მარია თეოდორეს ასული
მარია თედორეს ასული (რუს. Мария Фёдоровна), დაბ. სოფია მარია დოროთეა ავგუსტა ლუიზა ვიუტემბერგელი (გერმ. Sophie Dorothee Auguste Luise Prinzessin von Württemberg; დ. 25 ოქტომბერი, 1759, შჩეცინი, პოლონეთი — გ. 5 ნოემბერი, 1828, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — ვიუტემბერგელთა დინასტიის წარმომადგენელი. სრულიად რუსეთის იმპერატრიცა 1796-1801 წლებში როგორც პავლე I-ის მეორე ცოლი.
დაბადებით იგი იყო ვიუტემბერგის დიდი ჰერცოგის, ფრიდრიხ II ევგენისა და მისი მეუღლის, მარკგრაფინია ფრედერიკა ბრანდენბურგელის ასული. მის მშობლებს მისი დების მსგავსად მისი სარფიანად გათხოვება სურდათ, ამიტომაც იგი საუკეთესო განათლებით უზრუნველყვეს. 1776 წელს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ვაჟი და მემკვიდრე, დიდი მთავარი პავლე დაქვრივდა, ისე, რომ ცოლისგან შვილები არ დარჩენია, ამიტომაც მისი მეორედ დაქორწინება გახდა საჭირო. ეკატერინე II-მ სოფია დოროთეას ბიძის, პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-ის რჩევით თავის სარძლოდ შეარჩია. პავლე და სოფია დოროთეა ერთმანეთს ბერლინის სამეფო ვახშამზე შეხვდნენ და დიდ მთავარს იგი იმდენად მოეწონა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაინიშნა მასზე.
ამავე წლის სექტემბერში სოფია დოროთეა სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა და მართლმადიდებლობაზე მოინათლა, რა დროსაც მან მიიღო სახელი მარია თედორეს ასული, რასაც 1776 წლის 26 სექტემბერს მოჰყვა მისი და პავლეს ქორწილი. მას ძალიან იღბლიანი და ბედნიერი ქორწინება ჰქონდა, რომელმაც თითქმის მთლიანად მისი დედამთილის მმართველობის ხანაში განვლო. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ეკატერინესთან, რომელიც მასა მის ქმარს პოლიტიკაში ჩარევის ნებას რთავდა. მიუხედავად ამისა, მალე დედა-შვილს შორის განხეთქილება მოხდა და იმპერატრიცამ ისინი ყველაფერს ჩამოაცილა. ეკატერინემ ისინი იძულებით გადაასახლა გატჩინაში, სადაც დაიბადნენ მათი შვილები, მათ შორის: იმპერატორები ალექსანდრე I და ნიკოლოზ I, ვიუტემბერგის დედოფალი ეკატერინე და ნიდერლანდების დედოფალი ანა პავლოვნები.
1796 წელს მისი ქმარი პავლე I იმპერატორი ხდება და მარია ფეოდოროვნა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი ხდება, თუმცა დედამთილისაგან განსხვავებით, იგი მისი ქმრის ტახტის მოპოვებას სულაც არ ცდილობდა. პავლე სულ ხუთ წელიწადში გარდაიცვალა, რასაც მოსდევს მათი ვაჟების მმართველობის ხანა, რა დროსაც მარია ფეოდოროვნა გატჩინასა და პავლოვსკში ცხოვრობდა, თუმცა სამეფო კარზე ყველა პრივილეგიას ინარჩუნებდა. აღსანიშნავია, რომ მისი ვაჟების, ანუ მომავალი ორი იმპერატორის მეუღლეები სწორედ მარია ფეოდოროვნამ შეარჩია, რითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ მისი შემდგომი რუსეთის ორი იმპერატრიცა გერმანელი იყო. ასევე იგი ხელმძღვანელობდა რუსეთში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას, რაც მას დიდად სიამოვნებდა. ასევე აღსანიშნავია, რომ იგი საკმაოდ დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა თავის შვილებში, რის გამოც ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მისი ვაჟების მმართველობისას მარია ფეოდოროვნას გავლენები კიდევ უფრო გაიზარდა. 1828 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის საიმპერატორო ოჯახში საკმაოდ დიდ ხანს იყო გლოვა გამოცხადებული, მისი რძლები კი სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდნენ მის მიბაძვას.
