აზოვის ციხესიმაგრე
აზოვის ციხესიმაგრე Азовская крепость | |
---|---|
კოორდინატები | 47°07′01″N 39°25′16″E / 47.117028° ჩ. გ. 39.421° ა. გ. |
მდებარეობა | აზოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
აზოვის ციხესიმაგრე (რუს. Азовская крепость) — საფორტიფიკაციო ნაგებობა ისტორიული აზოვის ცენტრში. მდებარეობს მდინარე დონის დელტაში მისი ერთ-ერთი ტოტის მარცხენა ნაპირზე. მდინარე აზოვკის შეერთების ადგილთან ახლოს.
ციხესიმაგრე დააარსეს ოსმალებმა 1475 წელს ქალაქ ტანაისის დაპყრობის შემდეგ. ახალი ციხესიმაგრე, რომელსაც უწოდეს აზაკი, გახდა ოსმალეთის იმპერიის ჩრდილოეთის ნავსადგური. 1637 წლიდან 1642 წლამდე აზოვის ციხესიმაგრე იყო დონელი და ზაპოროჟიელი კაზაკების კონტროლის ქვეშ. შემდეგ კი ისევ დაიბრუნეს ოსმალებმა. 1695 და 1696 წლებში პეტრე პირველმა ლაშქრობები განახორციელა აზოვში. ლაშქრობების შედეგად გარნიზონმა ციხესიმაგრე დასთმო. 1686-1700 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულების შემდეგ დაიდო კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება, რომლის შედეგად რუსეთმა აზოვი და მიმდებარე ტერიტორიები ისევ მიიღო. 1739 წლის ბელგრადის საზავო ხელშეკრულების თანახმად კი აზოვი სამუდამოდ გადავიდა რუსეთის მფლობელობაში.
XVIII საუკუნის შუა წლებში ციხესიმაგრე დაანგრიეს. ერთადერთი გადარჩენილი ნაგებობა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია არის ალექსეევკის ჭიშკარი და მის მიმდებარედ არსებული ციხის 30 მეტრის სიგრძის ფრაგმენტები[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსმალების კონტროლის ქვეშ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XV საუკუნის შუა წლებამდე აზოვის ციხესიმაგრის ადგილზე მდებარეობდა გენუელებისა და ვენეციელების ქალაქი ტანაისი, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კარგი დამაკავშირებელი სავაჭრო პუნქტი იყო. 1471 წელს ტანაისი დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ და მის ადგილზე დააარსა მსხვილი ციხესიმაგრე აზაკი. ციხესიმაგრე იყო მაღალი, ქვისგან აშენებული, რომელსაც კედლებში ჩატანებული ჰქონდა 11 კოშკი. ციხესიმაგრეს იცავდა ოთხიათასიანი გარნიზონი, რომელთაც 200-ზე მეტი ზარბაზანი ჰქონდათ[2].
აზოვის ჯდომა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1637 წლის ივნისში დონისა და ზაპოროჟიეს კაზაკების დანაყოფებმა შტურმით აიღეს და თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს აზოვის ციხესიმაგრე. აზოვის დასაცავდ სტეპის მხრიდან, ჩამოყალიბდა ცხენოსანთა დამცველი რაზმი 400 კაცის შემადგენლობით. 1641 წელს ოსმალეთის არმია შეეცადა დაებრუნებინა აზოვის ციხესიმაგრე. სამხედრო მეთაურმა ჰუსეინ-ფაშამ აზოვის ციხესიმაგრეს და მის შემოგარენს ალყა შემოარტყა. ოსმალეთის ჯარი ორჯერ გადავიდა შეტევაზე, მაგრამ ორჯერვე მძიმე დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია. კაზაკებმა თხრილები გათხარეს მოწინააღმდეგის პოზიციების წინ, შემდეგ ისინი ააფეთქეს, რამაც გამოიწვია რამდენიმე ათასი იანიჩარის დაღუპვა[3].
