ინდონეზიის ტურიზმი
ინდონეზიის ტურიზმი ინდონეზიის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია. 2017 წლისთვის ინდონეზია მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში მე-20 ადგილზე იყო, ტურიზმის სექტორის ზრდის სისწრაფის მხრივ კი მსოფლიოში მეცხრე ქვეყანა იყო, აზიაში — მესამე ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში — პირველზე.[1]. 2019 წლისთვის ინდონეზია 20 მილიონი ტურისტის მიღებასა და მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილის 8%-მდე ზრდას ისახავს მიზნად.[2] საქონლისა და მომსახურების ექსპორტით ინდონეზიის ტურიზმის სექტორი მეოთხე ადგილზეა.[3]
2016 წელს ინდონეზიას 12.02 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც 2015 წელთან შედარებით 15.5%-ით მეტია.[4] 2017 წლისთვის კი ქვეყანა 10 406 759-მა საერთაშორისო ტურისტმა მოინახულა. 2015 წლის მონაცემებით ქვეყანას 9,73 მილიონი ტურისტი ეწვია, რომელთა სასტუმროებში დარჩენის საშუალო ხანგრძლივობაც 7.5 ღამე იყო და ყოველმა ტურისტმა ვიზიტის დროს საშუალოდ 1142 აშშ დოლარი დახარჯა, რაც ყოველ ადამიანზე ყოველდღიურად დახარჯულ 152.22 აშშ დოლარს უდრის.[2] ინდონეზიისთვის საერთაშორისო ტურისტთა ხუთი მთავარი წყარო — სინგაპური, მალაიზია, ჩინეთი, ავსტრალია და იაპონიაა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 მოხსენების მიხედვით მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (4.2 ქულა) ინდონეზია მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 42-ე ადგილზეა. 2017 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 10 761 000 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც საშუალოდ ყოველი ჩამომსვლელის მიერ დახარჯულ 1 034 აშშ დოლარს უტოლდება. მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში 3 468 400 ადგილია შექმნილი, რაც ქვეყნის მთლიანი სამუშაო ადგილების 2.9%-ს შეადგენს. ტურიზმის სექტორის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 3.3%-ია.[5] ქვეყანას საუკეთესო მაჩვენებლები ფასების კონკურენტუნარიანობისა (6.0 ქულა, მეხუთე ადგილი) და ბუნებრივი რესურსების (4.7 ქულა, მე-14 ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი მაჩვენებლები — გარემოს მდგრადობის (3.2 ქულა, 131-ე ადგილი) და ჯანმრთელობისა და ჰიგიენის (4.3 ქულა, 108-ე ადგილი) სვეტებში.[6]
2016 წელს ინდონეზიის ხელისუფლების მოხსენებით, უცხოელი ინვესტორების მოზიდვით ტურიზმის განსავითარებლად ამ სექტორში უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ქვეყნის მთავრობამ 10 ტურისტულ ღირსშესანიშნაობას მიანიჭა უპირატესობა: ბოროდობური (ცენტრალური იავა), მანდალაიკა (ლომბოკი), ლაბუან ბაჯო, ბრომო-ტენგერ-სემერუ (აღმოსავლეთ იავა), ათასი კუნძული (ჯაკარტა), ტობა (ჩრდილოეთ სუმატრა), ვაკატობი (სამხრეთ-აღმოსავლეთ სულავესი), ტანჯუნგ ლესანგი (ბანტენი), მოროტაი (ჩრდილოეთ მალუკუ) და ტანჯუნგ კელაიანგი (ბელიტუნგი).[7]
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდონეზიის ტურიზმისთვის როგორც ბუნება, ისე კულტურა მთავარი კომპონენტებია. ბუნებრივი მემკვიდრეობა ტროპიკული კლიმატის და 17 508 კუნძულის არქიპელაგის (რომელთაგანაც 6000 დასახლებულია) უნიკალურ კომბინაციას წარმოადგენს.[8] ქვეყნის საზღვაო საზღვრის სიგრძე 54 716 კილომეტრს შეადგენს და მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ კანადას ჩამორჩება.[9] პოპულარულ ლანდშაფტურ დანიშნულების ადგილებს შორისაა: ბალის სანაპიროები და პლაჟები, წყალქვეშ ყვინთვის ცენტრები ბუნაკენში, ბრომოს მთა აღმოსავლეთ იავაზე, ტობას ტბა და ეროვნული პარკები სუმატრაზე და სხვა. ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებთან ერთად ინდონეზიას მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა აქვს, რომელშიც ქვეყნის განვითარების ისტორია და ეთნიკური მრავალფეროვნებაა გამოხატული. არქიპელაგის გარშემო 700-ზე მეტი ცოცხალი ენა გამოიყენება.[10] კულტურული ტურიზმის მთავარი დანიშნულების ადგილებია ანტიკური ხანის ტაძრები ბორობუდური და პრამბანანი, ბალი თავისი ინდუისტური ფესტივალებით, ჯოკიაკარტა, მინანგკაბაუს, ტორაჯასა და სხვა ეთნიკური ჯგუფების წეს-ჩვეულებები.