ვიუტემბერგის ჰერცოგინია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებასოფია მარია დოროთეა ავგუსტა ლუიზა დაიბადა 1759 წლის 25 ოქტომბერს შჩეცინში, პრუსიის სამეფოში, თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე. იგი იყო ვიუტემბერგის ჰერცოგ ფრიდრიხ II ევგენისა და მისი ცოლის, მარკგრაფინია ფრედერიკა ბრანდენბურგელის შუათანა ასული. მას სახელი სოფია დოროთეა დედამისმა დაარქვა, რადგანაც მას ეს სახელი ძალიან მოსწონდა. მათი ოჯახი მთელს ევროპაში იყო ცნობილი მრავალშვილიანობით, რადგანაც სოფია დოროთეას მშობლებს ხუთი ვაჟი და სამი გოგონა ჰყავდათ. გოგონებში ყველაზე უფროსი სოფია იყო. 1769 წელს, როდესაც იგი ათი წლის იყო, მისმა მშობლებმა მემკვიდრეობით მიიღეს მონტებელიარდის სასახლე, რომელიც მალე მათ რეზიდენციად იქცა. ამასთან, მათ მიიღეს ვიუტემბერგის საჰერცოგოც, რომელიც თანამედროვე ფრანშ-კომტეს ტერიტორიაზე მდებარეობდა. მისი ნაბოლარა ძმა, პრინცი ალექსანდერი სწორედ აქ დაიბადა. როგორც ვიუტემბერგელთა დინასტიის უმცროსი შტოს წარმომადგენლებს, მის მშობლებს არ ჰქონდათ დიდი ძალაუფლება, მამულები და ფული, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ მოახერხეს ეტამპის სასახლის ყიდვა და მისი საზაფხულო რეზიდენციად გადაკეთება.
მისი მშობლები განსაკუთრებით ზრუნავდნენ ქალიშვილების კარგ განათლებაზე, რაც მათი სარფიანად გათხოვების შანსებს ზრდიდა, რაც ცხადია მათივე მშობლებისა და ძმების კეთილდღეობისათვის იქნებოდა კარგი. სოფია დოროთეას ძალიან უყვარდა კითხვა და კულტურა. თექვსმეტი წლის ასაკში იგი უკვე შესანიშნავად ფლობდა გერმანულს, ფრანგულს, იტალიურსა და ლათინურს. აგრეთვე იყო კარგი მოცეკვავე, მომღერალი, მოჯირითე, იცოდა ათეულობით თამაში, კერვა, ქარგვა, უყვარდა პოეზია და ასე შემდეგ.
1773 წლიდან სოფია დოროთეა იმ გერმანელი პრინცესების სიაში აღმოჩნდა, რომლებიც შემდგომში რუსეთის მომავალი იმპერატორის საცოლედ უნდა აერჩიათ. რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-მ თავისი ვაჟის, დიდ მთავარ პავლე პეტროვიჩისათვის საცოლედ ვილჰელმინა ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელი შეარჩია, რომელზეც იგი მალევე დაქორწინდა კიდეც.
ქორწინება
რედაქტირებამას შემდეგ რაც რუსეთის ტახტის მემკვიდრე უკვე დაოჯახებული კაცი იყო, მშობლებმა მარია დოროთეა ჰესენის დიდ ჰერცოგ ლუდვიგ I-ზე დანიშნეს, რომელიც დიდ მთავარ პავლე პეტროვიჩის ცოლის ძმა იყო, თუმცა სრულიად მოულოდნელად ყველაფერი სხვანაირად შემოტრიალდა. ქორწინებიდან სამ წელიწადში, ვილჰელმინა ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელი ტრაგიკულად დაიღუპა, თანაც ისე, რომ პავლეს შვილები ვერ გაუჩინა. 1776 წელს დაქვრივებულმა პავლემ მეორე საცოლის ძებნა დაიწყო და ამჯერადაც გერმანიაში. ამის მიზეზი სამი იყო, პირველი ის, რომ თავად პეტრეს დედაც გერმანელი იყო და მას თავისი თანამემამულეების მომრავლება სურდა რუსეთში, მეორე ის, რომ გერმანია ამ დროს დაქუცმაცებული ქვეყანა იყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრინცესების ფართო არჩევანი იყო და ასევე ის ფაქტიც, რომ რუსები ყველანაირად ცდილობდნენ გაძლიერებულ ფრიდრიხ II პრუსიელთან დაზავებას, რისი საუკეთესო საშუალებაც რუსულ-გერმანული ქორწინება იყო. პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-ის რეკომენდაციით, რუსებმა ამჯერად არჩევანი ფრიდრიხის დის შვილზე, ანუ სოფია დოროთეაზე შეაჩერეს.