ივნისის ბოლოდან ციხესიმაგრისათვის მიმდინარეობდა განუწყვეტელი ბრძოლები მძიმე იარაღის გამოყენებით. მრავალ ადგილზე ჩამოინგრა ციხის კედლები. 11 კოშკიდან გადარჩა მხოლოდ 3. საარტილერიო დაბომბვის შემდეგ ოსმალებმა მიიტანეს ძლიერი იერიში. ოსმალთა ძალები სერიოზულად აღემატებოდა კაზაკთა ძალებს, მათ გაუჭირდათ მტრის მოგერიება და უკან დაიხიეს. ყოველდღიურად ოსმალეთის არმია ხარჯავდა 700-1 000 ჭურვს[4].
26 სექტემბერს ალყის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, სარეზერვო მასალების ამოწურვის გამო, ოსმალეთის არმიამ ალყა მოხსნა. სხვადასხვა მონაცემებით მათ დაკარგეს 25-დან 70 ათასამდე ადამიანი.
კაზაკებმა რუსეთის მეფე მიხეილ თევდორეს ძეს შესთავაზეს მიეღო აზოვი თავისი მმართველობის ქვეშ, აღედგინა ციხესიმაგრე და ჩაეყენებინა იქ გარნიზონი, მაგრამ რადგან აღნიშნულ საქმეს შესაძლებელია გამოეწვია რუსეთ-ოსმალეთის კიდევ ერთი ომი, რისთვისაც რუსეთის ხელისუფლება მზად არ იყო, ზემსკი-სობორმა უარი განაცხადა შემოთავაზებულ წინადადებაზე. შედეგად 1642 წელს კაზაკებმა დატოვეს დანგრეული ციხესიმაგრე.
რუსეთის კონტროლის ქვეშ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1695 წელს პეტრე I-მა დაიწყო სამხედრო კამპანია აზოვს ციხესიმაგრისკენ სატრანსპოტო გემებით მდინარე ვოლგისა და დონის გაყოლებით[5]. 5 აგვისტოს ქვეითთა პოლკმა ფრანც ლეფორტის მეთაურობით განახორციელა პირველი შტურმი ციხესიმაგრეზე, რომელიც წარუმატებლად დასრულდა, თუმცა ხელში ჩაიგდეს საგუშაგო კოშკი. რუსების მხრიდან დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობამ 1 500 კაცს მიაღწია[6]. 25 სექტემბერს დაიწყო ციხესიმაგრის მეორე შტურმი. თევდორე აპრაქსინმა პრეობრაჟენისა და სემიონოვკის პოლკებით და 1 000 დონელი კაზაკის დახმარებით ხელში ჩაიგდო ციხესიმაგრის ნაწილი და შევიდნენ ქალაქში. თუმცა ოსმალებმა მოახერხს გადაჯგუფება, აპრაქსინმა ვერ მიიღო დახმარება და იძულებული გახდა უკან დაეხია. 2 ოქტომბერს ალყა მოხსნეს[7].
ერთი წლის შემდეგ დაიწყო ახალი ლაშქრობა აზოვის ციხესიმაგრეზე. 1696 წლის 16 ივლისს დაიწყო ალყისათვის მოსამზადებელი სამუშაოები და 17 ივლისს 1 500 დონელი კაზაკი და ზაპოროჟიელი კაზაკების ნაწილი თვითნებურად შეიჭრნენ ციხესიმაგრეში და განთავსდნენ ორ კოშკში. 19 ივლისს, ხანგრძლივი დაბომბვების შემდეგ აზოვის გარნიზონი ჩაბარდა. ოფიციალურად აზოვის ციხესიმაგრე რუსეთის ხელში გადავიდა 1700 წელს, კონსტანტინოპოლის ხელშეკრულების მიხედვით.
პრუტის წარუმატებელი ლაშქრობის დროს 1711 წელს რუსეთის არმია მდინარე პრუტის ნაპირებზე ჩიხში მოაქცია ოსმალებისა და ყირიმელი თათრების მრვალრიცხოვანმა არმიამ. უიმედო მდგომარეობის ფონზე პეტრე I-მა დადო პრუტის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა ოსმალეთს დაუთმო აზოვი და აზოვის ზღვისპირეთი.