10 პრიორიტეტული ტურისტული ღირსშესანიშნაობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდონეზიის ტურიზმი მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა კუნძულ ბალის მიმზიდველობას. ძირითადად, უცხოელ ტურისტთა დიდი ნაწილი მხოლოდ ბალის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებს, თანაც კუნძულს საკმაოდ კარგად განვითარებული ტურისტული კულტურა და ინფრასტრუქტურა აქვს. ტურიზმიდან მიღებული კეთილდღეობის განაწილებისა და ტურიზმთან დაკავშირებული ეკონომიკური შესაძლებლობების ინდონეზიის პროვინციებში თავმოყრისათვის, ტურიზმის ხელმძღვანელობამ შექმნა პროგრამა, რომელიც მიზანმიმართულია ბალის ალტერნატიული ტურისტული ღირსშესანიშნაობების შექმნასა და დამატებაზე.
2016 წლის შუა ხანებში ინდონეზიის ტურიზმის მინისტრის გადაწყვეტილებით საფუძველი ჩაეყარა ახალ პროგრამას სახელწოდებით „10 პრიორიტეტული ტურისტული ღირსშესანიშნაობა (ინდონეზიურად: 10 Destinasi Wisata Prioritas),“ სხვანაირად „ახალი ბალი.“ ათ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას შორისაა: ბოროდობურის ტაძარი, ტბა ტობა, მთა ბრომო, კომოდოს ეროვნული პარკი, ათასი კუნძული, მანდალიკას საკურორტო სივრცე, ვაკატობის ეროვნული პარკი, ტანჯუნგ კელაიანგის სანაპირო, ტანჯუნგ ლესუნგის სანაპირო და კუნძული მოროტაი. ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარებისთვის პროგრამის მეშვეობით ახალი სასტუმროების, ოჯახური სასტუმროები, რესტორნები, ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების მაღაზიები მოეწყო. გარდა ამისა, ახალი აეროპორტების მეშვეობით ეს რეგიონები სხვა რეგიონებს დაუკავშირდა.[11] უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლისთვის 10 პრიორიტეტული ღირსშესანიშნაობიდან მხოლოდ ოთხს ექცევა საკმარისი ყურადღება და საჭირო აღჭურვილობითაა უზრუნველყოფილი, ესენია: ტბა ტობა ჩრდილოეთ სუმატრაში, ბოროდობური ცენტრალურ იავაში, კომოდოს ეროვნული პარკი და მანდალაიკა ლომბოკში.[12]
ინტერნეტ რესურსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინდონეზია, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Indonesia's official tourism website
- Indonesia Travel Wonderful Indonesia YouTube channel
- Indonesian Tourism Journalist Association (ITJA) დაარქივებული 2021-05-14 საიტზე Wayback Machine.
- Bali Best Travel დაარქივებული 2019-04-18 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Indonesian tourism set to beat Thailand in 5 years“. The Jakarta Post. ციტირების თარიღი: 24 October 2018.
- ↑ 2.0 2.1 Indonesia Investments. 2013's Growing Number of Tourists in Indonesia Meets Government Target. ციტირების თარიღი: 11 June 2015.
- ↑ Muhammad Hasanudin. (5 September 2013) Devisa Pariwisata 2013 Ditargetkan 10 Miliar Dollar AS Indonesian. Kompas.com. ციტირების თარიღი: 24 December 2013.
- ↑ INDONESIA TOURIST ARRIVALS IN 2016 REACHES 12.023 MILLION GOAL, SURGES 15.54%.
- ↑ The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ. 185.
- ↑ The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ. 185-186.
- ↑ Government prioritizes tourism development in 10 regions. ციტირების თარიღი: 23 August 2017.
- ↑ Indonesia. The World Factbook. CIA (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 19 March 2010.
- ↑ Field Listing – Coastline. The World Factbook. CIA (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 19 March 2010.
- ↑ Ethnologue – Languages of the World – Languages of Indonesia. Lewis, M. Paul (ed.). Ethnologue: Languages of the World, Sixteenth edition. Dallas, Tex.: SIL International. Online version (2009). ციტირების თარიღი: 19 September 2010.
- ↑ Media, Kompas Cyber (2018-01-19). „Apa Kabar 10 Destinasi Prioritas Pariwisata "Bali Baru"? - Kompas.com“. KOMPAS.com (ინდონეზიური). ციტირების თარიღი: 2018-06-07.
- ↑ Media, Kompas Cyber (2017-11-18). „10 Destinasi "Bali Baru", 4 Destinasi Jadi Prioritas - Kompas.com“. KOMPAS.com (ინდონეზიური). ციტირების თარიღი: 2018-06-07.