შინაარსზე გადასვლა

ენი ლეიბოვიცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენი ლეიბოვიცი

ლეიბოვიცი 2008 წელს
დაბადების სახელი ანა-ლუ ლეიბოვიცი
დაბადების თარიღი 2 ოქტომბერი, 1949 (1949-10-02) (75 წლის)
უოთერბერი, კონექტიკუტი, აშშ
განათლება სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტი
საქმიანობა ფოტოგრაფი
წოდება ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი

ენი ლეიბოვიცი (დ. 2 ოქტომბერი, 1949) — ამერიკელი ფოტოგრაფი. სახელი გაითქვა ცნობილი ადამიანების პორტრეტებით. ჯონ ლენონისა და იოკო ონოს პოლაროიდი, რომელიც ლეიბოვიცმა ცნობილი მომღერლის სიკვდილამდე ხუთი საათით ადრე გადაიღო, ჟურნალი როლინგ სტოუნის ყველაზე ცნობილ გარეკნის ფოტოდ მიიჩნევა.[1] კონგრესის ბიბლიოთეკამ ლეიბოვიცი ცოცხალ ლეგენდად გამოაცხადა.

ენი ლეიბოვიცი კონექტიკუტის შტატის ქალაქ უოთერბერიში 1949 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა.[2] იგი ოჯახში ექვსიდან მესამე შვილი იყო.[3] მისი მამა, სემუელ სეიბოვიცი, წარმოშობით რუმინელ-ებრაელი, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი იყო,[3] ხოლო დედა, მერილინ ედითი, წარმოშობით ესტონელ-ებრაელი, თანამედროვე ცეკვას ასწავლიდა. ლეიბოვიცის მამის სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ოჯახი საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა.

ლეიბოვიცმა პირველი ფოტოები ვიეტნამის ომის პერიოდში ფილიპინებზე გადაიღო.[4][5] ხელოვნებისადმი მისი ინტერესი დედის საქმიანობამ განაპირობა, რომელიც ქორეოგრაფიას, მუსიკასა და ხატვას მოიცავდა.[5]

ლეიბოვიცი სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტში ხელოვნების მასწავლებლობის მიზნით ფერწერას სწავლობდა,[5] თუმცა ფოტოგრაფიის ვორქშოფზე დასწრების შემდეგ ფოტოგრაფრაფიის ფაკულტეტზე გადასვლა გადაწყვიტა. მისი შთაგონების წყარო რობერტ ფრენკისა და ჰენრი ჰარტიე-ბრესონის ნამუშევრები იყო. [6] რამდენიმე წლის მანძილზე ლეიბოვიცი ფოტოგრაფიული უნარების დასახვეწად სხვადასხვა ადგილებში მუშაობდა, მათ შორის 1969 წელს იგი რამდენიმე თვის მანძილზე კიბუცში მოხალისე იყო.[7]

ლეიბოვიცი აშშ-ში 1970 წელს დაბრუნდა და როლინგ სტოუნის ფოტოგრაფი გახდა. 1973 წელს ჟურნალის გამომცემელმა ჟან ვენერმა იგი მთავარ ფოტოგრაფად დანიშნა. ამ პოზიციაზე ლეიბოვიცი 1983 წლამდე იმყოფებოდა. მის მიერ გადაღებულმა ცნობილი ადამიანების ინტიმურმა ფოტოებმა ჟურნალის სტილის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.[7]

1980 წლის 8 დეკემბერს ლეიბოვიცს როლინგ სტოუნისთვის ჯონ ლენონთან ჰქონდა გადაღება. ჟურნალს მხოლოდ მომღერლის ფოტო სურდა, თუმცა ლენონმა მოითხოვა, რომ გარეკნის ფოტოზე მასთან ერთად მისი მეუღლეც ყოფილიყო.

ლეიბოვიცი უკანასკნელი ადამიანია, რომელმაც ლენონს პროფესიონალური ფოტო გადაუღო. მომღერალი ფოტოგადაღებიდან ხუთ საათში მოკლეს. როლინგ სტოუნმა მისი „უკანასკნელი ფოტო“ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გაასაჯაროვა.

ლეიბოვიცი 2008 წელს

გადაღების ახალმა სტილმა, რაც განათებისა და მუქი ფერების გამოყენებას გულისხმობდა, 1983 წელს ლეიბოვიცს ჟურნალში Vanity Fair დასაქმებაში შეუწყო ხელი.[8][9]

1991 წელს ლეიბოვიცმა პორტრეტების ეროვნულ გალერეაში გამოფენა ჩაატარა. იგი მეორე ცოცხალი პორტრეტისტი და პირველი ქალია, რომლის გამოფენაც ამ გალერეაში ჩატარდა.[10][11] იმავე წელს საფრანგეთის მთავრობამ ფოტოგრაფს ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი მიანიჭა.[10]

1998 წელს ლეიბოვიცმა ჟურნალი ვოგისთვის დაიწყო მუშაობა.[9]

ბრუკლინის მუზეუმის რეტროსპექტივა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს ბრუკლინის მუზეუმში ლეიბოვიცის შემოქმედების რეტროსპექტივა ჩატარდა,[12] რომელიც დაფუძნებული იყო მის წიგნზე ენი ლეიბოვიცი: ფოტოგრაფის ცხოვრება, 1990-2005. რეტროსპექტივაზე ლეიბოვიცის როგორც პროფესიული, ასევე პირადი, მისი ოჯახის წევრების, შვილებისა და პარტნიორის, ფოტოები გამოიფინა. რეტროსპექტივა, რომელსაც დედოფალი ელისაბედ II-ის სამი ფოტო დაემატა, ბრუკლინის მუზეუმის შემდეგ კიდევ შვიდ ლოკაციაზე ჩატარდა, მათ შორის იყო კორკორანის ხელოვნების გალერეა ვაშინგტონში და საპატიო ლეგიონის სასახლე სან-ფრანცისკოში. 2009 წლის თებერვალში გამოფენამ ბერლინში გადაინაცვალა.[13][14] შოუზე 200 ფოტო იყო წარმოდგენილი.[15] გამოფენა და ლეიბოვიცის სიტყვა ძირითადად მის ცხოვრებასა და პირად ფოტოებს ეხებოდა.[16]

