ევროპა

კონტინენტი
ტერმინს „ევროპა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ევროპა (მრავალმნიშვნელოვანი).

ევროპამსოფლიოს ნაწილი, აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. მათ შორის საზღვრის ხაზის თაობაზე არსებობს რამდენიმე ვარიანტი.

ევროპა
ფართობი 10 180 000 კმ²
მოსახლეობა 746 419 440 (2018)
მოს. სიმჭიდროვე 72,9 ად./კმ²
მოს. შემადგენლობა ევროპელები
ქვეყნები 50
სასაათო სარტყელი UTC - UTC+06:00
ინტ. დომენი .eu (ევროპის კავშირი)

ევროპის ფართობი 10 180 000 კმ²-ია, მოსახლეობა კი 740 000 000 ადამიანი[1]. ევროპა ფართობის მხრივ მეორე ყველაზე პატარა კონტინენტია (ის მხოლოდ ავსტრალიას აღემატება), თუმცა მოსახლეობის რაოდენობით ის აჭარბებს როგორც ავსტრალიას, ისე სამხრეთ ამერიკას, მოსახლეობის სიმჭიდროვით კი მხოლოდ აზიას ჩამორჩება.

ევროპის რეკორდები

რედაქტირება
 
ევროპა და ხარადქცეული ზევსი

სახელის ეტიმოლოგია

რედაქტირება

სიტყვა „ევროპა“ ბერძნული მითოლოგიიდან მომდინარეობს. ასე ერქვა ფინიკიის მეფის, აგენორისა და ტელეფასას ასულს, რომელიც ზღვაში ბანაობისას ზევსმა დაინახა და ძალიან მოეწონა. ის ქალიშვილს თეთრი ხარის სახით გამოეცხადა, მოიტაცა და კუნძულ კრეტაზე წაიყვანა. აქ მათ სამი შვილი ეყოლათ: მინოსი (მომავალში კრეტის ლეგენდარული მეფე), რადამანთისი და სარპედონი. სწორედ ამ ასულის სახელი უწოდეს ბერძნებმა კონტინენტს. აღსანიშნავია, რომ ჰომეროსისათვის „ევროპა“ კრეტის მითური დედოფალი იყო და არა გეოგრაფიული სახელწოდება.

გეოგრაფია

რედაქტირება

ევროპის ფართობი დაახლოებით 10 მლნ კმ²-ია, მათ შორის კუნძულები შეადგენენ 730 ათას კმ²-ს. ევროპას გარს აკრავს ატლანტის და ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანეები და მათი ზღვები. ევროპის სანაპირო ხაზი ერთობ დანაწევრებულია, ნახევარკუნძულების (კოლის, სკანდინავიის, პირენეის, აპენინის, ბალკანეთის) წილად მოდის ევროპის ფართობის ¼.

მიუხედავად არცთუ ისე დიდი ფართობისა, ევროპა ბუნების მნიშვნელოვანი თავისებურებებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მრავალფეროვანია არა მარტო ბუნება, არამედ მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, სამეურნეო საქმიანობა, მეურნეობის განვითარების ისტორია და მისი დონე, პოლიტიკური რუკა და სხვ. მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული 31 ქვეყნიდან 24 ევროპაშია, მათ შორის 4 დიდი „შვიდეულიდან“. იგი საერთაშორისო ტურიზმის მთავარი რეგიონია, მასთან ყველაზე ძლიერ შეცვლილი ველური ბუნებით. ევროპა მსოფლიო ცივილიზაციის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კერაა. მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიის ყველაზე ცნობილი 100 პიროვნებიდან, 71 ევროპელია. აქედან გადიოდა უძველესი სავაჭრო გზები. ახალი ქვეყნების აღმოჩენის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი ევროპას ეკუთვნის.

ევროპის საშუალო სიმაღლე 300 მ-ია, მაქსიმალური — 5642 მ (მთა იალბუზი). ჭარბობს დაბლობები, რომელთა შორის აღსანიშნავია — აღმოსავლეთ ევროპის, შუა ევროპის, შუა დუნაის, ქვემო დუნაის, პარიზის აუზი), მთებს უკავია ტერიტორიის 17 %. ძირითადი მთიანი მასივებია: ალპები, კარპატები, პირენეები, აპენინები, ურალის მთები, სკანდინავიის მთები, ბალკანეთის მთები. მოქმედი ვულკანებია ისლანდიაში და ხმელთაშუა სანაპირო ზოლში.

ევროპის გეოგრაფიული მდებარეობა და ჰაერის მასების დასავლეთური გადატანა განაპირობებს მის ზომიერსა და საკმაოდ ნოტიო (ზღვის) ჰავას. რადიაციული ბალანსის საშუალო წლიური სიდიდე ყველგან დადებითია, მატულობს სამხრეთისაკენ. ევროპის ჰავის ჩამოყალიბების რადიაციული და ცირკულაციური ფაქტორები მკაფიოდ იცვლება სეზონების მიხედვით. ზამთარში უდაბლესი ატმოსფერული წნევაა ატლანტიკის ჩრდილოეთში (ისლანდიის დეპრესია). აქედან წნევა მატულობს სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით კასპიისპირეთამდე და სამხრეთ ურალამდე, სადაც შემოდის აზიის ანტიციკლონის ტოტი. ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში, რომელიც აზორის ანტიციკლონის გავლენას განიცდის, ძლიერდება ჰაერის მასების დასავლეთური გადატანა. ამ ზოლში წარმოიქმნებიან ციკლონები, რომლებიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაადგილდებიან და ამასთან, მაღალი განედებისაკენ იხრებიან. პოლარული ჰაერი დომინირებს ევროპის ევროპის უმეტეს ნაწილში. ხმელთაშუაზღვისპირეთში იგი ზოგჯერ ადგილს უთმობს ტროპიკულს. შემოჭრილი არქტიკული ჰაერის მასები აღწევს ალპებს, ბალკანეთსა და ყირიმს.

იანვრის საშუალო ტემპერატურა უმაღლესია ხმელთაშუაზღვისპირეთში (10-12 °C), უდაბლესია მდინარე პეჩორის აუზში (-20 °C), აღსანიშნავია ევროპის ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი (-52 °C). საერთოდ, დასავლეთი ევროპის ჰავა რბილია, აღმოსავლეთისა კი — ყინვიანი და თოვლმდგრადი. ზაფხულობით ციკლონების მოქმედება ზამთართან შედარებით სუსტდება.

ხმელთაშუაზღვისპირეთში დომინირებს ტროპიკული ჰაერი, არქტიკაში — არქტიკული, ევროპის დანარჩენ ადგილებში კი — პოლარული. ოკეანისპირა ტერიტორიის ჰავა უფრო გრილია, ვიდრე იმავე განედებზე მდებარე შიდაკონტინენტური რაიონებისა.

ივლისის თვის საშუალო ტემპერატურა უმაღლესია ხმელთაშუაზღვისპირეთში (28-30 °C), უდაბლესია არქტიკულ კუნძულებზე (2-4 °C), ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი ფიქსირდება პირენეს ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში (48 °C).

