მარია თედორეს ასული (ალექსანდრე III-ის მეუღლე)
მარია თედორეს ასული | |
---|---|
რუსეთის იმპერატრიცა | |
კორონაცია: | 27 მაისი, 1883 |
მმართ. დასაწყისი: | 13 მარტი, 1881 |
მმართ. დასასრული: | 1 ნოემბერი, 1894 |
წინამორბედი: | მარია ალექსანდროვნა |
მემკვიდრე: | ალექსანდრა ფეოდოროვნა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 26 ნოემბერი, 1847 |
დაბ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
გარდ. თარიღი: | 13 ოქტომბერი, 1928, (80 წლის) |
გარდ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
დაკრძ. ადგილი: |
როსკილეს კათედრალი, როსკილე, დანია (1928-2006) წმ. პეტრესა და პავლეს კათედრალი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი (2006-დღემდე) |
მეუღლე: |
ალექსანდრე III, რუსეთის იმპერატორი (ქ. 1866 - გარდ. 1894) |
შვილები: |
ნიკოლოზ II, რუსეთის იმპერატორი გიორგი ქსენია მიხეილი ოლღა |
სრული სახელი: | მარია სოფია ფრედერიკა დაგმარი |
დინასტია: | გლუქსბურგები |
მამა: | კრისტიან IX, დანიის მეფე |
დედა: | ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი |
რელიგია: |
ჯერ ლუთერანიზმი შემდეგ მართლმადიდებლობა |
მარია თედორეს ასული (რუს. Мария Фёдоровна), დაბ. მარია სოფია ფრედერიკა დაგმარ დანიელი (დან. Marie Sophie Frederikke Dagmar af Danmark; დ. 26 ნოემბერი, 1847, კოპენჰაგენი, დანია — გ. 13 ოქტომბერი, 1928, კოპენჰაგენი, დანია) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე კრისტიან IX-ისა და დედოფალ ლუიზას ასული. დანიის მეფე ფრედერიკ VIII-ის, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ალექსანდრა დანიელისა და საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ის და. სრულიად რუსეთის იმპერატრიცა 1881-1894 წლებში როგორც იმპერატორ ალექსანდრე III-ის მეუღლე. რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის დედა.
ბავშვობა და ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაგმარ დანიელი დაიბადა 1847 წელს კოპენჰაგენში. იგი იყო დანიის მეფე კრისტიან IX-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ლუიზა ფონ ჰესენ-კასელის შუათანა ქალიშვილი. პრინცესა მალევე მონათლეს ლუთერანად, მარია სოფია ფრედერიკა დაგმარის სახელით. მათ სახელი დანიის ქვრივი დედოფლის, მარია სოფია ფრედერიკა ფონ ჰესენ-კასელის (1767-1852) პატივსაცემად დაარქვეს.
პრინცესა დაგმარი განსაკუთრებით ახლოს იყო თავის უფროს დასთან, პრინცესა ალექსანდრასთან. მისი სხვა და-ძმები იყვნენ დანიის მეფე ფრედერიკ VIII, საბერძნეთის მეფე გეორგიოს I და ჰანოვერის პრინცესა ტირა დანიელი. დაგმარი განათლებას ალექსანდრასთან ერთად იღებდა. დებს შვედი ძიძა, ნენსი ედბერგი ზრდიდა[1].
აღსანიშნავია, რომ დაგმარის დაბადებისას მამამისი ჯერ კიდევ არ იყო დანიის მეფე. მან დანიის ტახტის მემკვიდრეობა ძირითადად ცოლის წარმომავლობის ხარჯზე მოიპოვა. იგი ტახტზე მხოლოდ 1863 წელს, უშვილო მეფე ფრედერიკ VII-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა.
ვინაიდან კრისტიან IX ტახტზე მხოლოდ ცოლის მემკვიდრეობის გამო იჯდა, მისი მმართველობა არამყარი იყო, რაც მათ დინასტიური ქორწინებებით გამოიყენეს. ალექსანდრა დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VII-ს მიათხოვეს, ფრედერიკი შვედეთის მეფე ოსკარ II-ის ასულ ლუიზაზე დააქორწინეს, გეორგიოსი რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილიშვილ ოლღა კონსტანტინოვნასთან შეაუღლეს, ხოლო ტირა ჰანოვერის მეფის ვაჟს მიათხოვეს, რის შემდეგაც დადგა დაგმარის ჯერიც.
