მაარი
მაარი (გერმ. Маar) — თითქმის ბრტყელძირიანი ვულკანური წარმოშობის ძაბრისებრი ან ცილინდრული ფორმის ჩაღრმავება დედამიწის ზედაპირზე. წარმოადგენს ვულკანურ კონუსთან დაუკავშირებელ პატარა ზომის, დაბალტემპერატურიანი ვულკანური აფეთქების შედეგად დანგრეულ კრატერს, რომლის უკონუსო ყელს გარს აკრავს ამოფრქვეული ფხვიერი მასალის ზვინული.[1]
მაარი წარმოიქმნება ვულკანური აირების ერთჯერადი აფეთქების შედეგად (ლავის ამოუღვრელად). მისი დიამეტრი იცვლება რამდენიმე ასეული მ-იდან რამდენიმე ათას მ-მდე; სიღრმე რამდენიმე ათეული მ-იდან რამდენიმე ასეულ მ-მდე. გარშემორტყმულია რგოლისებრი ზვინულით, რომელიც ხშირად მომრგვალო ფორმის ტბას უკავია. ამ მხრივ, აღსანიშნავია გერმანიაში მდებარე მაარული ტბა ლახერ-ზეე, რომლის მაქსიმალური სიღრმე 53 მ აღწევს. მაარის ზემო ნაწილის დენუდაციისას რჩება მხოლოდ აფეთქების მილი. ზოგჯერ იგი ამოვსებულია ულტრაფუძე ქანებით — კიმბერლიტებით, რომელიც ადგილ-ადგილ შეიცავს ალმასს.[2]
დამახასიათებელია შლაკური საფრის უმნიშვნელო განვითარება, ლავური ნაკადების არყოფნა, მოკლე პერიოდული ამონთხევა და დაწყებითი აფეთქების დიდი ძალა. გამოიყოფა ტუფური, ბაზალტური, აირული მაარები და ფსევდომაარები.[3]
დაბალი რგოლისებრი ზვინული უმეტესწილად აგებულია ამოფრქვევის დროს ამოსროლილი ფუძე ქანების ნატეხებით. მაარის ცენტრალურ ნაწილში ზოგჯერ აღმართულია ლავური გუმბათი, რომელიც ყალიბდება ვულკანური ციკლის ბოლოს. შლაკურ და ფერფლოვან კონუსებთან, ლავურ გუმბათებთან, ტუფურ რგოლებთან ერთად მაარი წარმოქმნის ვულკანურ მინდორსა და ჯაჭვს.[2]
მაარი განსაკუთრებით განვითარებულია გერმანიასა (აიფელი) და საფრანგეთში (ოვერნი). გარდა ამისა, იგი გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკასა (აშშ, კანადა) და სამხრეთ ამერიკაში (პატაგონია) და სხვა.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მაარი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- მაარი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Маары // Большая советская энциклопеди
- ↑ 2.0 2.1 Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.
- ↑ Маары // Геологическая энциклопедия
|