ნალექების წლიური რაოდენობა აღმოსავლეთისაკენ მცირდება. ატლანტისპირა რაიონებში და მთის ქარპირა კალთებზე იგი 1000-2000 მმ-ს აღწევს (ადრიატიკის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე 4000 მმ-ს აღემატება), ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში 500-200 მმ-მდე კლებულობს. ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე ნალექების მაქსიმუმი ზამთარშია, მინიმუმი — ზაფხულში. შუა და ჩრდილოეთ ევროპის ატლანტისპირა რაიონებში ნალექიანობა სეზონების მიხედვით თითქმის თანაბარია; შიდაკონტინენტურ რაიონებში ნალექების მაქსიმუმი ზაფხულობითაა. ევროპის უმეტეს ნაწილში ნალექების წლიური ჯამი აღემატება აორთქლებადობას და დანესტიანება საკმარისია ან ჭარბი. სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და ზოგიერთ მთათაშუა დადაბლებებში არასაკმარისი დანესტიანებაა. ხმელთაშუაზღვისპირეთში დანესტიანების უკმარისობა მხოლოდ ზაფხულობითაა. ამ რაიონებში თითქმის ყველგან აუცილებელია ხელოვნური მორწყვა.

ევროპაში არქტიკული, სუბარქტიკული, ზომიერი განედებისა და სუბტროპიკული სარტყლების ტიპის ჰავაა. არქტიკული სარტყელი მოიცავს არქტიკის ევროპულ სექტორის კუნძულებს. აქ ჰავა მკაცრია, ზამთარი ხანგრძლივი და ყინვიანი, იცის შტორმი და ქარბუქი; ზაფხული ხანმოკლე და გრილია (ივლისის საშუალო ტემპერატურა 5 °C არ აღემატება); ნალექები უმთავრესად თოვლის სახით მოდის. სუბარქტიკულ სარტყელში (ისლანდია, ფენოსკანდინავიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ჩრდილოეთი ნაწილები) ზაფხული უფრო ხანგრძლივი და თბილია. ზამთარი დასავლეთით რბილია, აღმოსავლეთით - ყინვიანი; ნალექები, შესაბამისად, 1000 და 400 მმ წელიწადში. ზომიერ სარტყელში ჩრდილოეთით უფრო ცივი, ბორეალური ჰავაა, სამხრეთით უფრო თბილი, სუბბორეალური. გარდა ამისა, ამ სარტყლის დასავლეთ ნაწილში ზღვის ჰავაა (ტემპერატურის რყევის წლიური ამპლიტუდა მცირეა); ზაფხული სამხრეთით თბილია, ჩრდილოეთით — გრილი, იცის რბილი ზამთარი, ვაკეებზე თოვლის საფარი არამდგრადია, ნალექები ყველა სარტყელში უხვადაა, დანესტიანება საკმარისია ან ჭარბი. აღმოსავლეთ ნაწილში ჰავა ზომიერად კონტინენტურია, იცის ყინვიანი, თოვლუხვი ზამთარი (სამხრეთ რაიონების გარდა). ზაფხული ჩრდილოეთით გრილია, ცენტრში - თბილი, სამხრეთით - ცხელი. ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა დიდია; ნალექების წლიური ჯამი ჩრდილოეთით აღემატება აორთქლებადობას, ცენტრში თითქმის უთანაბრდება, სამხრეთით კი მასზე ნაკლებია.

სუბტროპიკულ სარტყელში (ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე) ხმელთაშუა ზღვის ტიპის ჰავაა, ახასიათებს თბილი, ცვალებადამინდიანი, წვიმიანი ზამთარი; გვალვიანი, ცხელი ზაფხული. პირენესა და ბალკანეთის ნახევარკუნძულების დასავლეთ სანაპიროებსა და აპენინის ნახევარკუნძულზე გავრცელებულია ამ ტიპის ჰავის ზღვის ვარიანტი (მოკლე გვალვიანი პერიოდი და უხვი ნალექები).

სანაპირო ზოლი

რედაქტირება
 
ევროპის ფიზიკური რუკა
 
მდინარე დუნაი

სხვა კონტინენტებთან შედარებით, ევროპას ძლიერ დანაწევრებული სანაპირო ზოლი აქვს (სანაპირო ზოლის 1 კმ-ზე მოდის ტერიტორიის 246 კვ. კმ). სანაპირო ზოლის საერთო სიგრძე დაახლოებით 38 000 კმ-ია. მაქსიმალური მანძილი ხმელეთის შიგა ნაწილებიდან ზღვამდე 1600 კილომეტრია. ევროპის ფართობის 25 % უკავია ნახევარკუნძულებს. ჭარბობს მოვაკებული აკუმულაციური და აბრაზიული ნაპირები. მაღალი და დანაწევრებული ტექტონიკური სანაპირო აქვთ: კოლის ნახევარკუნძულს, პირენეს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილს, ნორვეგიას, ყირიმის სამხრეთ ნაწილს, ხორვატიას, საბერძნეთსა და სხვა. სანაპირო ზოლი მდიდარია კუნძულებით: (კრეტა, სარდინია, სიცილია, კორსიკა, ზელანდია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი და სხვა), ნახევარკუნძულებით (პელოპონესი, ყირიმი, კოლი, აპენინის ნახევარკუნძული, პირენეს ნახევარკუნძული, სკანდინავიის ნახევარკუნძული, ბალკანეთის ნახევარკუნძული და სხვა), ყურეებით (ბოტნიის ყურე, რიგის ყურე, ბისკაიის ყურე და სხვა). ევროპას აკრავს ხმელეთში ღრმად შეჭრილი ზღვები (შავი ზღვა, ხმელთაშუა ზღვა, ბალტიის ზღვა და სხვა).

შიდა წყლები

რედაქტირება

ევროპის შიდა წყლები საკმაოდ დიდი მოცულობისაა. ევროპის მდინარეთა უმეტესობა ატლანტის ოკეანის აუზს მიეკუთვნება, დანარჩენი კი - ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანისა და კასპიის ზღვისას.

დიდი მდინარეები აღმოსავლეთ ევროპის ვაკეებზე მიედინებიან. ყველა მაჩვენებლით პირველ ადგილზეა მდინარე ვოლგა (სიგრძე 3530 კმ, აუზის ფართობი 1360 ათასი კვ. კმ, საშუალო წლიური ჩამონადენი 800 მ³/წმ). აღმოსავლეთი ევროპის სხვა უდიდესი მდინარეებია ურალი, დნეპრი, დონი, პეჩორა, დნესტრი, ჩრდილოეთის დვინა. დასავლეთი ევროპის უდიდესი მდინარეებია: დუნაი (სიგრძე 2888 კმ (სიგრძით მეორეა ვოლგას შემდეგ), აუზის ფართობი 817 000 კმ²), ვისლა, ოდრა, ელბა, რაინი, ლუარა, რონა, ტახო.

