ბონა სფორცა
ბონა სფორცა | |
---|---|
Bona Sforza | |
პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი | |
კორონაცია: | 18 აპრილი, 1518 |
მმართ. დასაწყისი: | 18 აპრილი, 1518 |
მმართ. დასასრული: | 1 აპრილი, 1548 |
წინამორბედი: | ბარბარა ზაპოლია |
მემკვიდრე: | ელიზაბეთ ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 თებერვალი, 1494 |
დაბ. ადგილი: | ვიჯევანო, მილანის საჰერცოგო |
გარდ. თარიღი: | 19 ნოემბერი, 1557, (63 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბარი, ნეაპოლის სამეფო |
მეუღლე: | სიგიზმუნდ I, პოლონეთის მეფე |
შვილები: |
იზაბელა, უნგრეთის დედოფალი სიგიზმუნდ II, პოლონეთის მეფე სოფია, ბრუნსვიკ-ლუნებურგის ჰერცოგინია ანა I, პოლონეთის დედოფალი კატარინა, შვედეთის დედოფალი |
დინასტია: | სფორცები |
მამა: | ჯან გალეაცო, მილანის ჰერცოგი |
დედა: | იზაბელა არაგონელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბონა სფორცა (იტალ. Bona Sforza; დ. 2 თებერვალი, 1494 — გ. 19 ნოემბერი, 1557) — სფორცას დინასტიის წარმომადგენელი. მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო სფორცასა და მისი ცოლის, ისაბელა არაგონელის ქალიშვილი. პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი 1518-1548 წლებში, როგორც სიგიზმუნდ I-ის მეორე მეუღლე. მეტად ამბიციური და ენერგიული ბონა, ტახტზე ასვლიდან მალევე გადაიქცა პოლონეთის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად. სახელმწიფო შემოსავლების გაზრდის მიზნით, მან გაატარა არაერთი რეფორმა, მათ შორის სოფლის მეურნეობის რეფორმა ლიტვაში, რომელიც ვალახეთიდან გადმოიღო. მის ამ რეფორმებს ლიტვის დიდი სამთავროს მეტად გამდიდრება მოჰყვა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, იგი უნგრეთისათვის ბრძოლაში თამამად დაუპირისპირდა ჰაბსბურგებსა და ოსმალებს, სადაც მალევე მან თავისი ქალიშვილი იზაბელა დედოფლად დასვა.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავშვობა მილანსა და ბარში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბონა დაიბადა 1494 წლის 2 თებერვალს მილანის საჰერცოგოს ქალაქ ვიჯევანოში. იგი იყო მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო სფორცასა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია ისაბელა არაგონელის ოთხი შვილიდან მესამე. მართალია მილანის ტახტი იურიდიულად ბონას მამას ეკუთვნოდა, მაგრამ მისმა ბიძამ, ჰერცოგმა ლუდოვიკო სფორცამ მოახერხა და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. ამის შემდეგ ლუდოვიკომ ჯან გალეაცო თავისი ოჯახითურთ კასტელო ვისკონტეოში გააგზავნა, ქალაქ პავიაში. პავიაში გადასახლებიდან მალევე, 1494 წელსვე ჯან გალეაცო გარდაიცვალა. დადიოდა საფუძვლიანი ეჭვები, რომ იგი ლუდოვიკომ მოწამლა, რის შემდეგაც მან უკვე ოფიციალურად ჩაიგდო ხელში ხელისუფლება. ლუდოვიკოს ძალიან ეშინოდა, რომ მილანის მოსახლეობა აჯანყდებოდა და ტახტზე განსვენებული ჯან გალეაცოს ვაჟს, ფრანჩესკო სფორცას დასვამდნენ, რომელიც ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამ დიდი რისკის შესამცირებლად, ფრანჩესკო როსანოში გამოკეტეს დედამისთან, ქვრივ ჰერცოგინია ისაბელა არაგონელთან ერთად. თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 1499-1504 წლებში, როდესაც განახლდა იტალიური ომები. მილანის საჰერცოგოში საფრანგეთის მეფე ლუი XII-ის უზარმაზარი არმია შეიჭრა, ლუდოვიკოს მმართველობა დაამხო და ფრანჩესკო თან წაიყვანა პარიზში.
ისაბელას მილანში უკვე აღარაფერი დარჩენოდა, რის გამოც 1500 წლის თებერვალში შვილებთან ერთად ნეაპოლში გაემგზავრა. იტალიური ომების მთავარ სამიზნეს სწორედ მილანი და ნეაპოლი წარმოადგენდა, რომელზეც ფრანგებს პრეტენზია ჰქონდათ, ამიტომაც ომმა მალევე ჩააღწია ნეაპოლამდეც სადაც ისაბელას ბიძის, ფრედერიკო არაგონელის მმართველობა დაამხეს. სხვა ნათესავებთან ერთად ფრედერიკო ისკიის ციხესიმაგრეში დაიმალა. 1502 წელს ისაბელა და მისი ერთადერთი გადარჩენილი ქალიშვილი ბონა ქალაქ ბარში გადასახლდნენ. სწორედ იქ დაიწყო პატარა ბონამ უმაღლესი განათლების მიღება. მის მასწავლებლებს შორის იყვნენ გამოჩენილი იტალიელი ჰუმანისტები, როგორებიც არიან კრისოსტომო კოლონა და ანტონიო დე ფერარა. ისინი მას ასწავლიდნენ ლათინურს, კლასიკურ ლიტერატურას, მათემატიკას, ისტორიას, სამართალს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, თეოლოგიას და გეოგრაფიას. ბონას ასევე შეეძლო რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა.
საქორწინო წინადადებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1512 წელს, როდესაც მილანიდან ფრანგები განდევნეს და იქ კვლავ სფორცების მმართველობა აღსდგა, ახალ ჰერცოგ მაქსიმილიანო სფორცასთან ერთად მილანს ისაბელა არაგონელი და ბონა სფორცაც დაუბრუნდნენ. ვინაიდან მაქსიმილიანო და ბონა ბიძაშვილები იყვნენ, კათოლიკური წესის თანახმად მათი ქორწინება დასაშვები იყო, ამიტომ ისაბელა იმედოვნებდა, რომ თავისი ქალიშვილი მილანის ჰერცოგინია გახდებოდა. თუმცა იყო სხვა საქორწინო შემოთავაზებებიც, მაგალითად არაგონის მეფე ფერდინანდ II, ან სულაც რომის პაპ ლეო X-ის ღვიძლი ძმა, ფლორენციის ლორდი ჯულიანო მედიჩი. მართალია თავად ფერდინანდ II-ზე არა, მაგრამ ისაბელასაგან წამოვიდა შეთავაზება, რომ ბონა მის შვილიშვილზე, ავსტრიის ერცჰერცოგზე და მომავალში საღვთო რომის იმპერატორზე, 10 წლის ფერდინანდ ჰაბსბურგზე დაქორწინებულიყო. ამავდროულად სავოიის ჰერცოგ კარლო III-ის ძმამ, ნემურის ჰერცოგმა ფილიპომ რომის პაპს ბონაზე ქორწინების ნებართვა სთხოვა. თუმცა ვითარება მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის მეთაურობით ფრანგებმა მილანი 1515 წელს კვლავ დაიპყრეს და მაქსიმილიანოს მმართველობა დაამხეს. ამ დროს რომის პაპმა ლეო X-მ საზეიმოდ განაცხადა, რომ ბონა სფორცა დაქორწინდებოდა მის ბიძაშვილზე, ურბინოს ჰერცოგ ლორენცო II მედიჩზე, რომელიც ძლიერი მხედართმთავარი იყო და შესძლებდა მილანის დაბრუნებას, სადაც შემდგომში ბონასთან ერთად ავიდოდა ტახტზე. მაგრამ ფრანგებს ამ დროს მილანში ფეხი მყარად ჰქონდათ მოკიდებული და პაპის გეგმა ვერ განხორციელდა.
1515 წლის ოქტომბერში პოლონეთისა და ლიტვის მეფე სიგიზმუნდ I დაქვრივდა. საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ს არ სურდა, რომ პოლონეთის მეფეს კვლავ ჰაბსბურგების მტერი შეერთო ცოლად, როგორიც იყო სიგიზმუნდის განსვენებული მეუღლე ბარბარა ზაპოლია და სრულიად ზაპოლიების დინასტია. ამრიგად იმპერატორმა სასწრაფოდ გამოძებნა სამი საუკეთესო შესაძლო პოლონეთის დედოფალი სიგიზმუნდისთვის, ესენი იყვნენ თავისი შვილიშვილი ელეონორა ავსტრიელი, თავისი დაქვრივებული რძალი ხუანა კასტილიელი (რომელიც ჭკუიდან იყო შერყეული და გამოკეტილი ჰყავდათ) და ბონა სფორცა. სიგიზმუნდმა მაქსიმილიანის წამოყენებულ კანდიდატურებზე ყურადღება დიდად გაამახვილა. ვინაიდან ხუანა ოცაათი წლის, შვილებიანი და ფსიქიკურად არამდგრადი ქალი იყო სიგიზმუნდმა მასზე ქორწინებაზე თავიდანვე უარი თქვა, რის შემდეგაც იგი ელეონორაზე დაქორწინებას ვარაუდობდა, თუმცა დაასწრეს და ელეონორა ცოლად პორტუგალიის მეფე მანუელ I-ს შერთეს 1517 წელს. ამიტომაც სიგიზმუნდს კანდიდატად მხოლოდ ბონაღა დარჩა, რა დროსაც პოლონელმა დიდგვაროვნებმა მას მასოვიის ჰერცოგ კონრად III-ის ქვრივზე, ანა რაძივილზე ქორწინება შესთავაზეს. ისაბელა არაგონელმა სასწრაფოდ მიავლინა კრაკოვის სამეფო კარზე იტალიელი დიდგვაროვნები და დიპლომატები, რათა პოლონეთის მეფე ბონაზე ქორწინებაზე დაეთანხმებინათ. იტალიელებმა წარმატებას მიაღწიეს და 1517 წლის სექტემბერში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ხელი მოეწერა სიგიზმუნდისა და ბონას საქორწინო ხელშეკრულებას. კრაკოვის არქიეპისკოპოსი იან კონარსკი ბარში გაემგზავრა რათა ბონა პოლონეთში ჩაეყვანა.
1517 წლის 6 დეკემბერს ნეაპოლში ბონასა და სიგიზმუნდის მარიონეტული ქორწინება შედგა, სადაც ბონას ღია ლურჯი ფერის ვენეციური ატლასისგან შეკერილი კაბა ეცვა, რომელიც 7000 დუკატი დაჯდა. ბონასა და იანის მოგზაურობა ნეაპოლიდან პოლონეთამდე სამ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა და საბოლოოდ 1518 წლის აპრილში ჩააღწიეს დანიშნულების ადგილამდე. ბონა და სიგიზმუნდი ერთმანეთს პირველად 1518 წლის 15 აპრილს შეხვდნენ. ამავე წლის 18 აპრილს კრაკოვში შედგა მათი ქორწინება, ამდღესვე შედგა ბონას კორონაცია პოლონეთის დედოფლად და ლიტვის დიდ მთავრად. საზეიმო ღონისძიებები მთელი კვირა გრძელდებოდა. ბონას მზითვი 100, 000 დუკატს წარმოადგენდა, თუ არ ჩავთვლით მის ნივთებს, რომლებიც 500, 000 დუკატს აღემატებოდა და კიდევ ბარსა და როსანოს, რომლებიც ბონამ მემკვიდრეობით დედისგან მიიღო. სანაცვლოდ სიგიზმუნდმა თავის ახალ მეუღლეს უამრავი პოლონური ქალაქი აჩუქა, როგორებიცაა ვისლიცა, ცარნოვი, რადომსკო, იადლინია, კოსიენიცე, ჩეცინი, ვროცლავი და ა.შ.
პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოჯახური ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედოფალი ბონა მეტად ამბიციური, ენერგიული და მჩქეფარე ხასიათის ქალი იყო, სიგიზმუნდი კი პირიქით, ძალიან მშვიდი და პასიური პიროვნება გახლდათ. თავიდანვე, ბონა აქტიურად ერეოდა სახელმწიფო საქმეებსა და პოლიტიკაში. პოლონეთში მან დაამსხვრია მითი, რომის მიხედვითაც ტრადიციული და იდეალური სამეფო მეუღლე მორჩილი უნდა ყოფილიყო, უნდა გაეჩინა და აღეზარდა ბავშვები და პატივი ეცა ქმრისთვის. ბონა და სიგიზმუნდი ხშირ შემთხვევაში ბევრ შიდა და გარე პოლიტიკურ საკითხებში ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ, რის გამოც ბევრი ფიქრობდა, რომ ერთმანეთს დაშორდებოდნენ. ბონა არ მოგზაურობდა ხოლმე თავის ქმართან ერთად, იგი თავის საყვარელ ვაველის სასახლეში იყო და მასზე ზრუნავდა. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინების პირველი ცხრა წლის მანძილზე ბონა ექვსჯერ იყო ფეხმძიმედ, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია აქტიურად ჩარეულიყო პოლიტიკაში.
