ვილჰელმინა პრუსიელი (1751-1820)
ეს სტატია ეხება ორანის პრინცესა ვილჰელმინა პრუსიელს, იმავე სახელის მქონე ნიდერლანდების დედოფლის სანახავად იხილეთ სტატია ვილჰელმინა პრუსიელი.
ვილჰელმინა პრუსიელი | |
---|---|
ორანის პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 4 ოქტომბერი, 1767 |
მმართ. დასასრული: | 9 აპრილი, 1806 |
წინამორბედი: | ანა ბრიტანელი |
მემკვიდრე: | ჰორტენზია დე ბოარნე (როგორც ნიდერლანდების დედოფალი) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 7 აგვისტო, 1751 |
დაბ. ადგილი: | ბერლინი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 9 ივნისი, 1820, (68 წლის) |
გარდ. ადგილი: | ჰეტ ლო, ნიდერლანდები |
მეუღლე: | ვილემ V, ორანის პრინცი |
შვილები: |
ლუიზა ვილემ I, ნიდერლანდების მეფე ფრედერიკი |
სრული სახელი: | ფრედერიკა სოფია ვილჰელმინა |
დინასტია: | ჰოენცოლერნები |
მამა: | ავგუსტ ვილჰელმი, პრუსიის კრონპრინცი |
დედა: | ლუიზა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ვილჰელმინა პრუსიელი (გერმ. Wilhelmine von Preußen, ნიდერლ. Wilhelmina van Pruisen; დ. 7 აგვისტო, 1751, ბერლინი, პრუსიის სამეფო — გ. 9 ივნისი, 1820, ჰეტ ლო, ნიდერლანდების სამეფო) — ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი. პრუსიის პრინცესა დაბადებით და ორანის პრინცესა 1767-1806 წლებში როგორც ვილემ V-ის მეუღლე. ნიდერლანდების მეფე ვილემ I-ის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები და ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვილჰელმინა დაიბადა 1751 წლის 7 აგვისტოს ბერლინში. იგი იყო პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ I-ის უფროსი ვაჟის, პრინც ავგუსტ ვილჰელმისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია ლუიზა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ქალიშვილი. თავდაპირველად მასზე ბებია, პრუსიის დედოფალი სოფია დოროთეა ჰანოვერელი ზრუნავდა, თუმცა იგი 1757 წელს გარდაიცვალა.
1767 წლის 4 ოქტომბერს, ბერლინში შედგა ვილჰელმინასა და ორანის პრინც ვილემ V-ის ქორწინება, რომელიც ამავდროულად ნიდერლანდების შტატჰალტერიც იყო. აღსანიშნავია, რომ თავიდანვე მკვეთრად იყო გამოხატული ვილჰელმინას დომინანტობა ქორწინებაში, რამაც განაპირობა ის, რომ ნიდერლანდებს ფაქტობრივად ის მართავდა. როგორც პიროვნება, იგი მეტად ამაყი და ამბიციური იყო, რის გამოც თავის ბიძას, პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-ს ხშირად სწერდა პოლიტიკური პრეტენზიებით აღსავსე წერილებს. მისი ამგვარი დომინანტობა ხალხში დიდ უკმაყოფილებას აჩენდა.
ბატავიის რევოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1781 წლიდან ვილჰელმინა აქტიურად იყო ჩაბმული რევოლუციურ მოძრაობაში, არა მხოლოდ როგორც მხარდამჭერი და პარტნიორი, არამედ როგორც მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც მიმართული იყო თავისივე ქმრის წინააღმდეგ. მას არ მოსწონდა, რომ ნიდერლანდების ჯარებს ვილემის ბიძაშვილი, ლუი ერნესტ ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი მართავდა, რომელიც 1782 წელს ღიად იქნა აღიარებული შტატჰალტერის პარტიის ლიდერად. ვილჰელმინა უცხოურ ძალებთან გაცხარებულ მიმოწერას ახორციელებდა, რათა როგორმე მათი მხარდაჭერა მოეპოვებინა. 1785 წელს ვილჰელმინას გავლენით ვილემიც რევოლუციონერთა მხარეს გადავიდა. ამ დროს ისინი ერთად გაემართნენ ფრიზიაში, სადაც ოფიციალური განმარტებით ადგილობრივი ლორდის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს უნდა დასწრებოდნენ, თუმცა რეალურად ვილჰელმინა სწორედ აქ ეძებდა მოკავშირეებს. 1786 წელს მისი გავლენით სამეფო ოჯახმა დატოვა დედაქალაქი ჰააგა და ნიმეგენში გადავიდა. 1787 წელს რევოლუცია საბოლოოდ დაიწყო, რის შემდეგაც ვილემმა თავისი სამეფო კარის ჰააგაში დაბრუნება სცადა, მაგრამ ამაოდ.