ევროპის ტერიტორიაზე ტბები არათანაბრადაა განაწილებული. განსაკუთრებით ბევრი ტბაა ვაკეებსა და ნამყინვარევ მთებზე. ტბების უმრავლესობა მდებარეობს ტექტონიკურ ღრმულებში, ნაწილი შეგუბებულია მორენებით (ლადოგის, ონეგის, იმანდრისა და სხვა ტბები). ევროპის უდიდესი ტბებია: ლადოგის, ონეგის, ჩუდის, ვენერნი, ბალატონი, ჟენევის და სხვა.

ბუნებრივი ზონები

რედაქტირება

არქტიკის კუნძულებსა და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებზე მდებარეობს არქტიკული უდაბნოები და ტუნდრები, მის სამხრეთით — ტყეტუნდრები, შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები, სტეპები, სუბტროპიკული ტყეები ხმელთაშუაზღვისპირეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთში — ნახევარუდაბნოები.

გეოლოგიური აგებულება

რედაქტირება

ევროპის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უკავია ევროპის ძველ ბაქანს, რომელიც აგებულია არქაული და პროტეროზოური ქანებით. ბაქნის საძირკვლის კონსოლიდაციის შემდეგ უკანასკნელი 1200-1600 მლნ. წლის განმავლობაში ბაქნის ცალკეული ნაწილები დაძირვის გამო ზღვით იფარებოდა. ამის შედეგად მათზე დაგროვდა ბაქნური ფაციესებით გამოსახული დანალექი წყებები, რომელთა ასაკი მეტწილად იცვლება პროტორეზოურის ბოლოდან ტრიასულ პერიოდამდე. ბაქნის კიდეზე არსებული ღრმა დეპრესიები ამოვსებულია რამდენიმე კმ სისქის გვიანდელი ტრიასული, იურული, ცარცული, პალეოგენური და ნეოგენური ნალექებით. ტექტონიკურად აქტიურ ეპოქებში ვულკანური მოქმედების შედეგად ბაქნის ზედაპირზე ბაზალტები და სხვა ეფუზიური ქანები წარმოიშვა.

ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი აგებულია რიფეული ფიქლების წყებებით და ბაიკალური დანაოჭების ზოლის ნაწილს წარმოადგენს. კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე (შპიცბერგენიდან დათვის კუნძულზე გადავლით, სკანდინავიის მთები, ბრიტანეთის კუნძულების ჩრდილოეთი და დასავლეთი ნაწილი, ირლანდია) გადაჭიმულია კალედონური დანაოჭების არე. აქ განვითარებულია წითელი ფერის სქელი დევონური მოლასებით დაფარული კამბრიული, ორდოვიციული და სილურული ვულკანოგენური და დანალექი სქელი წყებები. ამ არეს ახასიათებს მაგმური ქანების სიუხვე და რთული დანაოჭება, ხოლო შოტლანდიასა და ნორვეგიაში შარიაჟებიც, რომელთა ჰორიზონტალური გადაადგილების ამპლიტუდა 100-120 კმ-ს აღწევს. კალედონური დანაოჭების სამხრეთით ჰერცინული დანაოჭების ზოლია, რომელიც ნაწილობრივ სუსტად დანაოჭებული მეზოზოური და კაინოზოური ნალექებითაა დაფარული. ჰერცინული ზოლის ფარგლებში გამოიყოფა ძველი მასივები, რომლებიც უმთავრესად კამბრიულისწინა მეტამორფული ფორმაციებითაა აგებული. ეს ძველი მასივები გარშემორტყმულია ვრცელი და მძლავრი ევგეოსინკლინური და მიოგეოსინკლინური ზონებით. ჰერცინულ დანაოჭებას მიეკუთვნება აგრეთვე ურალისა და ახალი მიწის ნაოჭა ნაგებობანი.

ძველი ბაქნების საზღვრების გასწვრივ ქვანახშირის, ნავთობისა და მარილის შემცველი მოლასებით ამოვსებული კიდურა როფებია (საფრანგეთ-ბელგიის დიდი „ნახშირიანი არხი“, ურალისწინა როფი). ევროპის სამხრეთი ნაწილი უკავია ალპურ გეოსინკლინურ (ნაოჭა) სარტყელს, სადაც აღმართულია ანდალუსიის, პირენეს, აპენინის, ალპების, კარპატების, ბალკანეთის, ყირიმისა და სხვა ახალგაზრდა მთები. ალპურ გეოსინკლინური როფების ჩრდილოეთი ნაწილი ფარავს დასავლეთი და სამხრეთი ევროპის პალეოზურ ნაოჭა ნაგებობებს. აქ უმთავრესად გროვდებოდა ფიქლოვანი, ფლიშური და სქელი კარბონატული წყებები (ალპები, კარპატები) და სუსტად ვლინდებოდა მაგმური პროცესები. ალპების ნაოჭა სარტყლის სამხრეთი ნაწილი წარმოიქმნა ალპების მოძრაობით დამსხვრეული ეპიბაიკალური ბაქნის ადგილზე. აქ შემორჩენილია მრავალი სტაბილური ძველი ბელტი - შუალედური მასივები და ფართოდ გავრცელებული ალპური მაგმატიზმის კვალი ჰიპერბაზიტების სახით. ალპური ნაოჭა სარტყლის ფარგლებში წარმოიშვა თავისებური ღრმულები, სადაც დედამიწის ქერქის აგებულება უახლოვდება ოკეანურ ტიპს (შავი ზღვის, ტირენის ზღვისა და სხვა ღრმულები). დადგენილია, რომ გრანიტული ფენა აქ მეტად თხელია (ან სულ არ არის) და დედამიწის ქერქის სისქე 20-30 კმ-ს არ აღემატება.

სასარგებლო წიაღისეული

რედაქტირება

ევროპაში მოიპოვება ნავთობი და ბუნებრივი აირი, რომელთა საბადოები დაკავშირებულია, ერთი მხრივ, ბაქნების პალეოზოურ და მეზოზოურ ნალექებთან, მეორე მხრივ, ალპური ნაოჭა სარტყლის მთისპირა და მთათაშუა როფების ნეოგენურ წყებებთან. ნავთობის საბადოებია გროზნოსა და აფშერონის ნახევარკუნძულზე, ასევე კასპიის ზღვაში. არის ასევე ქვანახშირი (რუსეთი, გერმანია, პოლონეთი, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, საქართველო), რკინის მადანი (ურალი, უკრაინა, კოლის ნახევარკუნძული, შვედეთი, საფრანგეთი, ლუქსემბურგი), მანგანუმის მადანი (უკრაინა, საქართველო), ბოქსიტები (ურალი, უნგრეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი), ფერადი ლითონები (გერმანია, ესპანეთი, ბულგარეთი, პოლონეთი) და სხვა.