ნიშნობა და ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთში გავრცელებულმა ანტი-გერმანულმა იდეოლოგიამ იმპერატორი ალექსანდრე II აიძულა, რომ თავისი უფროსი ვაჟის, ცარევიჩი ნიკოლოზისათვის მეუღლე გერმანიის გარდა, კიდევ სხვა ქვეყანაში ეძებნა, არადა მანამდე, რუსეთის მონარქებს ყოველთვის გერმანელი პრინცესები მოჰყავდათ ცოლებად. 1864 წელს, ევროპაში საცოლის საძებნელად წასული ნიკოლოზ ალექსანდროვიჩი კოპენჰაგენის სამეფო კარს ეწვია, სადაც პრინცესა დაგმარით მოიხიბლა და იმავე წელს დაინიშნა მასზე. მათი ქორწინება ვერ შედგა, რამეთუ 1865 წლის 24 აპრილს ნიკოლოზი სრულიად მოულოდნელად, 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსეთის იმპერატორს არ სურდა დანიასთან შექმნილი ალიანსის გაფუჭება, რის გამოც იმავე წლის აპრილშივე დაგმარი იმპერატორის მეორე ვაჟზე, ცარევიჩ ალექსანდრეზე დაინიშნა. დაგმარმა ალექსანდრე II-ისაგან პირადად მიიღო წერილში, რომელშიც იმპერატორი მას ერთობ ახლობლური ტონით ანუგეშებდა და იმედოვნებდა, რომ კვლავ მოისურვებდა მის ვაჟზე (ამჯერად ალექსანდრეზე) დაქორწინებას. 1866 წელს დანიის სამეფო კარს ალექსანდრე ალექსანდროვიჩი ეწვია, რომელმაც იმავე წლის ივნისში პრინცესა დაგმარს ხელი სთხოვა. დანიის პრინცესისაგან რუსეთის ცარევიჩმა თანხმობა მიიღო, რის შემდეგაც დაიწყო საქორწინო სამზადისი.
1866 წლის 1 სექტემბერს პრინცესა დაგმარმა მშობლიური დანია დატოვა. მის ამალაში შედიოდა გამოჩენილი დანიელი მწერალი ჰანს კრისტიან ანდერსენიც, რომელიც მას რუსეთამდე ჩაჰყვა. იგი დაგმარზე ასეთ რამეს წერდა:
პეტერბურგში ჩასვლისას დანიის პრინცესას ალექსანდრე II და მისი ოჯახი გულითადად მიესალმა. სულ მალე იგი მართლმადიდებლად მონათლეს. მან სახელი თავად შეირჩია და მარია ფეოდოროვნა დაირქვა. ამის შემდეგ მას ცარევნის წოდება მიენიჭა, რასაც მოჰყვა საქორწინო სამზადისის დაწყება. 1866 წლის 9 ნოემბერს პეტერბურგში, ზამთრის სასახლის სამლოცველოში ალექსანდრე ალექსანდროვიჩსა და მარია ფეოდოროვნას ჯვარი დასწერეს. ქორწინების ღამის შემდეგ ალექსანდრემ თავის დღიურში ასეთი რამ ჩაწერა:
მას შემდეგ, რაც მრავალმა საქორწინო მიღებამ ჩაიარა, წყვილი პეტერბურგში მდებარე ანიჩკოვის სასახლეში გადავიდა, სადაც ისინი მომდევნო თხუთმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ამ წლების განმავლობაში ისინი ყოველ ზაფხულს ყირიმში, ლივადიის საზაფხულო აგარაკში ატარებდნენ.
ცარევნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარგი გარეგნობისა და მოხდენილობის გამო მარია ფეოდოროვნამ რუსეთში პოპულარობა მალევე მოიპოვა. თავიდან მისი პრიორიტეტი რუსული ენის სწავლა და რუსი ხალხის ზნე-ჩვეულებების გაგება იყო. იგი იშვიათად ერეოდა პოლიტიკაში და ამჯობინებდა, რომ თავისი დრო და ენერგია ოჯახისა და საქველმოქმედო საქმიანობისათვის მიეძღვნა. მიუხედავად ამისა, მას დედამთილთან, იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნასთან პრობლემები ჰქონდა თავისი ანტი-გერმანული მენტალიტეტის გამო, რაც გერმანიის მიერ დანიური მიწების ანექსირებით იყო გამოწვეული.
