ბერძნულ-ბაქტრიული სამეფო
ბერძნულ-ბაქტრიული სამეფო — მონათმფლობელური სახელმწიფო ძირითადად შუა აზიის ტერიტორიაზე. თავდაპირველად ის მოიცავდა ბაქტრიას, სოგდიანას, მარგიანეს და როგორც ჩანს, ნაწილობრივ შაშსა და ფერღანას. ბერძნულ-ბაქტრიული სამეფო წარმოიქმნა დაახლ. ძვ.წ. 250 წელს, როცა დასუსტებულ სელევკიდების სახელმწიფოს ჩამოსცილდა შუა აზიის სამფლობელოები. სამეფო დააარსა ბაქტრიის ნაცვალმა (ეპარქოსმა) დიოდოტე I-მა, რომელიც დაეყრდნო ადგილობრივ ელინიზებულ წარჩინებულებს, თავისი მიზნებისათვის გამოიყენა შუა აზიის ხალხების განმათავისუფლებელი მოძრაობა ბერძენ-მაკედონელთა ბატონობის წინააღმდეგ და თავი დამოუკიდებელ მეფედ გამოაცხადა. ეს სახელმწიფო შინაგანად მყარი არ იყო და დაახლ. ძვ.წ. 175 წელს იგი ბერძნულ-ბაქტრიულ და ბერძნულ-ინდურ სამეფოებად დაიშალა. ბერძნულ-ბაქტრიულ სამეფოში ძალაუფლება ხელთ იგდო ევკრატიდემ, რომლის მეფობა სახელმწიფოს ძლიერების უკანასკნელ ეტაპს დაემთხვა. დაახლოებით ძვ.წ. 155 წელს ევკრატიდე მოკლა მისმავე შვილმა ჰელიოკლემ, რომლის სამფლობელო შუა აზიაში მხოლოდ ბაქტრია იყო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 337.