 
ბიოგეოგრაფიული რეგიონები

მიუხედავად ტერიტორიის სიმცირისა, ევროპის ლანდშაფტები მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებით ხასიათდება. სკანდინავიისა და პირინეეს ნახ. კუნძულები, ბრიტანეთის კუნძულების დიდი ნაწილი და კონტინენტის აღმოსავლეთი წარმოდგენილია ძველი მთებით. სამხრეთში ვრცელდება ალპური მთათა სისტემები. აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში გვხვდება დაბლობები, ვაკეები და საშუალო სიმაღლის მთები. კონტინენტი მდიდარია, როგორც ენერგეტიკული, ასევე ლითონური და არალითონური სახის სასარგებლო წიაღისეულით. კლიმატის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანია ატლანტის ოკეანის გავლენა. ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე ვრცელდება ზომიერი კლიმატი. დასავლეთით ჭარბობს ოკეანური, ხოლო აღმოსავლეთით - კონტინენტური პირობები. ჩრდილოეთში მკაცრი არქტიკული და სუბარქტიკული, სამხრეთში კი ხმელთაშუაზღვიური კლიმატია. ევროპა მდიდარია ჰიდრორესურსებით. ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე ვრცელდება ტყეების ზონა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც ათვისებულია. ევროპის ზოგიერთი რაიონი სერიზოული ეკოლოგიური პრობლემის წინაშეა.

ევროპა მიეკუთვნება ჰოლარქტიკულ ფლორისტულ ოლქს. ევროპის ფლორა მოიცავს აზიიდან, აფრიკიდან და ჩრდილოეთი ამერიკიდან შემოსულ მცენარეთა მრავალ ოჯახს, გვარს, სახეობას და ღარიბია ენდემებით.

ევროპაში გავრცელებულია მცენარეთა შემდეგი ტიპები: ტუნდრის, ბორეალური (ტაიგის), ნემორალური (ფართოფოთლოვანი და წიწვოვან-ფართოფოთლოვანი ტყეები მათთან დაკავშირებული ბუჩქნარებითა და ბალახეული თანასაზოგადოებებით), სტეპისა, უდაბნოსი, სუბტროპიკული, ხე-ბუჩქნარიანი. ტყის მცენარეულობა ევროპაში ყველა სხვა ტიპზე მეტადაა გავრცელებული. არქტიკულ, სუბარქტიკულსა და ბორეალურ სარტყლებში განსხვავება ოკეანისა და კონტინენტური ჰავის რაიონების მცენარეთა ზონალურ ტიპებს შორის სუსტადაა გამოხატული. ეს განსხვავება მკაფიოდ შეიმჩნევა უფრო სამხრეთით. ტაიგის სამხრეთით მდებარე ოკეანისპირა რაიონებში გავრცელებულია შერეული წიწვოვან-ფართოფოთლოვანი და ფართოფოთლოვანი ტყეები, რომლებიც სუბტროპიკულ ზონაში ადგილს უთმობენ ქსეროფილურ მარადმწვანე და შერეულ მარადმწვანე ფოთოლმცვივან ტყე-ბუჩქნარს. ზომიერად კონტინენტურ რაიონებში, ტაიგის სამხრეთით, ფართოფოთლოვან-წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყის ვიწრო ზოლია, რომელსაც მოსდევს ტყესტეპის, სტეპის, ნახევარუდაბნოსა და უდაბნოს მცენარეულობა. აღნიშნული ფიტოლანდშაფტები ევროპის უმეტეს ნაწილში შეცვლილია კულტურული ლანდშაფტით.

არქტიკული ტუნდრისა და ცივი უდაბნოს მცენარეულობიდან შპიცბერგენზე, ფრანც-იოსების მიწასა და ახალ მიწაზე გავრცელებულია მღიერები, ხავსები, ბალახებისა და ბუჩქების რამდენიმე სახეობა (ფხიჯები, ნემსიწვერები, დრიადი, პოლარული ტირიფი). უდიდესი ტერიტორია მთლიანად მოკლებულია მცენარეულობას. ტიპობრივ ტუნდრაში, რომელიც ვრცელდება კონტინენტის ჩრდილოეთ სანაპიროებზე და ახალი მიწის სამხრეთ ნაწილში, მეტი სახეობა და უფრო შეკრული მცენარეული საფარია. გამოიყოფა ხავს-მღიერიანი ტუნდრა, სადაც გაბატონებულია მურა და მწვანე ხავსები, ირმის ხავსი (იაგელი) და სხვა მღიერები. მათთან ერთად იზრდება ბალახი (ქუდუნა, წივანა, ყაყაჩოები, ფხიჯები), დაბალი ბუჩქები (კეწერა, წყლის იელი) და ბუჩქები (ქონდარა არყი, პოლარული და მრგვალფოთოლა ტირიფები). ისლანდიის, სკანდინავიისა და ურალის მთებზე განვითარებულია მთის ტუნდრა, სამხრეთისაკენ ტუნდრა გადადის ტყე-ტუნდრაში, სადაც ტუნდრა და ჭაობი მეჩხერ ტყესთან (აღმოსავლეთ რაიონებში ნაძვნართან, დასავლეთით კი არყნართან და ფიჭვნართან) ერთად გვხვდება. აქვე უხვადაა კენკროვანი ბუჩქები (მოცვი, წითელი მოცვი, დათვის კენკრა, კეწერა).

ტაიგას უკავია ფართო ზოლი ტყეტუნდრიდან ჩრდილო განედის 57-58°-მდე. მთავარი შემადგენელი სახეობებია წიწვოვანი ხეები — აღმოსავლეთით ციმბირის ნაძვი, ციმბირის სოჭი და ციმბირის ლარიქსი, დასავლეთით — ევროპული ნაძვი და ჩვეულებრივი ფიჭვი. ხშირად გვხვდება არყნარი და ვერხვნარი. ტაიგაში ბევრგანაა მდელო და ჭაობი. შერეული ფართოფოთლოვან-წიწვოვანი ტყეები ზოლადაა გავრცელებული ტაიგის სამხრეთით, სამხრეთ სკანდინავიიდან ურალამდე. ტაიგის ჯიშებთან ერთად აქ იზრდება მუხა, ნეკერჩხალი, ცაცხვი. ქვიშიან ნიადაგზე ხარობს ფიჭვნარი.

დიდი ადგილი უკავიათ ფართოფოთლოვან ტყეებს, რომლებიც სამხრეთით სუბტროპიკულ ზონამდე ვრცელდება. კარპატების აღმოსავლეთით მათი ზოლი მკვეთრად ვიწროვდება და ურალისწინეთში თითქმის სოლივითაა შეჭრილი. ყველაზე მეტად ამ ტყეებში გავრცელებულია სხვადასხვა სახეობის მუხა. ბრიტანეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში მუხა არყთანაა შერეული, დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ნაწილში კი - რცხილასთან, ცაცხვთან და ევროპულ წიფელთან. წიფლნარი გავრცელებულია ბორცვებსა და მთების ქვედა სარტყელში. საფრანგეთის სამხრეთ რაიონებში ხშირია წაბლნარი. ატლანტისპირეთში ფართოფოთლოვანი ტყეების ქვეტყეში იზრდება მარადმწვანე ბუჩქები (ბაძგი, ბზა, ლიანებიდანსურო). მთათაშუა ვაკეებზე (ჩეხეთში, შუა დუნაის დაბლობზე) ტყეები ძლიერ გასტეპებულია. აღმოსავლეთ ევროპის ზომიერად კონტინენტურ რაიონებში არ გვხვდება წაბლნარი და წიფლნარი (მთიანი ყირიმის გამოკლებით). აქ მუხასთან ერთად გვხვდება ცაცხვი, ნეკერჩხალი, იფანი, თელა, კოლო ქვეტყეში თხილი, ჭანჭყატა, ცხრატყავა. მთის კალთებზე, ქვევიდან ზევით, გავრცელებულია ფართოფოთლოვანი, წიწვოვანი ტყეები, მთის ბუჩქნარი და მთა-მდელოები.

ევროპის ზომიერად კონტინენტურ რაიონებში ფართოფოთლოვანი ტყის სამხრეთით გავრცელებულია ტყესტეპი, სადაც წყალგამყოფებთან დაკავშირებული ტყე მორიგეობს მდელოსტეპთან (ამ უკანასკნელებში იზრდება ნაირბალახეულის შემადგენელი სახეობები — მარწყვაბალახი, თავყვითელა, ფრინტა, სალბი, ცხვირისატეხელა). კიდევ უფრო სამხრეთით გადაშლილია ნამდვილი, ტიპობრივი სტეპი, სადაც ჭარბობს დამკორდებელი მარცვლოვანები (ვაციწვერა, ქუჩი). ყველაზე მშრალ არეში, სამხრეთ უკრაინაში, ჩრდილოეთ ყირიმში, ქვემო ვოლგისპირეთში გვხვდება გაიშვიათებულ მცენარეულსაფრიანი (აბზინდა, ვაციწვერა, ქუჩი, ჭანგა) მშრალი (სამხრეთის) სტეპი. ევროპის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ძლიერ შეთხელებული მცენარეულობა აბზინდიანსა და ხურხუმიან ნახევარუდაბნოს ქმნის.

სუბტროპიკულ ზონაში — ვაკესა და მთის ქვედა სარტყელში იზრდება ქსეროფილური მცენარეულობა მარადმწვანე ტყეებითა და ბუჩქნარით, რომელთა შემადგენლობაში მთავარ როლს ასრულებენ: ტყეებში მუხისა და ფიჭვის სხვადასხვა სახეობა, ხოლო ქვეტყესა და ბუჩქნარში — ხემარწყვა, წყავმაზა, მირტი, საკმელი, ფსტა, კეთილშობილი დაფნა, გაველურებული ზეთისხილი და სხვა. გამოიყოფა ბუჩქნართა რამდენიმე ტიპი: მაკვისი, პალმიტოსი (პალმა ქამეროფსით), შიბილიაკი (ძეძვით), ფრიგანა (ეკლოვანი ბუჩქებით). ხმელთაშუაზღვისპირეთის მთებში მარადმწვანე ტყე-ბუჩქნარის ზევით გავრცელებულია ფოთლოვანი (მუხა, წიფელი, წაბლი) და წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი, ატლანტიკური კედარი) ტყეები, რომლებიც კიდევ უფრო მაღლა სუბალპურ და ალპურ მდელოებში გადადის. ხმელთაშუაზღვისპირეთის ტყისა და ბუჩქნარის უმეტესობა განადგურებულია ადამიანის მიერ ან ხანძრის შედეგად. მათი ადგილი უკავია ნათესებსა და ნარგავებს.

 
მურა დათვი

ევროპა შედის ჰოლარქტიკულ ზოოგეოგრაფიულ ოლქში. ცხოველთა სახეობების გავრცელება მჭიდროდაა დაკავშირებული მცენარეულობასთან და მის ზონალურობას ექვემდებარება, მაგრამ ხშირად განსხვავდება მისგან ცხოველთა შემგუებლობის მეტი უნარის გამო.

ტუნდრაში მისი ერთფეროვნებისა და მცენარეული საკვების ნაკლებობის გამო, ცხოველთა სახეობები მცირეა. აქ ბინადრობენ წვრილი მღრღნელები, ჩრდილოეთის ირემი, ყარსაღი, მგელი, სელაპი; ფრინველთაგან გვხვდება ტუნდრის გნოლი, თეთრი ბუ და წყლის ფრინველების ზოგიერთი სახეობა. ზოგი მათგანი ზღვების სანაპიროებზე ე. წ. „ფრინველთა ბაზარს“ ქმნის. შპიცბერგენზე შემოყვანილი და აკლიმატიზებულია გრენლანდიის ხარვერძი.

 
ლოსი

ტაიგაში ფაუნა უფრო მრავალფეროვანია. ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობენ ტყის მემინდვრია, ბურუნდუკი, ტყის ლემინგი, მფრინავი ციყვი, თეთრი კურდღელი, სიასამური, სამურავი, ყარყუმი, დედოფალა, მურა დათვი, მგელი, მელა, ლოსი; ფრინველთაგან — სოღო, ჟრუნი, მეთხილია, ბუ, წივწივა, ნისკარტმარწუხა, სტვენია, მედუდუკე, ქორი. მრავლადაა სისხლისმწოველი მწერი.

ჩ. გ. 55-60° სამხრეთ ტაიგის ტიპობრივი ცხოველები ნაწილობრივ ქრება და მათ ადგილს იკავებს ფართოფოთლოვანი და შერეული ტყეების ბინადარნი: წაულა, ქრცვინი, ძილგუდა, გარეული კატა, კეთილშობილი ირემი, შველი, გარეული ღორი, ღამურა, ზღარბი და სხვა. ფრინველთაგან ფართოფოთლოვან ტყეებში ბინადრობენ კოდალა, ტყის ქათამი, გუგული, ჩხიკვი, ბულბული, ნიბლია, როჭო, ბუ, მტრედი, მოლაღური, შაშვი, წივწივა. დასავლეთ ევროპაში ხელოვნურადაა მოშენებული ხოხობი. აქ უფრო მეტად, ვიდრე ტაიგაში, გავრცელებულია ამფიბიები (მათ შორის ვასაკაც). ტყეების განადგურების შემდეგ აქ შემოიჭრნენ სტეპის ცხოველები (ზაზუნა, მემინდვრია, სავათი, რუხი გნოლი, მწყერი). ტყის ცხოველთა დიდი ნაწილი გადაშენდა.

