მანდარინი
მანდარინი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Citrus reticulata | ||||||||||||||
|
მანდარინი — მარადმწვანე სუბტროპიკული ხეხილოვანი მცენარე Citrus-ის გვარის ტეგანისებრთა ოჯახისა.
მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველაზე უფრო გავრცელებულია მანდარინი უნშიუ (Citrus unshiu), ხის სიმაღლე 3 მ-მდეა, ვარჯნის დიამეტრი 3-3,5 მ. ყვავილი საკმაოდ დიდია, ორსქესიანი, გვირვინის ფურცლები შეიცავენ ჯირკვლებს, რომელშიაც დიდი რაოდენობითაა ეთეროვანი ზეთი, ნაყოფი უთესლოა, მასა 60-80 გ. კანი ნარინჯისფერია, რბილობი — ღია ნარინჯისფერი, წვნიანი. წვენი შეიცავს 3-10% შაქრებს, 0,9%-1%-მდე მჟავებს (უმთავრესად ლიმონის), 23-55 მგ% C ვიტამინს და სხვა. ნაყოფს იყენებენ უმეტესად ნედლად, აგრეთვე გადამუშავებულს (წვენი, ჯემი, მურაბა, კომპოტი და სხვა). კანი მდიდარია პექტინოვანი ნივთიერებებით, ეთეროვანი ზეთებითა და გლიკოზიდებით, იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში, აგრეთვე ეთეროვანი ზეთების მისაღებად, ხოლო ამ უკანასკნელს — პარფიუმერიისა და კვების მრეწველობაში.
ციტრუსოვან კულტურათა შორის მანდარინი უნშიუ გამოირჩევა შედარებით მაღალი ყინვაგამძლეობით. მანდარინი მსხმოიარობას იწყებს ოკულირებიდან (კვირტით მყნობა) მე-4 წელს. 10-12 წლის ხეების მოსავალმა შეიძლება მიაწიოს 50 ტ ჰა-ზე. მანდარინის ძირითადი ნარგაობა თავმოყრილია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სუბტროპიკულ რაიონებში. უმთავრესად კულტივირებულია უნშიუს ჯიში, მცირე რაოდენობით საადრეო ჯიში — კოვანოვასე. მანდარინს უმთავრესად ამრავლებენ ოკულირებით, იშვიათად — კალმის მყნობით. ძირითადი საძირეა ტრიფოლიატა.
საქართველოში 1885 წელს პირველად შემოიტანეს იტალიიდან მანდარინი, რომელმაც სამრეწველო მნიშვნელობა ვერ მიიღო, რადგან დაბალი ყინვაგამძლეობის აღმოჩნდა და ნაყოფი დროზე არ მწიფდებოდა. ის შეცვალა უნშიუმ, რომელიც 1896 წელს შემოიტანეს იაპონიიდან და სწრაფად გავრცელდა. ამჟამად 19 ათ. ჰა ფართობი უკავია და ყოველწლიურად 100-120 ათ. ტ-ზე მეტ მოსავალს იძლევა. მანდარინის პლანტაციებს ძლიერ აზიანებს მავნებლები — ფარიანები და ცრუფარიანები; დაავადებებიდან აღსანიშნავია გუმოზი, ქლოროზი, ანთრაკნოზი, ციტრუსების ბაქტერიული ნეკროზი და სხვა. სამკურნალოდ იყენებენ ბორდოს სითხის 1% ხსნარსა და ცინებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლეკვეიშვილი ი., ციტრუსოვანი წარმოების მეცნიერული საფუძვლები, ნაწ., 1, თბ., 1978;
- ლეკვეიშვილი ი., ქსე, ტ. 6, გვ. 405, თბ., 1983