2015 წელს ლეიბოვიცი 2016 წლის პირელის კალენდრის მთავარი ფოტოგრაფი იყო. მან კალენდრის ტრადიციულ სტილს მკვეთრად გადაუხვია და ისეთი ქალების პორტრეტები გადაიღო, რომლებიც სექსუალურად არ აღიქმებიან, მათ შორის იყვნენ ემი შუმერი, სერენა უილიამსი და პატი სმიტი.[17]

ლეიბოვიცს სამი ქალიშვილი ჰყავს. პირველი მათგანი, სარა კამერონ ლეიბოვიცი, 2001 წლის ოქტომბერში დაიბადა, როცა იგი 52 წლის წლის იყო,[18] ხოლო ტყუპი გოგონები, სიუზანი და სემუელი, მას სუროგატი დედისგან 2005 წლის მაისში შეეძინა.[19]

1989 წლიდან ლეიბოვიცს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მწერალ და ესეისტს სიუზენ ზონტაგთან, რომელიც 2004 წელს ზონტაგის სიკვდილით დასრულდა. მისი სიცოცხლის პერიოდში, არც ერთ მათგანს ურთიერთობა არ გაუსაჯაროვებია. 2006 წელს ჟურნალმა Newsweek ზონტანგთან ლეიბოვიცის ურთიერთობის შესახებ დაწერა: „ისინი ერთმანეთს 1980-იანი წლების დასასრულს შეხვდნენ, როცა ლეიბოვიცი მას წიგნის გარეყდისთვის იღებდა. მათ ერთად არ უცხოვრიათ, რადგან ორივეს საკუთარი ბინა ჰქონდა.“[20] 2009 წელს The New York Times-მა ზონტაგს ლეიბოვიცის „კომპანიონი“ უწოდა,[21] რის შესახებაც ლეიბოვიცმა თავის ბიოგრაფიაში ფოტოგრაფის ცხოვრება: 1990-2005 დაწერა: „ჩვენს ლექსიკონში არ არსებობდა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა ‘კომპანიონი’ და ‘პარტნიორი’. ჩვენ უბრალოდ ორი ადამიანი ვიყავით, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ჩემთვის ყველაზე მიახლოებული მნიშვნელობის სიტყვა ‘მეგობარია’.“[22] იმავე წელს ლეიბოვიცმა აღნიშნა, რომ ზუსტი განსაზღვნება ‘საყვარელი’ იყო.[23] მოგვიანებით მან გაიმეორა: „გვიწოდეთ ‘საყვარლები’. მომწონს ეს სიტყვა, რადგან რომანტიკულად ჟღერს. მინდა, ყველაფერი ცხადი იყოს. მე მიყვარს სიუზანი.“[19]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ruddick, Graham. (2017) Rolling Stone, rock'n'roll magazine turned liberal cheerleader, up for sale.
  2. Annie Leibovitz Biography: Photographer (1949–). The Biography Channel (A&E Networks).
  3. 3.0 3.1 Lambert, Angela (1994). „Talking pictures with Annie Leibovitz“. The Independent. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-25. ციტირების თარიღი: 2021-02-22.
  4. Cooke, Rachel (2008). „How I shot my sister Annie ...“. The Observer. London.
  5. 5.0 5.1 5.2 Annie Leibovitz Biography, Art, and Analysis of Works. The Art Story.
  6. Obrist, Hans-Ulrich. „Life through Annie's lens“.
  7. 7.0 7.1 Annie Leibovitz Biography. bookrags.
  8. T., Edward. (2014) How to Shoot like Annie Leibovitz: Part 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-19. ციტირების თარიღი: 2021-02-22.
  9. 9.0 9.1 Magazine, Vanity Fair. Annie Leibovitz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-11. ციტირების თარიღი: 2021-02-22.
  10. 10.0 10.1 Yoko Ono. (2008). Annie Leibovitz - Life Through a Lens. [DVD]. ICA. "a heavy weight fate was waiting for us only...four or five hours later"
  11. Annie Leibovitz | artnet.
  12. Annie Leibovitz: Oct. 2006 – Jan. 2007 (2007).
  13. From 21 February to 24 May 2009 at the. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 11 მარტი 2021.
  14. January 21 2009 - Bing.
  15. Taknuri, Lubna (, 2007). „Leibovitz exhibition“. Associated Press. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  16. Brooklyn Museum.
  17. The Pirelli 2016 Calendar Is Here and Unlike Anything You've Seen Before.
  18. „Annie Leibovitz“. JillStanek.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-20. ციტირების თარიღი: 2021-03-11.
  19. 19.0 19.1 Guthmann, Edward (2006). „Love, family, celebrity, grief -- Leibovitz puts her life on display in photo memoir“. San Francisco Chronicle.
  20. Cathleen McGuigan (2006). „Through Her Lens“. Newsweek. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 29, 2007.
  21. Salkin, Allen (2009). „For Annie Leibovitz, a Fuzzy Financial Picture“. The New York Times.
  22. Brockes, Emma. My time with Susan.
  23. Tom Ashbrook. (2006) On Point. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივლისი 2007. ციტირების თარიღი: 11 მარტი 2021.