კატეხიზმო
კატეხიზმო — ეკლესიაში ახალმოსულთა (ნეოფიტთა) სასწავლოდ გამიზნული წიგნი, ქრისტეს მოძღვრების გადმოცემა კითხვა-პასუხის სახით.
„სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობით კატეხიზმო აღნიშნავს ქრისტიანული რელიგიის არსებით ჭეშმარიტებათა ზეპირ და მარტივ, ძალდაუტანებელ სწავლებას ბავშვებისა და განათლების არმქონე ზრდასრულთათვის, რაც ნათლისღების შემდეგ ხდება. თუმცა შემდგომში სახელწოდება სწავლების ხერხიდან გავრცელდა იმ წიგნზე, რომელიც ქრისტიანობის ძირეულ ჭეშმარიტებათა ელემენტარულ გადმოცემას შეიცავს. ამ თვალსაზრისით კატეხიზმო არის პოპულარული სახელმძღვანელო, ქრისტიანული მოძღვრების ზუსტი და უტყუარი მოკლე გადმოცემა“ (ე. მანჟენო).
კატეხიზმოს პირველ ტექსტთაგან აღსანიშნავია ალკუინის დროინდელი Disputatio puerorum per interrogationes et responsiones (ქრისტიანული დოქტრინის კომპენდიუმი ათ თავად, PL 101, 1097-1144). XIII საუკუნეში აღმოცენდა სახასიათო საგანმანათლებლო ტექსტები, როგორიც იყო, მაგალითად, ჰონორიუს აუტუნელის Elucidarium, sive dialogus de summa totius christianae theologiae (შეკითხვები და პასუხები მრწამსის, ბოროტებისა და საბოლოო საგანთა შესახებ, PL 172, 1109-1176).
ლუთერმა და კალვინმაც დაწერეს კატეხიზმოები, შესაბამისად 1529 (დიდი და მცირე კატეხიზმო), 1537 და 1542 წლებში. კათოლიკურ სამყაროში დიდად გაითქვა სახელი პეტრე კანიზელის მცირე კატეხიზმომ (1556) და რობერტო ბელარმინოს ქრისტიანული დოქტრინის მოკლე გადმოცემამ (1597). ტრიენტის კრების შემდეგ პაპმა პიუს V-მ გამოაქვეყნა „რომაული კატეხიზმო“ წინამძღვართათვის, ხოლო ვატიკანის I კრების შემდეგ პიუს X-მ შეიმუშავა კატეხიზმო, განკუთვნილი რომის დიოცეზისთვის, რომელიც შემდგომში მთელ იტალიაში გავრცელდა. ვატიკანის II კრებამ ბიძგი მისცა კატეხიზმოს სწავლების განახლებას, რათა კითხვა-პასუხის ძველი ფორმის ნაცვლად დამკვიდრებულიყო ახალი მეთოდი, რომელიც მეტად გაუსვამდა ხაზს თანამედროვე ანთროპოლოგიურ კონტექსტს. ამ განახლების შედეგია 1992 წლის 11 ოქტომბერს „კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოს“ გამოქვეყნება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; გარეკანზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN 978-9941-0-3408-4
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კატეხიზმო - ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები
- ქრისტიანობის ლექსიკონი
- სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად დაარქივებული 2013-04-02 საიტზე Wayback Machine.
- კატეხიზმო "მრწამსის” განმარტება დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- ორიგინალური „კატეხიზმო“ – I | დიდგორი
- სექტანტთა ცრუმოძღვრების სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.