შინაარსზე გადასვლა

ლონდონის დიდი ხანძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ლონდონის დიდი ხანძარი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ლონდონის დიდი ხანძარი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ლონდონის დიდი ხანძარი
(Alt ტექსტი სურათისათვის)
„ლონდონის დიდი ხანძარი“ – უცნობი მხატვრის ნამუშევარი. სავარაუდოდ, უნდა აღწერდეს სამშაბათ საღამოს (4 სექტემბერი, 1666 წ.) და დახატული უნდა იყოს ნავიდან ტაუერ-ვარფის მიდამოებში. მარჯვნივ მოჩანს ლონდონის ტაუერი, ხოლო მარცხნივ – ლონდონის ხიდი, მათ უკან, მოშორებით, ცეცხლის ალში გახვეულია ძველი წმინდა პავლეს კათედრალი.
მდებარეობა დიდი ბრიტანეთის დროშა ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
თარიღი 2 სექტემბერი5 სექტემბერი 1666
შედეგი მთლიანად დაიწვა 13 200 სახლი და 87 ეკლესია; უსახლკაროდ დარჩა 80 000–ზე მეტი ადამიანი.

ლონდონის დიდი ხანძარი — უდიდესი ხანძარი ინგლისის ისტორიაში, რომელმაც მოიცვა გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონის ცენტრალური ნაწილი და მძვინვარებდა 1666 წლის 2 სექტემბრიდან 5 სექტემბრამდე.[1] ხანძარმა მთლიანად გადაწვა შუა საუკუნეებში აშენებული ქალაქის საქმიანი უბანი სიტი, რომელიც მოქცეული იყო რომაელების მიერ აგებულ ლონდონის კედლის შიგნით. მიუხედავად საშიშროებისა, ხანძარი არ გავრცელებულა ქალაქის არისტოკრატიულ ნაწილ უესტმინსტერსა (სადაც მდებარეობდა ჩარლზ II-ის უაიტჰოლის სასახლე) და გარეუბნების ღარიბული დასახლებების დიდ ნაწილზე.[2] განადგურდა 13 200 სახლი, 87 ეკლესია, წმინდა პავლეს კათედრალი და სიტის სამმართველო შენობების უმეტესობა; უსახლკაროდ დარჩა ლონდონის 80 000 მცხოვრები.[3] გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი მცირე იყო, რადგან ოფიციალურად ამ ხანძრით დაღუპვის მხოლოდ ექვსი შემთხვევაა ჩანიშნული. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხანძრის შემდეგ ღარიბი და საშუალო ფენის ადამიანებით დასახლებული ადგილები არ აღწერილა, სადაც, შეიძლება, ხანძარმა თავისი მსხვერპლი ისე დაწვა, რომ მათი პოვნა შენობის ფერფლში ვეღარ მოხერხდა. ლონდონის მუზეუმში გამოფენილი თიხის იმ დამდნარი ნაჭრის ანალიზით, რომელიც ხანძრის გაჩენის ადგილ პუდინგ-ლეინზე იპოვეს, დადგინდა, რომ აქ ტემპერატურა 1700 °C-ს აღწევდა.[4]

ხანძარი გაჩნდა ტომას ფარინერის საცხობში, პუდინგ-ლეინზე, კვირას, 2 სექტემბერს, შუაღამიდან ცოტა ხანში და სწრაფად გავრცელდა სიტის რაიონში დასავლეთით. იმჟამინდელი მთავარი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის გამოყენება და ცეცხლისთვის ხელოვნური ბარიერების მოწყობა, რაც შენობათა ნაწილის დანგრევას გულისხმობდა, უკიდურესად დააყოვნა ლონდონის ლორდ-მაიორმა ტომას ბლუდვორთმა, რომელმაც ვერ გაბედა რადიკალურ ზომების მიღება. ნგრევის ბრძანება მხოლოდ კვირა ღამით გაიცა, როდესაც საცხობში გაჩენილი ცეცხლი ძლიერ ქარს ცეცხლოვან ქარიშხლად გადაექცია და მიღებულმა ზომებმა ვეღარ შეძლეს ხანძრის შეჩერება. ორშაბათს ხანძარი ჩრდილოეთითაც გავრცელდა და მიაღწია ქალაქის გულს. პარალელურად ქალაქში გაჩნდა ჭორი, რომ ხანძარს აჩენდნენ ლონდონში მცხოვრები უცხოელები. უსახლკარო მოსახლეობას გაუჩნდა შიში და ამის გამო მათ ეჭვი მიიტანეს ფრანგებსა და ნიდერლანდელებზეინგლისელების იმჟამინდელ მოწინააღმდეგეებზე ინგლის-ჰოლანდიის ომში; იმიგრანტთა ეს ჯგუფები გახდნენ ქუჩაში ძალადობისა და ლინჩის წესით გასამართლების მსხვერპლნი. სამშაბათს ხანძარი გავრცელდა სიტის უმეტეს ნაწილზე, გაანადგურა წმინდა პავლეს კათედრალი, გადალახა მდინარე ფლიტი და დაემუქრა მეფე ჩარლზ II-ის სასახლე უაიტჰოლს. მაგრამ სწორედ ამ დროს მოხერხდა ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების კოორდინირება, რამაც ხელი შეუშალა ცეცხლის ახალ ადგილებზე გადასვლას. ხანძრის მთლიანად ჩაქრობა ძირითადად ორმა ფაქტორმა განაპირობა: ჩადგა აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო ლონდონის ტაუერის გარნიზონმა გამოიყენა დენთი, რათა აფეთქებებით შეექმნათ ეფექტიანი ბარიერები ცეცხლის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად.

ხანძრით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ქვეყნისთვის უზარმაზარი იყო. სასწრაფო ევაკუაციას და დაზარალებულთათვის ახალი საცხოვრებლების მიცემას ხელს აქტიურად უწყობდა მეფე ჩარლზ II, რომელიც უფრთხოდა საკუთრებადაკარგული ლტოლვილების მასობრივ აჯანყებას. მიუხედავად მრავალი ვარიანტისა, ლონდონის რეკონსტრუქცია ჩატარდა არსებითად იმავე ქალაქგეგმარებითა და ქუჩათა წყობით, რაც ხანძრამდე იყო.[5]

ლონდონი 1660-იან წლებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ცენტრალური ლონდონი 1666 წელს, დამწვარი ტერიტორია ნაჩვენებია ვარდისფრად.

1660-იანი წლებისთვის ლონდონი იყო ბრიტანეთის უდიდესი ქალაქი ნახევარი მილიონი მცხოვრებით. ინგლისელი მწერალი ჯონ ივლინი, ბაროკოს სტილის არქიტექტურის მქონე პარიზთან შედარებისას, ინგლისის დედაქალაქს ასე ახასიათებს:

ვიკიციტატა
„ხით ნაგები, ჩრდილოური, მჭიდროდ დასახლებული სახლებით გაშენებული ქალაქი“

და აღნიშნავს ხანძრის ადვილად გავრცელების მაღალ რისკს, ხის შენობებისა და დიდი სიმჭიდროვის გამო.[6] სახლები აგებული იყო ყოველგვარი დაგეგმარების გარეშე და ქალაქი იზრდებოდა ქაოსურად. ბოლო 400 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა რომაელების მიერ აგებული დამცავი კედლის შიგნით მოქცეული უბნის მოსახლეობა. მკვეთრად იმატა მცხოვრებთა რაოდენობამ კედლის გარეთ არსებულ ისეთ ჭუჭყიან, ღარიბულ დასახლებებშიც, როგორებიცაა შოურდიჩი, ჰოლბორნი და საუთარკი და მიაღწია განცალკევებით მდებარე უესტმინსტერის დასახლებას.[7]

XVII საუკუნის ბოლოსთვის სიტის ტერიტორია, რომელიც შემოსაზღვრული იყო კედლითა და მდინარე ტემზით, ლონდონის მხოლოდ პატარა ნაწილს წარმოადგენდა, რომელსაც 700 აკრის (2,833 კმ²)[8] ფართობი ეჭირა, ხოლო მკვიდრთა რაოდენობა კი 80 000-ს, ანუ მთლიანი მოსახლეობის ერთ მეექვსედს, აღწევდა. სიტი გარშემორტყმული იყო გარეუბნების რკალით, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ცხოვრობდა. სიტი მაშინაც, ისევე როგორც დღეს, დედაქალაქის კომერციული ცენტრი იყო. ის, აგრეთვე, იყო ინგლისის უმსხვილესი და ყველაზე გადატვირთული პორტი, რომელსაც ვაჭართა და მეწარმეთა ფენა ფლობდა.[9] არისტოკრატია თავს არიდებდა სიტის და ცხოვრობდა ქალაქგარეთ, ღარიბული უბნებისგან მოშორებით ან უესტმინსტერის რაიონში (დღევანდელი უესტ-ენდი), სადაც მეფის სასახლე – უაიტჰოლი მდებარეობდა. შეძლებული ლონდონელები ამჯობინებდნენ, ეცხოვრათ მოსახერხებელი მანძილის დაშორებით გადატვირთული, დაბინძურებული, არაჯანსაღი სიტისგან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ დასახლებებში ბუბონური ჭირის ეპიდემია გავრცელდა 1665 წელს.

იმ პერიოდში სამეფო კარსა და სიტის შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბული იყო. სამოქალაქო ომის წლებში (1642–1651) ლონდონის სიტი რესპუბლიკელების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა და დედაქალაქის ეს მდიდარი და ეკონომიკურად ძლიერი ნაწილი პოტენციურად დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ჩარლზ II-ისთვის. 1660-იანი წლების დასაწყისში აჯანყებულმა რესპუბლიკელებმა რამდენიმე დემონსტრაცია მოაწყვეს მონარქიის წინააღმდეგ. სიტის მოსამართლეები იმ თაობის წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც სამოქალაქო ომში იბრძოდა და კარგად ახსოვდათ, რა ზიანი მიაყენა ქვეყანას ჩარლზ I-ის სწრაფვამ აბსოლუტური ძალაუფლებისკენ.[10] მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, წინ აღდგომოდნენ მამის ქცევების მსგავს ყოველგვარ მცდელობას ჩარლზ II-ის მხრიდან და ამიტომ მაშინაც კი, როცა ხანძარმა მთლიანად განადგურების საფრთხე შეუქმნა სიტის, მათ უარი თქვეს ჯარით და სხვა რესურსებით დახმარებაზე, რომელიც მეფემ შესთავაზა. ასეთ საგანგაშო მომენტშიც კი მეფის ჯარების სიტიში შესვლა ნამდვილი პოლიტიკური დინამიტი იყო. ამ დროისთვის გენერალ-მაიორისგან ჩარლზ II-ს უკვე ჰქონდა მიღებული ცნობა, რომ ხანძარი უკონტროლო გამხდარიყო.[11]

ლონდონის პანორამა 1616 წელს - კლას ფიშერი. შენიშვნა: ლონდონის ხიდზე (სურათის მარჯვენა ნაწილი) ჩანს ზედ აგებული სახლები, რაც აშკარად დიდ საფრთხეს ქმნის ხანძრის შემთხვევაში. თუმცა შენობების უმეტესობა 1632 წლის ხანძარმა გაანადგურა.
ლონდონის პანორამა 1616 წელს - კლას ფიშერი. შენიშვნა: ლონდონის ხიდზე (სურათის მარჯვენა ნაწილი) ჩანს ზედ აგებული სახლები, რაც აშკარად დიდ საფრთხეს ქმნის ხანძრის შემთხვევაში. თუმცა შენობების უმეტესობა 1632 წლის ხანძარმა გაანადგურა.

