რწყილები (Aphaniptera) — მწერების რიგი. ძუძუმწოვრებისა და ფრინველების გარეგანი პარაზიტები. წვრილი, უფრთო მწერებია, ახასიათებთ სრული გარდაქცევა. აქვთ შებრტყელებული სხეული, წინიდან მომრგვალებული თავი, წყვილი მარტივი თვალი, მჩხვლეტავ-მწუწნავი პირის აპარატი, ძლიერ განვითარებული სახტუნავი უკანა ფეხები. სხეული დაფარულია ბეწვით ან ჯაგრით. მამალი დედალზე მომცროა. დედალი დებს 400-500 ცალ, 0,5 მმ ზომის თეთრ ოვალურ კვერცხს. მატლი უფეხოა, ჭიისმაგვარი, იკვებება ზრდასრული რწყილების გამონაყოფით, 3-ჯერ იცვლის კანს და შემდეგ ჭუპრდება. 8-14 დღის შემდეგ ჭუპრიდან გამოდის ზრდასრული ფორმა. ცნობილია რწყილების 1500-მდე სახეობა, რომელთაგანაც საქართველოში გავრცელებულია 45. ადამიანზე პარაზიტობს ადამიანის რწყილი (Pulex irritans), ვირთაგვას რწყილი (Xanopsylla cheopis), ტარბაგანის რწყილი (Oropsylla silantiewi) და სხვა. რწყილები შავი ჭირის გადამტანია როგორც თვით მღრღნელებს შორის, ისე მღრღნელებიდან ადამიანზე. ძაღლის (Chenocephalides canis), ვირთაგვას და თაგვის რწყილებს (Leptopsylla musculi) გადააქვთ რიკეტსიები. ძაღლისა და კატის ბეწვმჭამელებთან (Trichodectes canis და Trichodectes subrostatus) ერთად, რწყილები კიტრის სოლიტერის (Dipylidium canium) შუამავალი მასპინძლებია.
ლიტერატურა