შინაარსზე გადასვლა

ლითონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზოგიერთი ლითონის ნაწილები

ლითონები — მარტივი ნივთიერებები რომელთათვისაც ჩვეულებრივ პირობებში დამახასიათებელია მაღალი ელექტრო- და თბოგამტარობა, ელექტროგამტარობის უარყოფითი ტემპერატურული კოეფიციენტი, ელექტრომაგნიტური ტალღების არეკვლის კარგი უნარი (ბზინვა და გაუმჭვირობა), პლასტიკურობა და ბზინვარება. ლითონებს სხვანაირად მეტალებსაც უწოდებენ.

ლითონს მყარ მდგომარეობაში კრისტალური აგებულება აქვს. ორთქლისებრ მდგომარეობაში ლითონი ერთატომიანია. ჩვეულებრივ პირობებში თითქმის ყველა ლითონი მყარია, მხოლოდ ვერცხლისწყალი გვხვდება თხევად მდგომარეობაში.

ელემენტების სამ-მეოთხედზე მეტი მეტალებია. ჩვეულებრივ პირობებში თითქმის ყველა მეტალი მყარია, მხოლოდ ვერცხლისწყალი გვხვდება თხევად მდგომარეობაში. მეტალთა უმრავლესობა მკვრივი და ბზინვარეა, თანაც ადვილად ყალიბდება, ამიტომ მრავალნაირად გამოიყენებენ. მეტალები ელექტროდენს და სითბოს კარგად ატარებენ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მტკიცეა. მეტალები ჭედადია, ბევრი მათგანი პლასტიკურიცაა.

გარდა მსგავსებისა მეტალებს შორის განსხვავებაც არსებობს. ისეთები როგორებიცაა: კალა, ტყვია და ალუმინი, რკინისა და სპილენძისგან განსხვავებით უფრო რბილი, სუსტი და შედარებით დაბალ ტემპერატურაზე დნობადი მეტალებია.

ზოგიერთი მეტალები როგორიცაა: კალიუმი და ნატრიუმი, რეაქციაში კარგად შედის. ზოგი კი მაგალითად: ოქრო და პლატინა არააქტიურია, ოქრო ბუნებაში სუფთა სახითაა აღმოჩენილი. დანარჩენ მეტალთა უმეტესობა ქანებში მინერალების სახით მოიპოვება სადაც ისინი არამეტალებთან ერთადაა. მაგალითად რკინის ძირითადი მინერალები, რკინისა და ჟანგბადის ნაერთებია.

მეტალების გამყარება შესაძლებელია მათი გადნობითა და შენადნობების დამზადებით. ქიმიური აქტიურობის მიხედვით დალაგებულ მეტალთა მწკრივს აქტივობის მწკრივი ეწოდება: Li,K,Ca,Na,Mg,Al,Zn,Cr,Ni,Fe,Sn,Pb,[H],Cu,Ag,Hg,Pt,Au

აქტივობის მწკრივში წყალბადის მარცხნივ მოთავსებული მატალები აძევებს წყალბადს მჟავას ხსნარიდან, მარჯვნივ მოთავსებული მატალები კი_ვერა. აქტიური მეტალების გამოყოფა მათი შემცველი მინერალებიდან ძნელია, მაშინ როდესაც ნაკლებად აქტიური მეტალები შეიძლება დამოუკიდებელი სახითაც არსებობდეს. ნატრიუმსა და კალიუმს ნავთში ინახავენ, რადგან ისინი ძალზე აქტიურად ურთიერთქმედებენ წყალსა და ჰაერთან. სპილენძი ნაკლებად აქტიური მეტალია. იგი მილების, ცხელი წყლის ავზებისა და ელექტროსადენების დასამზადებლად გამოიყენება.

ტერმინი „ლითონი“ ბერძნული წარმოშობისაა (lithos — ქვა). შუა საუკუნეებამდე ცნობილი იყო მხოლოდ 7 ლითონი: ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, კალა, ტყვია, რკინა, ვერცხლისწყალი. ალქიმოკოსთა წარმოდგენით, ლითონები წარმოიქმნებოდა მიწის წიაღში პლანეტათა სინათლის სხივების ზემოქმედებით და იქვე თანდათანობით სრულყოფით გარდაიქმნებოდა ვერცხლად და ოქროდ. (ალქიმია). ალქიმიკოსები თვლიდნენ, რომ ლითონები შედგებოდა „ლითონური საწყისისა“ (ვერცხლისწყალი) და „წვადი საწყისისაგან“ (გოგირდი). XVIII საუკუნეში გოგირდი შეცვალეს ფლოგისტონით. ა. ლავუაზიემ უარყო ფლოგისტონის ჰიპოთეზა და დაასაბუთა, რომ ლითონები მარტივი ნივთიერებებია. 1789 წელს ლავუაზიემ ლითონებს მიაკუთვნა იმ დროისთვის ცნობილი 17 მარტივი ნივთიერება (Sb, Ag, As, Bi, Co, Cu, Sn, Fe, Mn, Hg, Mo, Ni, Au, Pt, Pb, W, Zn).

მეტალთა ქიმიური თვისებებიდან ყველაზე მეტი საერთო თვისება მდგომარეობს იმაში, რომ მათი ატომები შედარებით ადვილად გასცემენ ელექტრონებს და გარდაიქმნებიან დადებითად დამუხტულ იონებად. ქიმიურად უფრო აქტიურია ის ლითონი, რომლის ატომები უფრო ადვილად გასცემს ელექტრონებს. მეტალები ძლიერი აღმდგენელებია. მეტალები რეაქციაში შედიან არამეტალებთან: ჟანგბადთან, გოგირდთან, ჰალოგენებთან, აზოტთან, ფოსფორთან. რეაქციაში შედიან მჟავებთან და წყალთან.