შინაარსზე გადასვლა

ესპანეთის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესპანეთი

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
ესპანეთის
პოლიტიკა და მთავრობა



სხვა ქვეყნები · ატლასი
 პოლიტიკის პორტალი

ესპანეთის ისტორიაესპანეთის ისტორია რამდენიმე ათეულ საუკუნეებს მოითვლის. სიტყვა „ესპანეთი“ ფინიკიური წარმოშობისაა „ი-შპანიმ“ და ნიშნავს „ბოცვრების ნაპირს“. რომაელები ამ სიტყვას მრავლობით რიცხვში იყენებდნენ (Hispaniae) და ამ ტერმინში მთელს პირენეის ნახევარკუნძულს გულისხმობდნენ.

ისტორიამდელი ესპანეთი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალტამირას გამოქვაბულის ნახატები

ესპანეთის ტერიტორიაზე ადამიანს 400 ათ.-100 ათ. წლის წინათ უცხოვრია. ზედა პალეოლითის დროინდელია კანტაბრიაში, ალტამირას გამოქვაბულის კედლებზე შემორჩენილი ნახატები, რომლებიც ერთ-ერთი უძველესია ევროპის ტერიტორიაზე. ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე უძველესი სახელმწიფო ტარტესოსი შეიქმნა.

ესპანეთი რომაელთა ბატონობამდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირინეის ნახევარკუნძულის უძველესი მოსახლეები იბერები არიან. აქ მათი წინაპრები ე.წ. პროტოიბერები ნეოლითის პერიოდში გამოჩნდნენ, დასახლდნენ ნახევარ კუნძულის სხვადასხვა რაიონებში და კონტაქტში შევიდნენ იქ მცხოვრებ სხვა ხალხთან, რომლებიც ჯერ კიდევ ზედა პალეოლითის დროიდან მოდიან. გაურკვეველია სახელწოდება „იბერი“ ეკუთვნის მთელ რასას, ხალხს თუ ტომობრივ დაჯგუფებასთანაა დაკავშირებული, რომლებიც მდ. ებროს (იბერუსი) სანაპიროებთან სახლობდა.

ძვ,წ I ათასწლეულში ესპანეთში შემოდის კელტური ტომები. პირველად კელტები ნახსენები არიან ძველ ბევრძენ მოგზაურ პითეასთან. ესპანეთში პირინეის მთებიდან შემოჭრილ ამ ხალხს ზოგან იბერთა მედგარი წინააღმდეგობა შეხვდათ. გადაადგილებების და შეტაკებების შედეგად ესპანეთის მოსახლეობის შემადგენლობა და განთავსება ძლიერ შეიცვალა. კელტებმა დაიკავეს ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილი, გავრცელდნენ დასავლეთით და დაიძრნენ სამხ-აღმოსავლეთისაკენ, პირინეის ნახევარ კუნძულმა მიიღო „კელტური სახე“. ცოტა ხანში ხდება იბერების „აღორძინება“ მათ გამოდევნეს კელტები აღმოსავლეთიდან. ძვ.წ V-IV ს.ს იბერებმა შეაღწიეს მესეტაზე (ცენტრალური ნაწილი) და აქ კელტებთან შერევის შედეგად გაჩნდა კელტიბერული ელემენტი. მთელ ნახევარკუნძულზე გადიოდა საზღვარი იბერიულ (არაინდოევროპულ) და კელტურ (ინდოევროპულ) ზონებს შორის. არაინდოევროპულ ზონაში გამოიყოფოდა სამი ძირითადი მასივი: სამხრეთ ესპანეთი დაკავებული იყო ხალხით, რომლებიც იყვნენ ტარტესიების შთამომავლები და მათი მონათესავეები (ტურდეტანები, ტურდულები) ამ დროისათვის იბერიზებული, მათი კულტურა ტარტესიულის პირდაპირი გაგრძელება იყო. აღმოსავლეთ ესპანეთი დაკავებული იყო საკუთრივ იბერების მიერ და არაინდოევროპული ზონის უკიდურესი ჩრ-აღმოსავლეთი დაკავებული იყო ახლანდელი ბასკების წინაპრების მიერ (ვასკონები და მათ დასავლეთით მცხოვრები ვარდულები და კარისტიები).

ინდოევროპული ზონაც არ იყო ერთგვაროვანი. კელტებს ეკავათ ჩღ-დასავლეთი და ჩრდილოეთი (გალაიკები, ასტურები, კანტაბრები) და ნაწილობრივ სამხ-დასავლეთი. ესპანეთის დასავლეთ ნაწილი დასახლებული იყო ლუზიტანების მიერ, რომლებიც აქ იყვნენ ან იბერიზებული კელტები ან კელტიზირებული შთამომავლები პალეოლითური მოსახლეობისა. მესეტის დასავლეთ ნაწილი დასახლებული იყო ვეტონების მიერ, რომლებიც სავარაუდოდ იყვნენ ნარჩენი ინდოევროპული ტომების პირველი ტალღისა, რომელიც წინ უსწრებდა კელტურს.