ხანძრის საშიშროება სიტიში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩარლზ II

სიტის ქუჩები არსებითად შუა საუკუნეების სტილისა და წყობის იყო – გადატვირთული, ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული, მოკირწყლული ხეივნებით. 1666 წლამდე ქალაქის ამ უბანმა რამდენიმე დიდი ხანძარი გამოიარა, მათ შორის უკანასკნელი 1632 წელს იყო მომხდარი. სახლების ხით შენება და ჩალით გადახურვა საკუნეების მანძილზე აკრძალული იყო ლონდონში, თუმცა ამ იაფ მასალას მაინც იყენებდნენ კანონდარღვევით.[12] ქვით ნაგები შენობები მხოლოდ სიტის ცენტრში იყო, სადაც იდგა ვაჭრებისა და ბროკერების დიდი სახლები, ხოლო გარშემო გაშენებული იყო ღარიბთა დასახლებები, რომელთა ყოველი გოჯი ფართობი ათვისებული ჰქონდა სწრაფად მზარდ მოსახლეობას. ეს უბნები მოიცავდა ისეთ სამუშაო ადგილებსაც, სადაც ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი იყო, მათ შორის: ფოლადის სადნობი ქარხნები, სამჭედლოები და მინის საამქროები. წესით, სიტიში ყველა ეს საქმიანობა კანონით აკრძალულად ითვლებოდა, თუმცა პრაქტიკაში დაშვებული იყო. საცხოვრებელი სახლებიც ძალიან ზრდიდა ხანძრის რისკს. ამ პერიოდის ლონდონის ტიპური ექვს ან შვიდსართულიანი სახლი მთლიანად ხისაგან იყო ნაგები. გარდა ამისა, მათი საძირკველი და პირველი სართული იყო მცირე ფართობის, თუმცა ადგილის მოგების მიზნით, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ზედა სართულები თანდათან იზრდებოდა ზომაში. იმ პერიოდის ერთი აღმწერელი წერს:

ვიკიციტატა
„ ეს, როგორც აადვილებდა ხანძრის გავრცელებას, ისე ართულებდა საწინააღმდეგო ზომების მიღებას.[13] თუმცა, მოსახლეობის სიხარბე და მოსამართლეებისგან თვალის დახუჭვა [კორუფციის გამო] ხანძრის სასარგებლოდ მოქმედებდა.“

1661 წელს ჩარლზ II-მ გამოსცა პროკლამაცია, რომელიც კრძალავდა ხის საყრდენებს და გადმოკიდებულ აივნებს, თუმცა ამ კანონს სიტის ადგილობრივი მთავრობა სრულად უგულვებელჰყოფდა. ჩარლზის შემდგომი, უფრო მკვეთრი ბრძანება, 1665 წელს, აფრთხილებდა მოსახლეობას ხანძრის რისკის შესახებ, რომელიც გამოწვეული იყო ქუჩების სივიწროვისგან და იღებდა უფლებას, დაეპატიმრებინათ ურჩი მშენებლები და დაენგრიათ საშიში შენობები. მეფის ამ ქმედებამ მხოლოდ მცირედი ეფექტი მოახდინა.

მდინარის სიახლოვემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხანძრის განვითარებაში. ტემზა, ერთი მხრივ, ნავებით გაქცევის შესაძლებლობას იძლეოდა და წყლით ამარაგებდა მეხანძრეებს, თუმცა ღარიბ უბნებში მდინარის გასწვრივ იყო სწრაფად წვადი მასალით აგებული მაღაზიები და სარდაფები, რომელიც კიდევ უფრო ზრდიდა ხანძრის რისკს. ნავსადგურები, მოყანყალებული ბინები და ქოხმახები მოქცეული იყო „ძველ ქაღალდის შენობებსა და ყველაზე ადვილად აალებად მასალებს: კუპრს, ფისს, კანაფსა და სელს შორის, რომლებიც გარშემო ყველგან იყო.“[14] ლონდონი, ასევე, სავსე იყო ტყვია-წამლით, განსაკუთრებით მდინარის სანაპიროზე. მათი უმეტესობა მოსახლეობის კერძო სახლებში ინგლისის სამოქალაქო ომიდან შემორჩა. ოლივერ კრომველის ახალი მოდელის არმიის ყოფილი წევრები კვლავაც ინახავდნენ საკუთარ მუშკეტებსა და თოფის წამალს. იმ დროისათვის ლონდონის ტაუერში ხუთასიდან ექვსას ტონამდე დენთი ინახებოდა.[15] გარდა ამისა, ნავსადგურში საზღვაო ვაჭრები თავიანთ საქონელს ხის კასრებში ინახავდნენ.

XVII საუკუნის ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ე.წ. „ხანძრის ანკესს“ იყენებენ ტივერტონის ხანძრის ჩასაქრობად 1612 წელს.

ხანძარი ჩვეულებრივი მოვლენა იყო ხალხმრავალ, ხის სახლებით ნაგებ ქალაქში, სადაც ყოველდღიურად იყენებდნენ ღია ბუხრებს, სანთლებს და ღუმელებს. ამ დროისთვის არ არსებობდა პოლიციის ან სახანძრო ბრიგადის გამოძახების შესაძლებლობა, თუმცა ლონდონის ადგილობრივ მილიციას, რომელიც გაწვრთნილი რაზმის (Trainband) სახელით იყო ცნობილი, სულ მცირე, კანონის მიხედვით, ვალდებულნი იყვნენ, მიექციათ ყურადღება ყველა გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის ქალაქში, ხოლო ხანძრისთვის თვალყურის დევნება იმდროინდელი ღამის გუშაგების ერთ-ერთი სამსახურეობრივი მოვალეობა იყო. ლონდონში ათასობით გუშაგი და მეზარე (ქალაქის მაცნე) იყო, რომლებიც ქუჩებში ღამით პატრულირებდნენ. [16] სიტის ურჩი საზოგადოება საკუთარ თავზე იღებდა ხანძრის საწინააღმდეგო პროცედურებს, რაც, როგორც წესი, ეფექტიანი იყო. საზოგადოებრივ წესრიგზე მზრუნველი მოქალაქე, საშიში სახლის შემჩნევის შემთხვევაში, ეკლესიის ზარების რეკვით აძლევდა ნიშანს მოსახლეობას, რათა სწრაფად შეკრებილიყვნენ და ერთად დაეწყოთ ცეცხლის ჩაქრობა. მეთოდები, რომლებსაც იყენებდნენ, იყო დანგრევა და წყლის დასხმა. კანონით, ყველა ეკლესიის სამრეკლოს მსგავსი შემთხვევებისთვის უნდა ჰქონოდა შესაბამისი აღჭურვილობა: გრძელი კიბეები, ტყავის სათლები, ნაჯახები და ე.წ. „ხანძრის ანკესები“ შენობების ჩამოსანგრევად (საილუსტრაციოდ იხილეთ სურათი მარჯვნივ).[17] ზოგჯერ უფრო მაღალ შენობებს მიწის დონეზე დენთის აფეთქებით ასწორებდნენ. ცეცხლისთვის ბარიერის შესაქმნელად რადიკალური ღონისძიებები მხოლოდ ხანძრის ბოლოს გატარდა. თანამედროვე ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ სწორედ ამან დაამარცხა სტიქია.[18]

წარუმატებლობა ხანძართან ბრძოლაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედარებით პატარა და ბორბლებზე მოძრავი ადვილად მართვადი სახანძრო მოწყობილობის რეკლამა: „ეს მანქანა, (რომელიც არის საუკეთესო) ხანძრის ჩასაქრობად დამზადებულია ჯონ კილინგის მიერ ბლეკ-ფრაიერსში (მრავალწლიანი გამოცდის შემდეგ).“

ლონდონის ხიდისიტისა და მდინარე ტემზის სამხრეთ სანაპიროს ერთადერთი ფიზიკური დამაკავშირებელი, თავად იყო დაფარული სახლებით და მთავარ სასიკვდილო ხაფანგად მიიჩნევა 1632 წლის ხანძრისას. კვირა განთიადიდანვე ეს სახლები იწვოდა და სემიუელ პიპსმა, რომელიც ხანძარს ლონდონის ტაუერიდან უყურებდა, საკუთარ დღიურში ჩაიწერა ხიდზე მცხოვრები მეგობრების ამბები.[19] იყო იმის საშიშროება, რომ ხანძარი გადაკვეთდა ხიდს და ცეცხლის კერები გავრცელდებოდა მდინარის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე საუთარკის დასახლებაში, მაგრამ ეს საფრთხე თავიდან იქნა არიდებული ხიდზე მდებარე შენობებს შორის არსებული დაშორების გამო.[20] ხუთმეტრ-ნახევარი სიმაღლის (18 ფუტი) ლონდონის კედელი, რომელიც გარს ერტყა სიტის, ქმნიდა რისკს, რომ მის შიგნით მყოფი უსახლკაროები ცეცხლში მომწყვდეულიყვნენ. მაშინ, როდესაც მდინარის სანაპირო მთლიანად ცეცხლმა მოიცვა და შეუძლებელი გახდა ნავებით გაქცევა, თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად ქალაქის კედლის რვა კარიბჭე იქცა. პირველი ორი დღის განმავლობაში ცოტა ადამიანი ტოვებდა სიტის ხანძრის საშიშროების გამო. მათ საკუთარი ქონება, რისი წაღებაც შეეძლოთ, ძირითადად გადაჰქონდათ უახლოეს „უსაფრთხო სახლში“, ხშირ შემთხვევაში, ეს იყო ადგილობრივი ეკლესია ან წმინდა პავლეს კათედრალის მიმდებარე ტერიტორია. თუმცა მათ რამდენიმე საათში კვლავ უხდებოდათ ნივთების სხვაგან გადაზიდვა. ზოგიერთ მათგანს საკუთარი ქონების გადატანა დღეში „ოთხჯერ ან ხუთჯერ“ უწევდა.[21] იმ აზრმა, რომ აუცილებელი იყო კედლის მიღმა გაქცევა, მოსახლეობაში ფესვი მხოლოდ ორშაბათ ღამით გაიდგა. ამ მომენტიდან ქალაქის კედლის ვიწრო ჭიშკრებთან პანიკური მდგომარეობა შეიქმნა, სადაც ხანძრისგან დევნილი მოსახლეობა გაქცევას საკუთარ ბოხჩებთან, ურმებთან, ცხენებთან და ფურგონებთან ერთად ცდილობდა.

მთავარი ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუშალა ხანძრის ჩაქრობას, იყო ქუჩების სივიწროვე. ჩვეულებრივ შემთხვევებშიც კი, ურმების, ფურგონებისა და ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა ვიწრო ხეივნებში ხშირად ქმნიდა საცობებს. ხანძრის დროს კი გადასასვლელები დამატებით გადაკეტა ლტოლვილთა ნაკადებმა, რომლებიც სიტის გადარჩენილ ქონებასთან ერთად ტოვებდნენ, ხოლო დამხმარე რაზმები და სახანძრო ჯგუფები კი ამაოდ ცდილობდნენ შეეღწიათ შიგნით.