იმპერატრიცა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმპერატორის მეუღლე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1881 წლის 13 მარტის დილით, 72 წლის იმპერატორი ალექსანდრე II სამხედრო აღლუმიდან ზამთრის სასახლეში დაბრუნებისას გზაში, ბომბით მოკლეს. მოგვიანებით მარია ფეოდოროვნა თავის დღიურებში წერდა მომაკვდავი მამამთილის შესახებ:
„მისი ფეხები საშინლად დამტვრეული და დასისხლიანებული იყო, მუხლი მთლიანად გადახსნილი ჰქონდა. როდესაც მარჯვენა ფეხიდან ჩექმა გახადეს, სისხლის საშინელი მასა გადმოიღვარა და დასახიჩრებული ფეხი გამოჩნდა...“
|
ალექსანდრე II სასახლეში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ამის გამო ახალი იმპერატორი ალექსანდრე III გახდა, რითაც მარია ფეოდოროვნა რუსეთის ახალი იმპერატრიცა გახდა. მატიანე მასზე წერდა „ის ნამდვილი იმპერატრიცაა“. თავად მარია ფეოდოროვნა ტახტზე ასვლის გამო დიდ პასუხისმებლობას გრძნობდა, რაც მისი ჩანაწერიდან ირკვევა:
„ჩვენი ბედნიერი და მშვიდობიანი დრო დასრულდა. ჩემი სილაღე და სიმშვიდე გაქრა, ახლა კი თავს უფრო მეტი შეზღუდვა უნდა დავუწესო...“
|
1883 წლის 27 მაისს კრემლში შედგა ალექსანდრესა და მარიას კორონაცია. იმის გამო, რომ შეთქმულთა დაკავება გაჭიანურდა, კორონაციის გადადება გახდა საჭირო, თუმცა ცერემონიას საერთო ჯამში 8,000-მდე ადამიანი დაესწრო.
იმის გამო, რომ შეთქმულებისა და სამეფო ოჯახზე თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობდა, კორონაციის შემდეგ მარია და ალექსანდრე შვილებთან ერთად გატჩინას სასახლეში გადავიდნენ, რომელიც პეტერბურგიდან 50 კილომეტრში, უფრო უსაფრთხო და დაცულ ადგილას მდებარეობდა. ამ სასახლეში 900 ოთახი იყო და იგი ჯერ კიდევ ეკატერინე II-ის დროს აშენდა. ალექსანდრე და მარია აქ 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, რის გამოც მათი შვილები სწორედ აქ აღიზარდნენ.
დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ იმპერატორი და იმპერატრიცა ხშირად ჩადიოდა დედაქალაქში ოფიციალურ ღონისძიებებზე დასასწრებად. გართობის მოყვარე მარია ფეოდოროვნა ხშირად სტუმრობდა ზამთრის სასახლეს, სადაც ბალ-მასკარადები იმართებოდა. იგი ასეთ ღონისძიებებს გატჩინაშიც აწყობდა ხოლმე. ალექსანდრეს ძალიან უყვარდა წვეულებები და გართობა, დალევის შემდეგ კი თავად იწყებდა მუსიკოსებისათვის ინსტრუმენტების გამორთმევასა და დაკვრას. როდესაც ეს ხდებოდა, მარიამ იცოდა, რომ ზეიმი დასრულდა და სტუმრებს უშვებდა.
ალექსანდრე III-ის წინააღმდეგ ანტი-მონარქისტებმა სწრაფად დაიწყეს ინტრიგების ხლართვა. ცნობილია, რომ სტუდენტთა ჯგუფი იმპერატორის მკვლელობას გეგმავდა. ეს უნდა მომხდარიყო ალექსანდრე II-ის მკვლელობის მეექვსე წლისთავზე, წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის კათედრალში. შეთქმულებმა ნაღმი ბიბლიაში დამალეს და ეკლესიაშიც უნდა შესულიყვნენ, თუმცა საიმპერატორო დაცვამ დანაღმული ბიბლია აღმოაჩინა და ხუთივე სტუდენტი ჩამოახრჩეს. ჩამომხრჩვალ სტუდენტებს შორის იყო ალექსანდრე უჟანოვი, ვლადიმირ ლენინის ძმა.
