შინაარსზე გადასვლა

ზეინაბ ბეგუმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზეინაბ ბეგუმი
სპარს. زینب بیگم
ქაშანის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1592 – 1613

დაბადებული1561
ყაზვინი
გარდაცვლილი1640
ყაზვინი
მამაშაჰი თამაზ I
მეუღლეალიყული-ხან შამლუ

ზეინაბ ბეგუმი (აზერბაიჯან. Zeynəb bəyim; სპარს. زینب بیگم 1561, ყაზვინი, სეფიანთა იმპერია — 31 მაისი, 1640, ყაზვინი, სეფიანთა იმპერია) —სეფიანთა იმპერიის პოლიტიკური მოღვაწე, ქაშანის გუბერნატორი 1592-1613 წლებში, შაჰ თამაზ I-ის მეოთხე ქალიშვილი.  შაჰის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ასული. [1]

თამაზ I - სეფიანთა დინასტიის წარმომადგენელი ირანის შაჰი - ჩეჰელსოტონის სასახლის მხატვრობა - ისპაჰანი

ზეინაბ ბეგუმი  გახლდათ შაჰ თამაზ I-ისა და ქართველი მეფის ასულ ჰურის ქალიშვილი. მისი  ლალა (მასწავლებელის ტიტული ოსმალეთის იმპერიაში) იყო შაჰგულუ-ბეი შამლი, რომელიც თამაზის დროს კავალერიის მეთაური გახლდათ. შაჰ ისმაილ II-ის დროს იგი დააქორწინეს ალიყული-ხან შამლუზედურმუშ -ხან შამლუს შვილიშვილზე. ქორწინება გაიმართა 1577 წლის 7 დეკემბრამდე ცოტა ხნით ადრე,  ვიდრე ალიყული-ხანი ჰერათში ხორასანის ახალი გენერალური  გუბერნატორის რანგში ჩავიდოდა.  თუმცა მათი თანაცხოვრება არ შედგა. ზეინაბ ბეგუმი კვლავ  შაჰის ჰარამხანაში, ყაზვინში ცხოვრობდა.  XVII საუკუნის ერთ-ერთი მემატიანეს ცნობით, შაჰ თამაზის მმართველობის ბოლოს ზეინაბ ბეგუმი „ფარული იმამის“ საცოლედ დაინიშნა და ყაზვინში განმარტოებით ცხოვრობდა. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მისი ძმისშვილის, ტახტის მემკვიდრე  ჰამზა მირზას აღზრდაში. ზეინაბ ბეგუმი ასევე ხელმძღვანელობდა შაჰის ჰარამხანას ყაზვინში 1580-იანი წლების ბოლოს სეფიანთა იმპერიაში სამოქალაქო ომის პერიოდში. იგი  ყაზვინში უფლისწული აბას I-ის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო მუჰამედ ხუდაბენდეს მეფობის ბოლოს მემკვიდრეობისთვის დაწყებული  ომების დროს. მირზა ლუთფალა შირაზი, პირველი ჩინოვნიკი, რომელიც ვაზირად მსახურობდა შაჰ აბას I-ის მეფობის დროს,  ზეინაბ ბეგუმი ახლო მოკავშირე გახლდათ  და, უფლისწულ ჰამზა მირზას მკვლელობის შემდეგ, მისი ვაზირი გახდა.[1]

შაჰ აბას-I

შაჰ აბასის მმართველობის პირველ წლებში ზეინაბ ბეგუმი მისი დედობილის მოვალეობას ასრულებდა. იგი შაჰ აბასთან ახლოს იყო  მისი ხელმწიფობის პირველი ორი ათწლეულის განმავლობაში, მოქმედებდა, როგორც სეფიანთა მონარქის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი. 1617 წელს იტალიელმა მოგზაურმა პიეტრო დელა ვალემ  იგი ისპაჰანში ჰარამხანის სათავეში ნახა  შაჰ აბასის ერთ-ერთი მოგზაურობის დროს. ზეინაბ ბეგუმი მეთვალყურეობდა შაჰ აბასის ვაჟების აღზრდას შაჰის ჰარამხანაში. იგი ისეთი გავლენით სარგებლობდა  სეფიან მონარქის კარზე, რომ პროვინციის გუბერნატორები და სამხედრო ლიდერები მას შაჰ აბასთან შუამავლობისთვის მიმართავდნენ. შაჰ-აბასის მმართველობის დროს ზეინაბ ბეგუმი მჭიდროდ იყო ჩართული სეფიანთა „ ხასას“ სექტორის  ადმინისტრაციულ საქმეებში. 1592 წელს იგი დაინიშნა ქალაქ ქაშანის გამგებლად. ამ პერიოდში ქაშანში მას ორი მოადგილე ჰყავდა. ზეინაბ ბეგუმი ამ თანამდებობაზე 1613 წლამდე დარჩა, სანამ მის მიმართ არ შეიცვალა  კეთილგანწყობა, როდესაც ჩამოართვეს ყველა თანამდებობა და გადაასახლეს ყაზვინში. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ფლობდა ერთ-ერთ მდიდარ სოფელს ტეფტში, იაზდის სამხრეთ მიდამოებში.[1]

