შინაარსზე გადასვლა

ისლამის ხუთი ბურჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისლამის თემები

ისლამი

რწმენები

ალაჰი · ღმერთის ერთსახოვნება
მაჰმადი · ისლამის წინასწარმეტყველები

პრაქტიკა

შაჰადა · სალათი
მარხვა · ქველმოქმედება · ჰაჯი · ქა'აბა

წერილები და კანონები

ყურანი · სუნა · ჰადისი
კანონები · გზა · წერილთა განმარტებანი · სუფიზმი

ისტორია და ლიდერები

ისტორიის ქრონოლოგია
აჰლ ალ-ბაითი · საჰაბა
სუნიზმი · შიიზმი
მართლმორწმუნე ხალიფები · იმამები

კულტურა და საზოგადოება

მოძღვრებაარქიტექტურახელოვნება
კალენდარიბავშვებიდემოგრაფია
დღესასწაულებიმეჩეთებიფილოსოფია
პოლიტიკამეცნიერებაქალები

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

ისლამის ხუთი ბურჯი (არაბ. أركان الإسلام; არქან ალ–ისლამ ისლამის ბურჯები ან არაბ. أركان الدين არქან ად–დინ რელიგიის ბურჯები) — ისლამის ხუთი სავალდებულო პრაქტიკა, რომელიც ქმნიან მის საფუძველს. ისინი ჩამოთვლილია მუსლიმთა შორის ცნობილ ჯიბრა'ილის ჰადისში.

ჰადისი, რომელიც ნახსენებია ჰადისების ორ ყველაზე ავთენტურ კოლექციაში, საჰიჰ ალ-ბუხარისა[1] და საჰიჰ მუსლიმში,[2] მოგვითხრობს ჯიბრაილის სტუმრობაზე მუჰამმადსა ﷺ და მის თანამიმდევრებთან. ამავე გადმოცემით, მან დაუსვა კითხვა მუჰამმადს ﷺ – – რა არის ისლამი? ისლამი არის დამოწმება, რომ არ არის ღვთაება თაყვანისცემის ღირსი, ღმერთის გარდა, ლოცვად დადგომა, მოწყალების გაცემა, მარხვა რამადანის თვეში და მოილოცო სახლი, თუ გაქვს ამის შესაძლებლობა. ჰადისი კიდევ რამდენიმე კითხვა–პასუხს მოიცავს, ხოლო მის დასასრულს მუჰამმადი ﷺ ეუბნება თანამიმდევრებს – იცით ვინ იყო ეს? ეს იყო ჯიბრაილი, რომელიც მოვიდა, რომ შეგასწავლოთ თქვენი რელიგია.

ამ ჰადისზე დაყრდნობით ცნობილი ხდება ისლამის ბურჯები, თუმცა ისლამური ტექსტები სხვა მითითებებსაც შეიცავს მათ შესახებ.

შაჰადა საუდის არაბეთის დროშაზე

რწმენის დამოწმება (არაბ. الشهادة; აშ–შაჰადა ან არაბ. الشهادتان; აშ–შაჰადათაინ, ორი დამოწმება) არის რწმენების დამოწმება ორი ფრაზის წარმოთქმით – ვამოწმებ რომ არ არის ღვთაება თაყვანისცემის ღირსი გარდა ერთი ღმერთისა (არაბ. أشهد أن لا إله إلا الله; აშჰადუ ან ლა ილაჰა ილლა ლ–ლაჰ)[3] და ვამოწმებ რომ მუჰამმადი არის მისი მაცნე (არაბ. أشهد أن محمد رسول الله; აშჰადუ ანნა მუჰამმადუნ რასულუ ლ–ლაჰი).[4] მეორე ფრაზის ვარიაციაა ასევე ვამოწმებ, რომ მუჰამმადია მისი (ღმერთის) მსახური და მაცნე (არაბ. أشهد أن محمدا عبده و رسوله; აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასულუჰუ). ში'იტები ასევე ამატებენ ფრაზას ვამოწმებ, რომ 'ალი არის ღმერთის მოადგილე (არაბ. أشهد أن علي والي الله აშჰადუ ანნა 'ალიიუნ ვალიუ ლ–ლაჰი).
როგორც მუსლიმი სწავლულები ხსნიან, დამოწმების არსი შესაძლოა განიმარტოს მისი სამ მთავარ ნაწილად გაყოფის შემდეგ. კერძოდ პირველი ნაწილია "ვამოწმებ, რომ არ არის ღვთაება, თაყვანისცემის ღირსი..." არის ყველანაირი სათაყვანო ობიექტის უარყოფა, რასაც ადამიანები თაყვანს სცემენ ან რომელიმე ღვთიურ, სრულყოფილ თვისებას მიაწერენ. მეორე ნაწილი "გარდა ღმერთისა..." – ეს ერთღმერთიანობის დამოწმებაა, რომ თაყვანისცემა მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი და თანასწორი. "მუჰამმადი არის მისი მაცნე და მსახური" დამოწმების მესამე ნაწილია, რითაც დამმოწმებელი ადასტურებს, რომ სწამს მუჰამმადის ﷺ მქადაგებლური მისიისა. იგი ადასტურებს, რომ სწამს ბრძენი ყურანის და სარწმუნო სუნნის. ამ დამოწმების წარმოთქმით ადამიანი ადასტურებს, რომ იგი აბრაამისეული ერთღმერთიანობის მიმდევარია, მხოლოდ ერთი ღმერთის მორჩილია. მუსლიმთა რწმენის მიხედვით, ღმერთი შეჰპირდა მათ, ვინც გულწრფელად ისწრაფვოდა მისკენ და დაამოწმა თავისი რწმენა ამ სიტყვებით, ყველა წინა ცოდვების მიტევებას, ხოლო ადრე გაკეთებული კეთილი საქმეებისთვის ჯილდოს შენარჩუნებას.[5]

მუსლიმები ლოცულობენ ამერიკის საელჩოში, ქაბული

ლოცვა (არაბ. الصلاة; ას–სალათ) სალათი, ანუ ნამაზი, არის ყოველდღიური ხუთჯერადი ლოცვა, რომლის შესრულება ყველა მუსლიმის ვალია. მუსლიმი უნდა განიბანოს, ჩაიცვას სუფთა სამოსი, რომელიც ფარავს მის სხეულს, დადგეს ყიბლის მიმართულებით და შეასრულოს ლოცვა.[6]
ისლამური გადმოცემით, ქა’აბა აბრაამმა და მისმა ვაჟმა, ისმაელმა ააშენეს ერთი ღმერთის თაყვანსაცემად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ისლამში არ არის რაიმე წმინდა სიმბოლოები და რელიქვიები. მუსლიმი თეოლოგების განმარტებით, ისინი არ სცემენ თაყვანს ქა’აბას, არამედ ღმერთს, ხოლო მიმართულება ქა’აბისკენ აერთიანებს მათ რიგებს ამ თაყვანისცემისას. ადამიანი, ვინც თაყვანს სცემს ქა’აბას ან ნებისმიერ სხვა ქმნილებას, ამით ის მრავალღმერთიანი ხდება. მათივე მტკიცებით, ქა’აბა არის შენობა, რომლის სამშენებლო მასალა არ არის არანაირად აღმატებული სხვა ნებისმიერი შენობის სამშენებლო მასალაზე.[5]
ხუთჯერადი ლოცვა სრულდება დღე-ღამის განსაზღვრულ მონაკვეთებში და ადამიანისთვის გამუდმებული შეხსენებაა მისი ვალდებულებებისა ღმერთის მიმართ, ასევე წარმოადგენენ პირდაპირ კავშირს ღმერთსა და მორწმუნეს შორის. ამ დროს ადამიანი მადლობას უძღვნის ღმერთს, მიტევებასა და წინამძღვრებას სთხოვს. მუსლიმს შეუძლია ნებაყოფლობითი დამატებითი ლოცვების შესრულებაც. რაც შეეხება ვედრებას, ანუ დუ’ას, ისინი ყოველგვარი წინასწარი მომზადების (განბანვა, ყიბლისკენ მიბრუნება, სარიტუალო ენა და ა.შ.) გარეშე შესაძლოა ეთხოვოს ღმერთს.[7]

მოწყალება (არაბ. الزكاة; აზ–ზაქათ) ყოველი მუსლიმი, რომელსაც აქვს განსაზღვრული ყოველწლიური დანაზოგი, ვალდებულია მისი გარკვეული ნაწილი გაიღოს უპოვრების, ღარიბების, ქვრივების, მოგზაურების და სხვა ნივთიერად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანთა დასახმარებლად.[8]
სიტყვა "ზაქათი" არაბულად განწმენდას ნიშნავს. მუსლიმთა შეხედულებით, ზაქათი არის საშუალება, რომ ადამიანმა, რომელსაც ღმერთმა მიანიჭა ნივთიერი დოვლათი, განწმინდოს ის და განიმტკიცოს მისი მფლობელობა. აკრძალული გზით ნაშოვნი ქონებით ზაქათი არ მიიღება. ზაქათის გაღება ამშვიდებს გამცემის სულს, ამცირებს სიხარბესა და მომხვეჭელობას, აძლიერებს თანაგრძნობასა და მოწყალებას ადამიანებს შორის. გარდა სულიერი მოგებისა, ზაქათი ხელს უწყობს საზოგადოებაში დოვლათის თანაბარ განაწილებას, ამცირებს საზოგადოების კლასობრივ ფენებად დაყოფას და ანტაგონიზმს, ეხმარება ნივთიერად შეჭირვებულ ფენებს. ზაქათის ნორმად წლიური დანაზოგის (და არა შემოსავლის) 2,5% ითვლება.[5]

