შინაარსზე გადასვლა

ინდირა განდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინდირა განდი
ინდირა განდი
ინდოეთის მე-6 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 იანვარი, 1980 – 31 ოქტომბერი, 1984
წინამორბედიჩარან სინგჰი
მემკვიდრერაჯივ განდი

ინდოეთის მე-13 საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ივლისი, 1984 – 31 ოქტომბერი, 1984
წინამორბედიპამულაპარტი ვენკატა ნარასიმჰა რაო
მემკვიდრერაჯივ განდი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 იანვარი, 1966 – 24 მარტი, 1977
წინამორბედიგულზარილალ ნანდა
მემკვიდრემორარჯი დესაი

ინდოეთის მე-5 საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 სექტემბერი, 1967 – 14 თებერვალი, 1969
წინამორბედიმოჰომედალი კურიმ ჩანგლა
მემკვიდრედინეშ სინგჰი

დაბადებული19 ნოემბერი, 1917
ალაჰაბადი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვლილი31 ოქტომბერი, 1984
ნიუ-დელი, ინდოეთი
პოლიტიკური პარტიაინდოეთის ეროვნული კონგრესი
მამაჯავაჰარლალ ნერუ
დედაკამალა ნერუ
მეუღლეფეროზ განდი
შვილებირაჯივ განდი, სანჯაი განდი
რელიგიაინდუიზმი
ხელმოწერა

ინდირა პრიადარშინი განდი (ჰინ. इन्दिरा प्रियदर्शिनी गान्धी[1]; დ. 19 ნოემბერი, 1917 — გ. 31 ოქტომბერი, 1984) — ინდოელი პოლიტიკოსი, ინდოეთის ეროვნული კონგრესის ცენტრალური ფიგურა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1966-1977 და 1980-1984 წლებში. ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი ინდოეთში. ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი და შემდეგი პრემიერ-მინისტრის, რაჯივ განდის დედა. ინდირა განდი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური ლიდერი იყო. მიუხედავად განთქმული გვარისა, მას მაჰათმა განდისთან ნათესაობა არ აკავშირებდა.

1999 წელს ინდირა განდი ათასწლეულის ყველაზე ცნობილ ქალად დაასახელეს ბი-ბი-სის მიერ ჩატრებული გამოკითხვის შედეგად[2].

ჯავაჰარლალ ნერუ, კამალა და ინდირა. 1918 წელი
მაჰათმა განდი და ინდირა. 1930-იანები

ინდირა განდი დაიბადა 1917 წლის 19 ნოემბერს ქალაქ ალაჰაბადში (თანამედროვე უტარ-პრადეშის შტატი), ინდეთის დამოუკიდებლობისათვის აქტიურად მებრძოლთა ოჯახში. მამამისი ჯავაჰარლალ ნერუ, 1947 წელს, ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი ხდება. დიდი პოპულარობით სარგებლობდა განდის პაპა მოტილალ ნერუ, ინდოეთის ეროვნული კონგრესის ერთ-ერთი ვეტერანი და ლიდერი. პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ განდის ოჯახის ქალბატონებიც: ბებია სვარუპ რანი ნერუ და დედა კამალა ნერუ არაერთხელ დააპატიმრა ხელისუფლებამ.

ორი წლის იყო, როცა მაჰათმა განდის გააცნეს, ხოლო რვა წლის ასაკში მისი რჩევის მიხედვით მშობლიურ ქალაქში დააარსა ტრადიციული ქსოვის განვითარების ბავშვთა კავშირი. ახალგაზრდულ ასაკში მონაწილეობდა დემონსტრაციებში, არაერთხელ ყოფილა დამოუკიდებლობის მებრძოლთა კურიერი. 1934 წელს ინდირა შევიდა ეროვნულ უნივერსიტეტში, რომელიც შექმნა მწერალმა რაბინდრანათ თაგორმა. 1936 წელს დედის გარდაცვალების შემდეგ სასწავლებლად გაემგზავრა ევროპაში. 1937 წელს ჩაირიცხა ოქსფორდის სომერვილის კოლეჯში, სადაც შეისწავლა მართვა, ისტორია და ანთროპოლოგია. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო სამშობლოში. ინდოეთში დაბრუნდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გავლით, სადაც ცხოვრობდა მრავალი ინდუსი. კეიპტაუნში გამოვიდა თავისი პირველი პოლიტიკური სიტყვით.