ყველა ხალხი,ტომი ცხოვრობდა ერთმანეთის დამოუკიდებლად, ისინი ერთმანეთისგან იზოლირებულნი იყვნენ. ურთიერთკავშირი მეზობელ ტომებს შორის ყალიბდებოდა ვაჭრობის ან ომის დროს, ომის დროს ისინი კავშირებს ქმნიდნენ. მაგალითისთვის: ლუზიტანები 30 ტომისგან შემდგარი კავშირია. კულტურული თვალსაზრისითაც ტომები მკვეთრად განსხვავდებოდნენ.

ტურდეტანების და ტურდულების (ანდალუსიაში) სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა და ვაჭრობა მაღალ დონეზე იდგა (დამწერლობაც ჰქონდათ). სხვა ხალხი კი მაგალითსად; გალიაკები, ასტურები, კანტაბრები იმყოფებოდნენ ნახევრად ველურ მდგომარეობაში. ლუზიტანები მუდმივად აწარმოებდნენ ომებს მეზობელ ტომებთან. მსგავსი ჩვეულება იყო კელტიბერებთანც, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ორივე „სამხედრო დემოკრატიის“ სტადიაზე იყვნენ. საერთოდ ნახევარ კულძულის ცენტრალური ნაწილში მოსახლეობა შედარებით ჩამორჩენილი იყო, მაშინ როცა სანაპიროებზე მაღალ კულტურას ქმნიდნენ.

ფინიკიური და ბერძნული კოლონიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ესპანეთი რომის იმპერიის შემადგენლობაში I-III სს.

ფინიკიური კოლონიზაციის პირველი ტალღა XII ს-ის II ნახევარზე მოდის. ამ დროს ტიროსელებმა დააარსეს რიგი კოლონიები ეგეოსის ზღვის სანაპიროებზე, სიცილიაში, ჩრ.აფრიკაში და მოვიდნენ სამხ. ესპანეთშიც. აქ დააარსეს ქალაქი გადირი (გადერი, კადისი) დაახლოებით 1115 ან 1104 წელს, ტარტესის სამეფოს ახლოს. ტარტესი (ბიბლიაში ნახსენები ტარშიში) რაც მდიდარ რაიონს ნიშნავდა, მდებარეობდა გვადალკვივირის რაიონში.

ძვ.წ 879/8 წელს იწყება ფინიკიური კოლონიზაციის მეორე ეტაპი. მათ მთელი ყურადღება დას. ხმელთაშუაზღვაზე გადაიტანეს. ჩრ. აფრიკაში დააარსეს კოლონია კართაგენი 814 წელს, დაფუძდნენ აფრიკის სხვა ადგილებშიც, სიცილიაში სარდინიაში, ახალი დასახლებები გაჩნდა ესპანეთშიც. მათი უმნიშვნელოვანესი კოლონიები იყო: ერიტია, მელკარტეა (ალხესირასი), მალაკა (მალაგა), აბდერა (ადრა), ჰისპალისი (სევილია), ებუსა (იბისა) და ა.შ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფინიკიელთა ყველა კოლონია გადესის ირგვლივ ერთიანდება, მთელ ნახევარ კუნძულს ისინი უწოდებენ სპანს ან სპანიას. ტიროსის მიერ დაარსებული კოლონიები გადესის გარდა, როგორც ჩანს არ იყვნენ სრულად დამოუკიდებელნი. უცნობია კონტროლის ფორმები, შესახლოა კოლონიები გადასახადს იხდიდნენ. ფინიკიელებს ძირითადად ლითონის საბადოები და ვაჭრობა აინტერესებდათ. კოლონისტებს და ადგილობრივებს შორის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო. ზოგთან სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ, ხანაც ომობდნენ მაგალითად: ტარტესელები, კოლონისტებს მათი ლითონის საბადოები უნდოდათ, ხოლო ტარტესს არ სურდა ამის დაშვება. თანაც გზის გახსნა უნდოდა აფრიკის ოქროსკენ ამაში კი ფინიკიელი კოლონისტები ხელს უშლიდნენ. ფინიკიამ დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად პოლიტიკური და სავაჭრო გავლენაც დაკარგა ხმელთაშუაზღვაზე. თუმცა, მისი ადგილი მალევე კართაგენმა დაიკავა. ძვ, წ VI ს-ში სისხლისმღვრელი ბრძოლების დროს ტარტესელებს და კადისელ ფინიკიელებს შორის ამ უკანასკნელმა დახმარება სწორედ კართაგენს თხოვა და მათაც არ დააყოვნეს.