1527 წლის სექტემბერში მეექვსე ბავშვზე ფეხმძიმე ბონა ცხენიდან გადმოვარდა, რის გამოც ნაადრევი მშობიარობით მან ვაჟი გააჩინა, რომელიც მკვდარი დაიბადა. მნიშვნელოვანი დაზიანებების გამო დედოფალი მეტჯერ ბავშვის გაჩენას ვეღარ შესძლებდა. მართალია მას ხუთი შვილი ჰყავდა, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთი იყო ვაჟი. ბონა სფორცას მთელი გულით სურდა, რომ პოლონეთის ტახტზე იაგელონების დინასტიის გაგრძელება უზრუნველეყო, ამიტომაც აიძულა პოლონელ დიდგვაროვნებს, რომ თავის დროზე პოლონეთის მეფედ მხოლოდ მის ვაჟს, პრინც სიგიზმუნდ ავგუსტს აღიარებდნენ. პირველ რიგში სიგიზმუნდი მემკვიდრედ ლიტველებმა სცნეს, რომელიც 1529 წლიდან მოყოლებული მას თავიანთ დიდ მთავრად მოიხსენიებდნენ. ამან გარკვეულწილად პოლონელი დიდგვაროვნების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ლიტველებში გარკვეულწილად გამოყოფის აზრიც მუსირებდა, პოლონელებს კი ლიტველებთან გაერთიანებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება სურდათ, რაც სიგიზმუნდ ავგუსტის მმართველობის ეპოქაში მოხერხდა.
1544 წელს სიგიზმუნდ ავგუსტს დამოუკიდებელ სამართავ ტერიტორიად ლიტვა უბოძეს, რის გამოც იგი ლიტვაში გადასახლდა. ამან ბონა მელანქოლიურად აქცია, რადგან ვაჟის წასვლამ მასზე მეტად უარყოფითად იმოქმედა. მალევე მან და სიგიზმუნდმა დაიწყეს მოლაპარაკებები თავიანთი ვაჟის ბარბარა რაძივილზე დასაქორწინებლად.
საშინაო პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლონეთში ჩასვლის დღიდანვე დედოფალმა ბონა სფორცამ ძლიერი პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად მხარდამჭერი დიდგვაროვნები შემოიკრიბა. 1519 წლის 23 იანვარს დედოფალმა რომის პაპ ლეო X-სგან, რომელთანაც ძალიან თბილი ურთიერბობა ჰქონდა, მიიღო ხუთი კათოლიკური ტაძრის მშენებლობის ნებართვა, რომელიც ბონას ბრძანებით ააგეს კრაკოვში, გნიესნოში, პოზნანში, ვროცლავსა და ფრომბორკში. 1519 წლის მაისში მან ეს უდიდესი პრივილეგია კვლავ მიიღო და კიდევ თხუთმეტი ტაძარი ააშენებინათ. ამით ერთგვარად ბონამ კათოლიკე და მორწმუნე დიდგვაროვნების დიდი მხარდაჭერა და სიყვარული დაიმსახურა. მისი ორი ყველაზე დიდი მოკავშირეები გახნდნენ ანდრეი კრჟიკი და პიოტორ გამრატი. დედოფალსა და მის ამ ორ უძლიერეს მოკავშირეს პოლონელები ხშირად ტრიუმვირატსაც კი უწოდებდნენ.
დედოფალ ბონას ღრმად სწამდა, რომ სამეფო ხელისუფლების გაძლიერების საფუძველი მყარ ეკონომიკაში იყო. აქედან გამომდინარე იგი ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ როგორმე სამეფო ხაზინის შემოსავალი გაეზარდა. შესაბამისად მან იმდენი ფინანსური სიმდიდრე მოიპოვა, რომ იაგელონთა დინასტიას აბსოლუტურად დამოუკიდებლად და მყარად ემართა სახელმწიფო. ლიტვაში ამ ფულით მან უამრავი დიდგვაროვანი მოისყიდა, რის შემდეგაც 1536-1546 წლებში მან ლიტვის დიდი სამთავრო კვლავ დაიბრუნა. ეს მართლაც უდიდესი მოგება იყო. ლიტვაში ბონამ მთლიანად შეცვალა სოფლის მეურნეობის საგადასახადო სისტემა, რაც დადებითად აისახა სამეფო ხაზინაზე. მან ასევე დიდძალი ფული ჩადო ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში იაგელონთა სამეფო რეზიდენზიის განახლებაში.
