შინაარსზე გადასვლა

კულუნდის ტბა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კულუნდის ტბა
კულუნდის ტბის კოსმოსური ფოტოსურათი
კულუნდის ტბის კოსმოსური ფოტოსურათი
კოორდინატები: 53°00′00″ ჩ. გ. 79°31′00″ ა. გ. / 53.00000° ჩ. გ. 79.51667° ა. გ. / 53.00000; 79.51667
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ალთაის მხარე
სიმაღლე ზღვის დონიდან 98 
სიგრძე 35 კმ
სიგანე 35 კმ
ფართობი ~770 კმ²
მოცულობა 1,8 კმ³
საშუალო სიღრმე
მაქსიმალური სიღრმე
აუზის ფართობი 24,100 კმ²
ჩამდინარე მდინარეები კულუნდა
სუეტკა
კულუნდის ტბა — რუსეთი
კულუნდის ტბა

კულუნდის ტბა (რუს. Кулундинское озеро) — მწარე-მლაშე ტბა რუსეთში, ალთაის მხარეში. გაწოლილია კულუნდის ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 98 მ სიმაღლეზე. ფშანით უკავშირდება ქუჩუქის ტბას. წყალშემკრები აუზი მოქცეულია კონტინენტური კლიმატის ფარგლებში, გამოირჩევა ცხელი მშრალი ზაფხულითა და ცივი მცირეთოვლიანი ზამთრით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -18°C, ივლისის 21°С. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 250–350 მმ. ზამთარში თოვლის საფარველი გამოცლილია ძლიერი სტეპური ქარებით.[1]

კულუნდის სტეპში ხშირია გადასვლები სითბოდან სიცივისაკენ. ტბას ერთვის მდინარეები, რომელთაგან მნიშვნელოვანია კულუნდა და სუეტკა. გაუდინარია, რის გამოც წყლის დონე ექვემდებარება საუკუნოვან და მრავალწლოვან რყევას. გასულ საუკუნეში მაღალი დონეები დაფიქსირდა 1915–16 წლებში, ყველაზე დაბალი 1936 წელს. დაახლოებით 200 წლის წინ ტბას ჰქონდა გაცილებით უფრო დიდი ფართობი. თანამედროვე მისი დონე 13–14 მ-ით უფრო დაბალია. საზრდოობს ძირითადად მდნარი თოვლის წყლით, მნიშვნელოვანი წილი მოდის აგრეთვე მიწისქვეშა წყლებზე. გამოხატულია დონის სეზონური რყევები: მაისსა და ივნისში მიმდინარეობს მისი მატება 20–30 სმ-ით, რის შემდეგაც ხდება კლება, რომელიც შეადგენს 25–50 სმ-ს. წყლის კიდე მდებარეობს 98–99 მ-ზე. სარკის ფართობი მერყეობს 615-იდან 770 კმ²-მდე.[1]

ტბა არაღრმაა, საშუალო სიღრმე შეადგენს 2,5–3 მ-ს, ხოლო მაქსიმალური 5 მ-ს. ტბის დიამეტრია დაახლოებით 35 კმ. ზამთარში არ იყინება. ზაფხულში წყლის ტემპერატურა ადის 26 °С-მდე. ალთაის მხარის უდიდესი ტბაა. ტბის სამხრეთი და დასავლეთი ნაპირები დაბალია და დაჭაობებული, უხვად გვხვდება ქვიშიანი თავთხელები, ჩრდილოეთი ნაპირები ციცაბოა და ფლატოვანი. ტბის აღმოსავლეთ ნაწილში ბევრი კუნძულია. აღმოსავლეთი ნაპირი წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი ყურეებით, მცენარეულობას პრაქტიკულად მოკლებული ნიადაგი აქ მლაშობიანია.[1]

საერთო მინერალიზაცია ღია წყლის პერიოდში სეზონის შესაბამისად მერყეობს 70-100-იდან 260 გრ/ლ-მდე. შეიცავს მირაბილიტის მარაგს, წყალი ძლიერ მინერალიზებლია, აქვს მლაშე ან მწარე-მლაშე გემო. თავისი ქიმიური შედგენილობით კულუნდის ტბის რაპა ახლოსაა მკვდარი ზღვის რაპასთან.[1]

კიბოსნაირების ცხოველმოქმედებასთანაა დაკავშირებული სამკურნალო ტალახის ფენის წარმოშობა. ამ ტალახს აქვს გოგირდწყალბადის სუნი, შავი ფერი, ერთგვაროვანი კონსისტენცია. როდესაც ტალახი შრება იგი ხდება ფერფლისებრ-რუხისფერი. ლამის ტალახსა და რაპას იყენებენ სოფელ ზნამენკის ტალახით სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც ტბიდან ჩრდილოეთით 2 კმ-შია განლაგებული. მარილების შემცველობის მაღალი დონის გამო ტბაში თევზი არ გვხვდება.[1][2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]