1941 წელს იგი დაბრუნდა ინდოეთში, ხოლო 1942 წელს ცოლად გაყვა ფეროზა განდის, რომელიც ფარსების ირანული წარმოშობის ხალხს მიეკუთვნებოდა და აღიარებდა ზოროასტრიზმს. ინდირა და ფეროზი დაქორწინდნენ ყოველგვარი კასტური და რელიგიური ბარიერების უგულვებელყოფის გზით[3]. ინდირამ მიიღო მისი გვარი. უკვე 1942 წელს ცოლ-ქმარი დააპატიმრეს. ინდირა ციხეში დატოვეს 1943 წლის მაისამდე. ფეროზსა და ინდირას შეეძინათ ორი ბიჭი: უფროსი, რაჯივი1944 წლის 20 აგვისტოს, ხოლო უმცროსი, სანჯაი1946 წლის 14 დეკემბერს. ბავშვები პაპის სახლში ცხოვრობდნენ[4].

1947 წლის 15 აგვისტოს გამოცხადდა ინდოეთის დამოუკიდებლობა. მალევე ჩამოყალიბდა პირველი ეროვნული მთავრობა. ინდირა განდი გახდა მამამისის, პრემიერ-მინისტრის პირადი მდივანი და მუდამ თან დაყვებოდა ჯავაჰარლალ ნერუს საზღვარგარეთის ვიზიტებში. 1955 წელს მამასთან ერთად სტუმრობდა საბჭოთა კავშირს. 1955 წლიდან ინდირა განდი მუშათა კომიტეტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია, ინდოეთის ეროვნული კონგრესის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამავე პარტიის სრულიადინდური საპარლამენტო საბჭოს კომიტეტის წევრი. 1955 წელს მამასთან ერთად მონაწილეობდა ბანდუნგის კონფერენციაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მიუმხრობლობის მოძრაობას. 1959-1960 წლებში ინდირა განდი ინდოეთის ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელია.

1960 წელს გარდაიცვალა ფეროზ განდი. მომდევნო წელს ინდირა აირჩიეს იეკ-ის მუშათა კომიტეტის წევრად.

პირველი მმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რიჩარდ ნიქსონი და ინდირა განდი, 1971 წელი

1964 წელს გარდაიცვალა ინდირა განდის მამა ჯავაჰარლალ ნერუ. ამავე წელს ინდირა აირჩიეს პარლამენტის ქვედა პალატის, ლოკ-საბჰას წევრად იეკ-ის რიგებიდან. ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლალ ბაჰადურ შასტრიმ შესთავაზა კაბინეტში შესვლა და დაიკავა რადიომაუწყებლობისა და ინფორმაციის მინისტრის თანამდებობა. 1966 წელს შასტრის ტაშკენტში, პაკისტანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს გარდაცვალების შემდეგ ინდირა განდი გახდა იეკ-ის ლიდერი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი (მეორე ქალი მსოფლიოში ამ თანამდებობაზე სირიმავო ბანდარანაიკეს შემდეგ). 1969 წელს, მას შემდეგ, რაც მისმა მთავრობამ მოახდნა 14 უმსხვილესი ბანკის ნაციონალიზაცია, იეკ-ის კონსერვატორმა ლიდერებმა წარუმატებლად სცადეს მისი პარტიიდან გაძევება. ამის შედეგად ფრაქცია გავიდა იეკ-ის რიგებიდან, რამაც გამოიწვია განხეთქილება პარტიაში. ამის შემდეგ ინდირა სათავეში ჩაუდგა დამოუკიდებელ კონგრესის პარტიას, რომელიც ინდოეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იეკ-ის ოფიციალურ სამართალმემკვიდრედ ცნო. 1971 წელს გაიმარჯვა არჩევნებში სიღარიბესთან ბრძოლის ლოზუნგით. ამავე წელს დაიწყო ინდოეთ-პაკისტანის მესამე ომი, რასაც მოჰყვა აღმოსავლეთ პაკისტანის დამოუკიდებლობისათვის გამოცხადება. ამ ომში ინდოეთს მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირი.

ინდირა განდის მმართველობის პირველ ეტაპზე ქვეყანაში გაიზარდა მრეწველობა. ააგეს პირველი ატომური ელექტროსადგური (მაჰარაშტრას შტატში), სოფლის მეურნეობაში მოხდა ე. წ. მწვანე რევოლუცია, რომლის წყალობითაც მრავალი წლის შემდეგ ინდოეთი აღარ იყო დამოკიდებული იმპორტზე.

