ვიქტორ დოლიძე

ქართველი კომპოზიტორი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვიქტორ დოლიძე (მრავალმნიშვნელოვანი).

ვიქტორ ისიდორეს ძე დოლიძე (დ. 30 ივლისი, 1890 — გ. 24 მაისი, 1933) — ქართველი კომპოზიტორი და პირველი ქართული კომიკური ოპერის ავტორი.

ვიქტორ დოლიძე

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 30 ივლისი, 1890
დაბ. ადგილი ოზურგეთი
გარდ. თარიღი 24 მაისი, 1933 (42 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
აქტიური 1917-1933
ვიქტორ დოლიძე ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვიქტორ ისიდორეს ძე დოლიძე დაიბადა ქ. ოზურგეთში 1890 წლის 30 ივლისს ღარიბი გლეხის ოჯახში. ის ბავშვობიდან იპყრობდა ყურადღებას შესანიშნავი სმენით, მეხსიერებითა და იმპროვიზაციული ნიჭით. მამამისი კარგად მღეროდა და უკრავდა გარმონზე. მიუხედავად ამისა, სერიოზულად არ ეკიდებოდა ვაჟის მუსიკალურ აღზრდას.

1902 წელს დოლიძეების ოჯახი თბილისში გადასახლდა, სადაც ვიქტორი შეიყვანეს კომერციულ სასწავლებელში. პარალელურად იგი მანდოლინაზე დაკვრას სწავლობდა. მოკლე ხანში ისე დაეუფლა ამ საკრავს, რომ სასწავლებლის მოწაფეებისგან შეადგინა მანდოლინისა და გიტარის დამკვრელთა თვითმოქმედი წრე, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. 1910 წელს გამართულ კონკურსში მანდოლინაზე დამკვრელთა შორის დაიკავა პირველი ადგილი. 1912 წელს 22 წლის დოლიძე კიევში ჩავიდა და კომერციულ ინსტიტუტში განაგრძო მეცადინეობა. აქ მას გაუძლიერდა ინტერესი მუსიკისადმი და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი მოწოდება მუსიკა იყო. პარალელურად სწავლობდა კიევის სამუსიკო სასწავლებელში ვიოლინოსა და კომპოზიციის კლასში. ვიოლინოზე დაკვრას სწავლობდა ცნობილ პედაგოგ ერდენკოსთან. იქვე მოისმინა მუსიკის თეორიული დისციპლინების კურსი. ხუთი წელი, რომელიც მან კიევში გააატარა მეტად სასარგებლო აღმოჩნდა მისი მუსიკალური განვითარებისთვის. ინსტიტუტი დაასრულა 1917 წელს.

1917 წელს სამშობლოში დაბრუნდა და შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. კიევიდან დაბრუნებისთანავე მას დაებადა სურვილი დაეწერა ოპერა, რისთვისაც აირჩია ავქსენტი ცაგარელის ცნობილი პიესა „ხანუმა“. ერთი წლის მუშაობის შემდეგ მან შექმნა პირველი ქართული კომიკური ოპერა — „ქეთო და კოტე“. ოპერის პრემიერა შედგა 1919 წლის 11 დეკემბერს. ნაწარმოებმა კომპოზიტორს დიდი აღიარება მოუტანა. 1926 წელს სწავლობდა ოსურ მუსიკალურ ფოლკლორს. მან 200-მდე ოსური სიმღერა ჩაიწერა.

დოლიძის ოპერებია „ლეილა“ (ცაგარელის პიესის, „ლეკის ქალი გულჯავარის“ მიხედვით, 1922), „ცისანა“ (ერთაწმინდელის მიხედვით, 1929), „ზამირა“ (ოსურ ხალხურ თემებზე, დაუმთავრებელი, 1931). 1925 წელს დოლიძემ შექმნა სიმფონიური ფანტაზია „ივერიადა“, ხოლო 1932 წელს სიმფონია „აზერბაიჯანი“ და საფორტეპიანო კონცერტი. ავტორია რამდენიმე რომანსისა. ოპერა „ლეილაში“ მთავარ გმირად ერეკლე II იყო გამოყვანილი, რის გამოც ის „მონარქიული სენტიმენტების“ გაძლიერებად ჩაითვალა და რეპერტუარიდან მოიხსნა.[1]

ვიქტორ დოლიძე გარდაიცვალა 1933 წლის 24 მაისს, პარტახტიანი ტიფით.[1] დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტორაძე., გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 610.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 125, თბ., 1994
  • ჩხიკვაძე გ. „საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორები“, თბილისი, 1956
  1. 1.0 1.1 თალაკვაძე ნ., „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, თბ.: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2013. — გვ. 798, ISBN 978-99940-28-77-1.