შინაარსზე გადასვლა

ვნების კვირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვნების კვირა — დიდმარხვის ბოლო კვირა (7 დღე), აღდგომის წინა სადღესასწაულო დღეები. ქრისტიანული ეკლესია მარხვით აღნიშნავს ქრისტეს ვნების (ტანჯვის) მოსაგონებლად იმ ცოდვების გამოსასყიდად, რომლებიც ადამიანს აქვს უფლის წინაშე. ეკლესია დაბეჯითებით ამტკიცებს ამ დღეებში მარხვის აუცილებლობას. ეს მარხვა ქმნის ნაღვლიან განწყობილებას და წუხილს იმ წამების გამო, რაც იესომ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად გადაიტანა. ვნების კვირის ღირსახსოვარი დღეებია:

დიდ ორშაბათს მოიხსენიება იესო ქრისტეს სასწაული ლეღვის ხის გახმობასთან დაკავშირებით; დიდ სამშაბათს იკითხება ქრისტეს უკანასკნელი საუბრები მოწაფეებთან და მისი უკანასკნელი იგავი; დიდი ოთხშაბათი უკავშირდება ქრისტეს ყოფნას ბეთანიაში, სიმეონ კეთროვნის სახლში; დიდ ხუთშაბათს მოიხსენიება საიდუმლო სერობა — ამ დღეს საკათედრო ეკლესიებში ბასილი დიდის ლიტურგიის შემდეგ სრულდება „ფერხთაბანის” წესი, საპატრიარქო ტაძრებში კი — მირონის კურთხევა; დიდ პარასკევს იკითხება „ათორმეტი სახარება” (მაცხოვრის ვნება), მწუხრზე იხსენიებენ მაცხოვრის დასაფლავებას, ხდება „გარდამოხსნის” შემოსვენება; დიდ შაბათს ცისკრისას სრულდება „გარდამოხსნის” თაყვანისცემა, ჟამნობას მოსდევს მწუხრი და მოჰყვება ბასილი დიდის ჟამისწირვა.