პაკისტანთან უკანასკნელმა ომმა გააუარესა ინდოეთის ეკონომიკური მდგომარეობა და გამოიწვია არეულობები ქვეყანაში. 1975 წელს უტარ-პრადეშის უზენაესმა სასამართლომ ინდირა განდი დაადანაშაულა 1971 წლის არჩევნებში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში და მოუწოდა გადამდგარიყო თანამდებობიდან, თან აეკრძალათ მისთვის პოლიტიკური საქმიანობა ექვსი წლის ვადით. პასუხად, ინდირა განდიმ აამოქმედა კონსტიტუციის 352-ე მუხლი და ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. დაიხურა ყველა ოპოზიციური გაზეთი.

1977 წელს, საკუთარი პოპულარობის გადაფასების შემდეგ დანიშნა საპარლამენტო არჩევნები და წააგო. იგი ორჯერ დააპატიმრეს და დაადანაშაულეს კორუფციაში.

1978 წელს შექმნა საკუთარი პარტია ინდოეთის ეროვნული კონგრესი (ინდირა). 1980 წლის არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა და დაუბრუნდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.

1980 წელს მასზე განხორციელდა თავდასხმა. 37 წლის ტერორისტმა მას დანა დაარტყა. თავდასხმელი ადგილზე დააკავეს.

მალე ინდირამ მძიმე პირადი დანაკარგი განიცადა — 23 ივნისს ავიაკატასტროფაში დაიღუპა მისი უმცროსი შვილი და მთავარი პოლიტიკური მრჩეველი სანჯაი. ცხოვრების უკანასკნელ წლებში დიდ ყურადღებას უთმობდა მოღვაწეობას მსოფლიო არენაზე, რის შედეგადაც 1983 წელს ინდოეთი გახდა მიუმხრობლობის მოძრაობის თავმჯდომარე. მისი მმართველობის მეორე პერიოდში აღნინიშნა კონფლიქტები სიქებთან, რომლებიც ძირითადად პენჯაბის შტატში ცხოვრობდნენ. სიქების ლიდერმა ჯარნაილ სინგჰმა სიქები დამოუკიდებელ თვითმმართველ თემად გამოაცხადა. მისი მიმდევრები ასევე მონაწილეობდნენ პენჯაბში ინდუისტებზე თავდასხმაში. სიქებმა დაიკავეს ოქროს ტაძარი ამრიტსარში. პასუხად ინდოეთის მთავრობამ 1984 წლის ივნისში წამოიწყო სამხედრო ოპერაცია „ცისფერი ვარსკვლავი“, რომლის შედეგადაც ტაძარი გაათავისუფლეს, დაიღუპა 500 ადამიანი. სიქების შურისძიებამაც არ დააგვიანა.

1984 წლის 31 ოქტომბერს ინდირა განდი მოკლა თავისმა პირადმა მცველმა, რომელიც სიქი იყო.

ამ დღეს დილით გეგმავდა ტელეინტერვიუს პიტერ უსტინოვთან, რის გამოც მოიხსნა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი.

ქვეყანაში გამოცხადდა 21-დღიანი გლოვა. ინდირა განდისთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია, რომელსაც მილიონობით ადამიანი ესწრებოდა, გაიმართა ტინ-მურტი-ჰაუსის სასახლეში. ორი დღის შემდეგ მოხდა მისი კრემაცია მდინარე ჯამნის ნაპირზე, ინდუისტური წესების მიხედვით. ანდერძის თანახმად მისი ფერფლი ჰიმალაის მთებში მიმოაბნიეს.

  • მოსკოვში არის მოედანი მისი სახელწოდებით. მდებარეობს ლომონოსოვისა და მიჩურინის პროსპექტების კუთხეში. 1987 წელს ამ მოედანზე აღმართეს მისი ძეგლი.
  • მისი ხსოვნის პატივისცემის ნიშნად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოუშვეს საფოსტო მარკა.
  • 1986 წელს დელის აეროპორტს ეწოდა მისი სახელი.
  • ინდირა განდის მოღვაწეობა და მასთან ურთიერთობა აღწერა მწერალმა სალმან რუშდიმ რომანში „შუაღამის ბავშვები“.
  • Ганди И. Статьи, речи, интервью. — М.: Наука, 1975
  • Ганди И. Внешняя политика Индии. — М.: Прогресс, 1982
  • Ганди И. Мир, сотрудничество, неприсоединение. — М.: Прогресс, 1985

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: