მაღალი ატლასი (არაბ. اَلْأَطْـلَـس الْـكَـبِـيْـر; ფრანგ. Haut Atlas) — ქედი ცენტრალურ მაროკოში, ჩრდილოეთ აფრიკაში. წარმოადგენს ატლასის მთების უმაღლეს ნაწილს. გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ 740 კმ-ზე, სიგანე საშუალოდ 60 კმ. იწყება ატლანტის ოკენის სანაპიროდან და მთავრდება მაროკო–ალჟირის საზღვარზე.[1][2]

მაღალი ატლასი
მაღალი ატლასის მთები
მაღალი ატლასის მთები
კოორდინატები: 31°26′ ჩ. გ. 6°56′ დ. გ. / 31.433° ჩ. გ. 6.933° დ. გ. / 31.433; -6.933
ქვეყანა მაროკოს დროშა მაროკო
უმაღლესი წერტილი თუბკალი
სიმაღლე 4167 
სიგრძე 740 კმ
სიგანე 60 კმ
ამგებელი ქანები კირქვები, კრისტალური ქანები
მაღალი ატლასი — მაროკო
მაღალი ატლასი
სურათები ვიკისაწყობში

მაღალი ატლასის საშუალო სიმაღლეა 2000 მ, ხოლო მაქსიმალური სიმაღლე 4167 მ (მთა თუბკალი). 400-ზე მეტი მწვერვალის სიმაღლე აჭარბებს 3000 მ-ს, რომელთა შორის აღსანიშნავია მთა აიაში (3757 მ) და მთა მ’გუნი (4071 მ). უღელტეხილებიდან მნიშვნელოვანია თიზი-ნ’თიშქა (2260 მ), თიზი-ნ-თესთი (2093 მ) და თიზი-ნ-თალრჰემთი (2210 მ).[2]

მაღალი ატლასი ოროგრაფიულად იყოფა სამ ნაწილად: დასავლეთი მაღალი ატლასი, ცენტრალური მაღალი ატლასი და აღმოსავლეთი მაღალი ატლასი. იკვეთება თვალსაჩინო კონტრასტი ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებს შორის; ჩრდილოეთი კალთები შემოსილია მცენარეული საფრით, ხოლო სამხრეთი შიშველია და მზისგან დამწვარი. მაღალ ატლასსა და ანტიატლასს შორის კავშირს ქმნის სირვის მასივი, რომელიც წარმოადგენს ძველ, ვეებერთელა და მაღალი ვულკანის ნაშთს.[3]

დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში გაბატონებულია ალპური ტიპის ძლიერ დანაწევრებული ნაოჭა-ლოდა საშუალომთიანი და მაღალმთიანი მასივები, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში გასწვრივი დეპრესიებით დაყოფილი მოკლე და დაბალი ძლიერ დაკარსტული ქედები. მაღალ მწვერვალებზე იცის თოვლი, თუმცა მუდმივი თოვლი და მყინვარები არ გვხვდება.[1]

ქედის აღმოსავლეთი სექტორი უმეტესწილად აგებულია იურული ასაკის კირქვებით, ხოლო დასავლეთი ნაწილი კრისტალური ქანებით, რომელიც მნიშვნელოვან სიმაღლეზე მძლავრი ვერტიკალური მოძრაობებითაა აზევებული. მყინვარული ცირკებისა და ხეობების არსებობა კაინოზოურში მომხდარ გამყინვარებაზე მიანიშნებს.[4]

ჩრდილოეთ კალთებსა და დაბალი მთების უმაღლეს ნაწილებში გვხვდება მუხის, ფიჭვის, კედრისა და სხვა მცენარეებისაგან შემდგარი ტყე, მათ შორის კაკლის ხე, რომელიც იზრდება საირიგაციო საზღვრამდე. ქვედა კალთები გარშემორტყმულია წყალუხვი ხეობებით, რომელშიც ბერბერები ამუშავებენ პატარა სარწყავ მინდვრებს. სიცხისგან და მშრალი საჰარული ქარებისგან დაუცველი მთათა სამხრეთი ფერდობები ზოგადად მოკლებულია მცენარეულობას. მოიპოვება სპილენძი, რკინის მადანი, ტყვია, თუთია და მანგანუმი. მწვერვალებზე თოვლის საბურველის არსებობისას პოპულარულია თხილამურებით სრიალი; ზაფხულის თვეებში სალაშქროთ მრავალი ტურისტი სტუმრობს თუბკალის ეროვნულ პარკს.[2]

  1. 1.0 1.1 Augustin Bernard, Afrique septentrionale et occidentale, Paris, 1939
  2. 2.0 2.1 2.2 High Atlas mountains, Morocco | Encyclopedia Britannica
  3. Searight, Susan, Maverick Guide to Morocco, Pelican Publishing, 1999
  4. Ioannis Vogiatzakis, Mediterranean Mountain Environments, Wiley-Blackwell, 2012