ვილჰელმინამ და მისმა ძმამ, პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ II-მ ვილემის ეს ქმედება შეურაცხყოფად მიიღეს. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ გერმანელებმა ნიდერლანდების სახლემწიფოს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა და 1787 წლის 6 აგვისტოსა და 10 სექტემბერს ულტიმატუმები წაუყენეს. მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ ვილჰელმინამ საქმეში ჩარევა თავის ძმას სთხოვა, რომლის უზარმაზარი ჯარებიც 1787 წლის 13 სექტემბერს შევიდა ნიდერლანდებში. გერმანელთა მიერ განხორციელებული სასტიკი მოქმედებების გამო, უამრავი ნიდერლანდელი ბრიუსელსა და საფრანგეთში გაიქცა. ამავე წლის ბოლოს ვილჰელმინამ მისთვის რეგენტის წოდებისა და უფლებამოსილებების გადაცემა მოითხოვა.
დევნილობა და დარშენილი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვილჰელმინას წარმატება დროებითი აღმოჩნდა, რადგან 1795 წელს გაქცეული ნიდერლანდები რევოლუციონერი ფრანგების დახმარებით დაბრუნდნენ სამშობლოში. მათი ჩამოსვლისთანავე ვილემ V-მ თავის მოკავშირესთან, დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-თან გაიქცა ლონდონში, თუმცა ვილჰელმინა კვლავ ნიდერლანდებში დარჩა. შექმნილი ვითარების გამო ვილჰელმინა მალევე შეუერთდა მეუღლეს და ბრიტანეთში გაიქცა, სადაც ისინი 1802 წლამდე ცხოვრობდნენ კიუში. ამის შემდეგ მათ დატოვეს ბრიტანეთი და გერმანიაში გაემგზავრნენ, სადაც ჯერ ნასაუში, შემდეგ კი ბრაუნშვაიგში ცხოვრობდნენ. აქ, 1806 წელს ვილემ V გარდაიცვალა, რის შემდეგაც ნიდერლანდების მეფე ხდება საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ის ძმა, ლუი I. ამავე წელს დაქვრივდა ვილჰელმინას ქალიშვილი — ლუიზაც, რომელიც ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის პრინცზე იყო დაქორწინებული. ამის შემდეგ დაქვრივებული დედა-შვილი ერთად ცხოვრობდა ჯერ ვაიმარში, შემდეგ ორანიენბურგში, საბოლოოდ კი ბერლინში.
1813 წელს ნიდერლანდელებმა ფრანგების მმართველობა დაამხეს და მოითხოვეს ორანელთა დაბრუნება, რის შემდეგაც ნიდერლანდების მეფე ვილჰელმინას ვაჟი, ვილემ I გახდა, რომელმაც თავისი ოჯახი და ნათესაობა სამშობლოში დააბრუნა. ვილჰელმინა და მისი ქალიშვილი ნიდერლანდებში მხოლოდ 1814 წელს დაბრუნდნენ. 1815 წელს ჰარლემში მათ თავად რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I ეწვიათ, რომელიც ევროპაში მოგზაურობდა.
ვილჰელმინამ დარჩენილი ცხოვრება ჰეტ ლოში გაატარა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1820 წლის 9 ივნისს, 68 წლის ასაკში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მკვდარშობილი ვაჟი (1769);
- ლუიზა (1770-1819), ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის პრინც კარლს, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი;
- მკვდარშობილი ვაჯი (1771);
- ვილემ I (1772-1843), ნიდერლანდების მეფე 1813-1840 წლებში. ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, ვილჰელმინა პრუსიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე;
- ფრედერიკი (1774-1799), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Meindert Evers: Begegnungen mit der deutschen Kultur. Niederländisch-deutsche Beziehungen zwischen 1780 und 1920. Königshausen & Neumann, Würzburg 2006, ISBN 3-8260-3260-8, S. 33 f.
- Fr. Förster: Preußens Helden im Krieg und Frieden. Eine Geschichte Preußens seit dem großen Kurfürsten bis zum Ende der Freiheitskriege. Abteilung 2: Neuere und neueste Preußische Geschichte. (Seit dem Tode Friedrich II. bis auf unsere Tage). Band 1 (Band 3 des Gesamtwerkes). Gustav Hempel, Berlin 1851, S. 118 ff.
- P. L. Müller: Wilhelmine. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 43, Duncker & Humblot, Leipzig 1898, S. 232–234.
- Brigitte Meier: Friedrich Wilhelm II. König von Preußen (1744–1797). Ein Leben zwischen Rokoko und Revolution. Pustet, Regensburg 2007, ISBN 978-3-7917-2083-8, S. 113 f., dort auch das Folgende
|