ფინიკიელების მთავარი კონკურენტები ბერძნები იყვნენ. ბერძნების პირველი კონტაქტი ესპანეთთან 630 წლით თარიღდება, როცა როგორც ჰეროდოტე ყვება ქარის მიერ გატაცებული სამოსელთა გემი მიადგა ტარტესის ნაპირს და იქიდან სიმდიდრით დატვირთული ჩამოვიდა. სხვაგან ჰეროდოტე ფოკეელებს ასახელებს პირველებს ელინთა შორის, რომელთაც აღმოაჩინეს ადრია, ტირენი, იბერია, ტარტესი, რაც მის ადრინდელ მოთხრობას სამოსელებზე ეწინააღმდეგება. ტარტესის მეფემ არგანტონიამ მეგობრულად მიიღო ფოკეელები და მათ დასახლებაც შესთავაზა მაგრამ ეს დაზვერვითი მოგზაურობა იყო და ამიტომ უარი განაცხადეს. ძვ,წ 600 წელს დაარსეს მასალია (დღევანდელი მარსელი/საფრანგეთი) და აქედან დაიწყო მათი ექსპანსიის გავრცელება დასავლეთით. ისინი ორი მიმართულებით ახორციელებდნე კოლონიზაციას: ტარტესისა და ესპანეთის ჩრდილო აღმოსავლეთით, ტარტესის აღმოსავლეთით აარსებენ არტემისიას, მის ჩრრდილოეთით ჰემეროსკოპიონს, რომელსაც მოგვიანებით რომაელებმა დიანია (დენია) უწოდეს. ეს დასახლებები განიხილებოდა, როგორც სადგური ტარტესისკენ მიმავალ გზაზე. ტარტესიდის ტერიტორიაზე აარსებენ ქალაქ მაინაკეს. ჩრდილო აღმოსავლეთით განსაკუთრებული ადგილი ძვ.წ 575 წელს დაარსებულ ემპორიონს ეკავა.

ბერძნები ესპანეთს უწოდებდნენ ჰესპერიას ან იბერიას, ბერძენმა კოლონისტებმა დიდი გავლენა მოახდინეს ესპანეთში მცხოვრებ ხალხზე. პირველი მონეტები ესპანეთში ბერძნული ტიპის იყო.

კართაგენის ბატონობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის ფინიკიური კოლონიების დამორჩილების შემდეგაც, კართაგენი აქტიურად იბრძოდა ბერძნების წინააღმედგ, თუმცა საბოლოოდ ბერძნების განდევნა ვერ შეძლეს. ხმელთაშუაზღვაზე ბატონობის გამო კართაგენი რომს დაუპირისპირდა, ომმა სიცილიაში იფეთქა, სადაც კართაგენი დამარცხდა და იქაურობა რომის გახდა - ეს იყო პირველი პუნიკური ომი ძვ.წ 242 წელს დამთავრდა. კართაგენის მხარეს ესპანური ტომებიც იყვნენ. კართაგენის სარდალმა ჰამილკარ ბარკამ დანაკარგების კომპენსირება ახალი დაპყრობებით სცადა. ძვ,წ 236 წელს ესპანეთში გადადის და ზოგ ტომთან ხელშეკრულებასაც კი დებს, მაგრამ ტურდეტანების (სარდალი ისტოლატი) მხრიდან მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდა, მათ მხარეს ლუზიტანები (სარდალი ინდორტომი) იყვნენ. ჰამილკარმა მათი ჯარები კი დაამარცხა მაგრამ ომი ამით არ დამთავრებულა. არსებობს ლეგენდა, რომ ერთმა იბერიელმა ბელადმა ორისონმა შესთავაზა ჰამილკარს თავისი სამსახური, მაგრამ უღალატა. ესპნაელებმა ფორნეებში შეაბეს ხარები, რომლებსაც რქებზე (სხვა ცნობით ფორნეებს) ფისი წაუსვეს და ცეცხლი წაუკიდეს. ხარები კართაგენელბის ქარს დაეტაკნენ, ხოლო ამით ისარგებლა ორისონმა და ბრძოლა დაიწყო ჰამილკარის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა ამ ბრძოლაში გარდაცვლილიყო.

