არაბთა დაპყრობითი ომები
არაბთა დაპყრობითი ომები — დიდი სამხედრო კოლონიზაციური მოძრაობა აზიაში, აფრიკასა და ევროპაში VII საუკუნის 30-იან — VIII საუკუნის 30-იან წლებში. არაბთა დაპყრობითი ომები ორგანულად იყო დაკავშირებული პირველყოფილი წყობილების რღვევასა და კლასობრივ ურთიერთობათა ჩამოყალიბებასთან არაბეთის ნახევარკუნძულის ტომებში, რაც VII საუკუნის 30-იან წლებში მათი პოლიტიკური გაერთიანებით დასრულდა. არაბთა დაპყრობითი ომების ორგანიზატორი იყო არაბთა თეოკრატიული სახელმწიფოს სათავეში მოქცეული გვაროვნული არისტოკრატია.
სასანიდური ირანის დაპყრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არაბთა დაპყრობითი ომები გაჩაღდა საღვთო ომების ლოზუნგით (იხ. ღაზავათი) 633 წლის ბოლოს, როცა სასანიანთა ირანისა და ბიზანტიის ტერიტორიაზე არაბები შეიჭრნენ. 637 წელს კადისიასთან დაამარცხეს ირანული ლაშქარი და დაიკავეს სასანიანთა ირანის დედაქალაქი ქტესიფონი. 641 წელს აიღეს ქალაქი მოსული, ხოლო 642 წელს გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს ნაჰავანდთან. 652 წელს მთლიანად დაიმორჩილეს ირანი და შუა აზიის დაპყრობას შეუდგნენ.
არაბები კავკასიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]640 წელს არაბები შეიჭრნენ სომხეთში, 642–643 წლებში საქართველოში, მაგრამ იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ. 654 არაბები მეორედ შეესივნენ საქართველოს და აიღეს თბილისი (იხ. არაბობა საქართველოში).
ბრძოლა ბიზანტიის წინააღმდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არაბთა დაპყრობითი ომების მეორე ასპარეზი იყო ბიზანტიის სამფლობელოები. 635 წელს არაბებმა აიღეს დამასკო, ხოლო 636 წელს დაამარცხეს ბიზანტიის ჯარები მდინარე იარმუქზე. 640 წელს მთელი სირია და პალესტინა არაბთა ხელში აღმოჩნდა. VII საუკუნის 40-იან წლებში არაბები შეიჭრნენ ჩრდილოეთ აფრიკაში და 646 წელს დაეუფლნენ ეგვიპტეს. მათ დაიმორჩილეს ბერბერთა ტომები, რომლებიც შემდეგ არაბთა დაპყრობით ომებში მონაწილეობდნენ. არაბთა დაპყრობითი ომების წარმატებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მწვავე კლასობრივმა ბრძოლამ ბიზანტიასა და ირანში, აგრეთვე ხანგრძლივმა ომებმა (602–629) ამ ორ ქვეყანას შორის. არაბთა დაპყრობითი ომები დროებით შეფერხდა VII საუკუნის მეორე ნახევარში, რაც გამოიწვია სახალიფოში დაწყებულმა შინაპოლიტიკურმა კრიზისმა და სამოქალაქო ომებმა.
ესპანეთის დაპყრობა და არაბები ევროპაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]VIII საუკუნის დამდეგიდან დაიწყო არაბთა დაპყრობითი ომების მეორე ეტაპი. 709 წელს არაბებმა ატლანტის ოკეანის ნაპირებს მიაღწიეს. მუსლიმთა მიერ პირენეს ნახევარკუნძულის დაპყრობა გამოირჩევა ხანმოკლეობითა და იმდროინდელი წყაროების არასანდოობით.[1][2] ვესტგუთების მეფე ვიტიცას გარდაცვალების შემდეგ (710) მისმა სახელმწიფომ პოლიტიკური დაქუცმაცება განიცადა.[2] ვესტგოთი დიდგვაროვნები ორ დაჯგუფებად გაიყო: მეფე ვიტიცას მიმდევრები და ახალი მეფის, როდერიკის მხარდამჭერები.[3] აგილა, ვიტიცას ვაჟი მაროკოში გაიქცა მას შემდეგ, რაც მემკვიდრეობისათვის ბრძოლაში დამარცხდა და მუსლიმებს ესპანეთის დაკავება სთხოვა.[3] 710 წლის გაზაფხულზე არაბებმა რამდენიმე თავდასხმა მოაწყეს ნახევარკუნძულზე და მიხვდნენ, რომ ვესტგოთები სუსტები იყვნენ.[4] მათ 711 წელს გადალახეს გიბრალტარის სრუტე და ესპანეთში ტარიქ იბნ ზიადის მეთაურობით შეიჭრნენ.[2] 711 წელსვე არაბებმა და ბერბერებმა ფეხი მოიკიდეს პირენეს ნახევარკუნძულზე, გაანადგურეს ვესტგუთების სახელმწიფო და 718 წელს დაიმორჩილეს პირენეს ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი, 720 წელს შეიჭრნენ გალიაში. მათი შემდგომი წინსვლა ევროპაში შეაჩერა ფრანკების ლაშქარმა მაიორდომ კარლ მარტელის მეთაურობით პუატიეს ბრძოლაში.
ბრძოლა აღმოსავლეთით და ხმელთაშუა ზღვაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღმოსავლეთით 711–713 წლებში არაბებმა დაიმორჩილეს შუა აზია და მიაღწიეს ტანის იმპერიის საზღვრებს. მათ დაიპყრეს მდინარე ინდის ხეობის ქვემოწელი. VIII საუკუნის პირველ ნახევარში არაბები საბოლოოდ გაბატონდნენ ამიერკავკასიაში, შეიჭრნენ ჩრდილოეთ კავკასიაშიც, მაგრამ ხაზართა სახელმწიფოს დამარცხება ვერ შეძლეს. IX საუკუნის პირველ ნახევარში დაიკავეს კრეტა, მალტა, სიცილია. IX საუკუნის მეორე ნახევარში არაბთა დაპყრობითი ომები თითქმის შეწყდა.
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არაბთა სახალიფო შინაგან სიმტკიცეს მოკლებული ადმინისტრაციული გაერთიანება იყო. ძალდატანებით დამორჩილებული ხალხები და ტომები სოციალურ და პოლიტიკურ განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იდგნენ. თვით არაბულ არისტოკრატიას არ შესწევდა დამორჩილებული ქვეყნების დამოუკიდებლად მართვის უნარი. იგი იძულებული იყო დაპყრობილ ქვეყნებში ხელუხლებლად დაეტოვებინა ადგილობრივი მმართველობის სისტემა. არაბთა ბატონობამ დროებით შეაფერხა ირანის, ამიერკავკასიის, შუა აზიისა და სხვა ხალხების საზოგადოებრივი განვითარების ბუნებრივი პროცესი. მათი ბატონობის დროს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა ისლამი და არაბული ენა, წარმოიშვა არაბული კულტურა, რომელშიც უდიდესი წვლილი შეიტანეს დაპყრობილმა ხალხებმაც. ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარებამ და სახალხო-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ამიერკავკასიაში, შუა აზიასა და ირანში IX–X საუკუნეებში განაპირობა სახალიფოს დაშლა. არაბთა ბატონობა უფრო დიდხანს გაგრძელდა პირენეს ნახევარკუნძულზე (მოისპო რეკონკისტის შედეგად).
წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Медников Н. А., Палестина от завоевания её арабами до крестовых походов, по арабским источникам, [т. 1 — 4], СПб., 1897 — 1903 (Праваславный палестинский сб., т. 17).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან (ფეოდალური ხანა), ვ. გაბაშვილის რედ., თბ., 1957;
- Беляев Е. А., Арабы, ислам и арабский халифат в ранее средневековье, 2 изд., М., 1966;
- История стран Азии и Африки в средние века, М., 1968;
- Hitty Ph. K., History of the Arabs, 8 ed., N. Y., 1964;
- Wellhousen J., Das arabische Reich und sein Sturz, B., 1902;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 522–523.
- Nicolle, David (1994). Yarmuk AD 636: The Muslim Conquest of Syria. Osprey Publishing. ISBN 1-85532-414-8. ციტირების თარიღი: 2018-11-06. [მკვდარი ბმული]
- Hoyland, Robert G. (2014). In God's Path: The Arab Conquests and the Creation of an Islamic Empire. Oxford University Press. ISBN 978-0-19-991636-8.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Évariste Lévi-Provençal. Encyclopedia of Islam 2nd ed, Brill. "Al-Andalus", vol. 1, p. 492
- ↑ 2.0 2.1 2.2 (Hoyland 2014, pp. 146–147)
- ↑ 3.0 3.1 Nicolle 2009, pp. 65.
- ↑ (Nicolle 2009, p. 71)