი ლასკელსი, ჰერვუდის ერლი (ქ. 1922 - გარდ. 1947) |
შვილ(ებ)ი |
ჯორჯი, ჰერვუდის ერლი ჯერალდი |
მამა | ჯორჯ V, დიდი ბრიტანეთის მეფე |
დედა | მარია ტეკელი |
რელიგია | ანგლიკანიზმი |
მერი ბრიტანელი (ინგლ. Mary of the United Kingdom), სრული სახელია ვიქტორია ალექსანდრა ალისა მერი (ინგლ. Victoria Alexandra Alice Mary), აგრეთვე ცნობილია, როგორც მერი, სამეფო პრინცესა და ჰერვუდის გრაფინია (ინგლ. Mary, Princess Royal and Countess of Harewood; დ. 25 აპრილი, 1897, ნორფოლკი, დიდი ბრიტანეთი — გ. 28 მარტი, 1965, ჰერვუდი, დიდი ბრიტანეთი) — საქსენ-კობურგ-გოთელების დინასტიის წარმომადგენელი 1917 წლამდე, უინძორების დინასტიის წარმომადგენელი 1917 წლიდან. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ V-ისა და დედოფალ მარია ტეკელის ქალიშვილი. მეფე ედუარდ VIII-ისა და მეფე ჯორჯ VI-ის და, დედოფალ ელისაბედ II-ის მამიდა. გაერთიანებული სამეფოს სამეფო პრინცესა და ჰერვუდის გრაფინია.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრინცესა მერი დაიბადა 1897 წლის 25 აპრილს ნორფოლკში. იგი იყო იორკის ჰერცოგ ჯორჯისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია მარია ტეკელის მესამე შვილი და ერთადერთი ქალიშვილი. მამამისი იყო დედოფალ ვიქტორიას უფროსი ძის, უელსის პრინც ედუარდისა და პრინცესა ალექსანდრა დანიელის უფროსი ვაჟი, ხოლო დედამისი ტეკის ჰერცოგ ფრანცისა და პრინცესა მერი ადელაიდა კემბრიჯელის ქალიშვილი იყო. დაბადებისთანავე მას მიანიჭეს „მისი სამეფო უმაღლესობა პრინცესა მერი იორკელის“ წოდება. 1898 წელს დედოფალმა მას წოდება შეუცვალა და „მისი სამეფო უდიდებულესობის“ რანკში აამაღლა. დაბადებისას იგი დიდი ბრიტანეთის ტახტის რიგით მეხუთე მემკვიდრე იყო.
1897 წლის 7 ივნისს იგი იორკის არქიეპისკოპოსმა მონათლა მარიამ მაგდალინელის სახელობის ეკლესიაში, მისი ნათლიები კი იყვნენ: დედოფალი ვიქტორია (დიდი ბებია), უელსის პრინცი ედუარდი (პაპა), უელსის პრინცესა ალექსანდრა (ბებია), საბერძნეთის მეფე გეორგიოს I (ბებიის ძმა), ტეკის ჰერცოგი ფრანცი (პაპა) და პრინცესა ვიქტორია (მამიდა).
პრინცესა მერი თავის უფროს ძმებთან: ედუარდთან, ჯორჯთან და ჰენრისთან ერთად იღებდა განათლებას. იგი ასევე დამატებით შეისწავლიდა მუსიკას, სიმღერასა და ფორტეპიანოზე დაკვრას. მშობლიური ინგლისურის გარდა, იგი თავისუფლად საუბრობდა გერმანულ და ფრანგულ ენებზე. ასევე დაინტერესებული იყო ცხენებითა და ჯირითით. იგი საზოგადოებაში პირველად 1911 წლის 22 ივნისს გამოჩნდა, თავისი მშობლების კორონაციაზე.
პირველი მსოფლიო ომის დროს პრინცესა მერი დედასთან ერთად მუშაობდა მედდად მედპუნქტებში და ეხმარებოდა ბრიტანელ ჯარისკაცებსა და დაშავებულ მოქალაქეებს. 1914 წელს საშობაოდ პრინცესა მერიმ 10,000 გირვანქა სტერლინგი გაიღო, რათა ყველა ბრიტანელი ჯარისკაცისათვის ეყიდათ საშობაო საჩუქარი. 1918 წელს მან დაასრულა მედდობის შემსწავლელი კურსი და მუშაობაც დაიწყო ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში. 1926 წელს იგი დიდი ბრიტანეთის წითელი ჯვრის ასოციაციის პრეზიდენტი ხდება.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1922 წლის 28 თებერვალს პრინცესა მერი ცოლად გაჰყვა ჰენრი ლასკელსს (1882-1947), ჰერვუდის მეექვსე ერლს, მეხუთე ერლის, ჰენრი ლასკელსის ვაჟს. ამის გამო მან მიიღო ჰერვუდის გრაფინიისა და ლასკელსის ვიკონტესის წოდებები. მათი ჯვრისწერა უესტმინსტერის სააბატოში შედგა, რომელსაც გარდა სამეფო ოჯახის იმჟამინდელი წევრებისა, ესწრებოდა ლედი ელისაბედ ბოუზ-ლაიონიც, შემდეგში მისი რძალი და დედოფალი. ამ დროისათვის იგი უბრალოდ მერის ახლო მეგობარი იყო და ამიტომ ესწრებოდა ქორწილს. ჯვრისწერის შემდეგ მერიმ და ჰენრიმ დატოვეს ლონდონი და იორკშირში მდებარე ლასკელსების საგვარეულო მამულში დასახლდნენ, ქალაქ ჰერვუდში.