1894 წელს მარიას და, პრინცესა ალექსანდრა ეწვია გატჩინას სასახლეს. იგი სიძის დასუსტემაბ შეაშფოთა და დასაც შესჩივლა. იმპერატრიცამ დიდი ხნის განმავლობაში იცოდა, რომ ალექსანდრე ავადმყოფობდა. მან ისიც იცოდა, რომ იმპერატორი დიდ ხანს ვერ იცოცხლებდა, ამიტომაც თავის უფროს ვაჟთან, ცარევიჩ ნიკოლოზთან დაიწყო დაახლოვება, რადგან სწორედ მასზე იყო ქვეყნის, დინასტიისა და თავად მარიას მომავალიც.
ნიკოლოზს სურდა, რომ ჰესენის დიდი ჰერცოგის ასული ალისაზე დაქორწინებულიყო, რომელიც დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას ასულ ალისა ბრიტანელის ქალიშვილი იყო. ეს იდეა არც მარიას და არც ალექსანდრეს არ მოსწონდა. საბოლოოდ მშობლები დაჰყვნენ ვაჟის ნებას და ჰესენის პრინცესა პეტერბურგში ჩაიყვანეს. იგი მალევე მოინათლა მართლმადიდებლად და ნიკოლოზ I-ის ცოლის, ალექსანდრა ფეოდოროვნას სახელი დაირქვა. მარია ფეოდოროვნაცა და იმპერატორი ალექსანდრეც შეაშფოთა სარძლოს ბავშვურმა და დაუხვეწავმა ქმედებებმა, რაც მომავალ იმპერატრიცას არ შეეფერებოდა, თუმცა ორივენი უხალისოდ დასთანხმდნენ ქორწინებას.
იმპერატორის დედა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1894 წლის 1 ნოემბერს იმპერატორი ალექსანდრე III ლივადიაში, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავის დღიურში ამასთან დაკავშირებით მარია ფეოდოროვნამ ჩაწერა:
„ჩემი გული მთლიანად გაშრა და დეპრესიაში ვარ. მაგრამ როდესაც დავინახე მის სახეზე გამოსახული ნეტარი ღიმილი და სიმშვიდე, ძალა მომემატა.“
|
დაქვრივების შემდეგ მარია ფეოდოროვნა გარკვეული პერიოდი კონტაქტში არავისთან შედიოდა. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში მის გასამხნევებლად რუსეთში ჩავიდნენ მისი და, პრინცესა ალექსანდრა და მისი მეუღლე, უელსის პრინცი ედუარდი (მომავალში ედუარდ VII). სწორედ უელსის პრინცმა გაუწია ალექსანდრეს დაკრძალვას ორგანიზება და მანვე დანიშნა ნიკოლოზ II-ისა და თავისი დისწულის, ალექსანდრა ფეოდოროვნას ქორწილის თარიღი.
როგორც შემდგომში მარია ფეოდოროვნას შვილიშვილი ფელიქს იუზუპოვი იხსენებდა, მას დიდი გავლენა ჰქონდა რომანოვების ოჯახში. სერგეი ვიტი მის უნარებსა და დიპლომატიურობას აქებდა. ამასთან, მას ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა რძალთან, იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნასთან, რომელიც ყველაფერ ცუდში, მათ შორის რევოლუციაში, ბოროტებასა და სხვა მრავალ საქმეში დედამთილს ადანაშაულებდა[2].
მას შემდეგ, რაც ალექსანდრეს გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი გადაიტანა, მარია ფეოდოროვნა მომავლისადმი პოზიტიურად განეწყო და განაცხადა „ყველაფერი კარგად იქნება“. მან ცხოვრება პეტერბურგში, ანჩიკოვის სასახლეში განაგრძო. უკვე 1916 წლის დამლევს მარია ფეოდოროვნამ სამუდამოდ დატოვა სანქტ-პეტერბურგი და კიევში გადასახლდა, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა.