აღმოსავლეთ ევროპის სტეპისა და ნახევარუდაბნოს ფაუნა მდიდარია მღრღნელებით. არის აგრეთვე კურდღელი, ველის ქრცვინი, მელა, წყალსატევებში - წყლის ვირთაგვა, წავი. კასპიისპირა ნახევარუდაბნოებში ბინადრობენ საიგაკი, მელა-კორსაკი და სხვა. ბევრია მტაცებელი ფრინველი, გვხვდება აგრეთვე სავათი, სარსარაკი, რუხი გნოლი, მწყერი, ტოროლა. მდინარეთა ქვემოთში მრავლადაა წყლის მოყვარული ფრინველი — იხვი, ყურყუმელა, ჩვამა, ყანჩა და სხვა. ხმელთაშუაზღვისპირეთის ფაუნაში ცოტაა ტყის ცხოველი, უხვადაა მთის ცხოველი, ქვეწარმავლები და ამფიბიები. ძუძუმწოვართაგან აღსანიშნავია ნიამორი და ალპური თხა, არჩვი, მთის ცხვარი, მუფლონი. დასავლეთ ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობენ მაჩვზღარბა და ტურა; ფრინველებიდან — ბატკანძერი, მთის ჭილყვავი, ცისფერი კაჭკაჭი, ნამგალა, კლდეცოცია და სხვა; ქვეწარმავლებიდან - ხვლიკი, გეკონი, ასპიტი, ხოკერა, კუ; ამფიბიებიდანტრიტონი, სალამანდრა, პროტეუსი, გომბეშო.

გეოგრაფიული რეგიონები

რედაქტირება

ტრადიციისამებრ, ევროპას ყოფენ 5 რეგიონად:

  1. ჩრდილოეთი ევროპა
  2. სამხრეთი ევროპა
  3. ცენტრალური ევროპა
  4. აღმოსავლეთი ევროპა
  5. დასავლეთი ევროპა

ეს დაყოფა საკმაოდ პირობითია, მით უმეტეს, რომ აქ წმინდა გეოგრაფიულის გარდა გათვალისწინებულია პოლიტიკური ფაქტორებიც. ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული „თვალსაზრისის“ გამო შეიძლება მიკუთვნებული იყოს სხვადასხვა რეგიონს. მაგალითად, სსრ კავშირის არსებობის დროს, ევროპის დაყოფა აღმოსავლეთად და დასავლეთად უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე გეოგრაფიული. პირველ მათგანს მიაკუთვნებდნენ ე. წ. „სახალხო დემოკრატიის“ ქვეყნებს: გდრ, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, იუგოსლავია. ამჟამად ევროპის გეოგრაფიული ცენტრი უკრაინაშია, შესაბამისად ზემოხსენებული ქვეყნები ცენტრალურ ევროპაში მდებარეობენ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპა ახალი ქვეყნებით შეივსო. ესენი არიან: რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები.

გეოგრაფიული კვლევის ისტორია

რედაქტირება
 
ჰეროდოტეს მსოფლიოს რუკა. ძვ. წ. 450 წ.

ევროპის კონტინენტური ნაწილის აღმოჩენას საფუძველი ჩაუყარეს კრეტელებმა ძვ. წ. XVI საუკუნეში. ძვ. წ. IX საუკუნისათვის ფინიკიელმა ზღვაოსნებმა მოიხილეს აპენინის ნახევარკუნძული, მალტა, სიცილია, სარდინია, ბალეარის კუნძულები, პირენეს ნახევარკუნძულის სანაპიროები, გაიარეს გიბრალტარის სრუტე.

ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებისათვის ძველმა ბერძნებმა დაამთავრეს სამხრეთ ევროპის გამოკვლევა, ხოლო დაახლ. ძვ. წ. 320 წელს ბერძენმა პითეოსმა ზღვით მოგზაურობისას აღმოაჩინა დასავლეთ ევროპის სანაპირო, ბრიტანეთის, ჰებრიდისა და ორკნეის კუნძულებიც. ძვ. წ. IV საუკუნეში ბერძნები გადადიოდნენ ბალკანეთის, აპენინის მთებსა და აღმოსავლეთ ალპებზე. კართაგენელებმა გამოიკვლიეს პირენეს ნახევარკუნძულის შიგა ნაწილები და ძვ. წ. 218 წელს, ჰანიბალის ლაშქრობისას, გადალახეს პირენეს მთები და დასავლეთი ალპები.

რომაელები ევროპის შესწავლას ძვ. წ. II საუკუნიდან იწყებენ. იულიუს კეისრის ლეგიონებმა ძვ. წ. I საუკუნეში მოიარეს საფრანგეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი ბრიტანეთის ტერიტორია. იმავე საუკუნეში, ოქტავიანე ავგუსტუსის მხედართმთავრები რამდენიმეჯერ შეიჭრნენ ცენტრალურ ევროპაში, გაჰყვნენ რაინის, დუნაისა და სხვა დიდი მდინარეების დინებებს. I საუკუნეში რომაელებმა, ბრიტანეთის დაპყრობისას, გადალახეს ცენტრალური ევროპა და მიაღწიეს ბალტიის ზღვის ნაპირებს. II საუკუნის დასაწყისში, იმპერატორმა ტრაიანემ დაიპყრო დუნაის ქვემო დინების მარცხენა სანაპირო და აღმოაჩინა ტრანსილვანიის პლატო და კარპატების ნაწილი.

VI-VII საუკუნეებში ირლანდიელებმა მიაღწიეს ფარერის კუნძულებსა და ისლანდიას. IX საუკუნეში იგივე კუნძულები ხელახლა აღმოაჩინეს და აითვისეს ნორმანებმა, რომლებმაც პირველად შემოუარეს ჩრდილოეთიდან სკანდინავიისა და კოლის ნახევრკუნძულებს და შევიდნენ თეთრ ზღვაში. მათვე მოიარეს ბალტიის ზღვის სანაპიროები.

IX-XII საუკუნეებიდან რუსებმა დაიწყეს აღმოსავლეთი ევროპის გეოგრაფიული კვლევა.

XIII-XV საუკუნეებში იტალიელმა ზღვაოსნებმა გამოიკვლიეს და აგეგმეს ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვისა და ატლანტის ოკეანის სანაპიროები.

XVI-XVII საუკუნეებში ჰოლანდიელებმა და ინგლისელებმა აღმოაჩინეს ახალი მიწის, დათვის, შპიცბერგენისა და იან-მაიენის კუნძულები.

XVIII საუკუნიდან იწყება ევროპის დარგობრივი შესწავლა, რომლის შედეგებიც შემდგომში საფუძვლად დაედო ევროპისგარე ქვეყნების კვლევას. მრავალმა ევროპელმა მეცნიერმა შეისწავლა ევროპის ტერიტორია გეოლოგიური, გეომორფოლოგიური, კლიმატოლოგიური, ჰიდროლოგიური, ნიადაგმცოდნეობითი, გეობოტანიკური, ზოოგეოგრაფიული და სხვა თვალსაზრისით. შეიქმნა ევროპის ნაწილების დაზუსტებული გეოგრაფიული რუკები.

მოსახლეობა

რედაქტირება

2003 წლის სტატისტიკური მონაცემებით ევროპის მოსახლეობა, რუსეთის გამოკლებით, 800 მლნ-ს შეადგენს. აქ ცხოვრობს 6 ენობრივი ოჯახის 209 ენაზე მოლაპარაკე ხალხი. ევროპას და ევროპელებს ისტორიულად და კულტურად უდიდესი გავლენა ჰქონდათ მსოფლიო ცივილიზაციის ფორმირების პროცესზე.