ამავე წელს მთავარი პავლე პეტროვიჩი თავისი დიდი ამალით ჩავიდა ბერლინში, სადაც თავისი საცოლე საბოლოოდ უნდა შეერჩია. იქ მან სამეფო კარზე ვახშმობისას გაიცნო სოფია დოროთეა ვიუტემბერგელი, რომელმაც იგი მალევე მოხიბლა თავისი გონიერებითა და სილამაზით. პირველივე ნახვისთანავე, პავლემ მასზე ქორწინება მოისურვა და ეს ოფიციალურადაც განაცხადა. სულ მალე, ასევე ბერლინში ყოფნისას, სადილობისას პავლემ სოფია დოროთეას ხელი სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. როგორც აღმოჩნდა, თავად სოფია დოროთეაც არ იყო გულგრილი პავლესადმი, რადგანაც მან თავის დას წერილი მისწერა, სადაც აღწერდა, თუ როგორ შეუყვარდა "რუსი პრინცი". მეორე დღეს პეტრემ დედამისს, იმპერატრიცა ეკატერინე II-ს წერილი მისწერა, რომელშიც იწერებოდა:
„მე აღმოვაჩინე ჩემი ოცნების ქალი, იგი მაღალია, ტანადი, ინტელიგენტი, სწრაფად წერს და საოცრად თამამია...“
|
წერილების მიმოწერა გაცხარებით მიდიოდა პავლესა და სოფიას შორისაც. მათი ერთმანეთთან გაგზავნილი წერილებიდან ამონარიდები კი დღეისათვის უკვე საჯაროდ ცნობილია. მაგალითად, სულ პირველ წერილში, პრინცესამ მას ასეთი რამ მისწერა:
„მე ვიპოვნე ჩემი ბედი, რომელიც ისეთია, როგორზეც ვერც კი ვიოცნებებდი...“
|
სოფია დოროთეამ თავისი ბედნიერების შესახებ მალევე შეატყობინა თავის დასაც, რომელსაც ასეთი რამ მისწერა:
როგორც აღმოჩნდა, იგი თავის მომავალ ქმარზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული, საიდანაც იმ წერილიდან ვიგებთ, რომელიც მან პავლეს გაუგზავნა:
„არ შემიძლია დასაძინებლად წასვლა, ჩემო ძვირფასო და სათაყვანებელო პრინცო, ისე, თუ კიდევ ერთხელ არ გითხარი, რომ მე შენ მიყვარხარ და საუკუნოდ შენ გეთაყვანები.“
|
ამის შემდეგ, სოფია დოროთეა დიდი მზითვითა და ამალითურთ პავლესთან ერთად გაემგზავრა რუსეთში. 1776 წლის სექტემბერში წყვილი უკვე სანქტ-პეტერბურგში იყო, სადაც სოფია დოროთეა ქორწინების წინ მართლმადიდებლობაზე მოექცა და მას რუსებმა მარია თედორეს ასული, ანუ იგივე მარია ფეოდოროვნა დაარქვეს. ამ ყოველივეს, 1776 წლის 26 სექტემბერს მოჰყვა მისი და პავლეს ქორწილი, რის შემდეგაც იგი „მისი სამეფო უმაღლესობა სრულიად რუსეთის დიდი მთავარი“ ხდება.
რუსეთის დიდი მთავარი
რედაქტირებაპირველი წლები
რედაქტირებაპავლეს ძალიან რთული ხასიათი ჰქონდა, თუმცა მარია ფეოდოროვნა დიდად კმაყოფილი იყო თავისი ბედით. მან თავის ერთ-ერთ მეგობარს ასეთი რამ მისწერა „ჩემი ქმარი სრულყოფილი ანგელოზია და მე მიყვარს ის, რაოდენ განსხვავებულიც არ უნდა იყოს ჩემგან.“ მარია ფეოდოროვნას ქმრისადმი არსებული გრძნობები არასდროს განელებია. მიუხედავადშემდგომში განვითარებული მოვლენებისა და პავლეს ტირანული ხასიათისა, მას მაინც ყოველთვის უყვარდა იგი.
თვით იმპერატრიცა ეკატერინე II, პირველივე შეხვედრაზე მოაჯადოვა მარია ფეოდოროვნამ. ცნობილია, რომ ეკატერინემ თავისი ახალი რძლის შესახებ ასეთი რამ მისწერა:
ამ ორ ქალბატონს შორის, ცხადია მალე ძალიან ახლო ურთიერთობა დამყარდა. მარია ფეოდოროვნა თავისდაუნებურად აღმოჩნდა პავლეს დაქვემდებარებაში და მას უარს ვერაფერზე ეუბნებოდა. ეს ცოტა არ მოსწონდა ეკატერინეს, რადგანაც იცოდა, რომ ვაჟს მისი ტახტის მიტაცება სურდა და ისიც იცოდა, რომ იგი თავისი ცოლის გამოყენებას ეცდებოდა. დედასა და შვილს შორის გამუდმებით უთანხმოება და დაძაბულობა სუფევდა, რის განმუხტვასაც მარია ფეოდოროვნა გამუდმებით ცდილობდა.
ქორწინებიდან სულ ერთ წელიწადში, 1777 წელს მარია ფეოდოროვნამ თავისი ათი შვილიდან პირველი გააჩინა. იგი ვაჟი იყო და მას ალექსანდრე დაარქვეს. ცხადია ასე მალე მემკვიდრის გაჩენამ გაზარდა მისი პოპულარობა და გავლენები. ბავშვის გაჩენიდან სამ თვეში ეკატერინემ იგი მშობლებს დააშორა და მისი აღზრდა თავად დაიწყო, რადგან იგი ფიქრობდა, რომ მხოლოდ თავად შეეძლო ნამდვილი იმპერატორის აღზრდა. ამ ამბიდან არც თუ ისე დიდ ხანში, 1779 წელს მარია ფეოდოროვნამ მეორე ვაჟი გააჩინა, რომელთანაც ეკატერინე იგივენაირად მოიქცა. შვილების წართმევის შემდეგ მარია ფეოდოროვნას მწვავე მტრული დამოკიდებულება გაუჩნდა დედამთილისადმი, რამაც იგი კიდევ უფრო დაუახლოვა მის ქმარს. ამის გამო ეკატერინემ მათ შვილების ნახვაც კი აუკრძალა. მომდევნო ოთხი წლის მანძილზე წყვილს ბავშვები აღარ უჩნდებოდა. მართალია მარია ფეოდოროვნა საკუთარი შვილების აღზრდაში მონაწილეობას ვერ იღებდა, თუმცა მემკვიდრის გაჩენის გამო ეკატერინემ იგი დააჯილდოვა და პეტერბურგში მდებარე პავლოვსკის სასახლე აჩუქა. მარია ფეოდოროვნას ძალისხმევით, იგი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და კულტურულად მნიშნვნელოვან სასახლედ იქცა მთელს რუსეთში.