1539 წელს ბონა სფორცა მონაწილეობდა 80 წლის კატარინა ვეიგლოვას ცოცხლად დაწვაში, რომელსაც ბრალად მწვალებლობა ედებოდა. თუმცაღა ეს მოვლენა ტოლერანტობისა და რენესანსის ეპოქაში მოხდა, ამას მხოლოდ უარყოფითი ემოციები მოჰყვა დედოფლის მიმართ, რაც საბოლოოდ ფრანჩესკო ლისმანინოს დაეხმარა პოლონეთში კალვინისტური აკადემიის დაარსებაში.
საგარეო პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საგარეო პოლიტიკაში, დედოფალი ბონა სფორცა ჰაბსბურგთა მოსისხლე მტერი იყო, რის გამოც მან კიდევ უფრო გააძლიერა და გააღრმავა საფრანგეთისა და პოლონეთის კავშირი. მას შემდეგ, რაც 1526 წელს უნგრეთის მეფე ლაიოშ II იაგელონი ოსმალებმა ბრძოლაში მოკლეს, ტახტზე მისი და, ანა იაგელონი ავიდა, რომელიც ავსტრიის ერცჰერცოგ ფერდინანდ ჰაბსბურგის მეუღლე იყო, რის გამოც უნგრეთი ჰაბსბურგებს დარჩათ. ეს ფაქტი ბონამ გააპროტესტა და მხარი ჰაბსბურგთა მეტოქეს, იან ზაპოლიას დაუჭირა, მასთან კავშირის გასამყარებლად კი მას თავისი უფროსი ქალიშვილი იზაბელა მიათხოვა. 1539 წელს საბოლოოდ ბონამ მოახერხა და მათ უნგრეთის სამეფო გვირგვინი დაადგათ თავზე. დედოფალი ასევე ცდილობდა კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა ოსმალეთის იმპერიასთან. იგი კავშირს იყენებდა სულთან სულეიმანის საყვარელ მეუღლესთან, სულთან როქსოლანასთან (იგივე ჰიურემ სულთანი), რომელიც წარმოშობით პოლონელი იყო და თავის მშობლიურ დედოფალს პატივს სცემდა. ამრიგად პოლონეთმა შესძლო და თავიდან აირიდა უდიდესი დარტყმა ოსმალთა შემოსევების სახით. ბონა ასევე იბრძოდა ბარისა და როსანოს დასაბრუნებლად, რომელიც მემკვიდრეობით დედისგან ერგო, თუმცა მას ეს ტერიტორიები საბოლოოდ ესპანელმა ჰაბსბურგებმა წაართვეს, როცა მათ ნეაპოლი დაიპყრეს.
ქვრივობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1548 წლის 1 აპრილს სიგიზმუნდ I გარდაიცვალა და ბონა ქვრივად დატოვა. ტახტზე მატი ვაჟი სიგიზმუნდ II ავგუსტი ავიდა.
მეუღლის სიკვდილის შემდეგ ბონა სფორცა საცხოვრებლად მოსავიაში გადავიდა, სადაც რვა წელი ცხოვრობდა, ამის შემდეგ კი მშობლიურ ნეაპოლის სამეფოში, ქალაქ ბარში დასახლდა.
ბარში გადასვლიდან ერთ წელიწადში ბონა სფორცა მოწამლულ იქნა მისი სანდო მსახურის, გენერალ ჯან ლორენცო პაპაკოდას მიერ, 1557 წლის 19 ნოემბერს. პაპაკოდა ესპანეთის მეფე ფილიპე II ჰაბსბურგის მითითებით მოქმედებდა, რომელსაც სურდა ბონას ჩამოშორების გზით ბარსა და როსანოს დაჰპატრონებოდა. იგი დაკრძალულია ქალაქ ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბაზილიკაში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Grzybowski, Polish history and Lithuania (1506-1648), P. 47.
- Rūta Janonienė (2015): The Lithuanian Millenium: History, Art and Culture, VDA leidykla, pp. 121-122.
- La Regina Bona Sforza tra Puglia e Polonia, Wrocław, 1987.
- Maria Bogucka, Bona Sforza, Wrocław, Zakład Narodowy im. Ossolińskich - Wydawnictwo, 2009.
- Krzysztof Zaboklicki, Lettere inedite (1554-1556) di Bona Sforza, regina di Polonia, al suo agente italiano Pompeo Lanza, Varsovie-Rome, 1998.