შინაარსზე გადასვლა

ალპინიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთამსვლელობა. სურათის წყარო

ალპინიზმისპორტის, ცხოვრების წესის, ბუნებასთან ჰარმონიის ძიების და აქტიური დასვენების ერთობლიობა, რაც გამოიხატება მაღალი მთის მწვერვალებზე ასვლაში. მისი არსი მდგომარეობს მათკენ მიმავალ გზაზე ბუნებრივი, ორბიექტური და სუბიექტური წინაღობების (სიმაღლე, რელიეფი, ამინდი, დისკომფორტი) მშვიდობიანად გადალახვაში, ფიზიკური, ტექნიკური და ინტელექტუალური ოსტატობის გამოყენებით.

ალპინიზმის, როგორც სიტყვის წარმოშობა დაკავშირებულია ალპების მთათა სისტემასთან. მისი კრებითი, ქართული შესატყვისია „მთამსვლელობა“.[1]

ადამიანმა შორეულ საუკუნეებშივე დაიწყო მთების გადალხვა სამეურნეო, სამხედრო და სახელმწიფო საჭიროებისთვის. მაგრამ თანამედროვე ალპინიზმის დასაბამად ითვლება 1786 წელი, როდესაც შვეიცარიელი გლეხი ჟაკ ბალმა (1762–1834) და ფრანგი ექიმი მიშელ-გაბრიელ პაკარი (1757–1827) სპორტული მიზნით ავიდნენ მონბლანზე (4807 მ). ერთი წლის შემდეგ მონბლანზე ავიდა შვეიცარიელი ნატურალისტი და ფიზიკოსი ორას ბენედიქტ დე სოსიური და მწვერვალზე მეტეოროლგიური, გეოლოგიური და გლაციოლოგიური დაკვირვებები ჩაატარა. ამგვარად, ალპინიზმს იმთავითვე ორი მიმართულება მიეცა — წმინდა სპორტული და მეცნიერული, გამოყენებითი. ჟაკ ბალმასა და პაკარის მონბლანზე ასვლის შემდეგ ალპინიზმი სწრაფად განვითარდა, შეიქმნა მთასვლელთა გაერთიანებები — ალპური კლუბები. ამას მოყვა მთამსვლელობასთან დაკავშირებული აქტივობების ჩამოყალიბება, რაცაა ტრადიციული ცოცვა, სპორტული ცოცვა, ბოლდერინგი, ყინულზე ცოცვა, თხილამურობა და სკი-ალპინიზმი.

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნესკოს მიერ 2019 წელს ალპინიზმი აღიარებულ იქნა კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად.

„ალპინიზმი არის მაღალ მწვერვალებსა და კედლებზე ასვლის ხელოვნება, წლის ყველა სეზონის განმავლობაში და ყველანაირ რელიეფზე (კლდე, ყინული). აუცილებელია ფიზიკური, ტექნიკური და ინტელექტუალური უნარებს ქონა, ასევე შესაბამისი ტექნიკის, საჭურველის და სპეციფიური ინსტრუმენტების (წრიაპი, წერაყინი) გამოყენება. ალპინიზმი არის ტრადიციული ფიზიკური პრაქტიკის, მეცნიერებისა და კულტურის ერთანობა. იგი მოიცავს მთის მახასიათებლების და ისტორიის, ღირებულებების ცონას, სპეციფიური კვალიფიკაციის ქონას და პრაქტიკას. ამინდის თავისებურებებისა და ობიექტური ხიფათის გათვალისწინების ჩათვლით. ალპინიზმის ბაზისს წარმოადგენენ აგრეთვე ესთეტიური ასპექტები, როგორიცაა ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნა. ეთიკური პრინციპების დაცვა მთაში თითოეული ინდივიდის პასუხისმგებლობაა, რაც გულისხმობს სხვა ადამიანების დახმარებას და გარემოზე ზრუნვას. ალპინისტის მსოფმხედველობა აგრეთვე მოიცავს გუნდურობასა და მის სულისკვეთებაზე ამაგს, რაც მეტაფორულად გამოხატულია თოკში, რომელშიც ადამიანები ერთმანეთთან არიან გადაბმულნი.

საზოგადოების წევრთა უმეტესობა თავს იყრის ალპურ კლუბებში, რომელთა დანიშნულებაა მთამსვლელობის პრაქტიკის გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით. კლუბები ორგანიზებას უწევენ შეკრებებს, ექსპედიციებს, ავრცელებენ გამოსადეგ ინფორმაციას და წვლილი შეაქვთ სხვადასხვა პუბლიკაცებში, რაც ერთობლიობაში წარმოადგენს ევროპული ალპინიზმის კულტურის მთავარ მამოძრავებელ ძალას.“[2][3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ალპინიზმი. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ena.ge. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2020.
  2. https://ich.unesco.org/en/RL/alpinism-01471
  3. https://www.theuiaa.org/mountaineering/alpinism-gets-recognition-from-unesco-as-intangible-cultural-heritage-of-humanity/