შინაარსზე გადასვლა

ზესტაფონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზესტაფონი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ზესტაფონი

ზესტაფონის ცენტრალური მოედანი
ზვიად ავალიანის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°06′30″ ჩ. გ. 43°02′30″ ა. გ. / 42.10833° ჩ. გ. 43.04167° ა. გ. / 42.10833; 43.04167
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ადრეული სახელები ყვირილა, ჯუღელი
ამჟამინდელი სტატუსი 1926
ცენტრის სიმაღლე 160
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 20 814 [1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 492
საფოსტო ინდექსი 2000
ოფიციალური საიტი https://zestafoni.gov.ge/
ზესტაფონი — საქართველო
ზესტაფონი
ზესტაფონი — იმერეთის მხარე
ზესტაფონი

ზესტაფონი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 1920 წლამდე ეწოდებოდა „ყვირილა“.

წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნის 60-იან წლებში. სახელწოდება „ზესტაფონი“, გადმოცემის თანახმად, მომდინარეობს მდ. ყვირილაზე არსებული ზედა ფონისაგან. XIX საუკუნის 20-იან წლებში აქ იყო კაზაკთა ჯარის პოსტი - ყვირილის პოსტი და დასახლებასაც ყვირილა დაერქვა. 1872 წელს ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანის შემდეგ აქ ვაგზლის შენობა ააშენეს, იმატა მოსახლეობამ. 1892 წელს აქ გაიმართა ზესტაფონის კრება, რომლითაც მოხდა მესამე დასის დაფუძნება.

1906 წლის იანვარში რუსეთის რევოლუციის დროს მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციამ გადაწვა დასახლების ცენტრი.[2]

პირველი რესპუბლიკის დროს ქალაქი მცირე ხნით ატარებდა რევოლუციონერ ვალიკო ჯუღელის სახელს. 1920 წლის იანვარში ყვირილას ოფიციალურად ეწოდა ზესტაფონი. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს.

ზესტაფონის ზრდა დაკავშირებულია ფეროშენადნობთა ქარხანასთან, რომელიც 1933 წლიდან ამოქმედდა. საწარმოს ამუშავებამ ქალაქი აქცია საქართველოს ერთ-ერთ ინდუსტრიულ ცენტრად. საბჭოთა პერიოდში ასევე მოქმედებდა ელექტროტექნიკის ქარხანა „საქკაბელი“, ხილწვენების და ღვინის ქარხნები, სამკერვალო და სხვა სამრეწველო საწარმოები. 1955 და 1973 წლებში შედგა ქალაქის განაშენიანების გეგმები. აშენდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი შენობები და სხვა.

მდებარეობს კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზე, იქ, სადაც დაბლობი გორაკ-ბორცვებში გადადის. ზღვის დონიდან 160 მ სიმაღლეზე. თბილისიდან 183 კმ (რკინიგზით).

ზესტაფონში ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,9 °C. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3,7 °C, აგვისტოსი 23,9 °C. ნალექები 130 მმ წელიწადში.

ზესტაფონი რამდენიმე უბნად იყოფა. ლეგენდის თანახმად ზესტაფონის მიდამოები ტყეებითა და ჭაობებით იყო დაფარული. მოსახლეობა სახლების მშენებლობისას სახურავისთვის ყავარს აკეთებდა, შესაბამისად ერთ-ერთ უბანს „საყავრია“ შეარქვეს. ქალაქში რამდენიმე სარეკრეაციო ადგილია, მათ შორის ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის სკვერი, „ირინეს პარკი“ და სხვ.

მოსახლეობა 20 814 ადამიანი (2014 წ.).

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1897 [3] 2010
1922 [3] 4902
1926 [3] 5363
1939 [3] 13 728
1959 [3] 17 213
1970 [3] 21 701
1979 [3] 21 101
1989 [3] 26 098
2002[3] 24 158
2014[3] 20 814

ზესტაფონში არის მარგვეთისა და უბისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქალაქში არის 4 მართლმადიდებლური ტაძარი: წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს, წმინდა იოანესა და ღვთისმშობლის სახელობის.

ზესტაფონის რუკა

ზესტაფონში არის სამრეწველო საწარმოები (აღსანიშნავია ფეროშენადნობთა ქარხანა), ქალაქში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1 და გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზა. ქალაქში არის რკინიგზის სადგური და გადის საქართველოს რკინიგზის მაგისტრალი და ჭიათურა-საჩხერის განშტოება. მდინარე ყვირილაზე აგებულია კაშხალი.

საზოგადოებრივი სფერო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქის ხედი შორაპნის ციხიდან

ქალაქში არის ჯანდაცვის დაწესებულებები, მათ შორის რამდენიმე სტომატოლოგიური კაბინეტი, 4 საავადმყოფო, ბავშვთა პოლიკლინიკა, სამშობიარო სახლი, ფსიქონევროლოგიური, დერმატო-ვენეროლოგიური და ტუბდისპანსერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრი, სადეზინფექციო განყოფილება, 2 თერაპიული კაბინეტი.

ზესტაფონში არის ზესტაფონის რაიონული სასამართლო, რომლის იურისდიქცია ვრცელდება ზესტაფონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.

ქალაქში არის სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტი, 7 საჯარო სკოლა, 4 კერძო სკოლა და 8 საჯარო ბაღი.

ქალაქში მოქმედებს თეატრი, ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ზესტაფონის სურათების გალერეა.

ქალაქს ჰყავს საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი, მისი საშინაო არენაა დავით აბაშიძის სტადიონი. „ზესტაფონი“ რეგულარულად ასპარეზობდა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი 2011 და 2012 წლებში და მოპოვებული აქვს საქართველოს თასი.

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში დაიბადნენ:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. Каландадзе, Варл. Мхеидзе, Вл., Очерки революционного движения в Гурии, სანქტ-პეტერბურგი: Эпоха, 1906. — გვ. 86.
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org