ქარის მიმართულებით სახლების გადაწვის პირობებში, ხანძრის ანკესებით და აფეთქებებით შენობების ნგრევა ეფექტიანი საშუალება იყო. თუმცა ამ დროს ნგრევის ბრძანება საბედისწეროდ დააგვიანა ლორდ-მაიორმა, რომელმაც, ლიდერული თვისებების ნაკლებობის გამო, საკუთარ თავზე ვერ აიღო შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა.[22] იმ დროისთვის, როცა ბრძანება პირდაპირ მეფისგან მოვიდა: „ნუ გაუფრთხილდებით სახლებს“, ხანძარს უკვე შთანთქმული ჰქონდა გაცილებით მეტი შენობა და დამგრევი რაზმები ვეღარ უდგებოდნენ მათ ხალხით სავსე ქუჩებში.

ხანძრის ჩაქრობისას წყლის გამოყენებაც ძალიან დაბრკოლდა. ძირითადად, წყლის მიღება ხელმისაწვდომი იყო თელის მილებიდან, რომლითაც 30 000 სახლი მარაგდბოდა იზლინგტონში მდებარე რეზერვუარითა და კორნჰილის წყალსაწნევი კოშკის მეშვეობით. კოშკი წყლით მდინარის დონის მომატებისას ივსებოდა. [23] ხშირად შესაძლებელი იყო, რომ ცეცხლმოკიდებული სახლის მახლობლად გაეხსნათ მილსადენი, რათა მიეერთებინათ იგი შლანგებისთვის ცეცხლის ჩასაქრობად ან აევსოთ სათლები. გარდა ამისა, პუდინგ-ლეინი მდინარესთან ახლოს მდებარეობდა. თეორიულად, ყველა გზაზე მდინარიდან საცხობამდე, ასევე მის მომიჯნავე შენობებამდე შეიძლებოდა გაკეთებულიყო ორრიგიანი მწკრივი, სადაც ერთ რიგში მოქალაქეები ერთმანეთს გადააწოდებდნენ მდინარიდან წამოსულ სავსე სათლებს, ხოლო მეორე რიგით ცარიელი სათლები დაბრუნდებოდნენ ტემზისკენ. ეს არ მომხდარა ან, სულ მცირე, აღარ ხდებოდა მაშინ, როცა პიპსმა კვირა დილით ხანძარი მდინარიდან ნახა. პიპსი საკუთარ დღიურში აღნიშნავს, რომ არავინ ცდილობდა ცეცხლი ჩაექრო, სამაგიეროდ, ისინი ცდილობდნენ სწრაფად გასცლოდნენ საშიშროებას და ჩქარობდნენ მთლიანად წაეღოთ საკუთარი ნივთები. ხანძარი მდინარის მიმართულებით მიიწევდა ისე, რომ დაზარალებული მოსახლეობა მხოლოდ მცირე წინააღმდეგობას უწევდა. ასე რომ, მალე ცეცხლი ნავმისადგომზე მდებარე ადვილად წვად საწყობებზედაც გადავიდა. შედეგად, გაძლიერებულმა ხანძარმა არა მარტო მდინარესთან დაკავშირების საშუალება მოუსპო მეხანძრეებს, არამედ ლონდონის ხიდის ქვეშ გადაწვა წყლის ბორბლებიც, რომელიც ქაჩავდა წყალს კორნჰილის წყალსაწნევი კოშკისთვის. ამის გამო, მდინარის და მილსადენებში გამავალი წყლის გამოყენების შესაძლებლობა ერთიანად მოისპო.

ლონდონში იყო მოწინავე ტექნოლოგიებით შექმნილი სახანძრო მანქანები, რომლებიც უკვე ჰქონდათ გამოყენებული წინა დიდი მასშტაბის ხანძრებში. თუმცა, მოსახერხებელი ხანძრის ანკესებისგან განსხვავებით, ეს დიდი სატუმბი სახანძრო საშუალებები მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში იყო საკმარისად მოქნილი და ფუნქციური, რომ მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია. მხოლოდ რამდენიმე მათგანს ჰქონდა ბორბლები, დანარჩენი კი უბორბლო მარხილებზე იდგა.[24] ისინი დიდ მანძილზე ხელით უნდა გადაეტანათ, რაც ხშირად უკვე დაგვიანებული იყო. სატუმბთან დაკავშირებული შლანგების ზომაც შეზღუდული იყო, რის გამოც გაურკვეველი რაოდენობის მანქანა დაჰქონდათ ბორბლებზე ან დაატარებდნენ ხელით აქეთ-იქით, მთელ სიტიში.[25] მართალია მილში მიმავალი წყალი, რომელიც გეგმით ამ მანქანებს უნდა გამოეყენებინათ, უკვე მიუწვდომელი იყო, თუმცა მდინარის ნაპირზე რამდენიმე ადგილას მიდგომა კვლავაც შეიძლებოდა. მაგრამ ხალხის ჯგუფები ისე პანიკურად და სასოწარკვეთილად მოქმედებდნენ, რომ რამდენიმე მანქანა რეზერვუარის ავსებისას ტემზაში ჩაუვარდათ. ცეცხლის ალის სიმხურვალე იმ დროისთვის კი იმდენად დიდი გახდა, რომ დარჩენილი მანქანები ვეღარ ახერხებდნენ ხანძართან საკმარის მანძილზე მიახლოებას. მათ პუდინგ-ლეინზე შეღწევაც კი ვერ მოახერხეს.

ხანძრის განვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიქტორიას ეპოქის გრავიურა რობერტ ჩემბერსის წიგნიდან: „დღეთა წიგნი“, პირველი გამოცემა. ორიგინალი წარწერა: „ლონდონი, როგორც ის გამოიყურებოდა დიდი ხანძრისას საუთარკიდან.“

ბევრი ლონდონელის ხანძრისდროინდელი პირადი ისტორიები შემონახულია წერილებსა და მემუარებში. იმ პერიოდის ყველაზე ცნობილი დღიურის მწარმოებლები იყვნენ სემიუელ პიპსი (1633–1703) და ჯონ ივლინი (1620–1706), რომლებიც ყოველდღიურად იწერდნენ მიმდინარე მოვლენებსა და საკუთარ რეაქციებს და ცდილობდნენ გაერკვიათ, რა ხდებოდა მთელ სიტიში და მის გარეთ. მაგალითად, ორივე მათგანმა ოთხშაბათს, 5 სექტემბერს (ხანძრის მეოთხე დღე) მოინახულეს სიტის ჩრდილოეთით მდებარე მურფილდსის პარკი, რათა იქ სტიქიისგან დევნილი მოსახლეობის უზარმაზარი ბანაკი ენახათ, რითიც ისინი შეძრწუნებულები დარჩნენ. მათი დღიურები ლონდონის დიდ ხანძარზე დღეს არსებული ცოდნის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროებია. უახლეს პერიოდში დაწერილი წიგნები ხანძრის შესახებ ტინისვუდისა (2003) და ჰანსონის (2001) შესახებ ეყრდნობა, ასევე, უილიამ ტასველის (1651–1682) მემუარებს, რომელიც იმ დროისთვის 14 წლის იყო და უესტმინსტერის სკოლაში სწავლობდა.

ორი წვიმიანი ზაფხულის შემდეგ, 1664 და 1665 წლებში, ლონდონში განსაკუთრებით ძლიერი გვალვა დადგა 1665 წლის ნოემბრიდან. 1666 წლის ხანგრძლივი, ცხელი ზაფხულის შემდეგ კი ხით ნაგები შენობები სრულიად გამოშრა. ცეცხლი პირველად გაჩნდა პუდინგ-ლეინზე, მეფის მეფუნთუშის, ტომას ფარინერის საცხობში, შუა ღამიდან მცირე ხანში კვირას, 2 სექტემბერს. მოგვიანებით, გამოძიებისას ფარინერმა განაცხადა რომ დაძინებამდე ყველა ოთახი შეამოწმა და ცეცხლი ჩააქრო. ხანძრის მიზეზი ვერ დაადგინეს.[26] ოჯახი ზედა სართულზე აღმოჩნდა მომწყვდეული, თუმცა მოახერხეს ფანჯრიდან გადამძვრალიყვნენ გვერდით სახლში, გარდა მოახლისა, რომელმაც ვერ გაბედა ცდა და ხანძრის პირველი მსხვერპლი შეიქნა.[27] მეზობლები ცდილობდნენ, წყლის მისხმით ჩაექროთ ცეცხლი; ერთი საათის შემდეგ უბნის პოლიციელი მოვიდა, რომელმაც განსაჯა, რომ აჯობებდა, მომიჯნავე სახლები დანგრეულიყო, რათა თავიდან აცილებულიყო ხანძრის შემდგომი გავრცელება. ამ აზრმა მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია და მათ ლორდ-მაიორი ტომას ბლუდვორთი გამოიძახეს, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც პოლიციის ოფიცრის გადაწყვეტილების შეცვლის უფლება ჰქონდა.

ცეცხლის გავრცელების სავარაუდო არეალი (ვარდისფრად) კვირას, 2 სექტემბრის საღამოსთვის.[28]
„ამის ნახვამ ამატირა.“ — სემიუელ პიპსი (1633–1703), დახატულია ჯონ ჰეილსის მიერ 1666 წელს.

როდესაც ბლუდვორთი მოვიდა, ხანძარი უკვე მოსდებოდა ახლო მდებარე სახლებს და მიიწევდა ტემზის სანაპიროზე მდებარე ადვილად წვადი მასალისგან აგებული საწყობებისა და მაღაზიებისკენ. გამოცდილი მეხანძრეები მოითხოვდნენ სახლების დანგრევას, თუმცა ბლუდვორთმა ამაზე უარი თქვა, რადგან იქ უძრავი ქონების უმეტესობა ნაქირავები იყო და მფლობელების პოვნა ვერ ხერხდებოდა. მიიჩნევა, რომ ბლუდვორთი ლორდ-მაიორის თანამდებობაზე იმიტომ დაინიშნა, რომ ბრძანებების უსიტყვოდ შემსრულებელი ყოფილიყო და არა იმის გამო, რომ ამ სამსახურისთვის აუცილებელ უნარებს ფლობდა. იგი პანიკაში ჩავარდა, როდესაც მოულოდნელად გადასაჭრელი პრობლემის წინ აღმოჩნდა[29], ხალხის ზეგავლენით იმეორებდა ფრაზას „ფუი! ამას ქალიც კი ჩააქრობს“, რის შემდეგაც სახლში დაბრუნდა ძილის გასაგრძელებლად. 7 სექტემბერს, სიტის განადგურების შემდეგ, მოვლენების გახსენებისას სემიუელ პიპსმა საკუთარ დღიურში ჩაწერა: „მთელი ქვეყანა მისტიროდა ჩვენი ლორდ-მაიორის მიამიტობას [სიბრიყვეს], განსაკუთრებით კი ხანძრის საქმეში, რომელიც მთლიანად მის კისერზე იყო.“

1666 წლის ზაფხული განსაკუთრებით ცხელი იყო, რასაც თან დაერთო გვალვა. ხის შენობები და სახურავის ჩალა ხანძრის სწრაფი გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. ამას თან დაერთო სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი. ხანძარმა პუდინგ-ლეინიდან ფიშ-სტრიტზე და ლონდონის ხიდისკენ გადაინაცვლა.[26]

კვირა დილით სემიუელ პიპსი, რომელიც იმ დროისთვის საზღვაო საბჭოს უფროსი ოფიცერი იყო, ავიდა ლონდონის ტაუერში, რათა მისი კოშკურიდან ეხილა ხანძარი და თავის დღიურში ჩაიწერა, რომ აღმოსავლეთის ძლიერ ქარს ცეცხლი უკვე მძლავრ ხანძრად ექცია; მას გადაეწვა რამდენიმე ეკლესია და, მისი გათვლით, 300-მდე სახლი; ასევე, მიეღწია მდინარის სანაპირომდე; ლონდონის ხიდზე მდებარე სახლები უკვე იწვოდა. პიპსმა პუდინგ-ლეინის განადგურების ახლოდან სანახავად ნავი დაიქირავა. მან „მწუხარებით სავსე“ უბედურება ასე აღწერა:

ვიკიციტატა
„ყველა ცდილობს, წაიღოს საკუთარი ქონება. მათ ყრიან მდინარეში ან გადააქვთ ლიხტერებზე. ღარიბი ადამიანები რჩებიან სახლში მანამ, სანამ ცეცხლი იქამდე არ აღწევს, შემდეგ კი გარბიან ნავებისკენ ან ცდილობენ, თოკის კიბეებით მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაცოცდნენ.“

ხანძარი გავცერლდა ტემზ-სტრიტიდან ოლდ-სუონ-ლეინზე, იქიდან სენტ-ლორენს-ლეინზე და დაუგეიტზე. ყველა, ვისაც შეეძლო ოჯახითა და ქონებითურთ ნავებისა და კარჭაპების გამოყენებით ცდილობდა მდინარის გადალახვას. ამ დროისთვის ხანძარ უმართავი გახდა და მიიწევდა ჩრდილოეთისკენ და დასავლეთისკენ.

პიპსი მდინარეს დასავლეთით აუყვა უაიტჰოლის სასამართლოსკენ, რის შესახებაც წერს:

ვიკიციტატა
„შეშფოთებული ხალხი ჩემთან მოვიდა და ამბავი მეფეს მიუტანეს. ასე რომ, მან მიხმო მე და მოვუყევი მეფეს და იორკის ჰერცოგს ყველაფერი, რაც ვიხილე და მოვახსენე, რომ თუკი მისი უდიდებულესობა არ გასცემდა სახლების დანგრევის ბრძანებას, ხანძარს ვერაფერი შეაჩერებდა. ისინი, როგორც ჩანდა, დიდ საგონებელში ჩაცვივდნენ. მეფემ მიბრძანა მისი სახელით მომეხსენებინა ლორდ-მაიორისათვის, რომ არ დაენდოთ არცერთი სახლი და ყოველი ხერხით შეჩერებინათ ხანძარი.“

ჩარლზის ძმამ, იორკის ჰერცოგმა ჯეიმზმა შესთავაზა მათ, გამოეყენებინათ სამეფო გვარდია ხანძართან საბრძოლველად.[30]

პუდინგ-ლეინიდან ერთი კილომეტრით დასავლეთით, უესტმინსტერში, 14 წლის სკოლის მოსწავლე უილიამ ტასველმა, რომელიც დილის წირვას ესწრებოდა უესტმინსტერის სააბატოში, დაინახა, როგორ მოდიოდნენ დაზარალებულები ნაქირავები ნავებით. მათ ტანზე არაფერი ეცვათ და მხოლოდ შალის საბნებში იყვნენ გახვეულნი.[31] მენავეების მომსახურება უეცრად ძალიან ძვირი გახდა და მხოლოდ იღბლიანი ლტოლვილები ახერხებდნენ ადგილის მოპოვებას ნავზე.

ღამით ხანძარი გავრცელდა ჩიპსაიდიდან ტემზისკენ, კორნჰილზე, ტაუერ-სტრიტზე, ფენჩერჩ-სტრტზე, გრეისჩერჩ-სტრიტზე და ბეინარდს-კასლზე. ქარში ხანძარი სწრაფად გაძლიერდა. კვირა შუადღისთვის მოსახლეობამ თავი დაანება ცეცხლის ჩაქრობის ცდას და მასობრივი გაქცევა დაიწყო იზლინგტონის, ფინსბერისა და ჰაიგეიტის მინდვრებისკენ.[26] ხალხის მასის მოძრაობამ, საკუთარ ბარგთან და ეტლებთან ერთად ქუჩები გაუვალი გახადა მეხანძრეებისა და მათი ხელსაწყოებისთვის. პიპსმა უაიტჰოლიდან სიტიში დაბრუნებისას კარეტა დაიქირავა, მაგრამ მხოლოდ წმინდა პავლეს კათედრალამდე მიაღწია, რის შემდეგაც გზის ფეხით გაგრძელება მოუწია. საქონლით გავსებული ხელის ურიკები და ქვეითები, რომლებიც ჯერაც ხანძრისგან გაქცევას ცდილობდნენ, ძალიან ტვირთავდნენ ქუჩას. ადგილობრივი ეკლესიები, რომლებსაც პირდაპირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, ივსებოდა ავეჯითა და ძვირფასეულობით, რომლებიც მალე კვლავ გადაჰქონდათ მოშორებით. პიპსმა იპოვა ბლუდვორთი, რომელიც ცდილობდა ჩართულიყო ხანძრის ჩაქრობის მცდელობებში და სრულ კრახთან ახლოს მდგომი, მეფის ბრძანების პასუხად, იგი „ღონემიხდილი ქალივით“ საცოდავად ჩიოდა, რომ იგი ანგრევდა სახლებს. მაგრამ, მისი თქმით, ხანძარი უფრო სწრაფად ეწეოდა მათ, ვიდრე ამის გაკეთებას ასწრებდნენ. პირადი ღირსების საბაბით, მან უარი თქვა მეფისგან ჯარისკაცების დახმარების შეთავაზებაზე, შემდეგ კი სახლში წავიდა გამოსაძინებლად.[32] მეფე ჩარლზ II უაიტჰოლიდან სამეფო ბარჟით აუყვა მდინარეს, რათა მდგომარეობა ენახა. როგორც მან გაარკვია, სახლები ჯერაც არ ჰქონდათ დანგრეული იმის მიუხედავად, რომ ბლუდვორთმა პიპსი ამაში დაარწმუნა. ამის შემდეგ მან თავად გასცა პირდაპირი ბრძანება, რომ მთლიანად დაენგრიათ ხანძრის დასავლეთი ზონა.[33] თუმცა ეს ზომა უკვე დაგვიანებული იყო, რადგან ხანძარი კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.

კვირა შუადღეს, პუდინგ-ლეინზე განგაშის ატეხვიდან 18 საათში, ხანძარი უზარმაზარ ცეცხლოვან ქარიშხლად გადაიქცა, რომელმაც საკუთარი ამინდი შექმნა. მხურვალე ჰაერის ზევით ასული მასები ბუხრის ეფექტით იმართებოდა. ზედა სართულზე გაგანიერებული სახლები ავიწროვებდნენ ჰაერის ნაკადებს, რის გამოც მიწაზე ვაკუუმი იქმნებოდა. შედეგად, ძლიერი შიდა ქარები ვეღარ აქრობდა ცეცხლს, როგორც ეს შეიძლება მომხდარიყო.[34] ნაცვლად ამისა, დიდი რაოდენობით ჟანგბადი მიეწოდა ცეცხლის ალს და შეიქმნა ტურბულენტობა ცვლადი მიმართულების ქარით როგორც ჩრდილოეთისკენ, ისე სამხრეთისკენ, ასევე, აღმოსავლეთის ძლიერი ქარი კვლავაც უბერავდა.

ადრიან საღამოს ცოლთან და მეგობრებთან ერთად პიპსი ისევ მივიდა მდინარესთან და დღიურში ჩაინიშნა, რომ ხანძარი კვლავ იზრდებოდა. მათ სთხოვეს მენავეს, ისე ახლოს მისულიყვნენ ხანძართან, რომ კვამლის სუნი ეგრძნოთ. იგი წერს, რომ „მთელ ტემზაზე სახით ქარისკენ თითქმის დაიწვებოდი ცეცხლის წვეთების შხაპით.“ როდესაც „ცეცხლის წვეთები“ გაუსაძლისი გახდა პიპსი, თანმხლებ პირებთან ერთად, სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ლუდხანაში გადავიდა და იქ დაღამებამდე დარჩა. იქიდან მათ შეეძლოთ დაენახათ, როგორ იწვოდა ლონდონის ხიდი და მდინარის მეორე სანაპირო. „ხიდის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე ერთი მილის სიმაღლის ცეცხლის თაღი აღმართულიყო. ამის ხილვამ ამატირა“ — წერია პიპსის დღიურში.

ორშაბათი, 3 სექტემბერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
3-10 სექტემბრის ლონდონ გაზეთი, ლონდონის დიდი ხანძრის ანგარიში. თავფურცლის ასლი. ტექსტის წასაკითხად გაადიდეთ სურათი.

ორშაბათის ალიონისთვის ხანძარი, უმთავრესად, ჩრდილოეთით და დასავლეთისკენ ფართოვდებოდა; ცეცხლოვანი შტორმის ტურბულენტობამ ხანძრის კერები იმაზე შორს გაავრცელა სამხრეთით და ჩრდილოეთით, ვიდრე წინა დღით.[35] მართალია, ხანძრის სამხრეთით გავრცელება მდინარემ შეაჩერა, თუმცა ცეცხლი ლონდონის ხიდზე მდებარე სახლებს მოეკიდა და საშიშროება გაჩნდა, ის ტემზის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე საუთარკის დასახლებაზეც გადასულიყო. საუთარკი გადაარჩინა იმავე მიზეზმა, რამაც 1632 წლის ხანძრისას იხსნა: ხიდზე სახლებს შორის დიდმა სივრცემ.[36] მართალია, მფრინავი ნაკვერჩხლები საუთარკშიც აჩენდნენ ცეცხლს, თუმცა მას სწრაფადვე აქრობდნენ. გავრცელებულმა ცეცხლმა ჩრდილოეთით სიტის ფინანსურ ცენტრს მიაღწია. ლომბარდ-სტრიტზე სახლების დაწვა ორშაბათ შუადღით დაიწყო. კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ოქროს საცავების დაცვა, სადაც სიტის და მთელი ერის სიმდიდრე ინახებოდა, სანამ ოქრო დადნებოდა. რამდენიმე თვითმხილველი ხაზგასმით აღნიშნავს იმ უიმედობას და უმწეობას, რითიც იმ დღეს ლონდონელები იყვნენ შეპყრობილნი. ასევე, ისინი განიცდიდნენ ძალისხმევის ნაკლებობას, რათა გადაერჩინათ სიმდიდრე და ფეშენებელური უბნები, რომლებსაც ცეცხლის ალები მოსდებოდა. მათ შორის იყო ლონდონის სამეფო ბირჟა (მოიცავდა როგორც საფონდო ბირჟას, ისე სავაჭო ცენტრს) და მდიდრული საქონლის მაღაზია ჩიპსაიდზე. სამეფო ბირჟას ცეცხლი გვიან შუადღეს მოეკიდა და რამდენიმე საათში სრულად ჩაიფერფლა. ჯონ ივლინმა, რომელიც ამ მოვლენის თვითმხილველი იყო, საკუთარ დღიურში ჩაწერა:

ხანძარი იმდენად ყველაფრის მომცველი იყო, ხოლო ხალხი ისე გაოგნებული, რომ ისინი რთულად თუ მოეგებოდნენ გონს ცეცხლის ჩასაქრობად. ამის გამო, ვერაფერს გაიგონებდით ან დაინახავდით ტირილისა და გოდების გარდა. ისინი გარბოდნენ შეშლილებივით ისე, რომ არც კი ცდილობდნენ, გადაერჩინათ საკუთარი ნივთები, ისეთი თავზარი ჰქონდათ დაცემული.[37]

ივლინი სიტის გარეთ, 6 კილომეტრის მოშორებით, დეტფორდში ცხოვრობდა, რის გამოც ხანძრის ადრეული ეტაპები ვერ იხილა. ორშაბათს იგი შეუერთდა მაღალი ფენის ხალხს და დილიჟანსით მივიდა საუთარკში, რათა ენახა ის სცენა, რაც პიპსმა წინა დღით იხილა — დამწვარი სიტი ტემზის გადაღმა. ხანძარი კიდევ უფრო გადიდებულიყო:

ვიკიციტატა
„მთელი სიტი ცეცხლის საშინელ ალში გახვეულიყო მდინარის მხარეს; ყველა სახლი ხიდზე, მთელი ტემზ–სტრიტი, ჩიპსაიდის ზევით და ქვევით, „სამი წეროს“ ქვემოთ, ახლა ყველაფერი განადგურებული იყო.[38]

საღამოს ივლინმა ჩაინიშნა, რომ მდინარე დაფარული იყო ნავებითა და ბარჟებით, სადაც გამოქცეული მოსახლეობა იყო საკუთარი ბარგით. იგი, აგრეთვე, შეესწრო ქვეითების და ურმების მასობრივ გაქცევას სიტის ვიწრო კარიბჭეებიდან ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის თავისუფალი მიწებისკენ, „რომელიც მრავალი მილის მანძილზე მოფენილი იყო კარვებით, სადაც გამოქცეული ხალხი და ის ნივთები იყო, რისი წაღებაც მათ შეძლეს. ოჰ, რა შესაბრალისი და საშინელი სანახაობა იყო!“[38]

ცეცხლის გავრცელების სავარაუდო არეალი (ვარდისფრად) ორშაბათს, 3 სექტემბრის საღამოსთვის.
ჯონ ივლინის (1620–1706) პორტრეტი 1651 წელს.

მალე სიტიში ეჭვი გაჩნდა, რომ ხანძარი შემთხვევით არ გაჩენილა. გრიგალს ნაპერწკლები და ცეცხლის ფანტელები დიდი მანძილიდან მოჰქონდა და ცეცხლს უჩენდა ჩალის სახურავებსა და ხის საწვიმარ ღარებს. ხალხს არარეალურად მიაჩნდა, რომ ძირითადი ხანძრიდან ასე შორს შეიძლება მოეღწია ნაპერწკლებს და გაჩნდა ჭორი, რომ ახალ-ახალ ხანძრებს განზრახ აჩენდნენ. ეჭვმიტანილები დაუყოვნებლივ უცხოელები გახდნენ, რადგან იმ დროისთვის ინგლის-ჰოლანდიის მეორე ომი მიმდინარეობდა. შიში და ეჭვი ორშაბათს გამყარდა, როცა ხალხში ხმა დაირხა, რომ შეამჩნიეს უცხოელი საიდუმლო აგენტები, როდესაც ისინი სახლებში ცეცხლის ბურთებს აგდებდნენ ან გამოიჭირეს ხელში ყუმბარებითა და ასანთებით.[39] ამის შემდეგ, დაიწყო ქუჩის ძალადობების ტალღა.[40] უილიამ ტასველმა იხილა, როგორ გაძარცვა და დაარბია ბრბომ ფრანგი მხატვრის მაღაზია, ასევე, დაინახა მჭედელი, რომელიც ქუჩაში ფრანგ პიროვნებასთან მივიდა და რკინის ძელი ჩაარტყა თავში.

ტერორიზმის შიშის განვითარებას დამატებით უბიძგა ხანძრის მიერ კომუნიკაციის საშუალებების მოშლამ. დიდი ბრიტანეთის ფოსტის ოფისი თრედნიდლ-სტრიტზე, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა საფოსტო გზავნილები მთელ ქვეყანაში, დაიწვა ორშაბათ დილას. ლონდონ გაზეთმა მოახერხა ორშაბათის ნომრის გამოცემა, სანამ მათი სტამბა ცეცხლში გაეხვეოდა (გაზეთის ეს ნომერი, ძირითადად, შეიცავდა საზოგადოებაში გავრცელებულ ჭორებს და მხოლოდ მცირედ იყო აღნიშნული, რომ ხანძარი გაჩნდა კვირა დილით და ქუჩებში კვლავ გრძელდებოდა დიდი ძალადობა). მთელი ერი კომუნიკაციის ამ საშუალებებზე იყო დამოკიდებული, ხოლო მისმა შემცირებამ ჭორების გავრცელებას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, ხალხში დენთის შეთქმულების (კათოლიკეების აჯანყება) განახლების შიში გაჩნდა. როცა ორშაბათს ხალხის ეჭვი მასობრივ პანიკასა და პარანოიაში გადაიზარდა, გაწვრთნილმა რაზმებმა და გოლდსტრიმის გვარდიამ თავიანთი ძალისხმევა უცხოელებისა და კათოლიკეების დაცვისაკენ მიმართეს და უფრო ნაკლებად ახერხებდნენ ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლას.

მოსახლეობა, განსაკუთრებით კი მაღალი ფენის ხალხი, ცდილობდა საკუთარი ქონება მთლიანად გაეტანა სიტიდან. შესაბამისად, ამან გაზარდა შემოსავლის წყარო მათთვის, ვისაც ამის მოგვარება შეეძლო. ესენი იყვნენ ბარგის მტვირთავები და ეტლებისა და ნავების მფლობელები. ხანძრამდე ეტლის დაქირავება ორი შილინგი (0,24 ფუნტი) ღირდა, ხოლო ორშაბათს მისმა ფასმა 40 გირვანქას მიაღწია (£ 4 000-ის ეკვივალენტი 2005 წელს).[41] ლონდონის ყველა მენავე და მეეტლე სიტისკენ დაიძრა, რათა ამ მდგომარეობით ესარგებლა. შიგნით შემავალი ეტლები აბრკოლებდა პანიკაში ჩაცვენილ ხალხს, რომელიც ვიწრო კარიბჭეებიდან გამოღწევას ცდილობდა. სიტის შესასვლელ ჭიშკრებთან ქაოსი იმდენად დიდი იყო, რომ მოსამართლეებმა გასცეს ბრძანება, ორშაბათ შუადღეს დაეხურათ ისინი იმ იმედით, რომ მოსახლეობა გადაიფიქრებდა გაქცევას და ცეცხლის ჩაქრობას შეუდგებოდა. „იმ იმედის არარსებობამ, რომ რაიმე გადარჩა ისინი უფრო სასოწარკვეთილი გახადა და ხელი ააღებინა ცეცხლთან ბრძოლის მცდელობაზე.“[42] ეს ნაჩქარევად მიღებული ზომა მეორე დღეს გაუქმდა.

მაშინ, როდესაც მთელ სიტიში, განსაკუთრებით კი კარიბჭეებთან მასობრივი არეულობა იყო, ხოლო ხანძარი უკონტროლოდ მძვინვარებდა, ორშაბათს პირველი ორგანიზებული ქმედებებიც განხორციელდა. ბლუდვორთმა, რომელიც როგორც ლორდ-მაიორი პასუხისმგებელი იყო ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებაზე, აშკარად დატოვა სიტი; მისი სახელი არ არის ნახსენები ორშაბათის მოვლენების აღმწერ არცერთ ანგარიშში.[43] ამ კრიტიკულ მდგომარეობაში მეფე ჩარლზმა არაფრად ჩააგდო სიტის მმართველები და ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციების ხელმძღვანელად საკუთარი ძმა, იორკის ჰერცოგი ჯეიმზი დანიშნა. ჯეიმზმა ხანძრის მთელ პერიმეტრზე შექმნა საგუშაგოები, გამოაცხადა დაბალი ფენის ყველა მამაკაცის მობილიზაცია, ვისაც კი იპოვიდნენ ქუჩაში, რათა შეექმნათ კარგად ანაზღაურებადი და კარგად გამოკვებილი მეხანძრეთა ჯგუფები. თითოეული საგუშაგოს მართვა მის სამ ხელქვეითს დაევალა, რომლებსაც ნგრევის უფლება თავად მეფე ჩარლზმა მიანიჭა. ხალხის თანადგომის ეს თვალსაჩინო ჟესტი სამეფო კარისგან მოსახლეობაში ფანტავდა იმის შიშს, რომ საკუთარი სახლის დანგრევაზე ფინანსურად პასუხისმგებლები თავად იყვნენ. ჯეიმზი და მისი პირადი ამალა მთელი ორშაბათი სიტის ქუჩებში დადიოდნენ ცხენით, რათა უცხოელები ხალხის ძალადობისგან დაეხსნათ და მოსახლეობისთვის ეცნობებინათ: „იორკის ჰერცოგმა მოიგო ხალხის გულები, რადგან იგი დღისით თუ ღამით, განუწყვეტლივ და დაუცხრომლად არ ზოგავს თავს ცეცხლის ჩასაქრობად“, როგორც ეს ერთმა თვითმხილველმა დაწერა წერილში 8 სექტემბერს.[44]

იმის იმედი, რომ ბლეკფრაიერსში მდებარე ბეინარდის ციხესიმგრის (ლონდონის ტაუერის დასავლეთი ასლი) ქვის მასიური კედლები ხანძარს გაუძლებდა, ორშაბათ საღამოს გაქრა. მთელი ღამე წვის შემდეგ ისტორიული სამეფო სასახლე სრულად განადგურდა.[45]

იმდროინდელ ანგარიშებში ჩაწერილია, რომ ამ დღეს მეფე ჩარლზი საკუთარი ხელით ასხამდა წყალს ცეცხლს და ეხმარებოდა სხვებს შენობების დანგრევაში.

სამშაბათი, 4 სექტემბერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლუდგეიტი ცეცხლის ალში, უკან წმინდა პავლეს კათედრალი (ოთხკუთხა შენობა წვეტის გარეშე) იწვის. ზეთში შესრულებული ტილო, უცნობი ავტორი, 1670 წელი.

სამშაბათი, 4 სექტემბერი, დიდი განადგურების დღე იყო.[46] იორკის ჰერცოგმა საგუშაგო ტემპლ-ბართან დააყენა, სადაც სტენდის ქუჩა ფლიტ-სტრიტს კვეთდა, რათა შეეჩერებინათ ხანძარი, თუ ის დასავლეთით უაიტჰოლის სასახლისკენ წავიდოდა. მან მეხანძრეები დააყენა ფლიტის ხიდიდან ქვევით ტემზისკენ და იმედოვნებდა, რომ მდინარე ფლიტი ხანძრისთვის ბუნებრივი ბარიერი იქნებოდა. თუმცა, სამშაბათს, დილით ადრე, შესუსტებული აღმოსავლეთის ქარიშხალის დახმარებით, ცეცხლმა გადალახა ფლიტი და აიძულა მეხანძრეები, გაქცეულიყვნენ. იმ ფაქტმა, რომ ხანძარი დასავლეთისკენ შეუჩერებლად მიიწევდა, სამეფო კარს თავზარი დასცა. „ოჰ! რა საშინელი არეულობა სუფევდა სამეფო კარზე!“ — დაწერა ივლინმა.

ძველი წმინდა პავლეს კათედრალის ნარჩენი ხანძრის შემდეგ. დახატა ტომას ვიკმა 1673 წელს.
ცეცხლის გავრცელების მიახლოებითი არეალი (ვარდისფრად) სამშაბათს, 4 სექტემბრის საღამოსთვის. მეორე დღეს, ოთხშაბათს, ხანძრი მნიშვნელოვნად აღარ გავრცელებულა.

ჯეიმზის რაზმმა შექმნა დიდი ცეცხლის შემაკავებელი ბარიერი ხანძრის ჩრდილოეთით. მან გვიან შუადღემდე შეძლო სტიქიის შეკავება, შემდეგ კი ცეცხლმა გადალახა ზღუდე და დაიწყო ფართო, მდიდრული მაღაზიებით სავსე ჩიპსაიდის ქუჩის განადგურება.

ყველა ფიქრობდა, რომ წმინდა პავლეს კათედრალი საიმედო თავშესაფარი იყო სქელი ქვის კედლებისა და გარშემო ხანძრისთვის ბუნებრივი ბარიერის — ფართო ცარიელი მოედნის გამო. ამიტომ ტაძარი გატენილი იყო მოსახლეობის გადარჩენილი ნივთებით, ხოლო მისი ძვალშესანახი აკლდამა – სტამბებისა და წიგნით მოვაჭრეების საქონლით. თუმცა, ამ შემთხვევაში, შენობისთვის საბედისწერო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ის ჩასმული იყო ხის ხარაჩოებში, რადგან იმ დროისთვის კათედრალს რესტავრაციას უტარებდა მაშინ ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი კრისტოფერ რენი. ხის ხარაჩოებს ცეცხლი სამშაბათ ღამით მოეკიდა. ახალგაზრდა უილიამ ტასველმა, რომელიც ერთი მილის დაშორებით სწავლობდა უესტმინსტერში, დაინახა, ცეცხლმოკიდებული ხარაჩოებიდან როგორ ნელ-ნელა გადავიდა ალი ტაძრის ხით ნაკეთებ სახურავზე. ნახევარ საათში სახურავის ტყვიის საყრდენები უკვე დნებოდა, ხოლო ცეცხლმა აკლდამაში შენახულ წიგნებამდე მიაღწია.

ვიკიციტატა
„ეკლესიის ქვები ყუმბარებივით დაფრინავდა ჰაერში, დამდნარი ტყვია ღვარებად მოედინებოდა ქუჩებში, ხოლო ქვაფენილი კი ისე იყო გავარვარებული, რომ არცერთ ცხენსა და ადამიანს შეეძლო მასზე გავლა.“

— ჩაწერა ივლინმა საკუთარ დღიურში. სულ მალე კათედრალი მთლიანად დაიწვა.

ამ დღეს ცეცხლმა გადაადგილება პუდინგ-ლეინის აღმოსავლეთითაც დაიწყო, აღმოსავლეთის ქარის საპირისპირო მიმართულებით, სადაც სემიუელ პიპსის სახლი და ლონდონის ტაუერი მდებარეობდა თავისი ტყვია-წამლის საწყობებით. ჯეიმზის მეხანძრეების, რომლებიც დასავლითით ებრძოდნენ ცეცხლს, მთელი დღის ლოდინის შემდეგ ტაუერის გარნიზონმა თავად დაიწყო მოქმედება და დაანგრია გარშემო მდებარე სახლები ხანძრის შემდგომი განვითარების შესაჩერებლად.

ოთხშაბათი, 5 სექტემბერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯეიმზი, იორკის ჰერცოგი. მოგვიანებით მეფე ჯეიმზ II.

სამშაბათ საღამოს ქარი ჩადგა და გარნიზონის მიერ მოწყობილმა ბარიერებმა ეფექტი საბოლოოდ ოთხშაბათს, 5 სექტემბერს გამოიღო.[47] ხანძრის შესაჩერებლად ბრძოლამ დიდი ნგრევა გამოიწვია იურისტების უბან ტემპლში. პიპსი, რომელიც ცეცხლისგან გადამწვარ სიტიში დადიოდა, ფეხების დაწვის გამო, ბარკინგის ეკლესიის სამრეკლოზე აძვრა, საიდანაც გაპარტახებული ქალაქი იხილა: „განადგურების ყველაზე სევდიანიანი სანახაობა, რაც კი ოდესმე მინახავს.“ გარშემო არაერთი დამოუკიდებელი ცეცხლის კერა იყო, რომელიც კვლავაც ღვიოდა, თუმცა დიდი ხანძარი უკვე დასრულებულიყო. პიპსი ესტუმრა მურფილდსს, დიდ საჯარო პარკს სიტის ჩრდილოეთით, რომელიც უსახლკარო ლტოლვილების უზარმაზარ ბანაკად იყო ქცეული: „საწყალ ხალხს საკუთარი გადარჩენილი ქონება აქ მოჰქონდა და ყველას საკუთარი ნივთი თავისთან ჰქონდა.“ — ჩაწერა მან და აღნიშნა, რომ ასეთ დროს პარკის გარშემო უბნებში პურის ფასი გაორმაგდა. მურფილდსში იყო, ასევე, ივლინიც, რომელიც შეძრწუნდა აქ მყოფი ხალხის რაოდენობით, რომელთაგან ზოგი კარავში, ზოგი კი პატარა ქოხმახში იყო შეხიზნული.

ვიკიციტატა
„ბევრი [იყო] ტანსაცმლისა და საჭირო ავეჯის: საწოლისა საჭმელი მაგიდის გარეშე... რაც შეუმცირებდათ უკიდურეს ტანჯვასა და გაჭირვებას.[48]

ივლინი გაოცებული იყო იმ სიამაყით, რასაც ეს ტანჯული ლონდონელები ამჟღავნებდნენ:

ვიკიციტატა
„მიუხედავად იმისა, რომ შიმშილისა და გაჭირვებისგან იტანჯებოდნენ, არცერთ მათგანს ერთი პენის დახმარებაც კი არ უთხოვია.“

უცხოელი ცეცხლის წამკიდებლებისა და ფრანგების და ნიდერლანდელების შემოსევის შიში იმდენად დიდი იყო ხანძრის მსხვერპლთ შორის, რომ ოთხშაბათ ღამით პარლამენტ-ჰილში, მურფილდსსა და იზლინგტონში მდებარე ლტოლვილთა თავშესაფრებში მასობრივი პანიკა დაიწყო: თითქოს 50 000 ფრანგი და ნიდერლანდელი, რომლებმაც ხანძარი განზრახ გააჩინეს, ახლა ფლიტ-სტრიტიდან მურფილდსისკენ მოემართებოდნენ, რათა დაწყებული საქმე დაესრულებინათ — მამაკაცებისთვის ყელი გამოეჭრათ, ქალები გაეუპატიურებინათ, ხოლო მათი გადარჩენილი ქონება მიეთვისებინათ. ქუჩებში მასობრივი მღელვარება იყო: თუ შეშინებული ბრბო ქუჩაში უცხოელს შეხვდებოდნენ, იქვე ესხმოდნენ თავს და, როგორც ივლინს აქვს ჩაწერილი — „იყო უსაზღვრო სატანჯველი და დიდი გასაჭირი.“[49] ხალხის მღელვარება ჩააცხრეს და ისინი თავშესაფარში დააბრუნეს გაწვრთნილმა რაზმებმა, გვარდიამ და თავად სამეფო კარის წევრებმა. მოსახლეობის განწყობა იმ დროისთვის ისეთი არამდგრადი იყო, რომ მეფე ჩარლზს შეეშინდა ლონდონის მასშტაბური აჯანყების მონარქიის წინააღმდეგ. საკვების წარმოება და დისტრიბუცია მთლიანად იყო მოშლილი. ჩარლზმა გასცა ბრძანება, რომ შეექმნათ უსაფრთხო ბაზრები და პურის მარაგი ყოველდღიურად შეეტანათ სიტიში. ამ ბაზრებში ხდებოდა ყიდვა-გაყიდვა.[50] ამის შემდეგ აღარ დამდგარა გადაუდებელი დახმარების მიწოდების საკითხი.

ნგრევა და დაღუპულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯეიმზ შირლი
ლონდონელების გოდება – ბალადა, რომელიც ლონდონის დიდ ხანძარს და მის გამანადგურებელ შედეგებს მიეძღვნა. ტექსტის წასაკითხად გაადიდეთ სურათი.

ოფიციალურად დაღუპვის სულ რამდენიმე შემთხვევაა აღრიცხული და ტრადიციულად მიიჩნევა, რომ ხანძარს ცოტა ადამიანი ემსხვერპლა. პორტერის მონაცემებით, ეს რიცხვი იყო რვა,[51] ხოლო ტინისვუდის მიხედვით – „ათზე ნაკლები“, თუმცა, იგი იქვე ამატებს, რომ დაღუპვის ზოგიერთი შემთხვევა არ აღრიცხულა და, ასევე, გარდა დაწვისა და კვამლით გაგუდვისგან პირდაპირი სიკვდილისა, გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა სახელდახელოდ მოწყობილ ლტოლვილთა ბანაკებშიც.[52] ჰანსონი ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ ხანძრის გამო სულ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ჩამოთვლის სტიქიას გადარჩენილთა შიმშილითა და ჰიპოთერმიით დაღუპვის შემთხვევებს. თავშესაფარ ქოხმახებში ან ნანგრევებად ქცეულ საკუთარ სახლებში არაერთი ადამიანი გარდაიცვალა ცივ ზამთარში, მათ შორის: ცნობილი დრამატურგი ჯეიმზ შირლი და მისი ცოლი. გარდა ამისა, ჰანსონი მიიჩნევს, რომ გადაჭარბებულადაა ყურადღება გამახვილებული კათოლიკეებსა და უცხოელებზე ძალადობასა და მათი მოკვლის შემთხვევებზე, რადგან იორკის ჰერცოგი იცავდა მათ, სამაგიეროდ კი ოფიციალური წყაროები ძალიან ცოტას წერენ იმ გაჭირვებულთა ბედის შესახებ, რომლებიც ძალიან ძლიერმა ხანძარმა, გაცილებით მხურვალემ, ვიდრე ჩვეულებრივი სახლის ხანძრებია, ფერფლად აქცია ან მათგან მხოლოდ თავის ქალები დატოვა. ხანძარი იკვებებოდა არა მხოლოდ ხით, სახლების სამშენებლო მასალით და ჩალის სახურავებით, არამედ, ასევე — ნავთობით, კუპრით, ქვანახშირით, ქონით, ცხიმით, შაქრით, ალკოჰოლით, ბელეკონით და დენთით, რომელიც მდინარის სანაპიროს დასახლებაში იყო შენახული. დადნა ნავსადგურში შემოტანილი ფოლადი (დნობის ტემპერატურა — 1250 °C-დან 1480 °C-მდე) და სიტის კარიბჭეების რკინის ჯაჭვები და კლიტეები (დნობის ტემპერატურა — 1100 °C-დან 1650 °C-მდე). დაღუპული ადამიანების ძვლების ფრაგმენტები არ გამორჩეულა ათობით ათასი ტონა ნანგრევებისა და ფერფლისგან არც გაწმენდისას და არც სიტის ხელახალი მშენებლობისას. წინა საუკუნეებში მომხდარი სხვა დიდი საქალაქო ხანძრების მსგავსად, როგორც ჰანსონი აღნიშნავს, ხანძარმა გამძვინვარებულად შეუტია ღარიბთა უვარგის სახლებს, უპირველესად გამოიჭირა „მოხუცები, ბავშვები, ავადმყოფები და ხეიბრები“ და მათი ძვლების ფერფლი და მტვერი სიტის დამწვარ ნანგრევებში ჩამარხა. ამის გამო, ჰანსონის მტკიცებით, დაღუპულთა რაოდენობა არა ოთხი ან რვა იყო, არამედ „რამდენიმე ასეული და სრულიად შესაძლებელია, რამდენიმე ათასეულიც.“[53]