ევროპის ისტორია

რედაქტირება

პრეისტორია

რედაქტირება

ანტიკური ხანა

რედაქტირება

შუა საუკუნეები

რედაქტირება

შუა საუკუნეები ევროპის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეპოქას წარმოადგენს. ეს არის ხანა, რომელიც ისტორიკოსთა უმრავლესობის აზრით დაიწყო 476 წელს, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემით (ასევე ასახელებენ სხვა თარიღებსაც, თუმცა ევროპის თითოეული ქვეყნისათვის გარკვეულწილად ინდივიდუალურია) და გაგრძელდა დაახლოებით 1000 წელი 1492 წლამდე, დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებამდე (აქაც არ არსებობს საყოველთაოდ მიღებული თარიღი). შუა საუკუნეების შიდა პერიოდიზაციაც სამ ძირითად ეტაპად იყოფა. რომლებიც ერთმანეთისაგან სოციალ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების ხასიათით განსხვავდებიან.

ადრეული შუა საუკუნეები

რედაქტირება
 
ევროპა 650 წლისათვის

ადრეული შუა საუკუნეების პერიოდი იწყება V საუკუნის დასასრულით და 1000 წლამდე გრძელდება. ეს არის ხალხთა გადასახლების, ფეოდალიზმის საზოგადოებრივ სისტემად ჩამოყალიბების, ბარბაროსული, ადრეფეოდალური სამეფოების წარმოქმნის დრო. კულტურის დროებითი დაცემა თანდათანობით აღმავლობად იცვლება, რაშიც გადამწყვეტი როლი ქრისტიანულმა ეკლესიამ შეასრულა.

განვითარებული შუა საუკუნეები

რედაქტირება

განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდი (1000-1300 წლები), ესაა ფეოდალური ურთიერთობის აყვავების ხანა. მისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ქალაქების მასიური ზრდა, მათში თვითმართველობის გაჩენა, სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის განვითარება, თავისუფალი მოქალაქეობის ჩამოყალიბება. ამ პერიოდში ძლიერდება ეკლესიის გავლენა.

გვიანდელი შუა საუკუნეები

რედაქტირება

გვიანდელი შუა საუკუნეების ხანაში (XIV-XV საუკუნეები), მზადდება ნიადაგი ახალი დროისათვის. ეს პერიოდი ხასიათდება ახალი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებით, მნიშვნელოვანი სამეცნიერო და ტექნიკური მიღწევებით, ქალაქის სამეურნეო სისტემაში წინარეკაპილატალისტური ურთიერთობის ელემენტების განვითარებით. ესაა აგრეთვე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დასაწყისი.

რენესანსი

რედაქტირება
 
ევროპა პირველ მსოფლიო ომამდე (1914 წ)
 
ევროპა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ (1923 წ)

ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრო-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში.

ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც.

ევროპის პოლიტიკურმა რუკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები - ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან.

ომმა ჯერ არნახული ზარალი მიაყენა ევროპას. დაიღუპა მილიონობით ადამიანი, განადგურდა ინფრასტრუქტურა, ქალაქები, სოფლები და ისტორიული ძეგლები. ომმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ევროპის ეკონომიკური განვითარება. ომის შემდგომ პერიოდში მრავალი ქვეყანა ძლიერმა კრიზისმა მოიცვა.

მეორე მსოფლიო ომი

რედაქტირება
 
ომის წინა პერიოდი 1935-1939 წწ

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.

ევროპაში ის დაიწყო გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს და დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები.

 
ევროპა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს 1943-45 წწ

მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) — ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში — ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში — ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში (სურინამის დაპყრობა), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია ტაბარინი).

მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.

ევროპაში მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო გადაურჩა ომს (შვეიცარია, შვედეთი, ესპანეთი, პორტუგალია), აბსოლუტურ უმრავლესობას კი უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური ზარალი მიადგა, რომლის ანაზღაურებასაც ათეულობით წელი დასჭირდა. მეორე მსოფლიო ომმა კიდევ ერთხელ შეიტანა ცვლილებები ევროპის პოლიტიკურ რუკაში, გერმანიამ ტერიტორიები დაკარგა და ორად გაიყო, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა დამოუკიდებლობა დაკარგეს, საბჭოთა კავშირმა საზღვრები გააფართოვა და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური ხელისუფლება დაამკვიდრა. მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება.

თანამედროვე ევროპა

რედაქტირება

თანამედროვე ევროპის ისტორიის დასაწყისად 1789 წლის საფრანგეთის რევოლუცია და მისი შემდგომი ბრძოლები ითვლება. საფრანგეთის ძლევამოსილმა არმიამ თავისუფლებისა და თანასწორობის იდეები გაავრცელა. ძველი ფეოდაული წყობის ნაშთები მოისპო და ევროპაში დემოკრატია დამყარდა. 1815 წელს საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონის, დამარცხების შემდეგ, ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალების ცდები მარცხით დამთავრდა.

ევროპის მოსახლეობა მატულობდა, იზრდებოდა დიდი და პატარ ქალაქები, XIX საუკუნის შუახანებისთვის რკინიგზები, მაღაროებმა და ორთქლით მომუშავე საწარმოებმა თანდათან შეცვალა კონტინენტის სახე. ევროპაში დამზადებულმა საქონელმა მსოფლიოს ბაზრები აავსო. ევროპის ქვეყნები არასოდეს ყოფილა ასეთი მდიდარი და გავლენიანი.

ტექნიკური მიღწევებისა და სიმდიდრის წყალობით ევროპელები ოკაენის გაღმა მდებარე მიწებს იპყრობდნენ. ყველაზე დიდი და წარმატებული ბრიტანეთის იმპერია იყოს.

ომი და გაერთიანება

რედაქტირება

1900 წლისთვის ევროპას ეკონომიკური განვითარებით ამერიკამ გაასწრო. ეს პროცესი დიდმა დეპრესიამ, ფაშისტურმა დიქტატურებმა და ორმა მსოფლიო ომმა დაასრულა. ევროპა გაკოტრდა და დაიშალა. 1917 წელს ევროპაში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა და იგი, როგორც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ლიდერი, კონტინენტის აღმოსავლეთი ნაწილის გაკონტროლებას შეუდგა. დასავლეთ ევროპის დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა სამხედრო და ეკონომიკური დახმარებისთვის აშშ-ის მიმართეს.

დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა ომის შემდეგ აღმშენებლობა შეძლეს. მათ გაითვალისწინეს ძველი შეცდომები, გვერდზე გადადეს წარსულის უთანხმოებანი და ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა აირჩიეს. 1957 წელს რომის ხელშეკრულობით შეიქმნა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა, რომელიც 1991 წელს ევროკავშირად იქცა. ევროკავშირს ევროპარლამენტი განაგებს. 1995 წლისთვის ერთ ბაზარზე მომუშავე 15 წევრი ქვეყანა, რომელიც საერთო ვალუტის შემოღებას გეგმავდა, მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკურ ძალად იქცა.

