დაფნა (ლათ. Laurus) — მცენარეთა გვარი დაფნისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ხეშეშფოთლოვანი ორსახლიანი ხეები ან ბუჩქებია. აქვს ქოლგისებრ ყვავილედად შეკრებილი მომწვანო-ყვითელი ყვავილები, მოლურჯო-შავი კურკიანი ნაყოფი.

დაფნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Laurus

შეიცავს 2 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში: 1. კეთილშობილი (ჩვეულებრივი) დაფნა ლათ. (Laurus nobilis) ტანდაბალი, 2-12 (ზოგჯერ 20 მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია. ველურად იზრდება (ან გაველურებულია) კოლხეთსა და სამხრეთ ყირიმში, ზღვის დონიდან მ-მდე სიმაღლეზე, სუბტროპიკული ტენიანი და მშრალი ჰავის პირობებში, ჩვეულებრივ კირქვიან ნიადაგზე. ზოგჯერ ქმნის წმინდა კორომს. კულტივირებულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, საქართველოში (ძირითადად კოლხეთში, სადაც გაშენებულია დაფნის პლანტაციები) და სამხრეთ ყირიმში.

გვალვაგამძლეა. კარგად ხარობს ნეშომპალაკარბონატულ დაწრეტილ ნიადაგზე და ვერ იტანს მის დამლაშებას. სინათლის მოყვარულია, თუმცა სუსტი დაჩრდილვა არ ვნებს. უძლებს - 16-17°-მდე ყინვას. მრავლდება თესლით, კალმით (სათბურში) და გადაწვენით (ზაფხულში). ითესება შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. აღმოცენების პერიოდი გრძელდება 46-81 დღე. ყვავილობს აპრილში, ნაყოფი ოქტომბერ-ნოემბერში მწიფდება. უხვად იკეთებს ძირკვიდან ამონაყარს, ფოთოლს ორ წელიწადში ერთხელ აგროვებენ. 1 ჰა-დან იძლევა საშუალოდ 1-1,2 ტ მოსავალს.

ხმარობენ სუნელ-სანელებლად საკონდიტრო და საკონსერვო მრეწველობასა და კულინარიაში. მისი ნაყოფის ზეთი სამკურნალოა. მერქანი გამძლე და დრეკადია (აკეთებენ ძვირფას ავეჯს, სხვადასხვა წვრილმან ნივთებს). დაფნა დეკორატიულია, კარგად იტანს კრეჭას. იყენებენ ცოცხალ ღობედ და ბორდიურად.

დაფნის გვირგვინი და ტოტი ძველთაგანვე დიდებისა და გამარჯვების სიმბოლოდ ითვლებოდა; 2. აზორის (ანუ კანარის) დაფნა (ლათ. Laurus azorica, Laurus canariensis) გავრცელებულია მადეირის, კანარისა და აზორის კუნძულებზე, სადაც დაფნისებრთა ოჯახის სხვა სახეობებთან ერთად ქმნის ტენიან სუბტროპიკულ ტყეებს ზღვის დონიდან 700 მ-მდე სიმაღლეზე. მოშენებულია საქართველოს ზოგ ბაღ-პარკშიც. ნაკლებ ყინვაგამძლეა.

ლიტერატურა

რედაქტირება