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იგი აქტიურად ცდილობდა თავის ვაჟზე გავლენის მოხდენასა და ფინეთის შენარჩუნებას. იგი ნიკოლოზს მოუწოდებდა, რომ ფინეთის დიდი საჰერცოგოს ავტონომიის დამრღვევი გუბერნატორი ბობრიკოვი დაესაჯა, რათა ფინელთა კეთილგანწყობა მოეპოვებინა, მაგრამ ამაოდ. ვინაიდან ვაჟი მას არ უჯერებდა, თავად მარია ფეოდოროვნა ჩავიდა მატარებლით ფინეთში და სახალხოდ გამოვიდა, სადაც წუხილი გამოთქვა არსებული ვითარების გამო.
რევოლუცია და გაქცევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1917 წლის თებერვალში რუსეთში რევოლუციამ იფეთქა. სწორედ ამ პერიოდში მარია ფეოდოროვნა ახალი დაბრუნებული იყო კიევში. როგორც აღმოჩნდა, კიევში ბევრი რამ იყო შეცვლილი და მის იქ ყოფნას აღარ მიესალმებოდნენ. ამის გამო იგი ოჯახთან ერთად მატარებლით გაემგზავრა ყირიმში, სადაც რომანოვები ერთ-ერთ რეზიდენციაში მცირე ხნით დაბინავდნენ. აქ მან მიიღო ინფორმაცია, რომ მისი ორი ვაჟი, რძლები და შვილიშვილები რევოლუციონერებმა ჩაიგდეს ტყვედ. 1918 წლის ივლისში მიიღო ცნობა, რომ მისი ორი ვაჟი, რძალი, რძლის და და ხუთი შვილიშვილი დახვრიტეს. ცნობილია, რომ მარია ფეოდოროვნამ ეს ინფორმაცია არ დაიჯერა და მთელი დარჩენილი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ ჭორი იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მათი დატყვევების ამბავი გაიგო, ასეთი რამ განაცხადა:
„და ვერავინ შეძლებს მათ დახმარებასა და გათავისუფლებას? მხოლოდ ღმერთი! ჩემი უფალი გადაარჩენს ჩემს ღარიბ, მწუხარე ნიკს, ღმერთო, დაეხმარე მას ამ მძიმე განსაცდელში.“
|
მოგვიანებით მის დღიურებში იპოვეს საკუთარი თავის გამამხნევებელი ჩანაწერებიც:
„დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველანი გამოვიდნენ რუსეთიდან და ახლა ბოლშევიკები ცდილობენ სიმართლის დამალვას.“
|
ცნობილია, რომ მარია ფეოდოროვნას სიკვდილამდე სჯეროდა ამის და ბოლომდე ამტკიცებდა შვილისა და შვილიშვილების სიცოცხლეს. სასოწარკვეთაში მყოფი ქვრივი იმპერატრიცა წერდა:
მოგვიანებით მისი ქალიშვილი ოლღა ალექსანდროვნა დედაზე ამბობდა, რომ რეალურად მან იცოდა სიმართლე, უბრალოდ თავს ამის დაჯერების უფლებას ვერ აძლევდა. მიუხედავად 1917 წელს მონარქიის დამხობისა, მარია ფეოდოროვნამ თავიდან უარი თქვა რუსეთის დატოვებაზე. მხოლოდ 1919 წელს დის, დიდი ბრიტანეთის დედა-დედოფალ ალექსანდრას ზეწოლით, უხალისოდ დათანხმდა ქვეყნიდან წასვლას და ლონდონში ჩასვლას. დეიდის ჩასაყვანად დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-მ საჰაერო ხომალდი HMS Marlborough გააგზავნა. ყირიმიდან იგი ჯერ მალტაზე ჩაიყვანეს, შემდეგ კი ლონდონში. ბრიტანეთში ცხოვრება მარია ფეოდოროვნამ ვერაფრით აიტანა, რის გამოც მალევე დატოვა ლონდონი და მშობლიურ დანიაში დაბრუნდა, სადაც კოპენჰაგენის გარეუბანში სახლი შეიძინა და იქ დასახლდა. მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი ალექსანდრა მას ყოველთვის კარგად და პატივით ექცეოდა, რუსეთის ყოფილმა იმპერატრიცამ ბრიტანეთში „მეორე ნომრად“ ყოფნა ვერ აიტანა, რისი მიზეზიც ის იყო, რომ მისი და ხალხში პოპულარობით სარგებლობდა, თავად კი მხოლოდ მეფის დევნილი დეიდა იყო.