მთავარსარდალი გახდა ჰამილკარის სიძე - ჰასდრუბალი. მის დროს მშვიდობა იყო დამყარებული, იგი ყველანაირად ცდილობდა ადგილობრივების დაშოშმინებას. მან საფუძველი ჩაუყარა ბარკიდების იმპერიას, რომლის დედაქალაქი იყო ახალი კართაგენი ანუ კარტახენა. იგი 16 წელი მართავდა ესპანეთს, შემდეგ მოკლეს. მისი ადგილი ჰამილკარის შვილმა ჰანიბალმა დაიკავა. რომაელები ცდილობდნენ „დაეცვათ“ ბერძნული კოლონიები, რომლებიც კართაგენთან ომობდნენ. მათთან რომაელებმა ხელშეკრულებებიც დადეს მაგ.: ემპორიონთან/ ქ.საგუნტთან (სამოკავშირეო ხელშეკრულებები). ჯერ კიდევ ძვ.წ 348 წელს რომაელებმა და კართაგენელებმა ესპანეთი „გაინაწილეს“. ჰასდრუბალის დროს ძვ.წ 226 წელს ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, სადაც კართაგენელებს მდ. ებრო არ უნდა გადაელახათ, კართაგენელები პატივისცემით უნდა მოპყრობოდნენ ბერძნულ კოლონიებს, რომლებსაც რომი მფარველობდა, რომის მოკავშირეები იყვნენ (უცნობია ამ სიაში იყო თუ არა ქ. საგუნტი) ქ. საგუნტში მოხდა არეულობა სადაც რომი ჩაერია, ჰანიბალს ამან უბიძგა ქ. საგუნტის წინააღმდეგ სალაშქროდ, რომაელებმა ჰანიბალის საგუნტზე თავდასხმა (ძვ.წ 219 წ.) ჩათვალეს ხელშეკრულების დარღვევად და ჰანიბალს ელჩები მიუვლინეს. ჰანიბალმა მაინც შტურმით აიღო ქალაქი და მალე კართაგენმა რომს ომი გამოუცხადა (ძვ.წ 218 წელს ).

ჰანიბალმა გადაწყვიტა იტალიაში გადასვლა და საკუთარ ტერიტორიაზე რომაელების დამარცხება - ესპანეთში რომაელი სარდლები ძმები სციპიონები იბრძოდნენ, ჰანიბალის ძმის ჰასდრუბალის წინააღმდეგ. რომაელების წარმატებას განაპირობებდა ის, რომ მათ მხარეს ესპანელები იყვნენ. მდგომარეობა შეიცვალა ძვ,წ 211 წელს ჰასდრუბალმა შეძლო კელტიბერების მიმხრობა და რომაელები საშინლად დაამარცხა.

ჰანიბალი განაგრძობდა წარმატებულ შეტევებს იტალიაში, რომი კი ცდილობდა დანაკარგის ანაზღაურებას, ესპანეთში ომის წარმოება დაევალა პუბლიუს კორნელიუს სციპიონს. სციპიონმა ხელთ იგდო კარტახენა „მოისყიდა“ ესპანელები. მის მხარეს გადავიდნენ ილერგეტების ბელადი ინდიბილი და მისი ძმა მანდონია.

რომაელებმა საბოლოოდ განდევნეს ესპანეთიდან კართაგენელები ძვ.წ 206 წელს. ამით დასრულდა მათი ბატონობის ოთხი საუკუნე. საბოლოოდ ომი კი კართაგენის განადგურებით დასრულდა ძვ.წ 146 წელს.

ბარბაროსების მმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვესტგუთების სამეფო 500 წელს

409 წელს პირენეის ნახევარკუნძულს ბარბაროსთა ტომები ვესტგუთები, ვანდალები, ალანები და სვებები მიაწყდნენ. ვესტგუთებმა ვანდალები და ალანები განდევნეს ესპანეთის სამხრეთში, ხოლო 429 წელს აიძულეს ისინი ჩრდილოეთ აფრიკაში გადასულიყვნენ, თვითონ კი დააარსეს საკუთარი სამეფო დედაქალაქით ბარსელონაში. სვებები კი დამკვიდრდნენ ჩრდილოეთ-დასავლეთ გალისიაში და დააარსეს სვებების სახელმწიფო. V საუკუნის ბოლოსათვის პირენეის ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილი რომაელ დიდებულებს ემორჩილებოდა და ფორმალურად რომის იმპერიას ექვემდებარებოდა.

V საუკუნის მეორე ნახევარში ვესტგუთების მეფე ევრიხმა (446-484) თითქმის მთელი პირენეის ნახევარკუნძული დაიპყრო (გარდა ჩრდილოეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთი ტერიტორიისა სადაც სვებები და ბასკები ცხოვრობდნენ). გალიის დიდი ნაწილის დაკარგვის შემდეგ (VI საუკუნის დასაწყისი) ვესტგუთებმა თავისი სამეფოს დედაქალაქი ქ. ტოლედოში გადაიტანეს (VI საუკუნის შუა წლები). ვესტგუთები პირენეის ნახევარკუნძულის მოსახლეობის მხოლოდ 4 %-ს შეადგენდნენ. 585 წელს მათ სვებების სამეფო შეიერთეს, ხოლო VII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიელებს ესპანეთის სამხრეთი ნაწილი წაართვეს (ბიზანტია აქ 554 წლიდან ბატონობდა).

