დირჰემი
დირჰემი, იგივე დირჰამი (არაბ. درهم) — ძველი არაბული ვერცხლის მონეტა. ტერმინი მომდინარეობს ბერძნულიდან (იხ. დრაქმა).
იჭრებოდა 698-699 წლებიდან; მისი წონა VII საუკუნის ბოლოსათვის 2,7–2,9 გ. დირჰემის შუბლზე ქუფური შრიფტით წარწერილი იყო რელიგიური ფორმულა და ცნობები ზარაფხანისა და მოჭრის დროის შესახებ; ზურგზე — ყურანის სურები. ამგვარი დირჰემი იჭრებოდა არაბთა სახალიფოს ყველა ზარაფხანაში ბაქტრიიდან ესპანეთამდე.
ჰიჯრის 85 (704-705 წწ.) დირჰემი თბილისის ზარაფხანაშიც მოიჭრა. VIII საუკუნიდან არაბულმა (ქუფურმა) დირჰემმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი აღმოსავლეთ საქართველოს სამონეტო სისტემაში; ის მრავლადაა აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრებისას. ძველ ქართულ წყაროებში ვერცხლის ფულის, ანუ არაბული დირჰემის, აღსანიშნავად იხმარებოდა ტერმინი „დრამა“.
ფულის ერთეული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჟამად დირჰემი არის ფულის ერთეულის სახელწოდება მაროკოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მისი ვარიანტი (დრამი) — სომხეთში, ასევე ხურდა ფულის სახელი იორდანიაში (დინარის 1/10), კატარში (რიალის 1/100), ლიბიაში (დინარის 1/1000) და ტაჯიკეთში (სომონის 1/100).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯალაღანია ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 568-569.
- ჯალაღანია ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.