ხანძრის შედეგად განადგურდა: 13 500 სახლი, 87 ეკლესია, 44 კომპანიის შენობა, ლონდონის სამეფო ბირჟა, საბაჟო, წმინდა პავლეს კათედრალი, ბრაიდუელის სასახლე და სიტის სხვა ციხეები, მთავარი ფოსტის ოფისი და ლონდონის კედლის სამი დასავლეთი კარიბჭე: ლუდგეიტი, ნიუგეიტი და ოლდერსგეიტი.[54] ზარალის ფულადი ღირებულება პირველადი დათვლით შეფასდა 100 000 000 გირვანქა სტერლინგად იმ დროინდელი კურსით, შემდეგ კი საეჭვოდ შემცირდა 10 მილიონ ფუნტამდე[55] (2019 წლისთვის 1,7 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი).[56] ივლინი საკუთარ დღიურში ირწმუნება, რომ იზლინგტონისა და ჰაიგეიტის მინდვრებზე, საკუთარ გადარჩენილ ბარგთან ერთად, მან 200 000 ადამიანი იხილა.[55]

შემდგომი მოვლენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლონდონის სიტის რადიკალურად განსხვავებულად განახლების ჯონ ივლინისეული გეგმა, რომელიც არ განხორციელებულა.

იმის მაგალითი, თუ რამდენად დიდი იყო იმ დროს განტევების ვაცის ყოლის სურვილი, არის გონებაშეზღუდული ფრანგი მესაათე რობერ იუბერი, რომელმაც აღიარა, რომ იყო პაპის აგენტი და მან გააჩაღა დიდი ხანძარი უესტმინსტერში.[57] მოგვიანებით კი შეცვალა თავისი ჩვენება და თქვა, რომ ხანძარი პუდინგ-ლეინზე, საცხობში გააჩინა. იუბერი დამნაშავედ ცნეს, მიუხედავად მისი უნარშეზღუდულობისა და ჩამოახრჩეს ტაიბერნში 1666 წლის 28 სექტემბერს. მისი სიკვდილის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხანძრის გაჩენისას ის ჩრდილოეთის ზღვაში გემზე იყო და ლონდონში მისი გაჩენიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ ჩავიდა.[58] ბრალდება, რომ ხანძარი კათოლიკეებმა გააჩინეს, ოპონენტებმა აქტიურად გამოიყენეს პოლიტიკური პროპაგანდისთვის პრო-კათოლიკე ჩარლზ II-ის სამეფო კარის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი პაპისტების შეთქმულების დროს და მოგვიანებით, მისი მმართველობის კრიზისისას.[59]

სიტის განახლების კრისტოფერ რენისეული უარყოფილი გეგმა.

ნიდერლანდებში ლონდონის დიდი ხანძარი საღვთო სასჯელად მიიჩნიეს ჰოლმსის კოცონისთვის, როდესაც ინგლის-ჰოლანდიის მეორე ომისას ინგლისელებმა ნიდერლანდელების ქალაქი გადაწვეს.[60]

ხანძრის შემდგომი ქაოსისა და მღელვარების გამო, მეფე ჩარლზ II-ს შეეშინდა ლონდონის კიდევ ერთი აჯანყების. მან წაახალისა უსახლკაროები, რომ ისინი წასულიყვნენ ლონდონიდან და დასახლებულიყვნენ სადმე სხვაგან, რისთვისაც დაუყოვნებლივ გამოსცა პროკლამაცია: „ნებისმიერმა ქალაქმა, წინააღმდეგობის მიუხედავად, უნდა მიიღოს ტანჯული ხალხი და მისცეს მათ თავისუფლება საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას.“ შეიქმნა სპეციალური ხანძრის საბჭო, რომელსაც ევალებოდა გაერჩია დავა მეიჯარეებსა და მიწის მფლობელებს შორის შენობების აღდგენის საქმეზე, იმის მიხედვით, თუ ვის როგორი გადახდისუნარიანობა ჰქონდა. საბჭო 1667 წლის თებერვლიდან 1672 წლის სექტემბრამდე მოქმედებდა. საქმის მოსმენა და ვერდიქტის გამოტანა, ჩვეულებრივ, ერთ დღეში ხდებოდა. ხანძრის საბჭოს გარეშე, სასამართლო დავები ძალიან გაიწელებოდა, რაც მნიშვნელოვნად შეუშლიდა ხელს ლონდონის აღდგენას.

მეფე ჩარლზი ხელს უწყობდა სიტის რადიკალურად განსხვავებულად აღდგენის სქემების შემუშავებას. თუ რეკონსტრუქცია რომელიმე ამ გეგმის მიხედვით ჩატარდებოდა, მაშინ ლონდონი მეტოქეობას გაუწევდა პარიზს ბაროკოს სტილის დიდებულებაში (იხილეთ ივლინის გეგმა მარჯვნივ). სამეფო კარი და სიტის მმართველობა ცდილობდა კომფენსაციის შესახებ მოლაპარაკება ეწარმოებინა „მათთან, ვისაც ყოველი სახლი და მიწის ნაკვეთი სინამდვილეში ეკუთვნოდა“, თუმცა ეს არარეალური იდეა არ განხორციელდა. მთავრობის მხრიდან დაყოლიების მცდელობა, რომ მოეყვანათ მუშები და გაეზომათ ახალი გეგმის მიხედვით ვისი სახლი სად იდგა, მოსახლეობის უმეტესობამ უარყო, რადგან ისინი ყოველდღიურად მხოლოდ საკუთარ გადარჩენაზე ფიქრობდნენ, მათ შორის ისინიც კი, ვისაც დედაქალაქი უკვე დაეტოვებინა. იქიდან გამომდინარე, რომ ხანძრის გამო ძალიან ჭირდა სამუშაო ძალა, შეუძლებელი აღმოჩნდა ამ მიზნის განსახორციელებლად ხელისუფლებას შესაფერისი მუშები ეპოვა. რენისა და ივლინის გარდა, ცნობილია რობერტ ჰუკის, ვალენტინ ნაიტისა და რიჩარდ ნიუკორტის მიერ შემუშავებული აღდგენის გეგმები.

საკუთრების საკითხების სირთულის გამო, ბაროკოს არცერთი სქემის განხორციელება არ იყო შესაძლებელი სიტიში პიაცებით და ხეივნებით. არავინ იყო, ვისთანაც შეიძლებოდა მოლაპარაკების წარმოება და არ იყო შესაძლებლობა, დათვლილიყო რა ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეხადათ მესაკუთრეებისთვის. ნაცვლად ამისა, განახლებული სიტი უმეტესად ძველი ქუჩის გეგმარებით აღადგინეს, ჰიგიენისა და ხანძრის უსაფრთხოების საკითხების გაუმჯობესებით; რაც გულისხმობდა: უფრო ფართო ქუჩებს, ღია და ადვილად მისასვლელ ნავმისადგომებს ტემზის გასწვრივ, იმ სახლების არაშენებას, რომელიც ტემზისკენ მიმავალ გზას ჩახერგავდა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შენობების აგებას აგურისა და ქვისაგან და არა ხისგან. საჯარო შენობები აშენდა თავიანთი წინამორბედების ადგილას. შესაძლოა, მათ შორის ყველაზე ცნობილია წმინდა პავლეს ტაძარი და კრისტოფერ რენის მიერ აღდგენილი სხვა 50 ეკლესია.

ჩარლზის ინიციატივით, პუდინგ-ლეინთან ახლოს, აღიმართა ლონდონის დიდი ხანძრის მონუმენტი, რომელიც დაპროექტებული იყო კრისტოფერ რენისა და რობერტ ჰუკის მიერ. სიმაღლით ის არის 61 მეტრი (200 ფუტი) და ძირითადად მოიხსენიება, როგორც უბრალოდ „მონუმენტი“. ის იქცა მნიშვნელოვან ორიენტირად ლონდონში, ხოლო მისგან სახელი მეტროსადგურმაც მიიღო. 1668 წელს კათოლიკეების წინააღმდეგ მიმართული ბრალდება დაემატა მონუმენტის წარწერას, რომლის ნაწილშიც ეწერა:

ვიკიციტატა
„ღვთის ნებით, ჯოჯოხეთი დაატყდა პროტესტანტულ ქალაქს... საშინელი გადაწვა მისი სიტის; დაწყებული და განვითარებული პაპისტების ხროვის მუხანათობითა და ავგულობით... პაპისტების გააფთრება, რომელმაც ასეთი საშინელებები მოგვიტანა, ჯერაც არ განელებულა...“

წარწერა მონუმენტზე 1830 წლამდე – კათოლიკეების ემანსიპციის აქტის გამოქვეყნებამდე – იყო გამოკრული, გარდა მეფე ჯეიმზ II-ის მმართველობის ოთხი წლისა (1685-1689 წწ.).[61]

მეორე მონუმენტი მიუთითებს იმ ადგილს, სადაც ხანძარი შეჩერდა: პაი-კორნერის ოქროს ბიჭუნა სმითფილდში. წარწერის მიხედვით, ეს იყო დასტური ღვთის რისხვისა გაუმაძღრობის ცოდვის გამო. მან ლონდონის სიტის მოუვლინა ხანძარი, რომელიც დაიწყო პუდინგ-ლეინზე და შეჩერდა პაი-კორნერთან.