პიროვნება
რედაქტირებამარია ფეოდოროვნა იყო მაღალი, კეთილშობილი, ჯანმრთელი, უკიდურესად მომხიბვლელი, თუმცა იგი ყოველთვის მსუქანი ჩანდა. მას ძალიან უყვარდა ეტლით მგზავრობა, რის გამოც იგი არასდროს აკლდებოდა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, მნიშვნელობა არ ჰქონდა ის სამეფო კარზე იყო თუ ქვეყნის მეორე ბოლოში. მას ასევე ჰქონდა დახვეწილი გემოვნება და მგზნებარე ინტერესი სამეფო კარის ინტრიგებისადმი. იგი ასევე ყოველთვის თავისი რანკის შესაბამისად იქცეოდა და შეეძლო მთელი დილა დაეხარჯა კაბის სწორად და ლამაზად ჯერ ჩაცმაში, შემდეგ კი მისი შესაბამისი ორნამენტების გაკეთებაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვარცხნილობაც და ჩაცმულობაც ძალიან მძიმე და დამღლელი იყო, იგი ბაძავდა დასავლეთ ევროპელ დედოფლებს, რომლებიც ასე იმოსებოდნენ. აგრეთვე ძალიან უყვარდა ეტიკეტი და განსაზღვრული წესრიგი. განსხვავებით რომანოვებისგან, იგი ბავშვობაში არ იზრდებოდა ფუფუნებაში და ამ დროისთვის იგი პატარა გერმანული სამთავროს პრინცესა იყო, თუმცა იგი დიდი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო, ამ დროს მისი ოჯახი მხოლოდ რამდენიმე სასახლეს და მამულს ფლობდნენ.
მისი ხასიათის თვისებებიდან აღსანიშნავია მომთმენობა და სიმტკიცე. მან მშვენივრად იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო საშინელი ხასიათის მქონე პავლესთან, რომ მათი ქორწინება იდეალური გამხდარიყო. ასევე აღსანიშნავია, რომ მას არანაირი გართულება არ ჰქონდა ჩაეცვა თავისი ქმრის განსვენებული პირველი ცოლის ტანსაცმელი, რომელიც მას ძალიან მოსწონდა.
მარია ფეოდოროვნა დიდად ცდილობდა რუსული კულტურის გამდიდრებასა და დახვეწას. მას მშვენივრად გამოსდიოდა აკვარელით ხატვა, ასევე იცოდა გრავირება, იგონებდა ახალ პიესებს, ამზადებინებდა სპილოს ძვლისა და ქარვის ნივთებს, რომლებსაც იგი ძირითადად მაღალი ფენის ქალბატონებს ჩუქნიდა ხოლმე. იგი ასევე ნიჭიერი მუსიკოსი და რუსეთში სახელგანთქმული მებაღეობის სპეციალისტიც იყო. მთელი სიცოცხლის მანძილზე იგი სამეფო სასახლის ყვავილებსა და მცენარეებს თავად უვლიდა. პავლოვსკის სასახლეში მან შეკრიბა ლიტერატურული წრე და საფრანგეთის სამეფო კარის იმიტირება მოახდინა, ასევე ქმრის თხოვნით დადგა არაერთი თეატრალური წარმოდგენა. ამასთან ერთად, მან დიდი ინტერესი გამოიჩინა ქველმოქმედებისა და განათლების საკითხში. მან დააფუძნა სანქტ-პეტერბურგის უსინათლოთა თავშესაფარი და მხარი დაუჭირა უსინათლო მუსიკოს შარლოტა სეუერლინგს, რომლის დედის მკურნალობაც ასევე მარიამ დააფინანსა. იგი მეტად სერიოზული და მიზანდასახული ქალი იყო, თავდადებული და ჭკვიანი, ასევე ცნობილია, რომ იგი ყოველთვის ცდილობდა გამხდარიყო დედამისივით სათნო. ამასთან ერთად იგი თანაბარ სიფრთხილეს იჩენდა ეკატერინეს ფავორიტებთან — გრეგორი ალექსანდროვიჩთან და ალექსანდრე დიმიტრიევიჩთან ურთიერთობისას.