ვესტგუტების მიერ ესპანეთის დაპყრობას თან ახლდა სათემო მიჭათმფლობელობისა და წვრილი საგლეხო მეურნეობის გავრცელება. ვესტგუთურ ესპანეთში დაიწყო ფეოდალიზაციის პროცესი. ყალიბდებოდა და ძლიერდებოდამსხვილ ფეოდალ-მიწათმფლობელთა კლასი. ესპანელ-რომაელი (საეკლესიო და საერო) ფეოდალების გავლენა კიდევ უფრო გააძლიერა ვესტგუთების მეფის რეკარედის (586-601) არიანელობიდან კათოლიკობაზე გადასვლამ და VI საუკუნის ბოლოს კათოლიციზმის სახელმწიფო რელიგიად გადაქცევამ (ესპანეთის დანარჩენმა ნაწილმა კათოლიკობა მიიღო 400 წელს).

მსხვილ ფეოდალთა სეპარატიზმმა და შინაომებმა დაასუსტა ვესტგუტების სახელმწიფოს სამხედრო ძლიერება, რამაც არაბებს გაუადვილა პირენეის ნახევარკუნძულის დაპყრობა.

კორდოვის სახალიფო 1000 წელს (აღნიშნულია მწვანე ფერით)

710 წელს ვესტგუთების ერთ-ერთმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ და ტოლედოს არქიეპისკოპოსმა დახმარება სთხოვა ჩრდილოეთ აფრიკაში მცხოვრებ არაბებსა და ბერბერებს, რომლებსაც შემდეგ მავრებს უწოდებდნენ. მავრიტანიული კორპუსის ხელმძღვანელი ტარიკ იბნ ზიადი 711 წელს გადავიდა ესპანეთში, ხერეს-დე-ლა-ფრონტერასთან დაამარცხა ვესტგუთების მეფე როდერიხი, ტყვედ ჩაიგდო იგი და სიკვდილით დასაჯა, მისი სახელმწიფო კი მთლიანად დაიმორჩილა (718). ესპანეთის ის ადგილი რომეზედაც ტარიკ იბნ ზიადმა ფეხი პირველად დადგა დღესაც მის სახელს ატარებს: გიბრალტარი (არაბ. جبرلتار "ჯაბალ ტარიკ") ნიშნავს "ტარიკის კლდეს".

VIII საუკუნის მეორე მეოთხედში მავრების მიერ დაპყრობილი ტერიტორია მთლიანად ომაიანების სახალიფოს შემადგენლობაში გადავიდა. 756 წელს ომაიანებმს დამოუკიდებელი კორდოვის საამირო, ხოლო უფრო მოგვიანებით კი 929 წელს კორდოვის სახალიფო დააარსეს. არაბებმა მიისაკუთრეს ყველაზე ნაყოფიერი მიწები ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთში, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში ბერბერები დაასახლეს. არაბთა სახელმწიფომ უდიდეს ძლიერებას მიაღწია აბდ ალ-რაჰმან III-ის მმართველობის (912-961) დროს. ფეოდალურ ურთიერთობათა შემდგომი განვითარება არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის ვითრებაში ხდებოდა.

არაბების მიერ დამარცხებული ვესტგუთები სამხრეთი და ცენტრალური ესპანეთიდან მთაგორიან ასტურიაში გაიხიზნენ, სადაც დააარსეს საკუთარი სახელმწიფო და მეფედ აირჩიეს პელაიო. 718 წელს მათ წინააღმდეგ გაილაშქრეს არაბებმა, მაგრამ კოვადონგის რაიონში ისინი მწარედ დამარცხდნენ. 718 წელს არაბების დამარცხებით დაიწყო რეკონკისტა. ამის შემდეგ ნელ-ნელა მაგრამ მაინც დაიწყო ასტურიის სამეფოს გაფართოება.

VIII საუკუნის შუა წლებში ასტურიის ტერიტორიას აფართოებს პელაიოს სიძე ალფონსო I. მან არაბებს ხელიდან გამოსტაცა და დაიკავა მეზობელი გალისია.

VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე ფრანკთა მეფის კარლოს დიდის მმართველობის დროს არაბთა ბატონობისაგან გათავისუფლდა "ესპანური მარკა" (სასაზღვრო ტერიტორია ფრანკებსა და არაბებს შორის), რომელიც ერთხანს საფრანგეთს ემორჩილებოდა შემდეგ კი დამოუკიდებლობა მოიპოვა.