შაჰ აბასის მმართველობის უმეტესი დროის განმავლობაში, ზეინაბ ბეგუმს უფლება მიეცა აეღო  გადასახადი საკუთარი სარგებლობისთვის იეზდის ზოროასტრიული თემის წევრებისგან. სწორედ ამ შემოსავლის წყარომ მისცა საშუალება 1602-1603 წლებში აეშენებინა საზოგადოებრივი ქარვასლა ისპაჰანიდან ქაშანისკენ მიმავალ გზაზე. ერთი წლის შემდეგ ზეინაბ ბეგუმი დაწინაურდა ბეჭდის მცველის თანამდებობაზე,  1602-1603 წლებში ზეინაბ ბეიმი იყო პასუხისმგებელი შაჰის ბანკეტზე, რომელიც გაიმართა ურგენჩის შეიბანიდის მმართველის, ვალი-მუჰამედ ხანის ჩამოსვლასთან დაკავშირებით (ეს უკანასკნელი  გაიქცა სეფიანებთან ხორეზმში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ).

ზეინაბ ბეგუმის ანდერძი

1613 წელს შაჰ აბასმა განდევნა ზეინაბ ბეგუმი ჰარამხანიდან და ყაზვინში გადაასახლა, სადაც  შინაპატიმრობა მიუსაჯა. ეს მოვლენები  ისპაჰანის სასახლის კარზე მყოფი რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირისა და სამხედრო ლიდერის სასტიკი გადაყენების დროს  მოხდა. ფაზლი-ბექ ხუზანის მიხედვით, სეფიანთა მონარქის გადაწყვეტილების მიზეზი ზეინაბ ბეგუმის ყაზვინში გადასახლებასთან დაკავშირებით  შაჰ აბასის კარზე წამყვანი რელიგიური ლიდერის, მირ მუჰამედ ბაგირ დამადის მაქინაციები იყო. ზეინაბ ბეგუმი გადასახლების ბრძანება დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ გაუქმდა. 1627 წლის შემოდგომაზე შაჰ აბასმა ზეინაბ ბეგუმი შეიწყალა და აღადგინა შაჰის ჰარამხანის უფროსის თანამდებობაზე ფარაჰაბადში  და ისპაჰანში. ზეინაბ ბეგუმი შაჰ აბასის სასიკვდილო ავადმყოფობის დროს ყოველდღიურ კონტაქტში იყო სასახლის კარის ექიმებთან და აკვირდებოდა სეფიანთა მონარქის მკურნალობის მიმდინარეობას ფარაჰაბადში, კასპიის ზღვის სანაპიროზე მაზანდარანში. შაჰ აბასის გარდაცვალების შემდეგ, 1629 წლის 19 იანვარს, დილით, ზეინაბ ბეგუმი აკონტროლებდა მისი ნეშტის გადასვენებას მაზანდარანიდან ქაშანში, ასევე შაჰის ჰარამხანის უსაფრთხო გადასვლას მაზენდრანიდან ისპაჰანში ფირუზკუჰის  და ქაშანის გავლით. შაჰ სეფი I-ის მეფობის პირველ წლებში ზეინაბ ბეგუმი თავისი გავლენის მწვერვალზე იმყოფებოდა. მე-17 საუკუნის სასახლის კარის მემატიანეს გადმოცემით, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა  სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვული შაჰ აბასის დარწმუნებაში, რომ 1629 წლის იანვრის დასაწყისში მისი შვილიშვილი სემი მირზა (მოგვიანებით შაჰ სეფის სახელით ცნობილი) მის მემკვიდრედ დაენიშნა.[1]

შაჰ სეფის ისპაჰანში ტახტზე  ავიდა ორშაბათს, 29 იანვრის ღამეს , 1629 წელს. შაჰის მმართველობის პირველ თვეებში  ზეინაბ ბეგუმი ყოველდღიურად განაგებდა ქვეყნის ადმინისტრაციულ საქმეებს. მოგვიანებით, იგი თან ახლდა შაჰ სეფის ოსმალეთის წინააღმდეგ წამოწყებულ  სამხედრო კამპანიაში 1630 წლის 28 მაისს.  ხელმძღვანელობდა შაჰის ჰარამხანას გულპაიგანში მერივანის ბრძოლამდე.

1632 წლის 12 თებერვალს, ისპაჰანში დატრიალებული მოვლენების დროს, როდესაც მოკლეს  თხუთმეტზე მეტი სეფიანთა პრინცესა და მათი მშობლები, შაჰ სეფის ზეინაბ ბეგუმი შაჰის ჰარამხანიდან განდევნა და ყაზვინში  გადასვლა უბრძანა. იგი გარდაიცვალა 1640 წლის 31 მაისს. ზეინაბ ბეგუმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შედგენილი ქრონოგრამის მიხედვით, მან სიცოცხლის ბოლო დღეები ისპაჰანში გაატარა. მისი ნეშტი მაშჰედში იმამ ალი რეზას მავზოლეუმში დაკრძალეს. [1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Zaynab Begum / Ghereghlou, Kioumars // Encyclopædia Iranica [ელექტრონული რესურსი] : — 2016.