ჭკვიანი, ნიჭიერი, მიზანდასახული და ენერგიული მარია ფეოდოროვნა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმპერატორის მეუღლის სრულყოფილი მაგალითი იყო, რაც განაპირობებდა იმას, რომ ძალზედ ღვარძლიან და უხასიათო პავლეს, იგი სიცოცხლის ბოლომდე ძალიან უყვარდა.
ევროპული ტური
რედაქტირება1781 წლის ზაფხულის დამლევს, პავლემ და მარიამ იმპერატრიცა ეკატერინეს დასავლეთ ევროპაში მოგზაურობის ნება სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს. ამავე წლის სექტემბერში, სევერნის გრაფისა და გრაფინიის ფსევდონიმით, რუსეთის ტახტის მემკვიდრემ და მისმა მეუღლემ ქვეყანა დატოვეს. მათი მოგზაურობა მთელი თოთხმეტი თვის მანძილზე გაგრძელდა. წყვილმა მოინახულა პოლონეთი, ავსტრია, გერმანია, ნიდერლანდები, ბელგია, საფრანგეთი და იტალია. მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება პარიზმა მოახდინა, სადაც ისინი დიდი პატივით მიიღეს მეფე ლუი XVI-მ და მისმა ლეგენდარულმა დედოფალმა მარია ანტუანეტამ. წყვილები მალე დამეგობრდნენ და ისინი მარია ანტუანეტას საყვარელ რეზიდენციას ეწვივნენ, სადაც დედოფალმა გრანდიოზული ზეიმი გამართა. თავდაპირველად, ასეთი თავისუფალი და პომპეზური ცეკვების შემხედვარე მარია ფეოდოროვნა შეშინდა და განერვიულდა, თუმცა როდესაც ასევე დიდად ინტელექტუალ დედოფალს გაესაუბრა, მისდამი ნდობითა და სიმტკიცით განიმსჭვალა. ცნობილია, რომ სწორედ ამ დროს მოუთხრო მარია ფეოდოროვნამ მარია ანტუანეტას აღმოსავლეთში არსებული ტუალეტების შესახებ, რომელიც დასავლეთში არ არსებობდა და ეს დიდ პრობლემას წარმოადგენდა ვერსალისთვის, სადაც სუნის გადასაფარად ათასგვარ მცენარესა და სუნამოს იყენებდნენ. ამის შემდეგ, მათ დატოვეს საფრანგეთი და საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ II-ს შეხვდნენ ვენაში, სადაც იმპერატორს, რომელსაც სძულდა თავისი ცოლი, მარია ფეოდოროვნა დიდად მოეწონა.
იტალიაში სტუმრობისას მარიასა და პავლეს ერთმანეთი კიდევ უფრო შეუყვარდა, სადაც ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებით გაოცებულმა დიდმა მთავარმა პირველად დაარღვია საიმპერატორო ეტიკეტი და სახალხოდ აკოცა მეუღლეს. პეტერბურგში დაბრუნებამდე, მისი თხოვნით ისინი ვიუტემბერგში ჩავიდნენ, სადაც მარია ფეოდოროვნას მშობლები მოინახულეს. 1782 წელს ისინი რუსეთში დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მარია ფეოდოროვნა პავლოვსკის სასახლის გარემონტებაზე გადაერთო, ვინაიდან მას სურდა, რომ იგი ვერსალივით დიდებული ყოფილიყო. აქ დაბრუნების შემდეგ, მომდევნო თორმეტი წლის მანძილზე, მან ექვსი გოგონა გააჩინა. პრინცესა ალექსანდრა პავლოვნას დაბადების შემდეგ, ეკატერინე II-მ მას გატჩინას სასახლე აჩუქა, სადაც ისინი გამოკეტეს, მანამ, სანამ პავლე ტახტისთვის ბრძოლას არ შეწყვეტდა. აღსანიშნავია, რომ ეკატერინემ მარია ფეოდოროვნას დართო თავისი ქალიშვილების აღზრდის ნება, თუმცა ვაჟები კვლავ მისი მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდნენ.
საბოლოოდ, მარია ფეოდოროვნას სულ ათი შვილი შეეძინა, აქედან ოთხი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი. თუ აქამდე რუსეთის იმპერიულ ოჯახს მხოლოდ პავლე შეადგენდა, ახლა იგი ევროპის ერთ-ერთ უდიდეს სამეფო ოჯახად იქცა.