ევროპის გარდაქმნა

რედაქტირება

19891990 წლებში აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტურმა სისტემამ კრახი განიცადა. რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, რომლებიც 40-იანი წლებიდან მას ემორჩილებოდნენ — პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, აღმოსავლეთ გერმანიაში, უნგრეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში — დემოკრატია დამყარდა.

კომუნისტური რეჟიმის დამხობას სხვა შედეგებიც მოჰყვა. გაერთიანებულმა გერმანიამ კონტინენტზე გაბატენებული მდგომარეობა დაიკავა. საბჭოთა კავშირი, ჩეხოსლოვაკია და იუგოსლავია დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაიშალა. ზოგან, მაგალითად, იუგოსლავიაში, ამ პროცესს სისხლიანი სამოქალაქო ომი ახლდა. რამდენიმე ახალ, პატარა ქვეყანას გაუჭირდა დასავლეთის მდიდარი, წარმატებული ქვეყნებისთვის კონკურენციის გაწევა.

იხილეთ ძირითადი სტატია: ევროპის ისტორია

პოლიტიკური რუკა

რედაქტირება

 


 
ევროპის პოლიტიკური რუკა

ევროპის ტერიტორიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ განლაგებულია 49 სუვერენული სახელმწიფო, 2 თვითმმართველი ტერიტორია (ფარერის კუნძულები, ეკუთვნის დანიას, ალანდის კუნძულები, ეკუთვნის ფინეთს) და 1 კოლონია (გიბრალტარი). ეს სახელმწიფოებია:

დროშა სახელი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობის
რაოდენობა
სიმჭიდროვე
(ად./კმ²-ზე)
ოფიციალური
ენა (ენები)
  ავსტრია ვენა 83 858 8 169 929 97,4 გერმანული
  აზერბაიჯანი1 ბაქო 86 600 9 165 000 105,8 აზერბაიჯანული
  ალბანეთი ტირანა 28 748 2 831 741 98,5 ალბანური
  ანდორა ანდორა-ლა-ველა 468 68 403 146,2 კატალანური
  ბელარუსი მინსკი 207 560 9 459 000 105,8 ბელარუსული
  ბელგია ბრიუსელი 30 528 11 007 000 360,6 ნიდერლანდური
ფრანგული
გერმანული
  ბულგარეთი სოფია 110 910 7 621 337 68,7 ბულგარული
  ბოსნია და ჰერცეგოვინა სარაევო 51 129 3 843 126 75,2 ბოსნიური
სერბული
ხორვატული
  გერმანია ბერლინი 357 021 83 251 851 233,2 გერმანული
  გაერთიანებული სამეფო ლონდონი 244 820 61 100 835 244,2 ინგლისური
  დანია კოპენჰაგენი 43 094 5 564 219 129 დანიური
  ესპანეთი მადრიდი 504 851 47 059 533 93,2 ესპანური
  ესტონეთი ტალინი 45 226 1 340 194 29 ესტონური
  ვატიკანი ვატიკანი 0,44 900 2 045,5 იტალიური
  თურქეთი2 ანკარა 783 562 75 627 384 98 თურქული
  ირლანდიის რესპუბლიკა დუბლინი 70 280 4 234 925 60,3 ირლანდიური
ინგლისური
  ისლანდია რეიკიავიკი 103 000 307 261 2,7 ისლანდიური
  იტალია რომი 301 230 59 530 464 197,7 იტალიური
  კვიპროსი ნიქოზია 9251 788 457 85 ბერძნული
თურქული
  ლატვია რიგა 64 589 2 067 900 34,2 ლატვიური
  ლიეტუვა ვილნიუსი 65 200 2 988 400 45,8 ლიეტუვური
  ლიხტენშტაინი ვადუცი 160 32 842 205,3 გერმანული
  ლუქსემბურგი ლუქსემბურგი 2 586 448 569 173,5 ფრანგული
გერმანული
ლუქსემბურგული
  მალტა ვალეტა 316 397 499 1 257,9 მალტური
  მოლდოვა კიშინიოვი 33 843 4 434 547 131 მოლდავური
  მონაკო მონაკო 1,95 31 987 14 403,6 ფრანგული
  მონტენეგრო პოდგორიცა 13 812 616 258 44,6 მონტენეგრული
  ნიდერლანდები ამსტერდამი 41 526 16 318 200 393 ნიდერლანდური
  ნორვეგია ოსლო 385 178 5 018 836 15,5 ნორვეგიული
(ბუკმოლი და ნიუნორსკი)
  პოლონეთი ვარშავა 312 685 38 625 478 123,5 პოლონური
  პორტუგალია ლისაბონი 91 568 10 409 995 110,1 პორტუგალიური
  რუმინეთი ბუქარესტი 238 391 21 698 180 91 რუმინული
  რუსეთი³ მოსკოვი 17 075 400 142 200 000 8,3 რუსული
  საბერძნეთი ათენი 131 957 11 123 034 80,7 ბერძნული
  სან-მარინო სან-მარინო 61 27 730 454,6 იტალიური
  საფრანგეთი პარიზი 547 030 63 182 000 115,5 ფრანგული
 
საქართველო1 თბილისი 69 700 3 713 804 53.5 ქართული
  სერბეთი ბელგრადი 88 361 7 120 660 91,9 სერბული
  სლოვაკეთი ბრატისლავა 48 845 5 422 366 111 სლოვაკური
  სლოვენია ლუბლიანა 20 273 2 050 189 101 სლოვენური
  სომხეთი1 ერევანი 29 800 3 229 900 101 სომხური
  უკრაინა კიევი 603 700 48 396 470 80,2 უკრაინული
  უნგრეთი ბუდაპეშტი 93 030 10 075 034 108,3 უნგრული
  ფინეთი ჰელსინკი 336 593 5 175 537 15,3 ფინური
შვედური
  ყაზახეთი4 ნურ-სულთანი 2 724 900 15 217 711 5,6 ყაზახური
რუსული
  შვედეთი სტოკჰოლმი 449 964 9 090 113 19,7 შვედური
  შვეიცარია ბერნი 41 290 7 507 000 176,8 ფრანგული
გერმანული
იტალიური
რეტორომანული
  ჩეხეთის რესპუბლიკა პრაღა 78 866 10 256 760 130,1 ჩეხური
  ჩრდილოეთი მაკედონია სკოპიე 25 713 2 054 800 81,1 მაკედონური
  ხორვატია ზაგრები 56 542 4 437 460 77,7 ხორვატული

  • 1 განსაზღვრების თანახმად, რომელიც კავკასიონს აკუთვნებს ევროპას, ეს ქვეყნები ევროპაში მოიაზრებიან.
  • 2 ევროპული თურქეთი მოიცავს ტერიტორიას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დასავლეთით და ჩრდილოეთით.
  • 3 ურალის მთების დასავლეთით მდებარე რუსეთის ტერიტორია ევროპას მიეკუთვნება.
  • 4 ყაზახეთის ევროპული ტერიტორია მდებარეობს მდინარე ურალის დასავლეთით.

ლიტერატურა

რედაქტირება

იხილეთ ასევე

რედაქტირება