იფტარი მეჩეთში

მარხვა (არაბ. صوم; საუმ ან არაბ. الصيام; ას–სიიამ, მარხვები) მუსლიმები, რომლებსაც ჯანმრთელობა ხელს უწყობთ, ვალდებული არიან იმარხულონ რამადანის თვეში.[9]
ისლამური რწმენით, რამადანის თვე გამორჩეულია, რადგან ყურანის პირველი აიები სწორედ ამ თვეში გარდმოევლინა. და რადგანაც მთვარის წელიწადი მზის წელიწადზე 10 ან 11 დღით მოკლეა, რამადანის თვე გადაადგილდება მზის კალენდართან მიმართებაში.
ისლამის მიხედვით, როგორც ზაქათი არის ადამიანის ქონების განწმენდა, ასევე მარხვა ადამიანის სხეულის განწმენდაა. მარხვა ადამიანს თავდაჭერილს, მომთმენს ხდის და აძლევს საშუალებას, უფრო ღრმად გაიაზროს ნივთიერად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ბედი. როგორც ლოცვა, ასევე მარხვა არის კავშირი ღმერთსა და მორწმუნეს შორის, იგი ადამიანს ახსენებს იმ წყალობას, რასაც ხშირად ჩვენ ისე ვიღებთ, თითქოს გვეკუთვნოდეს, თუნდაც ეს იყოს ერთი ჭიქა ცივი წყალი ან ჭამა ჩვენი სურვილისამებრ. მუსლიმთა ორი დღესასწაულიდან ერთ-ერთი – ‘იდ ალ-ფიტრი (რამაზან ბაირამი) სწორედ რამადანის დასრულებისას აღინიშნება.[5]

მომლოცველები ქააბასთან

მომლოცველობა (არაბ. الحج; ალ–ჰაჯჯ) მექის საკრძალველი მეჩეთისა და ქა'აბის მოლოცვა. ყოველი მუსლიმი უნდა ეცადოს, რომ თავისი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც ეწვიოს ქა’აბას მექაში.[10] მუსლიმები მთელი მსოფლიოდან გროვდებიან მექაში ერთად ღვთისმსახურებისთვის. მილიონობით მომლოცველი სტუმრობს ქა’აბას და ასრულებს ჰაჯჯს ყოველწლიურად.
ისლამის მიხედვით, ჰაჯჯის რიტუალი აბრაამის დროიდან იწყება, თუმცა შემდგომ ქა’აბის გარშემო კერპები დაალაგეს და ჰაჯჯი პირვანდელი სახით მუჰამმადის ﷺ მიერ იქნა აღდგენილი. ჰაჯჯი ანადგურებს იმ რასობრივ, ეთნიკურ თუ სოციალურ ბარიერებს, რაც მათ საზოგადოებებში შეიძლება კიდევ არსებობდეს. ის აერთიანებს მუსლიმებს მხარდამხარ, ასწავლის მათ მოთმინებას, თავდაჭერასა და ღვთისმოსაობას. მომლოცველები ერთნაირ, უბრალო შესამოსელს ატარებენ, რაც ასევე შლის ყოველგვარ კლასობრივ თუ კულტურულ განსხვავებას მუსლიმებს შორის. ჰაჯჯის პერიოდის დასრულების შემდეგ აღინიშნება მუსლიმთა მეორე დღესასწაული – ‘იდ ალ-ადჰა (ყურბან ბაირამი), რომელიც მორწმუნეს ახსენებს აბრაამის სრულ და სამაგალითო მორჩილებას ღვთის მიმართ, რომელიც მზად იყო მისთვის საკუთარი შვილიც კი უყოყმანოდ შეეწირა.[5]
ჰაჯჯი მთვარის წლის უკანასკნელი თვის, ზუ ლ-ჰიჯჯას პირველი ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. სხვა დროს შესრულებულ მოლოცვას 'უმრა (არაბ. عمرة), ანუ მცირე ჰაჯჯი ეწოდება.[11]

  1. صحيح البخاري، كتاب الإيمان، باب سؤال جبريل النبي صلى الله عليه وسلم عن الإيمان والإسلام والإحسان وعلم الساعة، ٥٠
  2. صحيح مسلم، كتاب الإيمان، باب الإسلام ما هو وبيان خصاله، ١٠
  3. ბრძენი ყურანი, სურა აალ 'იმრან, III, აია 18.
  4. ბრძენი ყურანი, სურა ათ–თაუბა, IX, აია 129.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Pete seda, Islam is..., 2002, ISBN 0-9719158-0-6.
  6. ბრძენი ყურანი, სურა ალ–ბაყარა, II, აია 144.
  7. جملة من آداب الدعاء
  8. ბრძენი ყურანი, სურა ალ–ბაიინა, XCVIII, აია 5.
  9. ბრძენი ყურანი, სურა ალ–ბაყარა, II, აია 183.
  10. ბრძენი ყურანი, სურა აალ 'იმრან, III, აია 97.
  11. صفة العمرة