მარია ფეოდოროვნას მეოხებით დანიამ მრავალი რუსი ემიგრანტი შეიფარა. ვინაიდან რუსებისათვის მარია კვლავ იმპერატრიცა იყო, იგი ხშირად ურთიერთობდა გაძევებულ და გაქცეულ რუს არისტოკრატებთან. 1921 წელს გამართულ რუსეთის მონარქისტულ ანსამბლეაზე მარია ფეოდოროვნას რუსეთის ტახტის ტიტულარულად დაკავება შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა და განაცხადა: „არავის უნახავს მოკლული ნიკი!“. ასევე მან დააფინანსა ნიკოლაი სოკოლოვის გამოძიება, რომელსაც ფარდა უნდა აეხადა იმპერატორის ოჯახის მკვლელობისათვის. როდესაც გამოძიება დასრულდა მარია ფეოდოროვნამ პარიზში გამომძიებელს წერილი გაუგზავნა და შეხვედრა გაუუქმა. ამრიგად, უკვე მოხუცმა და ავადმყოფმა მარიამ ვერ შეძლო თავისი ვაჟისა და შვილიშვილების მკვლელობისათვის გაესწორებინა თვალი და ამის წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებდა. ცნობილია, რომ იგი ბოლომდე ეძებდა შვილიშვილებს, რითაც არაერთხელ ისარგებლეს თაღლითებმა და თავის მის შვილიშვილებად გასაღება სცადეს. ყველაზე ცნობილი იყო ანა ანდერსონის შემთხვევა, რომელმაც კინაღამ დააჯერა მარია, რომ ანასტასია რომანოვა იყო, თუმცა მისმა ქალიშვილებმა მასში საკუთარი ძმისწული ვერ ამოიცნეს და იგი მალევე ამხილეს.
გარდაცვალება და დაკრძალვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1925 წლის ნოემბერში გარდაიცვალა მარია ფეოდოროვნას საყვარელი და, დედოფალი ალექსანდრა დანიელი. მისთვის ეს უკანასკნელი დანაკარგი იყო, რომელსაც გაუძლო. „მე მზადვარ შემოქმედთან შესახვედრად“ — წერდა თავის ერთ-ერთ უკანასკნელ წერილში. 1928 წლის 13 ოქტომბერს კოპენჰაგენში, სახლში, რომელშიც ალექსანდრასთან ერთად იზრდებოდა, 80 წლის მარია ფეოდოროვნა გარდაიცვალა.
კოპენჰაგენში, ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში წესის აგების შემდეგ, მარია ფეოდოროვნა გადაასვენეს და დაკრძალეს ქალაქ როსკილეს კათედრალში, დანიის მეფე-დედოფალთა საგვარეულო აკლდამაში. 2005 წელს დანიის დედოფალი მარგრეტე II-ისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობებმა მისი რუსეთში გადასვენების თემა წამოჭრეს. ამის მიზეზი მისივე ანდერძი გახდა, რომელშიც მარია ფეოდოროვნა სანქტ-პეტერბურგში, ქმრის გვერდით დაკრძალვას მოითხოვდა[3]. 2006 წელს დანიაში მარია ფეოდოროვნას ცხედრის ექსკუმაცია მოხდა. იმავე წლის 28 სექტემბერს, რუსეთში მისი ჩასვლიდან 140 წლის თავზე, მისი გარდაცვალებიდან 78 წლის შემდეგ, მარია ფეოდოროვნა სანქტ-პეტერბურგის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში, ალექსანდრე III-ის გვერდით, მართლმადიდებლური წესით დაკრძალეს.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელი | სურათი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|---|
ნიკოლოზი | 18 მაისი, 1868, | 17 ივლისი, 1918,
(50 წლის) |
რუსეთის ბოლო იმპერატორი 1894-1917 წლებში. ცოლად შეირთო დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილი ალისა ჰესენელი, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი: ოლღა, ტატიანა, მარია, ანასტასია და ალექსეი. ის და მისი ცოლ-შვილი ბოლშევიკებმა დახვრიტეს რევოლუციის შემდეგ.