1735-1739 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის პერიოდში 28 ათასიანმა დონის არმიამ გენერალ-ფელდმარშალ პეტრე ლასის ხელმძღვანელობით ალყა შემოარტყა ციხესიმაგრეს 1736 წელს. გრაფმა ლასიმ მიიღო გადაწყვეტილება ორმხრივი შტურმისათვის მოსამზადებლად. 27 მაისს ოსმალებმა დაარბიეს რუსთა ჯარი, რათა ხელი შეეშალათ საალყო სამუშაოებისათვის. 2 000 დანაყოფი თავს დაესხა მოალყეთა მარცხენა ფლანგს. ფელდმარშალ ლასის პირადი ხელმძღვანელობით 500 კაციანმა რაზმმა უკან დაახევინა ოსმალებს[8]. 11 ივნიის რუსეთის არმიამ ციხის მიმართულებით ყველა იარაღიდან გახსნა ცეცხლი. 15 ივნისს ოსმალებმა კიდევ ორი თავდასხმა მოაწყვეს, თუმცა უკან დაიხიეს. 19 ივნისის საარტილერიო თავდასხმის შედეგად აფეთქდა ოსმალების დენთის საწყობი. აფეთქებამ დაანგრია 5 მეჩეთი, 100 სახლი და დაიღუპა დაახლოებით 300 ადამიანი[9].
28-29 ივნისის ღამეს ფელდმარშალმა ლასიმ დანიშნა შტურმი. შტურმის კოლონა შედგებოდა პოლკოვნიკ ლომანის 300 გრენადერისა და 700 მუშკეტერისაგან. ოსმალებმა გაუწიეს მედგარი წინააღმდეგობა და ააფეთქეს ორი ნაღმი, მაგრამ იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ. შტურმის დროს რუსების დანაკარგი იყო 7 დაღუპული და 38 დაღუპული, ორი კი დაიკარგა უგზო-უკვლოდ[10]. ღამის შეტევის შემდეგ აზოვის ფაშამ მუსტაფა-აღამ რუსებს შესთავაზა ქალაქის დათმობა. 1739 წლის ბელგრადის საზავო ხელშეკრულების თანახმად აზოვი სამუდამოდ გადავიდა რუსეთის მფლობელობაში.
ციხესიმაგრე სამხედრო დანიშნულებით უკანასკნელად გამოიყენეს XIX საუკუნეში ყირიმის ომის დროს. ძველი ციხესიმაგრე ამ დროისათვის პრაქტიკულად დანგრეულია.
აზოვის ციხესიმაგრის საფუძვლიანი არქეოლოგიური შესწავლა მოხდა 1935 წლის არქეოლოგიური გათხრების დროს, რომელსაც ხელმძღვანელობდა როსტოვის ოლქის ძეგლთა დაცვის ბიურო[11].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Тихонов, Ю. А., Азовское сидение, Москва, 1970.
- Brian J. Boeck, The Siege of Azov in 1641: Military Realities and Literary Myth, Warfare in Eastern Europe, 1500-1800, Leiden: Brill, 2012.
- Баиов А. К., Русская армия в царствование императрицы Анны Иоанновны. Война России с Турцией в 1736-1739 гг. — გვ. 222.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Достопримечательности Азова. Официальный сайт администрации города Азова. ციტირების თარიღი: 2017-01-15.
- ↑ Тихонов, გვ. 99
- ↑ Brian, გვ. 188
- ↑ Brian, 2012
- ↑ Доценко В. Д. Флот Петра Великого. Азовский флот. Великое посольство. Керченский поход. // Морской альманах. № 1. Гл. 1. История Российского флота.: 1992. С. 15
- ↑ Хронологический указатель военных действий русской армии и флота: в 5 томах. — СПб.: Воен. тип., 1908—1913. — Т. 1 (1695—1800)
- ↑ Шефов Н. А. Битвы России: энциклопедия. — М.: АСТ, 2006. — 699 с. — (Военно-историческая библиотека). — ISBN 5-17-010649-1.
- ↑ Баиов, გვ. 222
- ↑ Баиов
- ↑ Баиов.
- ↑ Крепостные валы с Алексеевскими воротами. Ассоциация малых туристских городов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-10. ციტირების თარიღი: 2017-01-15.