924 წელს ლეონი და გალისია ასტურიის მეფე ალფონსო III დიდმა (866-910 წწ.) შეუერთა ასტურიას და შექმნა ლეონის სამეფო (924-1230 წწ.; 1137 წელს გამოეყო კასტილიის სამეფო, თუმცა 1230 წელს ლეონი და კასტილია საბოლოოდ გაერთიანდნენ).

XI საუკუნე ესპანეთის ისტორიაში გარდამტეხი პერიოდი იყო. გამოიყენეს რა ემირატებს შორის მუდმივად არსებული შუღლი, ესპანეთის სახელმწიფოებმა აქტიურად დაიწყეს ბრძოლა არაბების წინააღმდეგ. 1085 წელს მდინარე ტახოსთან კასტილიელებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს და დაეუფლნენ ვესტგუთების ძველ დედაქალაქს ტოლედოს, ამიერიდან იგი გახდა კასტილიის დედაქალაქი. ტოლედოს დაკავებამ სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია არსებითად შეიცვალა. ამიერიდან რეკონკისტას ცენტრად იქცა ტოლედო.

ტოლედოს დაცემით შეშფოთებული არაბები მფარველობას ეძიებდნენ კასტილიის მეფე ალფონსო VI-სთან (1072-1109 წწ.). ისინი ითხოვდნენ ზავს, ხარკის პირობით, ოღონდ შეენარჩუნებინათ საამიროს დამოუკიდებლობა, არაბებმა კიდეც მიაღწიეს საწადელს დიპლომატიური გზებით, მაგრამ ხვდებოდნენ რომ მათი მდგომარეობა მყარი არ იყო და დაიწყეს საიმედო პარტნიორის ძებნა. ასეთი მათთვის გახდა ალმორავიდების სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში. 1086 წელს ისინი სევილიის, ბადახოსისა და გრანადის ამირების მოწვევით ესპანეთში შეიჭრნენ. სალაკასთან ბრძოლაში (ბადახოსის მახლობლად) მათ დაამარცხეს ესპანელები და მთელი ანდალუსია დაიპყრეს, რამაც გამოიწვია რეკონკისტის შენელება.

ამ პერიოდში გამოჩნდა ესპანეთის ეროვნული გმირი, კასტილიელი რაინდი სიდი, რომელმაც არაერთხელ ილაშქრა მავრების წინააღმდეგ და 1094 წელს დაამარცხა ისინი, რამაც საშუალება მისცა გაეთავისუფლებინათ ვალენსია.

რეკონკისტას შემდეგი წარმატება უკავშირდება XII საუკუნის დასასრულსა და XIII საუკუნის დასაწყისს. ყველაზე დამაჯერებელი და სტრატეგიული გამარჯვება იყო 1212 წელს ლეონის, კასტილიის, არაგონისა და ნავარის გაერთიანებული ძალებით ალმოჰადების დამარცხება ლას-ნავას-დე-ტოლდოსთან. ამ გამარჯვებამ უზრუნველყო რეკონკისტის წარმატება.

1236 წელს კასტილიის მეფე ფერდინანდ III-მ შეიყვანა თავისი ჯარები კორდოვაში, ხოლო 12 წლის შემდეგ - სევილიაში. პორტუგალიის სახელმწიფო გაფართოვდა თითქმის იმ ფარგლებში, რომელიც დღეს უკავია, ხოლო არაგონის მეფემ დაიპყრო ვალენსია (1238 წ.), ალიკანტე და ბალეარის კუნძულები.

XIII საუკუნისათვის ნახევარკუნძულზე დარჩა მხოლოდ გრანადის საემირო, რომელიც იძულებული იყო გადაეხადა ხარკი ესპანელებისათვის.

1469 წელს მოხდა ესპანეთის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა. იქორწინეს არაგონის მეფემ ფერდინანდ II-მ და კასტილიის დედოფალმა ისაბელ კასტილიელმა, რაც გახდა ესპანეთის პოლიტიკური გაერთიანების დასაწყისი, რომელიც თითქმის დასრულდა XV საუკუნის ბოლომდე (მხოლოდ ნავარა შემოუერთდა 1512 წელს).

1478 წელს ფერდინანდ არაგონელმა და ისაბელა კასტილიელმა განამტკიცეს ინკვიზიცია, დაიწყო ებრაელების, მუსულმანებისა და პროტესტანტების დევნა. რამდენიმე ათასმა კაცმა დაამთავრა სიცოცხლე კოცონზე. ბევრი ებრაელი ინვიზიციის მამამთავრის ტომასო ტორკვემადას შიშით გაიქცა ესპანეთიდან.

1492 წელს აიღეს მაჰმადიანთა უკანასკნელი დასაყრდენი გრანადა, რომლითაც დასრულდა რეკონკისტა. ამავე წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა და დააარსა ესპანეთის კოლონიები.