ეკატერინე II-ის უკანასკნელი წლები
რედაქტირებაეკატერინეს მმართველობის უკანასკნელი წლების განმავლობაში, მარია და პავლე იძულებულნი იყვნენ გატჩინაში, აბსოლუტურ იზოლაციაში ეცხოვრათ, საკმაოდ მცირე ბიუჯეტით. ამრიგად, ამან მათ გაუადვილა და ისინი ერთმანეთის ერთგულნი იყვნენ. მარიამ თავისი ქმრის ხასიათი უკიდურეს ელემენტებამდე შეისწავლა, რამაც მათ ქორწინებაზე დადებითი გავლენა იქონია. იგი განაგრძობდა პავლოვსის სასახლის გალამაზებას და საქველმოქმედო საქმიანობას. ასევე იგი ცდილობდა თავისი მოკრძალებული ლიტერატურული სალონის გაფართოებას და საოცრად დაგეგმილი თეატრალური წარმოდგენების დადგმას მისი ოჯახის წევრებისთვის. ასევე ამ იზოლაციის დროს, მან დიდი დრო დაუთმო კითხვას და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავა. ამ დროს მარია ფეოდოროვნამ დაიწყო საკმაოდ მოცულობითი დღიურების წერა, სადაც დეტალურადაა აღწერილი მისი ცხოვრების ყოველი დღე. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი უკანასკნელი სურვილის თანახმად, ნიკოლოზ I-მა ყველა ეს დღიური კოცონზე დაწვა. იგივე ბედი ეწია მის მიერ დაწერილი წერილების უმეტესობას.
პირველად მათი ქორწინების მანძილზე, პავლემ მარიას უღალატა, მისსავე სეფექალ ეკატერინე ნელიდოვასთან, რომელიც მალე მის საიმპერატორო საყვარლად იქცა. პავლეს მასთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მისი განმარტების თანახმად მხოლოდ პლატონური. მარიას განსაკუთრებულად გულს ის ფაქტი ტკენდა, რომ ნელიდოვა მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო. რამდენიმე წელიწადში მისი და ნელიდოვას ურთიერთობა ძალიან გამწვავდა. მიუხედავად ამისა, მათი მეგობრობა კვლავ აღსდგა და ეკატერინე და მარია საკმაოდ ნერვოტული პავლეს წინააღმდეგ გაერთიანდნენ, რაც ეკატერინეს გაძევებით დაგვირგვინდა.
რუსეთის იმპერატრიცა
რედაქტირებაოცწლიანი ჩრდილში ცხოვრების შემდეგ, 1796 წელს ეკატერინე II გარდაიცვალა და იმპერატორი პავლე I ხდება, რითაც მარია ფეოდოროვნა სრულიად რუსეთის იმპერატრიცა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ქალი გახდა. როგორც იმპერატრიცას, მას უდიდესი როლი ჰქონდა ქვეყნის პოლიტიკაზე. ეკატერინეს ცხოვრების პერიოდში, მას პოლიტიკაში ჩარევის არანაირი შანსი არ ჰქონდა, რადგანაც ეკატერინე პავლესაც კი არ აკარებდა ახლოს. მას შემდეგ რაც ტახტზე მისი საყვარელი მეუღლე ავიდა, იგი ძალიან დიდი ძალისა და გავლენის მქონე ადამიანად იქცა. ის ფაქტი, რომ ქმარზე დიდი გავლენა ჰქონდა, ნიშნავდა, რომ პოლიტიკაზეც გავლენა ექნებოდა, რამაც ბევრი სარგებელი მოუტანა ქვეყანას. იგი მაშინაც კი ქმრის ინტერესებს იცავდა, როდესაც პავლე მარიას მისსავე მეგობრებთან ღალატობდა.
ცნობილია, რომ იმპერატრიცას განსაკუთრებული გემოს შეგრძნება ჰქონდა. გატჩინას, ცარსკოე-სელოსა და პეტერბურგის ზამთრის სასახლის რესტავრაცია მან განახორციელა თავისი პირადი ხარჯებით. მას ასევე ძალიან უყვარდა ხელოვნების ყველა დარგი და ყველანაირად ხელს უწყობდა მათ განვითარებას. თუმცა მისი უპირველესი მემკვიდრეობა, რომელიც რუსეთს დარჩა, არის ქალთა პირველი სკოლები და იმპერიის მრავალრიცხოვანი საქველმოქმედო ორგანიზაციების ჩამოყალიბება. ეს ინსტიტუტები 1917 წლის რუსეთის რევოლუციამდე არსებობდა. როგორც იმპერატრიცამ, მან ხელი შეუწყო უამრავი ღარიბი და ნიჭიერი ადამიანის აღმოჩენასა და მის განვითარებას.
მიუხედავად იმისა, რომ პავლე და მარია თითქოს ისევე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან როგორც თავიდან, მათ ურთიერთობაში თანდათან მაინც გაჩნდა უფსკრული. მარიამ 1798 წელს გააჩინა თავისი უკანასკნელი შვილი, რის შემდეგაც პავლემ დაანგრია თავისი რომანი ანა ლოპუხინასთან და იმპერატრიცა დაარწმუნა შერიგებოდა, რომ მისი საქციელი არაგონივრული და დაუფიქრებელი იყო.
პავლე რუსეთის იმპერატორი ზუსტად ოთხი წელი, ოთხი თვე და ოთხი დღე იყო. იგი აჯანყებულებმა 1801 წლის 12 მარტს, 46 წლის ასაკში მოკლეს.