არსებობდა ჭორები იმის თაობაზე, რომ მერის არ სურდა გათხოვება და იგი მშობლებმა ძალით დააქორწინეს. მისი ძმა, უელსის პრინცი ედუარდი, რომელიც მერისთან ძალიან ახლოს იყო, ასევე ეწინააღმდეგებოდა ამ ქორწინებას, რამეთუ მას სურდა იგი იმას გაჰყოლოდა ცოლად, ვინც ეყვარებოდა. თუმცაღა, მათი უფროსი ვაჟის, ჯორჯის წერილებიდან ირკვევა, რომ ერთმანეთის კარგად გაცნობის შემდეგ მერიმ და ჰენრიმ გაარკვიეს, რომ მრავალი საერთო მეგობარი და ინტერესი გააჩნდათ, რის გამოც მათი ურთიერთობა შემდეგ ეტაპებზე კარგად წარიმართა.
სამეფო პრინცესა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1932 წლის 1 იანვარს მეფე ჯორჯ V-მ თავისი დის, პრინცესა ლუიზას დაღუპვის შემდეგ, თავის ერთადერთ ქალიშვილ მერის ტრადიციისამებრ სამეფო პრინცესის წოდება მისცა.
აღსანიშნავია, რომ მერიმ ახლო ურთიერთობა შეინარჩუნა თავის ძმასთან, ედუარდთან, მისი გადადგომის შემდეგაც კი. სწორედ ეს გახდა შემდეგში მიზეზი იმისა, რომ 1947 წელს მან უარყო თავისი ძმისწულის, პრინცესა ელისაბედისა და საბერძნეთისა და დანიის პრინც ფილიპეს ქორწინებაზე მიწვევა, რადგან მათ ედუარდი არ დაპატიჟეს. ოფიციალურ მიზეზად მან ქორწილზე დასწრებაზე უარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თქვა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდი მერიმ მთლიანად ჰერვუდის სახლში გაატარა. ომის დასრულებიდან მალევე, 1947 წელს მისი ქმარი გარდაიცვალა და ახალი ერლი მათი ძე, ჯორჯი ხდება. 1953 წლის ივნისში იგი დაესწრო თავისი ძმისწულის, დედოფალ ელისაბედ II-ის კორონაციას. 1962 წელს სამეფო პრინცესა დედოფალის წარმომადგენელი გახდა ტრინიდადსა და ტობაგოში, 1964 წელს კი ზამბიაშიც.
პრინცესა მერი საზოგადოებაში უკანასკნელად 1965 წლის მარტში გამოჩნდა, რა დროსაც იგი თავისი ბიძაშვილის, შვედეთის დედოფალ ლუიზას დაკრძალვას დაესწრო. იგი სულ მალევე, 1965 წლის 28 მარტს თავადაც გარდაიცვალა, 67 წლის ასაკში, ჰერვუდში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს იორკის მონასტერში. მის შემდეგ სამეფო პრინცესის წოდება დედოფალ ელისაბედ II-ის ასულს, ანას გადაეცა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრინცესა მერის თავისი ქმრისგან სულ ორი ვაჟი შეეძინა:
- ჯორჯი (1923-2011), ჰერვუდის მეშვიდე ერლი. ცოლად შეირთო მერიენ სტეინი, რომელთანაც შეეძინა შვილები, თუმცა იგი მას მოგვიანებით გაეყარა და იქორწინა პატრიშა ელიზაბეთ ტაკუელზე, რომელთანაც ასევე შეეძინა შვილები;
- ჯერალდი (1924-1998), პირველად იქორწინა ენჯელა დოუდინგზე, მასთან განქორწინების შემდეგ კი ელიზაბეთ კოლინგვუდზე. შვილები ჰყავდა ორივე ცოლთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jones, Nigel R. (2005). Architecture of England, Scotland, and Wales. Westwood, CT, USA: Greenwood Publishing Group. pp. 133–135. ISBN 0313318506.
- Owens, Mitchell (30 November 2012). "Princess Mary, Countess of Harewood's Personal Collection on the Block at Christie's". Architectural Digest. Retrieved 29 May 2018.
- "Harewood: Collecting in the Royal Tradition". Christie's. 5 December 2012. Retrieved 30 May 2018.
- "No. 33785". The London Gazette (Supplement). 29 December 1931. p. 1.
- Bradford, Sarah (1989). King George VI. London: Weidenfeld and Nicolson. p. 424. ISBN 0-297-79667-4.
- Allison, Ronald (1991). Allison, Ronald; Riddell, Sarah (eds.). The Royal Encyclopedia. Macmillan Press. ISBN 978-0333538104. (After her marriage in 1922) Princess Mary became the commandant-in-chief of the British Red Cross Detachments.
- Lucas, J. (2008). Thomas Beecham: An Obsession with Music. Boydell & Brewer Ltd, 2008. p. 183. ISBN 9781843834021. Retrieved 20 September 2019.
- Shawcross, William (2009), Queen Elizabeth The Queen Mother: The Official Biography, Macmillan, pp. 135–136, ISBN 978-1-4050-4859-0
|
|