ესპანეთის ოქროს ხანა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVI საუკუნეში ესპანეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელოები ევროპაში. 1504 წელს ხელთ იგდო ნეაპოლის სამეფო და სიცილია, 1512 წელს - ზემო ნავარა. ფერდინანდ II არაგონელისა და ისაბელ კასტილიელის პირადი უნიის ნიადაგზე გაერთიანებული და გაძლიერებული ესპანეთი 1516 წელს ფერდინანდის გარდაცვალების შემდეგ მათ შვილიშვილს კარლ V-ს ერგო. 1519 წელს საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის მაქსიმილიან I გარდაცვალების შემდეგ კარლ V-ს, როგორც მაქსიმილიანეს შვილიშვილს გადაეცა გერმანიის იმპერია და ნიდერლანდები. 1559 წელს იტალიასთან 50-წლიანი ომის (იტალიური ომები 1494-1559) შემდეგ გაბატონდა ჩრდილოეთ და შუა იტალიაში. ამგვარად მის ხელში აღმოჩნდა ესპანეთის, იტალიის, ნიდერლანდების, გერმანიისა და ამერიკის ტერიტორიები. როგორც თანამედროვენი ამბობდნენ მის იმპერიაში "მზე არასოდეს არ ჩადიოდა".

ესპანეთისა და პორტუგალიის იმპერიები (1580–1640) წლებში, ეგრეთ წოდებული - იბერიის უნია

XVI საუკუნის შუა წლებიდან იწყება ესპანეთის ეკონომიკური დაცემა. იგი აშკარა ხდება ფილიპე II-ს მმართველობის დროს. მან კარლ V-ის იმპერიის გაყოფისას 1556 წელს მემკვიდრეობით მიიღო ესპანეთი, იტალია, ამერიკული სამფლობელოები, ნიდერლანდები, ფრანშ-კონტე და რამდენიმე დასაყრდენი პუნქტი აფრიკაში. 1581 წელს პორტუგალიაც შემოიერთა (დამოუკიდებლობა დაიბრუნა 1640 წელს), მიუხედავად ამ ყველაფრისა ესპანეთის იმპერია ნელ-ნელა ეცემოდა, რაზეც დიდი გავლენა მოახდინა XVI საუკუნის ფასების რევოლუციამ. ქვეყნის დასუსტებას ხელს ინკვიზაციაც უწყობდა.

XVI საუკუნის II ნახევარში ესპანეთის საგარეო პოლიტიკამ მარცხი განიცადა: ინგლისთან ომში დაიღუპა "უძლეველი არმადა" (1558). 1566 წელს დაიწყო ნიდერლანდების რევოლუცია, რომლის შედეგადაც ჩრდილოეთი ნიდერლანდები საბოლოოდ გამოეყო ესპანეთს. ხანგრძლივმა ომებმა ხაზინა გააღატაკა. დიდი თანხა იხარჯებოდა ბიუროკრატიულ აპარატზე. ესპანეთის მეფეები გენუელ და გერმანელ ბანკირთ მევალეები გახდნენ. ფილიპე II-მ ორჯერ გამოაცხადა ბანკროტობა. XVI-XVII საუკუნეებში ინგლისთან ომებში ესპანეთმა საზღვაო უპირატესობაც დაკარგა.

ევროპის რუკა 1648 წელს ვესტფალიის ზავის შემდეგ

ოცდაათწლიანი ომისა (1618-1648) და საფრანგეთ-ინგლისთან შემდგომი ომების შედეგად, ვესტფალიის (1648), პირენეს (1659), აახენის (1668) და ნიმვეგენის (1678) საზავო ხელშეკრულებებით ესპანეთი იძულებული იყო ეცნო ჰოლანდიის დამოუკიდებლობა, შერიგებოდა მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკარგვას. 1668 წელს სცნო პორტუგალიის დამოუკიდებლობა. 1640-1652 წწ. გრძელდებოდა აჯანყება კატალონიაში. 1646-1648 წწ. ესპანეთის ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებები მიმდინარეობდა იტალიაში.

XVIII საუკუნეში ესპანეთი კვლავ განაგრძობს საკუთარი ტერიტორიების დაკარგვას. ქვეყნის სამხედრო ძლიერების დასუსტებამ ესპანეთი და მისის სამფლობელოები საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, ავსტრიასა და სხვა სახელმწიფოებს შორის ბრძოლის ობიექტად გადააქცია. უკანასკნელი ჰაბსბურგის, უშვილო კარლ II-ის სიკვდილის (1700) შემდეგ დაიწყო ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის (1701-1714). ომის შედეგად ესპანეთში ფილიპე V-ის (ესპანეთის ბურბონების დინასტიის დამაარსებელი, საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის შვილიშვილი) ხელისუფლება დამკვიდრდა. ომი დასრულდა უტრეხტისა (1713) და რაშტატის (1714) ზავით. ესპანეთის ევროპული მიწები დანაწილდა: ავსტრიელმა ბურბონებმა მიიღეს ესპანეთის სამფლობელოები ნიდერლანდებში და იტალიაში; დიდმა ბრიტანეთმა დაიკავა გიბრალტარი და მენორკა; მთელი რიგი ჩრდილოეთ ამერიკული სამფლობელოები გადავიდა საფრანგეთის ხელში.