ქვრივი იმპერატრიცა
რედაქტირებაალექსანდრე I-ის მმართველობა
რედაქტირებაპავლეს მკვლელობის შემდეგ იმპერატორი მათი ვაჟი, ალექსანდრე I ხდება. აღსანიშნავია, რომ მისი ქმრის მკვლელობის ღამეს მარია ფეოდოროვნა ცდილობდა ეკატერინე II-ისათვის მიებაძა, ანუ მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება და თავისი ვაჟის ნაცვლად თავად ასულიყო ტახტზე. იგი პირდაპირ ცდილობდა ამაზე ალექსანდრეს დაყოლიებას, რაც რამდენიმე დღეს გაიწელა. ამ დროს, შესაძლოა ითქვას, რომ დედასა და შვილს შორის პირველად დაიძაბა ურთიერთობა. საბოლოოდ საქმეში მისი რძალი, ელისაბედ ალექსანდროვნა (იგივე ლუიზა ბადენელი) ჩაერია, რომლის წყალობითაც მარია ფეოდოროვნა ქვრივი იმპერატრიცის წოდებას დასჯერდა. ამით დედა-შვილს შორის კვლავ აღსდგა თბილი ურთიერთობა. იგი მალევე დაუახლოვდა თავის რძალს, რომელსაც როგორც ახალ იმპერატრიცას, ყველაზე დიდი ძალაუფლება ჰქონდა მთელს ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ამ ორ ქალს შორის აშკარა პაექრობა პირველობისათვის ყოველთვის იგრძნობოდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მარია ფეოდოროვნას უფრო დიდი ძალაუფლება ჰქონდა ვიდრე ელისაბედ ალექსანდროვნას. ქვრივი იმპერატრიცა სამეფო კარის ცერემონიებზე ხშირად ჩნდებოდა იმპერატორის იარაღით. აქედან მოყოლებული, რუსეთში დაინერგა ტენდენცია, რომ იმპერატორის დედას მის ცოლზე დიდი ძალაუფლება უნდა ჰქონოდა, რაც ცხადია მარიას რძლის დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.
სულ მალე მარია ფეოდოროვნას გავლენები გასცდა სამეფო კარს და იგი გახდა ყველა საქველმოქმედო დაწესებულების მფლობელი, აკონტროლებდა ბანკებს და აქედან დიდ შემოსავალს ღებულობდა. ამ უდიდესმა შემოსავალმა, შესაძლებელი გახადა მისი ისე პომპეზურად და მდიდრულად ცხოვრება, როგორზეც იგი ვერსალში სტუმრობის შემდეგ ოცნებობდა. ეკატერინე II-ის მსგავსად, იგი ყოველთვის ესწრებოდა სამხედრო აღლუმებს, რა დროსაც იგი შესანიშნავ სამკერდე ნიშანს იკეთებდა ხოლმე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარია ფეოდოროვნა ხშირად ეწყობოდა მამაკაცის სამოსში და ქალბატონებთან ერთად დადიოდა, რაც შემდეგში უკვე ფართოდ დამკვიდრდა ალექსანდრე I-ის კარზე, სადაც მასკარადებზე ქალები და კაცები ერთმანეთს როლს უცვლიდნენ და ერთმანეთის ტანსაცმელებში იმოსებოდნენ.
მარია ფეოდოროვნა დიდად ღელავდა თავისი ქალიშვილების მომავალზე, ამიტომაც იგი მათ ბრწყინვალე განათლებით უზრუნველყოფდა. იგი კარგი და მოსიყვარულე დედა იყო და მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინემ იგი მის ორ უფროს ვაჟს თავიდანვე დააშორა, იმპერატრიცამ მაინც მოახერხა ყველა შვილთან მჭიდრო ურთიერთობის შექმნა. სწორედ ამით აიხსნება, რომ მისმა ყველა შვილმა, გარდა ალექსანდრა პავლოვნასი, თავის შვილებს მის პატივსაცემად სოფია ან მარია დაარქვა. მარია ფეოდოროვნას სურვილი ყოველთვის იყო, რომ იმპერატორი მისი უმცროსი ვაჟი ნიკოლოზი გამხდარიყო, თუმცა ეს შეუძლებელი იყო მანამდე, სანამ მას ორი უფროსი ძმა ჰყავდა. ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ მას თავის ორ უფროს ვაჟთან დაშორების გამო, არ ჰქონდა ისეთი ღრმა გრძნობები, როგორიც დანარჩენ შვილებთან. მას შემდეგ, რაც მისი შვილები გაიზარდნენ, ქვრივი ცარევნა ხშირად ხვდებოდა და ესაუბრებოდა მათ, თუმცა ცივი ტემპერამენტით, ამასთან დისტანციურად და მკვახედ.
1807 წელს მარია ფეოდოროვნა აარსებს ყრუ-მუნჯთა პირველ რუსულ სასწავლებელს.