| |
ალექსანდრე | 7 ივნისი, 1869, | 2 მაისი, 1870,
(10 თვის) |
გარდაიცვალა ჩვილი, მენინგიტით. | |
გიორგი | 9 მაისი, 1871, | 10 ივლისი, 1899,
(28 წლის) |
რუსეთის დიდი მთავარი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო, მოპედით სეირნობისას. | |
ქსენია | 6 აპრილი, 1875, | 20 აპრილი, 1960,
(85 წლის) |
რუსეთის დიდი მთავარი. ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილ ალექსანდრე მიხაილოვიჩს, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი. რევოლუციის გამო მან ოჯახთან ერთად დატოვა სამშობლო და ბრიტანეთში გადასახლდა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება. | |
მიხეილი | 4 დეკემბერი, 1878, | 13 ივნისი, 1918,
(39 წლის) |
რუსეთის დიდი მთავარი. ცოლად შეირთო ნატალია ბრასოვა, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი, გრაფი ალექსანდრე ბრასოვი. მისი ცოლ-შვილი გაიქცა, თუმცა რევოლუციისას იგი ბოლშევიკებმა დახვრიტეს. | |
ოლღა | 13 ივნისი, 1882, | 24 ნოემბერი, 1960,
(78 წლის) |
რუსეთის დიდი მთავარი. პირველად დაქორწინდა ოლდენბურგის ჰერცოგ პეტრე ალექსანდროვიჩზე, რომელსაც მოგვიანებით გაეყარა და ცოლად გაჰყვა გრაფ ნიკოლაი კინსკის, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი. რევოლუციის გამო ქმარ-შვილთან ერთად დატოვა სამშობლო ჯერ ყირიმში, შემდეგ კი გერმანიაში გაიქცა, თუმცა სტალინის მიერ ბერლინის აღების გამო იგი იძულებული გახდა კანადაში გაქცეულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც. |
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნახატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Barkovets, A. I.; Tenikhina, V. M. (2006). Empress Maria Fiodorovna. St. Petersburg: Abris Publishers.
- Battiscombe, Georgina (1969). Queen Alexandra. Constable & Company.
- Hall, Coryne (2001). Little Mother of Russia: a Biography of Empress Marie Feodorovna. London: Shepheard-Walwyn. ISBN 978-0-8419-1421-6.
- King, Greg (2006). The Court of the Last Tsar: Pomp, Power and Pageantry in the Reign of Nicholas II. Hoboken, NJ: John Wiley & Sons. ISBN 978-0-471-72763-7.
- Korneva, Galina; Cheboksarova, Tatiana (2006). Empress Maria Feodorovna's Favourite Residences in Russia and Denmark. St. Petersburg: Liki Rossi.
- Lerche, Anna; Mandal, Marcus (2003). A Royal Family – The Story of Christian IX and his European descendants. Aschehoug. ISBN 87-15-10957-7.
- Malevinsky, P. (1900). Императорский ширококолейный поезд для путешествий по России постройки 1896 - 1897 гг. Составлено под руководством Временного Строительного Комитета по постройке Императорских поездов инженером П. Малевинским [Imperial broad-gauge train for travel in Russia, constructed in 1896-1897] (PDF) (in Russian). МПС России (Russia's Ministry of the Means of Transportation).
- Rappaport, Helen (2018). The Race to save the Romanoffs. New York: St Martin’s Press. ISBN 978-1-250-15121-6.</ref>
- Van der Kiste, John (2004). The Romanovs: 1818–1959. Stroud, UK: Sutton Publishing. ISBN 075093459X.
- Vorres, Ian (1985). The Last Grand Duchess. London: Finedawn Publishers.
- Welch, Frances (2018). The Imperial Tea Party: Family, Politics and Betrayal; The Ill-fated British and Russian Royal Alliance. London: Short Books. ISBN 978-1-78072-306-8.
- King, Greg, The Last Empress, Citadel Press Book, 1994. ISBN 0-8065-1761-1. p. 299-300
- Volkov, Solomon (2010). "5". St Petersburg: A Cultural History. New York: Simon and Schuster. p. 337. ISBN 9781451603156.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაკრძალვის ცერემონია
- დანიის საგარეო სამინისტროს გვერდი დაარქივებული 2006-10-12 საიტზე Wayback Machine. (რუსული)(ინგლისური)
- http://purl.org/pressemappe20/folder/pe/011936
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
|
|