მიიჩნევა, რომ ლონდონის შავი ჭირის ეპიდემიამ 1665 წელს ქალაქის მეექვსედი ანუ 80 000 ადამიანი შეიწირა[62] და არსებობს ვერსია, რომ ხანძარმა ლონდონი იხსნა გრძელვადიანი უბედურებისგან, რადგან გაანადგურა ანტისანიტარული სახლები ვირთხებითა და რწყილებიანად, რომლებსაც გადაჰქონდათ დაავადება. ამის დასტურად მოჰყავთ ფაქტი, რომ ხანძრის შემდეგ ეს ეპიდემია ქალაქში აღარ ყოფილა.[63] ისტორიკოსები არ ეთანხმებიან ამ აზრს, რომ ხანძარმა ითამაშა როლი დაავადებისთვის შემდგომი გავრცელების ხელის შეშლაში. ლონდონის მუზეუმის საიტი ამტკიცებს, რომ ამ მოვლენებს შორის იყო კავშირი,[64] მაშინ როდესაც ისტორიკოსი როი პორტერი იმ ფაქტზე ამახილებს ყურადღებას, რომ ხანძარს ლონდონის ღარიბული დასახლების დიდი ნაწილი გადაურჩა უვნებლად.[65]

ხანძრის შემდეგ თავიდან დაიგეგმა კუინ-სტრიტი და კინგ-სტრიტი, რომლებმაც გადაკვეთეს მანამდე არსებული ქუჩა. შეიქმნა, ასევე, ახალი გზა ტემზის სანაპიროდან გილდჰოლამდე. რეალურად მხოლოდ ეს ქუჩები იყო ახალი, რომლებიც სიტის რეკონსტრუქციის შემდეგ გაჩნდა.[66]

„ლონდონი იწვის“[67] Play 

უილიამ ჰარისონ ეინუორთის რომანში „ძველი წმინდა პავლე: ამბავი შავი ჭირისა და ხანძრისა“ მოვლენები ლონდონის დიდი ხანძრის დროს ვითარდება.[68]

სერიალი „დიდი ხანძარი“ ITV-ის ეთერში გავიდა 2014 წელს. ის შედგებოდა ოთხი ეპიზოდისგან. სერიალის სცენარი აგებულია პუდინგ-ლეინის მცხობელის ამბავზე, რომელიც პაპისტების შეთქმულებაშია ეჭვმიტანილი.[69]

2016 წელს ლონდონში გაიმართა ხანძრის 350 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. [70]

ინგლისური პანკ-ჯგუფ The Clash-ის სიმღერა „London's Burning“ (ქართ. ლონდონი იწვის), როგორც მიიჩნევა, ლონდონის დიდი ხანძრის შესახებაა.[67] თუმცა, სიმღერა ჯერ კიდევ 1580 წელს ჩნდება წყაროებში სათაურით: „Scotland's Burning“ (შოტლანდია იწვის).[71]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. სტატიაში ყველა თარიღი მოცემულია იულიუსის კალენდრით.
  2. პორტერი, 69–80.
  3. ტინისვუდი, 4, 101.
  4. მეთუნეობა. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი 2014.
  5. რედევეი, 27.
  6. ჯონ ივლინი 1659 წ. ციტირებულია ტინისვუდის მიერ. სექცია „ლონდონი 1660-იან წლებში“ დაწერილია ტინისვუდის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მითითებულია.
  7. პორტერი, 80.
  8. რომაული კედლის შიგნით მოქცეული ფართობი, ბევრი წყაროს მიხედვით, 330 აკრია (მაგალითისთვის იხ. შეპარდი, 37), თუმცა ტინისვუდის მიხედვით ეს ტერიტორია 667 აკრია.
  9. ჰანსონი (2001), 80.
  10. ჰანსონი (2001), 85–88.
  11. ნილ უოშინგტონი (2005). ხანძრის შემთხვევაში. ჯერემი მილსის გამომცემლობა, გვ. 18. ISBN 978-0-9546484-6-6. 
  12. ჰანსონი (2001), 77–80. სექცია „ხანძრის რისკი სიტიში“ დაწერილია ჰანსონის მიხედვით (2001),77–101.
  13. რეჯ სინსერა (ფსევდონიმი), ისტორიული და მორალური დაკვირვებები ლონდონის დაწვაზე, 1666 წლის სექტემბერი, ციტირებულია ჰანსონის მიერ (2001), 80.
  14. უცნობი კორესპონდენტისგან ლორდ კონუეისადმი მიწერილი წერილი, 1666 წლის სექტემბერი, ციტირებულია ტინისვუდის მიერ, 45–46.
  15. ნილ ჰანსონი (2011). საზარელი განაჩენი. Transworld, გვ. 111. ISBN 978-1-4464-2193-2. 
  16. ჰანსონი (2001), 82. სექცია „XVII საუკუნის ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები“ დაწერილია ტინისვუდისა და ჰანსონის (2001) მიხედვით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მითითებულია.
  17. ხანძრის ანკესი იყო მძიმე, 9 მეტრის (30 ფუტი) სიგრძის ძელი, თავში ძლიერი კაუჭით და რგოლით, რითაც ეჭიდებოდა ცეცხლმოკიდებული სახლის ხის კედლის ზედა ნაწილს და ამოძრავებდნენ თოკებით, რათა გადმოენგრიათ კედელი. (ტინისვუდი, 49).
  18. რედევეი, 25.
  19. სემიუელ პიპსის ყველა ციტატა და დეტალი მოყვანილია მისი დღიურიდან, შესაბამისი თარიღის მითითებით.
  20. რობინსონი, ბრიუსი, „ლონდონის დაწვა: დიდი ხანძარი“
  21. Gough MSS London14, ბოდლიანის ბიბლიოთეკა, ციტირებულია ჰანსონის მიერ (2001), 123.
  22. „ბლუდვორთის ნერვების კრახი გადამწყვეტი აღმოჩნდა“ (ტინისვუდი, 52).
  23. იხილეთ რობინსონი „ლონდონი: უფრო კაშკაშა ნათება, უფრო დიდი ქალაქი“ და ტინისვუდი, 48–49.
  24. ჰანსონის (2001) მიხედვით, მათაც ჰქონდათ ბორბლები (76), ხოლო ტინისვუდი მიიჩნევს, რომ ასე არ იყო (50).
  25. სახანძრო მანქანა, რომელიც 1625 წელს დაპატენტდა, იყო ერთ მხარეს მიმართული სატუმბი მოწყობილობა, თავსა და ბოლოში სამართავი სახელურებით (ილუსტრაცია იხილეთ ზემოთ) (ტინისვუდი, 50).
  26. 26.0 26.1 26.2 აკროიდი, 2017
  27. ტინისვუდი, 42–43.
  28. ყოველი დღის რუკა შედგენილია ტინისვუდის მიხედვით (58, 77, 97).
  29. ტინისვუდი, 44: „მას არ ჰქონდა გამოცდილება, ლიდერის უნარები ან თანდაყოლილი თვისება, საკუთარ თავზე აეღო გადაწყვეტილება, რათა შეეცვალა სიტუაცია.“
  30. პიპსის დღიური, 2 სექტემბერი.
  31. ტინისვუდი, 93.
  32. ტინისვუდი, 53.
  33. ლონდონ გაზეთი, 3 სექტემბერი 1666.
  34. ჰანსონი (2001), 102–105.
  35. სექცია „ორშაბათი, 3 სექტემბერი“ დაწერილია ტინისვუდის მიხედვით, 58–74, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მითითებულია.
  36. რობინსონი, "ლონდონის დაწვა: დიდი ხანძარი".
  37. ჯონ ივლინის ყველა ციტატა და დეტალი მოყვანილია მისი დღიურიდან.
  38. 38.0 38.1 ივლინი, 10.
  39. ჰანსონი (2001), 139.
  40. რედევეი, 22, 25.
  41. ჰანსონი (2001), 156–57.
  42. ციტირებულია ჰანსონის მიერ (2001), 158.
  43. ტინისვუდი, 71.
  44. მართლწერა გასწორებულია სიცხადისთვის; ციტირებულია ტინისვუდის მიერ, 80.
  45. უოლტერ ჯორჯ ბელი (1929) ლონდონის დიდი ხანძრის ისტორია: 109-11. ჯონ ლეინი: ლონდონი.
  46. სექცია „სამშაბათი, 4 სექტემბერი“ დაწერილია ტინისვუდის მიხედვით, 77–96.
  47. სექცია „ოთხშაბათი, 5 სექტემბერი“ დაწერილია ტინისვუდის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მითითებულია.
  48. ციტირებულია ტინისვუდის მიერ, 104.
  49. ივლინი (1854), 15.
  50. ჰანსონი (2002), 166.
  51. პორტერი, 87.
  52. ტინისვუდი, 131–35.
  53. ჰანსონი (2001), 326–33.
  54. პორტერი, 87–88.
  55. 55.0 55.1 რედევეი, 26.
  56. ბრიტანული ფუნტის მყიდველობითი უნარი 1264 წლიდან დღემდე
  57. სექცია „შედეგი“ დაწერილია რედევეის (27) და ტინისვუდის მიხედვით (213–237), გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მითითებულია.
  58. ტინისვუდი, 163–68.
  59. პორტერი, სტივენი (2006 წლის ოქტომბერი). „ლონდონის დიდი ხანძარი“. ოქსფორდის ბიოგრაფიათა ლექსიკონი. ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა. ციტირების თარიღი: 28 November 2006. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  60. ინგლისი და ნიდერლანდები: ორი ერის კავშირები. ნიდერლანდების ისტორია. კონინკლიკეს ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 8 November 2010.
  61. უაილდი, რობერტ. ლონდონის დიდი ხანძარი – 1666. About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი 2005. ციტირების თარიღი: 28 November 2006.
  62. პორტერი, 84.
  63. ჰანსონი (2001), 249–50.
  64. Ask the experts, ლონდონის მუზეუმი. Retrieved 27 October 2006. დაარქივებული 27 August 2006 საიტზე Wayback Machine.
  65. „შავმა ჭირმა გაწყვიტა შემდეგი უბნების მცხოვრებლები: ჰოლბორნი, შოურდიჩი, ფინსბერი, უაიტჩეპელი და საუთარკი, სადაც ძირითადად ჭუჭყიანი ქოხმახები იყო. აქაურობას, სამწუხაროდ, ხანძარი ოდნავ მიწვდა (გადაწვა იყო ის, რაც მათ ჭირდებოდათ)“ (პორტერი, 80).
  66. „ლონდონი: ბიოგრაფია“, პიტერ აკროიდი, 2000, გვ. 115.
  67. 67.0 67.1 მარგარიტ რიდ მაკდონალდი და უინიფრედ ჯაგერი (2006). The Round Book: Rounds Kids Love to Sing, გვ.73. August House. ISBN 978-0-87483-786-5.
  68. კოლიგანი, მიმი (2002). „პომპეი ავსტრალიაში“, Canvas Documentaries: Panoramic Entertainments in Nineteenth-century Australia and New Zealand. Melbourne University Press, გვ. 151. 
  69. რაჰიმ, სამერი (16 October 2014). „The Great Fire review, ITV: 'historical hokum'. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 13 December 2014.
  70. http://www.visitlondon.com/greatfire350/events
  71. ლინდალი, გრეგ. "Scotland, It Burneth", Ravenscroft Songbook. Cites Vlasto, Jill. "An Elizabethan Anthology of Rounds", Musical Quarterly XL (1954) 222–234. Accessed August 25, 2015.