ქვრივმა იმპერატრიცამ მეორე სამეფო კარი მოაწყო თავის პავლოვსკის სასახლეში, სადაც იკრიბებოდა მთელი რუსული ინტელიგენცია და ხდებოდა მისი ვაჟისათვის სასარგებლო პოლიტიკური რჩევების მიცემა. იგი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ მიდგომას,სადაც მისი ვაჟი საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტესთან თანხმდებოდა. ზოგადად, მას შემდეგ რაც რევოლუციონერებმა ევროპელი მონარქებისთვის საყვარელ და მისაბაძ მეფე-დედოფალს, ლუი XVI-სა და მარია ანტუანეტას თავები მოკვეთეს, მათ შესძულდათ ფრანგები და მათი ლიდერიც, ამიტომაც ისინი გამუდმებით ქმნიდნენ საფრანგეთის წინააღმდეგ კოალიციებს. ამას ემატებოდა მარია ფეოდოროვნას პირადი ანტიპათიაც ნაპოლეონისადმი, რომელმაც უარი განაცხადა მის უმცროს ასულ ანა პავლოვნაზე ქორწინებაზე. ამრიგად მარია ფეოდოროვნას გავლენით ალექსანდრე I-მა საფრანგეთის მოსისხლე მტრების, ავსტრიასა და დიდ ბრიტანეთთან გააფორმა ალიანსი, რასაც 1812 წელს ნაპოლეონის რუსეთში შემოჭრა მოჰყვა, სადაც იგი სასტიკად დამარცხდა და უკან გაბრუნდა. მარია ფეოდოროვნამ მანამდე არ მოისვენა, სანამ 1815 წელს ნაპოლეონი საბოლოოდ არ დაამხეს და ბრიტანეთის კუთვნილ კოლონიაზე არ გადაასახლეს.
ნიკოლოზ I-ის მმართველობა
რედაქტირება1825 წელს ალექსანდრე I უშვილოდ გარდაიცვალა. წესით ტახტზე მისი უმცროსი ძმა, კონსტანტინე უნდა ასულიყო, თუმცა ვინაიდან მასაც მემკვიდრის დიდი პრობლემა ჰქონდა, დედის გავლენით უარი თქვა ტახტზე და იმპერატორი მარია ფეოდოროვნას ფავორიტი შვილი — ნიკოლოზ I ხდება. ამ ამბიდან სულ ერთ წელიწადში გარდაიცვალა ალექსანდრე I-ის ცოლიც, იმპერატრიცა ელისაბედ ალექსანდროვნა. ამის შემდეგ მარია ფეოდოროვნას სამეფო კარზე ფაქტობრივად მეტოქე აღარ ჰყავდა, ვინაიდან მას ნიკოლოზის ცოლთან, იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნასთან (იგივე შარლოტა პრუსიელი) შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. უკანასკნელი წლები მან ბედნიერად გაატარა პავლოვსკში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1828 წელს, 69 წლის ასაკში. აღსანიშნავია, რომ ეკატერინეს მსგავსად მომავალი იმპერატორის, ანუ თავისი შვილიშვილის აღზრდა მან თავად იკისრა და ალექსანდრე II-ის განათლებას სიცოცხლის ბოლომდე ადევნებდა თვალყურს. იგი დაკრძალეს პეტერბურგის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში, პავლეს გვერდით.
შვილები
რედაქტირებატიტულები
რედაქტირება- 25 ოქტომბერი, 1759 - 7 ოქტომბერი, 1776: მისი მოწყალე უმაღლესობა ჰერცოგინია სოფია დოროთეა ვიუტემბერგელი;
- 7 ოქტომბერი, 1776 - 17 ნოემბერი, 1796: მისი საიმპერატორო უდიდებულესობა რუსეთის დიდი მთავარი მარია ფეოდოროვნა;
- 17 ნოემბერი, 1796 - 23 მარტი, 1801: მისი საიმპერატორო უმაღლესობა სრულიად რუსეთის იმპერატრიცა;
- 23 მარტი, 1801 - 5 ნოემბერი, 1828: მისი საიმპერატორო უმაღლესობა რუსეთის ქვრივი იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნა;
ლიტერატურა
რედაქტირება- Lincoln, W. Bruce, The Romanovs: Autocrats of All the Russias, Anchor, ISBN 0-385-27908-6.
- Bernhard A. Macek, Haydn, Mozart und die Großfürstin: Eine Studie zur Uraufführung der "Russischen Quartette" op. 33 in den Kaiserappartements der Wiener Hofburg, Schloß Schönbrunn Kultur- und Betriebsges.m.b.H., 2012, ISBN 3-901568-72-7.
- Burch, Susan. "Transcending Revolutions: The Tsars, the Soviets and Deaf Culture." Journal of Social History 34.2 (2000): 393-401.
- Massie, Suzanne, Pavlovsk: The Life of a Russian Palace, Hodder & Stoughton,1990, ISBN 0-340-48790-9.
- Ragsdale, Hugh, Tsar Paul and the Question of Madness: An Essay in History and Psychology, Greenwood Press, ISBN 0-313-26608-5.
- Troyat, Henri, Alexander of Russia, Dutton, ISBN 0-525-24144-2
- Troyat, Henri, Catherine the Great, Plume, ISBN 0-452-01120-5
- Madame Vigée Lebrun, Memoirs, Doubleday, Page & Company, ISBN 0-8076-1221-9
- Waliszewski, Kazimierz, Paul the First of Russia, the son of Catherine the Great, Archon, ISBN 0-208-00743-1