შინაარსზე გადასვლა

ბგერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბგერა, ხმა — დრეკადი გარემოს ნაწილაკების რხევითი მოძრაობა, რომელიც ტალღებად ვრცელდება აირისებრ, თხევად და მყარ გარემოში. ბგერის ფიზიკური ცნება არ შემოიფარგლება ადამიანის სმენადობის შესაბამისი სიხშირის ბგერით. ადამიანი შეიგრძნობს 16-დან 20000 ჰც-მდე სიხშირის ბგერებს. 16 ჰერცზე დაბალ ბგერებს ინფრაბგერა ეწოდება, 20000 ჰერცზე მაღალი სიხშირისას ულტრაბგერა. თუ გიტარას ხელს ჩამოვკრავთ, იგი რხევას დაიწყებს, რის გამოც მის გარშემო მყოფი ჰაერი ბევრჯერ შეიკუმშება და გაიშლება. ამის შემდეგ, ჰაერში ბევრი ისეთი „კუმშვა“ და „შლა“ გავრცელდება, როგორც ჭავლი ვრცელდება წყლის ზედაპირზე. ამ ტალღებს ბგერითი ტალღები ჰქვია. ისინი უხილავია, მაგრამ როდესაც ყურს მიაღწევენ, დაფის აპკის რხევას იწვევენ და ბგერა გვესმის. ბგერითი ტალღა მყარ სხეულშიც გადის, სითხეშიც და აირშიც. იგი მხოლოდ ვაკუუმში (ცარიელ სივრცეში) ვერ ვრცელდება.

ბგერითი ტალღა ჰაერში 330 მ/წმ სიჩქარით ვრცელდება, თუმცა, ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად ეს სიდიდეც იცვლება. ბგერა დაახლოებით მილიონჯერ ნელა ვრცელდება, ვიდრე სინათლე. ამიტომ არის, რომ ჯერ გაელვებას ვხედავთ და მხოლოდ შემდეგ გვესმის ქუხილი.

ზებგერითი თვითმფრინავი ბგერაზე სწრაფად დაფრინავს და ფრენისას დარტყმით ტალღებს წარმოქმნის – როგორც სწრაფად მცურავი ნავის წინ წარმოიქმნება ტალღები. როდესაც დარტყმითი ტალღა ჩაგვივლის, „ბგერითი დარტყმა“ გვესმის.

მყარი ზედაპირი ბგერას ირეკლავს. თუ კლდის წინ, გარკვეულ მანძილზე დავდგებით და დავიყვირებთ, რამდენიმე წამში არეკლილი ბგერა მოგვესმება. ეს ექოა. გემებზე წყალქვეშა ექოს იყენებენ იმის გამოსათველად, თუ რა მანძილია ფსკერამდე(ან სხვა ობიექტამდე). ამ მოწყობილობას სორანი ჰქვია. იგი ბგერით იმპულსებს გზავნის და ზომავს იმ იმპულსების დაბრუნებაზე დახარჯულ დროს. რაც უფრო მალე დაბრუნდება არეკლილი ბგერა, მით მცირეა ამა თუ იმ ობიექტამდე მანძილი.

როდესაც რაიმე ირხევა, თუნდაც გიტარის სიმი, ეს რხევა ამა თუ იმ სიხშირით ხდება. სიხშირე ერთ წამში შესრულებულ რხევათა რაოდენობას ჰქვია. ბგერის სიხშირეს ჰერცით (ჰც) ზომავენ. სიმს, რომელიც წამში 1000–ჯერ ირხევა, 1000 ჰც სიხშირე აქვს. რაც უფრო მაღალია ბგერის სიხშირე, მით მაღალია ბგერა და მით უფრო წვრილი ხმა გვესმის ყურში.

ადამიანის ყური დაახლოებით 20–დან 20 000 ჰც–მდე დიაპაზონში აღიქვამს ბგერებს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ზედა ზღვარი თანდათან დაბლა იწევს. ბგერას, რომელიც ადამიანის ყურისათვის მისაწვდომი დიაპაზონის მიღმაა, ულტრაბგერა ჰქვია. ულტაბგერის ნაწილი ძაღლს, კატასა და ღამურას ესმით.

მაღალი ხმა და ხმაური

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძლიერი რხევა ხმამაღალ ბგერას წარმოქმნის და პირიქით. თუ ბგერა მეტისმეტად ხმამაღალი და უსიამოვნოა, ამას ხმაურს ვეძახით. ხმაურის დონეს მუდამ კონტროლი სჭირდება, რადგან ძალზე ხმამაღალი ბგერები ყურს აზიანებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]