შინაარსზე გადასვლა

ლაოსის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაოსის სამეფო
ພຣະຣາຊອານາຈັກລາວ

დროშა გერბი
დედაქალაქი ვიენტიანი (ადმინისტრაციული)
ლუანგპრაბანგი (სამეფო რეზიდენცია)
ენა ლაოსური
ფრანგული
რელიგია ბუდიზმი
კათოლიციზმი
ფულის ერთეული ლაოსური კიპი
წინამორბედი:
ფრანგული ინდოჩინეთი
მემკვიდრე:
ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა
ფართობი 236,800 კმ
მოსახლეობა 3,100,000
მმართველობის ფორმა უნიტარული კონსტიტუციური მონარქია
 - 1947-1959 სისავანგ ვონგი
 - 1959-1975 სავანგ ვატჰანა

ლაოსის სამეფო (ლაოს. ພຣະຣາຊອານາຈັກລາວ) — ისტორიული სახელმწიფო თანამედროვე ლაოსის ტერიტორიაზე. იგი 1947 წელს ჩამოყალიბდა ფრანგული ინდოჩინეთის დაშლის შედეგად და 1975 წელს, ლაოსის სამოქალაქო ომის შედეგად შეწყვიტა არსებობა, რის შემდეგაც შეიქმნა ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა.

XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ლაოსი ფრანგული ინდოჩინეთის დაქვემდებარებაში შედიოდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ინდოჩინეთის ოკუპაცია იაპონიამ მოახდინა, რომლის მარცხის შემდეგაც ფრანგებმა პოზიციები აღიდგინეს, მაგრამ არა დიდი ხნით. ინდოჩინეთში დაიწყო ანტიფრანგული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობები, რასაც 1947 წელს ლუანგპრაბანგის დინასტიის წარმომადგენელმა სისავანგ ვონგის მიერ თავის ლაოსის დე ფაქტო მეფედ გამოცხადება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, სახალხო გამოსვლები გრძელდებოდა, რის შედეგაცად ფრანგებმა 1949 წელს ლაოსს ავტონომია მიანიჭეს. ამან დროებით მოაგვარა პრობლემა, მაგრამ შინა არეულობა მალევე განახლდა.

1953 წლის 22 ოქტომბერს საფრანგეთმა ლაოსის სამეფოს დამოუკიდებლობა მიანიჭა, რასაც მოჰყვა ვიეტნამისა და კამბოჯის გამოყოფაც, რის შედეგადაც ფრანგულმა ინდოჩინეთმა არსებობა შეწყვიტა. ამრიგად, ლაოსში ძალაუფლება ხელში ადგილობრივმა მთავრობამ აიღო. ლაოსში მალევე დამყარდა კონსტიტუციური მონარქია და რეალურად ქვეყანას პარლამენტი მართავდა.

1958 წელს, პრინც სოვანა ფუმას ხელმძღვანელობით შეიქმნა „ეროვნული ერთიანობის მთავრობა“, რომელიც მიზნად ისახავდა ლაოსის პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას. პარალელურად, სამეფო კარი სულ უფრო უახლოვდებოდა კომუნისტებს, რასაც ლაოსში 1,500 კომუნისტი ჯარისკაცის ჩასვლა მოჰყვა.

1960 წლიდან ქვეყანაში ვითარება სერიოზულად დაიძაბა. რიგი აჯანყებები მალევე გადაიზარდა ლაოსის სამოქალაქო ომში. ძირითადად დაპირისპირება სამეფო ოჯახსა და რესპუბლიკელებს შორის მიმდინარეობდა. 1962 წელს, პრინცი ფუმას მიერ დაარსდა მეორე ეროვნული დროებითი მთავრობა, რომელმაც ცოტა ხნით მოახერხა წესრიგის აღდგენა. სიტუაცია ხელახლა მას შემდეგ აირია, რაც ლაოსი ცივი ომის მხარეთა ინტერესების სფეროში მოექცა.

ლაოსში კომუნიზმის დამყარებით შეშინებულმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჯერ კიდევ 1953 წლიდან დაიწყო ლაოსელი რესპუბლიკელების წაქეზება. აშშ-ს როლი ლაოსის სამოქალაქო ომში განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც საბჭოთა კავშირმა ლაოსის ხელისუფლების მოპოვება სცადა. ამის საპასუხოდ, ამერიკელებმა ლაოსში ცივი ომი შეიტანეს. ამრიგად, აშშ ლაოსელ რესპუბლიკელებს ძლიერ სამხედრო მხარდაჭერას უცხადებდა, თუმცა არაოფიციალურად.

სამოქალაქო ომი მხოლოდ 1973 წლის თებერვალში დასრულდა, როდესაც პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა აშშ-მ და ჩრდილოეთ ვიეტნამმა. 1974 წელს ლაოსში შეიქმნა ეროვნული ერთიანობის კიდევ ერთი მთავრობა, რომელიც ძირითადად პროვინციების კეთილდღეობისკენ იყო მიმართული. მიუხედავად ამისა, 1975 წლის დამდეგს ქვეყნის დიდ ნაწილს რესპუბლიკური პარტია აკონტროლებდა.

1975 წლის აპრილში რესპუბლიკელება დედაქალაქი აიღეს, რასაც ამავე წლის 2 დეკემბერს მოჰყვა ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება. ამის გამო, სამეფო ოჯახი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.

  • Oliver Tappe: Geschichte, Nationsbildung und Legitimationspolitik in Laos. 2008, ISBN 3-8258-1610-9
  • Michael Schultze: Die Geschichte von Laos. 1998, ISBN 3-88910-136-4.
  • Martin Stuart-Fox: A History of Laos. Cambridge University Press, 1997.
  • Kenneth Conboy: War in Laos 1954-1975. Squadron/Signal publications, 1994.
  • John Holt (2009). Page 110. Spirits of the Place: Buddhism and Lao Religious Culture.
  • MacKinnon, Ian (3 December 2008). "Forty years on, Laos reaps bitter harvest of the secret war". The Guardian. London. Retrieved 7 May 2010.