1808-1813 წწ. ესპანეთს ბონაპარტების დინასტიის ერთადერთი წარმომადგენელი ჟოზეფ ბონაპარტი მართავდა. 1812 წელს ხელი მოაწერეს ესპანეთის პირველ კონსტიტუციას, ქვეყანა გათავისუფლდა ნაპოლეონის ჯარებისაგან, მაგრამ ამავდროულად კარგავდნენ კოლონიებს სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. 1810-1826 წწ. ლათინურ ამერიკაში ესპანური კოლონიების უმეტესობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1890-იან წლებში კი დარჩენილი კოლონიების უმეტესობა ესპანეთ-ამერიკის ომის შედეგად აშშ-ს და გერმანიის ხელში გადავიდა. კუბამ ფორმალურად მიიღო დამოუკიდებლობა.

XIX საუკუნეში ესპანეთში 5 დაუმთავრებელი რევოლუცია მოხდა: 1808-1814, 1820-1823, 1834-1843, 1854-1856 და 1868-1874 წწ. თუმცა ამ რევოლუციებმა ვერ გადაჭრეს ესპანეთის ძირითადი პრობლემა. ქვეყანა ისევ ეკონომიკურ დაღმასვლას განიცდიდა.

პირველ მსოფლიო ომში ესპანეთმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.

1918-1920 წწ. გამოცოცხლდა რევოლუციური მოძრაობა და კატალონიელების, ბასკების, გალისიელების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. 1923 წლის 13 სექტემბერს "მტკიცე ხელის" მთავრობის შესაქმნელად გენერალმა მიგელ პრიმო დე რივერამ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა. ახალმა მთავრობამ - სამხედრო დირექტორიამ - დაითხოვა კორტესი, აკრძალა პოლიტიკური პარტიები, მიტინგები და კრებები. საერთი ეროვნული წინააღმდეგობის გამო 1930 წლის 30 იანვარს პრიმო დე რივერა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა და დატოვა ქვეყანა. ქვეყანა ანტიმონარქიულმა მოძრაობამ მოიცვა.

ესპანეთის რესპუბლიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხუან კარლოს I
  • 1975 წელს ფრანკოს სიკვდილის შემდეგ ესპანეთში აღსდგა კონსტიტუციური მონარქია. მეფე გახდა ფრანკოს მიერ მემკვიდრედ გამოცხადებული ხუან კარლოს I. 1976 წელს შემოიღეს საპარლამენტო სისტემა, ლეგალიზებული გახდა პოლიტიკური პარტიები, პროფკავშირები. 1977 წელს დაიშალა მმართველი პარტია ესპანური ფალანგა.
  • 1978 წლის დეკემბერში მიიღეს ახალი დემოკრატიული კონსტიტუცია. კატალონიამ, ბასკეთმა და გალისიამ მიიღეს ავტონომიის სტატუსი. 1982 წელს ესპანეთი გახდა ნატოს წევრი. ამავე წლიდან ესპანეთის მთავრობას მართვდა სოციალისტური მუშთა პარტია, 1996 წელს ჩამოყალიბდა კოალიციური მთავრობა (სახალხო პარტია და დამოუკიდებელი მინისტრები).
  • 1986 წელს ესპანეთი გახდა ევროპის კავშირის წევრი. 1996 წლიდან ესპანეთის პრემიერ მინისტრია ხოსე მარია ასნარი. 2000 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ იმარჯვებს სახალხო პარტია ასნარმა შეინარჩუნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
  • 2004 წლის 11 მარტს, საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე მადრიდში მოხდა ტერაქტი. 5 წუთის ინტერვალში აფეთქდა 13 ბომბი. დაიღუპა 191 ადამიანი, 1247 მიიღო სხეულის დაზიანება.
  • 2004 წლის 14 მარტის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა მოქმედი პრემიერ მინისტრის პარტია. გაიმარჯვა სოციალისტურმა პარტიამ, პრემიერის პოსტი კი დაიკავა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ.
  • 2005 წლის 28 აპრილს ესპანეთის პარლამენტმა მოახდინა ევროკავშირის კონსტიტუციის რატიფიცირება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]